Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო – 77-ე, კონკურენტუნარიანობის მიხედვით


მიმდინარე კვირაში მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (world economic forum) გამოაქვეყნა ანგარიში ქვეყნების გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ. კვლევის მიხედვით შედგენილ რეიტინგში საქართველო, 144 ქვეყანას შორის, 77-ე ადგილზეა. რეიტინგს, როგორც შარშან, წელსაც შვეიცარია უდგას სათავეში. პირველ ათეულში არიან: სინგაპური, ფინეთი, შვედეთი, ჰოლანდია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ჰონგ-კონგი და იაპონია. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი შეიცავს 12 მაჩვენებელს, რომელთა მიხედვითაცაა შეფასებული ქვეყნების ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სანიტარული პირობები, ბაზისური განათლება, შრომის ბაზრის მდგომარეობა და სხვა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რეიტინგებს, რომელიც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს ეფუძნება, 2004 წლიდან აქვეყნებს. ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში რეკორდულად ბევრი - 144 ქვეყნის მონაცემები შევიდა. კვლევის თანახმად, საქართველომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რეიტინგის თექვსმეტი საფეხურით გაიუმჯობესა მდგომარეობა, რაც, ფინანსთა მინისტრის მრჩევლის ვახტანგ ლეჟავას თქმით, მნიშვნელოვანი წინსვლის მაჩვენებელია:

„ამასთან, საქართველომ გადაინაცვლა ეკონომიკების სხვა კატეგორიაში. წინა წლებში საქართველო ხვდებოდა გარდამავალი ეკონომიკების კატეგორიაში, წელს კი გადავიდა ეფექტურ ეკონომიკებში. თუ შევადარებ ამ კატეგორიაში შემავალ ქვეყნებს, საქართველოს უკეთესი მაჩვენებლები აქვს ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჯანდაცვისა და პირველადი განათლების და შრომის ბაზრის ეფექტურობის თვალსაზრისით.“

მთლიანობაში კი, ინფრასტრუქტურის მიხედვით, საქართველო რეიტინგში 53-ე ადგილზეა, ინსტიტუციების მიხედვით - 61-ზე, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადებით - 93-ზე, სასაქონლო ბაზრის ეფექტურობით - 82-ზე, ტექნოლოგიური მზაობით - 76-ზე, ბიზნესის განვითარებით - 113-ზე, ინოვაციის მიხედვით - 126-ზე, ბაზრის სიდიდით - 99-ზე, ფინანსური ბაზრის განვითარებით - 93-ზე. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში ბიზნესის საკეთებლად ხელის შემშლელ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ფინანსების ხელმიუწვდომლობა ითვლება. ეკონომიკის ექსპერტის მერაბ ჯანიაშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტები კრედიტებს მართლაც მაღალი პროცენტული განაკვეთით გასცემენ:

მერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი
„2011 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო კრედიტების სიძვირით არის მსოფლიოში მერვე ადგილზე, რაც, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების დონის გათვალისწინებით, მაღალი მაჩვენებელია. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ ძალიან ძნელია სესხის აღება, სწორედ ამან დიდი სტიმული მისცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის განვითარებას, სადაც საკრედიტო განაკვეთები ორჯერ მეტია, ვიდრე ბანკებში. თუ ბანკებში სესხის საპროცენტო განაკვეთი 25 პროცენტია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ეს განაკვეთი 50 პროცენტია. წარმოიდგინეთ, როგორ ცუდ მდგომარეობაშია მომხმარებელი, რომ ასეთი ტიპის სესხსაც კი თანხმდება.“

ამასთან, მერაბ ჯანიაშვილის თქმით, საქართველოში უმძიმესია კრედიტის მიღების პირობები, რომლებიც მთლიანად საფინანსო ინსტიტუტების ინტერესებითა და კარნახითაა ჩამოყალიბებული:

„ბანკი ხელშეკრულებაში გიწერს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია გაგიზარდოს საპროცენტო განაკვეთი ან შეგიცვალოს სესხის დაფარვის გრაფიკი, გაზარდოს პირგასამტეხლოს მოცულობა, მოითხოვოს უზრუნველყოფის გაზრდა – ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ბანკთან მიმართებაში მონის პოზიციაში იმყოფება. ბანკებს ყველაფრის უფლება აქვთ, მომხმარებელს – არაფრის.“
წინა წლებში 120-ე პოზიცია ეკავა საქართველოს საკუთრების უფლების დაცვის ნაწილში. ახლა 144 ქვეყანას შორის საქართველო არის 131-ე პოზიციაზე, ანუ პრაქტიკულად ბოლო ათეულშია, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ისევე როგორც პრაქტიკულად ბოლო ადგილზეა ქვეყანა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ეფექტიანობის თვალსაზრისით – 144 ქვეყნიდან 141-ე პოზიციაზე ვიმყოფებით...
რევაზ საყევარიშვილი

