Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება“ თავდამსხმელების მსხვერპლად გამოყვანას ცდილობს, გადმოგვეცით გახარიაზე თავდასხმის კადრები - გახარიას პარტია „შერატონს“


ბერდია სიჭინავა: „სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას“.
ბერდია სიჭინავა: „სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას“.

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა სასტუმრო „შერატონს“, სადაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას სცემეს, კადრების გადაცემას სთხოვს. ის ასევე აცხადებს, რომ გახარიაზე „ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, „ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს“.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ „პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს თავდამსხმელთა მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში“.

„ამ ორგანიზებულ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, რის ავანგარდშიცაა ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული, დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ პარტიის ოფისში 16 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

მან „დე ფაქტო პრემიერი“ უწოდა ირაკლი კობახიძეს და თქვა, რომ მისი და სხვა თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები „პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული“.

15 იანვარს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, სავარაუდოდ, დამონტაჟებული ვიდეო, რომელშიც ჩანს გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი დაპირისპირება.

კადრებში, რომლებიც სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერის განცხადებით, არ არის სასტუმროს მიერ გადაღებული და რომლებიც „იმედმა“ გაავრცელა, ჩანს, როგორც ასხამს სითხეს გახარია სამხარაძეს. კადრში ჩანს, რომ სამხარაძე მისკენ იწევს და შემდეგ ვიდეო წყდება.

ამ კადრებში არ ჩანს, რა ხდებოდა მანამდე.

შემდეგ კი ჩანს სასტუმროს შესასვლელ მბრუნავ კართან ძირს დავარდნილი გიორგი გახარია, რომელიც წამოდგომას ცდილობს, რაშიც მას სასტუმროს დაცვის თანამშრომელი ეხმარება, მოშორებით კი დიმიტრი სამხარაძე ყვირის: „ხელი როგორ დამარტყი“, და მიემართება მოშორებით მდგარი ავტომობილისკენ.

მანამდე რა მოხდა, არც აქ არ ჩანს.

პარტიის, „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „იმედის“ გავრცელებული კადრები არის დაჭრილი და დამონტაჟებული და ამ კადრებით შეუძლებელია „მომხდარი უტიფარი ჯგუფური დანაშაულის“ სურათის აღდგენა.

16 იანვარს ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ „არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ „შერატონის“ ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა“, რადგან „სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას“.

მისივე თქმით, „ყოველწუთიერად იზრდება რისკები ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დე ფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას, რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ“.

„ამიტომ, სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას. ბათუმის კლინიკის ექიმის, თაკო შანთაძის განცხადებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 15 იანვარს გახარიას მის თანაგუნდელზე თავდასხმაში დასდო ბრალი და ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ დიტო სამხარაძეს თავს დაესხა გიორგი გახარია, მან კი „თავი დაიცვა“.

„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. ეს ჩემი ვარაუდია“, - თქვა მდინარაძემ.

პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

ამას წინ უძღოდა თავდასხმა ჟურნალისტზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეზე, - ის ამბობს, რომ 14 იანვარს, გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG