Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რატომ ტოვებენ კახეთში თანამდებობებს გამგებლები


სიღნაღი
სიღნაღი
ბოლო ერთი თვის განმავლობაში კახეთში ხუთი რაიონის გამგებელმა და ამ რაიონებიდან სამში საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობები დატოვეს. გამგებლები შეიცვალა დედოფლისწყაროში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და ლაგოდეხში.

გურჯაანის გამგებელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა და სამუშაოდ სხვაგან მიდის. რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან ზეწოლის ფაქტს ის გამორიცხავს:

„ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მიზეზის ძებნა საჭირო არ არის. როდესაც ადამიანი თანამდებობაზე ინიშნება, გარკვეულ ეტაპზე თვლის, რომ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, შემდეგ ტოვებს პოზიციას და მიდის სხვაგან. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, სად ვიმუშავებ. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურაში სამსახურის დაწყებას ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ვნახოთ, ალბათ გამოჩნდება რამე“.
გაბერილია კადრები და ამის გამო მე ვთხოვე განცხადებების დაწერა მოადგილეებს, აპარატს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. განცხადებების დაწერა არ ნიშნავს აუცილებელ გათავისუფლებას ...
ბექა ბაიდაური

თანამდებობიდან წასული გამგებლები ზეწოლის ფაქტებს მედიასთან თუ უარყოფენ, ამის შესახებ ღიად საუბრობენ რეგიონის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილთან. პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში ამბობს, რომ თითოეული თანამდებობის პირი, რომელმაც სამსახური დატოვა, გადაწყვეტილება ზეწოლის გამო მიიღო. მიუხედავად ამისა, ზურაბ ჭიაბერაშვილი ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებს:

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირები, რომლებიც ტოვებენ თანამდებობებს, ისინი ძალიან ხშირად ზეწოლას განიცდიან. მე მიმაჩნია, რომ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიულად და წავიდეს ნორმალური გზით, უნდა მოვახერხოთ თანაცხოვრება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“.

მას შემდეგ, რაც გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს, ახმეტასა და თელავში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები დანიშნეს. 25 წლის ბექა ბაიდაურმა ახმეტის გამგეობის ყველა თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა. ბაიდაურის თქმით, არსებული ცვლილებები სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირდება და მიღებული გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკური. ანალოგიური საკადრო პოლიტიკა განხორციელდა თელავის გამგეობაშიც.

„გაბერილია კადრები და ამის გამო მე ვთხოვე განცხადებების დაწერა მოადგილეებს, აპარატს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. განცხადებების დაწერა არ ნიშნავს აუცილებელ გათავისუფლებას. ეს განცხადებები გადაიხედება, ყველანაირად შევეცდები კვალიფიციური კადრი შევინარჩუნო“, ამბობს ბექა ბაიდაური, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ახმეტაში.
გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნიდით, რომ ეს ნამდვილად ზეწოლა იყო. მე ვფიქრობ, რომ დღესაც მსგავს შემთხვევას აქვს ადგილი ...
ნინო ლომჯარია

არჩევნებამდე და მას შემდეგ განვითარებულ პროცესებს, ასევე საკადრო ცვლილებებს აქტიურად აკვირდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, გათავისუფლებული გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები არც მათ უდასტურებენ ზეწოლის ფაქტებს, თუმცა ლომჯარია ამბობს, რომ, გარემოებებიდან გამომდინარე, დღეს თვითმმართველობის ორგანოებზე ზეწოლა ხდება.

„ისინი არ გვიდასტურებენ, რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, მაგრამ იმ გათავისუფლებების შემთხვევაშიც კი, რაც ჩვენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებად შევაფასეთ, ხშირ შემთხვევაში არც პედაგოგები გვიდასტურებდნენ ზეწოლას, თუმცა, გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნიდით, რომ ეს ნამდვილად ზეწოლა იყო. მე ვფიქრობ, რომ დღესაც მსგავს შემთხვევას აქვს ადგილი“.

საზოგადოების ნაწილი რაიონებში განხორციელებულ ცვლილებებს სხვადასხვაგვარ შეფასებას აძლევენ. ზოგი ფიქრობს, რომ ცვლილებები აუცილებელია, ნაწილის თქმით კი, გამგებლების შეცვლა რიგით ადამიანებზე არ აისახება:

„როდესაც მოვიდნენ, არც მაშინ მკითხეს და არც ახლა მეკითხებიან“.

„არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ძველი დარჩება თუ ახალი მოვა, იმიტომ რომ არც პირობითს მოხსნიან, არც დასეტყვილებს დაგვეხმარებიან და არც ბანკის ვალების გადავადებას გაგვიკეთებენ“.

„არც ერთი არ ვარგა, ფულისტები არიან ყველანი. ეგენი უნდა დაიჭირო, ციხეში ჩასვა და აღარ უნდა გამოუშვა“.

„გამგებლების შეცვლა შეიძლება აუცილებელი არ არის, მაგრამ ალბათ საჭიროა“.

„მნიშვნელობა როგორ არ აქვს!? თუ ქალაქს და რაიონს გამოადგება, კარგი იქნება და თუ არაფრის გამკეთებელი არ იყო, მაგეთი რად გვინდა. ასე შეიძლება მეც დავდგე და ვერაფერი ვერ გავაკეთო“.

კახეთში მხოლოდ ერთი რაიონი - ყვარელი - დარჩა, სადაც გამგებელი თანამდებობას ინარჩუნებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი გამგებელი ჰყავს სიღნაღს და საგარეჯოს, თუმცა, სხვა რაიონებისგან განსხვავებით, აქ გამგეობის თანამშრომლებისთვის გათავისუფლების თხოვნით განცხადებები არ დაუწერინებიათ.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG