მევიოლინე გვანცა ჩხეიძე, რომელიც თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, წერს, რომ მას თბილისში, მანჯგალაძის ქუჩაზე დაესხნენ თავს.
4 იანვარს, შუადღისას, მის უბანში მომხდარი ამბავი მან თავად დაპოსტა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე. მევიოლინე წერდა, რომ შუადღისას, ქუჩაში მიმავალს, ზურგიდან მოულოდნელად ვიღაც მიეპარა და ბეტონის კედელს მიმახეთქა.
„ვიოლინო, დამიცვა, რომ კედელს თავი არ მივარტყი“.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის იხსენებს, რომ 4 იანვარს, შუადღის სამი საათი იქნებოდა, მეგობარს უნდა შეხვედროდა, ვიოლონიც თან ჰქონდა, რადგან ერთ ადგილას მიდიოდნენ დასაკრავად. მანჯგალაძის ქუჩაზე, ეკლესიას გასცდა თუ არა, უცებ უკნიდან ვიღაცას ძლიერად ჰკრა ხელი და იქვე მდებარე ბეტონის კედელს მიანარცხა.
„ქუჩა ცარიელი იყო, თითქმოს სიტუაციაც განგებ შეარჩიეს“.
გვანცა ჩხეიძე იხსენებს, რომ კედელს იმ მხარით დაეჯახა, რომელზეც ვიოლინო ჰქონდა გადაკიდებული და თავის დარტყმას და სერიოზულ ტრავმას მხოლოდ ამან გადაარჩინა. თავდამსხმელი მაშინვე გაიქცა და მისი სახის დანახვა ვერ მოასწრო:
„სირბილის მანერაზე მივხვდი, რომ ახალგაზრდა კაცი იყო“.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში გვანცა ჩხეიძე შენიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქუჩაში აგრესიის მსხვერლი გახდა - ჯერ კიდევ 2024 წლის მარტის აქციების დროს, როცა ხალხი რუსული სტილის „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებდა, გვანცა და მისი ქალიშვილი, დროშებით ხელში, აქციაზე მიდიოდნენ, როცა ამავე უბანში, ორმა უცნობმა ადამიანმა აგინა.
„მანამდე გვლანძღავდნენ, სანამ თვალს არ მივეფარეთ“.
გვანცა ჩხეიძე აქციებზე ახლაც აქტიურად დადის. ახალ წელს პარლამენტის წინ თავის ვიოლონოზე უკრავდა კიდეც. ამბობს, რომ უბანში ყველამ იცის, ვინ - ვინ არის და არც იმის გამოცნობაა ადვილი, თუ მას რა შეხედულება აქვს მიმდინარე მოვლენებისადმი.
„ამიტომ მაინც მაქვს განცდა, რომ ეს თავდასხმაც ჩემმა აქტიურობამ და აქციებში მონაწილეობამ გამოიწვია. მგონია, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი და ცხადია, დავფიქრდი იმაზე, თუ რა საფრთხის წინ შეიძლება ვიყოთ ამის გამო“.
გვანცა ჩხეიძე არ არის ერთადერთი, ვისაც ბოლო დროს ქუჩაში თავს დაესხნენ - ცოტა ხნით ადრე ფეისბუკზე საჯარო პოსტი და თავისი სახის დაზიანებული სახის ფოტო გამოაქვეყნა ია გაბუნიამ. მან დაწერა, რომ სადარბაზოში 2 უცნობი ტიპი დახვდა.
„ერთმა უკნიდან დამიჭირა, თავი ავწიე თუ არა მეორე სახეში მწვდა. ხმამაღლა დავიწყე ყვირილი, მალე დავუსხლტი ხელიდან და სადარბაზოში შევვარდი“, - გვიყვება ია გაბუნია, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს უკვე მსგავსი საფრთხე ყველგან არსებობს.
ამ საფრთხის განცდის გამოა, რომ, როგორც თავად ამბობს, ჩნთაში მუდამ უდევს წიწაკის სპრეი და კორპუსთან მიახლოებისას სულ ხელში უჭირავს. თუმცა, მისი აზრით, სახლში ჯდომით შესაძლოა, უფრო მეტი საფრთხე შეექმნას ყველას:
„ეს გააზრებული გვაქვს მგონი ყველას. ასე რომ, ვერ შეგვაშინებენ“, - გვითხრა იამ.
როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, გამოკითხვის მიზნით მს შსს-დან დაურეკეს, თუმცა მან იქ მისვლაზე უარი განაცხადა, რადგან მისივე სიტყვებით:
„მე არ ვემორჩილები ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. არ მივალ მათ ინსტანციებში - არც პოლიციაში და არც სასამართლოში“.
საქართველოში 39-ე დღეა უწყვეტად გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ფორუმი