Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის კანონმდებლობა და დასაქმება


სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია "თემა"
სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია "თემა"
ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა ქვეყნის მოსახლეობას არჩევნებამდე დასაქმებას და შრომითი უფლებების გაუმჯობესებას ჰპირდებოდა. ასეთი დაპირება გასცა ხელისუფლებაში მოსულმა კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ”. მისმა ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ მთავრობაში საქმიანობის დაწყებისთანავე გადახედავენ შრომის კანონმდებლობას, შემოიღებენ მინიმალური ხელფასის ცნებას და სხვა რეგულირებებს, რაც, მათი აზრით, ხელს შეუწყობს დასაქმებულთა უფლებების დაცვას.

კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგიენკო ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს შრომის კოდექსის შეცვლას. ამგვარი დაპირება ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში ჩაიდო, რადგან მისი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დასაქმებულთა უფლებები უფრო ნაკლებად არის დაცული, ვიდრე დამსაქმებლისა. ამ თემას კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შესძინა ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის დროს წამოყენებულმა მოთხოვნებმა. მაღაროელები უკმაყოფილონი არიან როგორც ხელფასების ოდენობით, ასევე სამუშაო პირობებით:

”არ შეესაბამება ჩვენი შრომა ამ ხელფასებს და არაფერს, არავითარი პირობები არ არის.”

”არ არის დაცული ელემენტარული პირობები იმისა, რომ იმუშაოს ადამიანმა 8 საათიან განაკვეთში და იმ განაკვეთზე სატარიფო ანაზღაურება მიიღოს.”

”შრომითი კოდექსი დარღვეული იყო, ჩვენ უფლებები არ გაგვაჩნდა არაფერი, ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, ვიმყოფებით უკანონობის რეჟიმში.”
არსებული მდგომარეობით, დაქირავებული პრაქტიკულად უუფლები არის. ეს იქნება ერთი კუთხე, რომელზეც კორეგირება მოხდება ...
დავით სერგიენკო

მაღაროელების მოთხოვნა, გაორმაგდეს ხელფასები, მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის, კომპანია «ჯორჯიან მანგანეზისთვის», რომელიც მზად არის შრომის ანაზღაურება 25 პროცენტით გაზარდოს და სამუშაო პირობებიც გააუმჯობესოს. მსგავსი მოთხოვნებით გაფიცვას აპირებენ ”საქართველოს რკინიგზის” მემანქანეებიც.

შექმნილ ვითარებას ბევრი მოქმედ კანონმდებლობას აბრალებს. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგიენკო დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებას შრომის კოდექსის გადახედვით გეგმავს, მაგრამ, მისივე განცხადებით, შრომის ანაზღაურების მოცულობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს:

”არსებული მდგომარეობით, დაქირავებული პრაქტიკულად უუფლები არის. ეს იქნება ერთი კუთხე, რომელზეც კორეგირება მოხდება... მეორე არის შრომის პირობების გამკაცრება - უფრო სწორად, არა გამკაცრება, არამედ რეალური დონის მოთხოვნა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოება.”

ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა "იმერი"
ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა "იმერი"
საქართველოს შრომის კანონმდებლობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი პროფკავშირებისა თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ისინი დასაქმებულისა და დამსაქმებლის თანაბარ უფლებებში, რომელიც კანონმდებლობითაა გარანტირებული, დასაქმებულთა დისკრიმინაციას ხედავდნენ. შრომის კოდექსში ცვლილების შეტანა იყო ევროკავშირთან ვაჭრობის პრეფერენციული სისტემის - "ჯი-ეს-პი პლუსის" - გაგრძელების წინაპირობაც.

მიუხედავად ამგვარი კრიტიკისა, სწორედ ლიბერალური შრომითი კანონმდებლობის შედეგად გაუმჯობესდა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები, ისეთები, როგორიცაა მსოფლიო ბანკის "დუინგ ბიზნესი" და "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი". რეიტინგების ცვლილების გარდა, შრომის კოდექსი აღმოჩნდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაიზარდა. «ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს» ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი იმ უპირატესობებზე საუბრობს, რაც მოქმედ კანონმდებლობას აქვს:

”დღევანდელი კანონმდებლობა საკმაოდ ნორმალური არის იმისათვის, რომ ნებისმიერი მხარის უფლებები იყოს დაცული. ეს კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, რომ დაიდოს ხელშეკრულება, რომლითაც იქნება განსაზღვრული მხარეთა უფლებები. ეს მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ დამსაქმებლებს მკაფიო ხედვა ჰქონდეთ, რა შესაძლებლობები ექნებათ მათ საკუთარი საქმიანობის გასაუმჯობესებლად, მოგებას შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ. თუ ამას ვერ დაინახავენ დამსაქმებლები, ალბათ, ისინი უარის იტყვიან საერთოდ ინვესტირებაზე.”


ინვესტიციების მოზიდვის საქმეში შრომის ლიბერალური კანონმდებლობის მნიშვნელობას აღიარებს ”ქართული ოცნების” მინისტრობის კანდიდატი დავით სერგიენკოც:
საკანონმდებლო აქტი, რომელიც იცავს რომელიმე დასაქმებულს იმაზე მეტად, ვიდრე დღევანდელი შრომითი კანონმდებლობა, სინამდვილეში, იცავს დღევანდელ დასაქმებულებს პოტენციური დასაქმებულებისგან ...
გია ჯანდიერი

”როდესაც რაღაც ინვესტორი შემოდის, ის კითხულობს შრომის კოდექსს და არ სჭირდება ისეთი შრომის კოდექსი, რომელიც მათ ზედმეტ ვალდებულებებს მიანიჭებს, რადგან მერე რთული იქნება ისეთ თანამშრომელთან გამოთხოვება, რომელიც დაკისრებულ სამუშაოს არ ასრულებს.”

ამ მოსაზრების მიუხედავად, დავით სერგიენკო და ახალი მმართველი ძალა მაინც აუცილებლად მიიჩნევს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობის რეგლამენტირებას, რაც კანონმდებლობაში უახლოეს ხანებში აისახება. შრომის კოდექსით დამსაქმებელთა შეზღუდვაში, მათი უფლებების დარღვევის გარდა, ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერი სხვა პრობლემასაც ხედავს:

”საკანონმდებლო აქტი, რომელიც იცავს რომელიმე დასაქმებულს იმაზე მეტად, ვიდრე დღევანდელი შრომითი კანონმდებლობა, სინამდვილეში, იცავს დღევანდელ დასაქმებულებს პოტენციური დასაქმებულებისგან, ანუ დღევანდელი უმუშევრებისგან. ანუ მე სამსახურში ვარ უკვე, მე ვერ გამაგდებენ და ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში არიან, ისინი დარჩებიან ყოველთვის აუტსაიდერებად და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უკეთესი კვალიფიკაცია აქვთ და ჩემზე უკეთესი შრომის უნარი, ისინი ვერ მაიძულებენ, რომ წავიდე და დავთმო ჩემი ადგილი.”

გია ჯანდიერის აზრით, ამგვარი ვითარების გამო ბევრი განვითარებული ქვეყანაც კი პრობლემებს აწყდება. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მას უკვე გააჩნია შრომის მკაცრი რეგულაციებით დატვირთული კანონმდებლობის გამოცდილება, რომელიც 2004 წლამდე მოქმედებდა. მაშინ, შრომის კოდექსის წესების გამო, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების დიდი უმრავლესობა ხელშეკრულების გაფორმებას, ლეგალიზებას ერიდებოდნენ და სიტყვიერი შეთანხმებით ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაჰქონდათ შრომითი ურთიერთობები. ეს კი არც საინვესტიციო გარემოს აუმჯობესებდა, არც საბიუჯეტო შემოსავლებს და არც დასაქმებულთა ანაზღაურებას თუ შრომის პირობებს.
XS
SM
MD
LG