ხელის შემშლელ ფაქტორთა შორის ასევე დასახელებულია მაღალი ინფლაცია, რის გამოც, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 88-ე ადგილზე იმყოფება. საქსტატის დირექტორის ზაზა ჭელიძის განმარტებით, შარშან საქართველოში ინფლაცია მართლაც მაღალი იყო, თუმცა წელს ვითარება რადიკალურად შეიცვალა:

„აგვისტოში ინფლაცია, ანუ ივლისის თვესთან შედარებით, არის 0,1%, ანუ სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზარდა 0,1%–ით. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ანუ წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, შემცირდა 0,4%–ით, ანუ საქმე გვაქვს დეფლაციასთან. ეს იმის გამო, რომ შარშან ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ეს, პირველ რიგში, შეეხებოდა სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციას. შარშან მაისში იყო პიკი 14%, წელს კი ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, თუმცა წლის ბოლოსთვის, ეროვნული ბანკის პროგნოზით, დეფლაცია, ალბათ, გადავა ზომიერ ინფლაციაში.“

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ, ინფლაციის მაჩვენებლისგან განსხვავებით, ფაქტობრივად დაუძლეველ პრობლემად რჩება საკუთრების უფლების დაცვა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე იმყოფება. ეკონომიკის ექსპერტის რევაზ საყევარიშვილის თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება, ისევე როგორც გადაუჭრელ პრობლემად რჩება მონოპოლიების წინააღმდეგ არაეფექტიანი ბრძოლა:

„წინა წლებში 120-ე პოზიცია ეკავა საქართველოს საკუთრების უფლების დაცვის ნაწილში. ახლა 144 ქვეყანას შორის საქართველო არის 131-ე პოზიციაზე, ანუ პრაქტიკულად ბოლო ათეულშია, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ისევე როგორც პრაქტიკულად ბოლო ადგილზეა ქვეყანა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ეფექტიანობის თვალსაზრისით – 144 ქვეყნიდან 141-ე პოზიციაზე ვიმყოფებით, ანუ პირდაპირაა ნათქვამი, რომ არანაირი ანტიმონოპოლიური რეგულირება არ არსებობს, ისევე როგორც ძალიან დაბალია კონკურენცია, ანუ ძალიან დაბალია ადგილობრივ ბაზარზე მოთამაშე კომპანიების რიცხვი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სულ რამდენიმე კომპანია ინაწილებს ბაზარს.“
პოზიტიური არის ის, რომ რაც საჯარო ადმინისტრირებაზეა დამოკიდებული, – კორუფცია, კრიმინალი და ა.შ., – უკიდურესად შეზღუდულია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ის ბაზრის მიერ დგინდება და აქ საჯარო ადმინისტრაციას ნაკლები ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს...
ვახტანგ ლეჟავა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით, ასევე მძიმე მდგომარეობაა საქართველოდან შრომითი რესურსების - მათ შორის, ეგრეთ წოდებული ტვინების გადინების - თვალსაზრისითაც. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 104-ე ადგილზე იმყოფება და ეს მაშინ, როცა საქართველოსთვის ასევე დაუძლეველ პრობლემად რჩება შრომითი რესურსების დაბალი კვალიფიკაცია. გაცილებით უკეთესი ვითარებაა შრომის ბაზრის ეფექტურობის კუთხით (35-ე ადგილი რეიტინგში), რის მიზეზადაც რამდენიმე გარემოება შეიძლება დასახელდეს, მათ შორის: თანამშრომლობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ხელფასების დონის დადგენის მოქნილობა, დაქირავებისა და გათავისუფლების მარტივი პრაქტიკა და ა.შ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩევლის ვახტანგ ლეჟავას თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელის შემშლელ ფაქტორთა ჩამონათვალში ბოლო პოზიციები უკავია არაეფექტურ სახელმწიფო ბიუროკრატიას, კორუფციას, ამკრძალავ შრომით რეგულაციებსა და კრიმინალს.

„ბიზნესები თვლიან, რომ კრიმინალისა და ქურდობის პრობლემა არ არსებობს საქართველოში. არ მიიჩნევენ პრობლემად შრომის ბაზრის შეზღუდვას, კორუფციას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას... პოზიტიური არის ის, რომ რაც საჯარო ადმინისტრირებაზეა დამოკიდებული, – კორუფცია, კრიმინალი და ა.შ., – უკიდურესად შეზღუდულია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ის ბაზრის მიერ დგინდება და აქ საჯარო ადმინისტრაციას ნაკლები ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს“, – უთხრა ვახტანგ ლეჟავამ რადიო თავისუფლებას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 144 ქვეყნიდან საქართველო იმყოფება 128-ე ადგილზე სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე დახარჯული თანხების მიხედვით, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის პარტიების საარჩევნო დაპირებებთან, რომელთა მიხედვითაც აგროპოლიტიკა და სოფლის მეურნეობა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს თურქეთს, რომელიც 43-ე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რუსეთი და საქართველო, შესაბამისად - 46-ე, 67-ე და 77-ე ადგილებით. სამეზობლოში ყველაზე დაბალ - 82-ე - საფეხურზე სომხეთი იმყოფება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG