Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგი


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 21 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია მითითებული, აქციები, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების გადადგომის მოთხოვნით, დღემდე 16 მუნიციპალიტეტში გაიმართა, მათმა უმეტესობამ კი უკანონო ფორმა მიიღო. ანგარიშის ავტორების თქმით, ადგილი აქვს თვითმმართველობის ორგანოებში თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას და მათ ადგილას ”ქართული ოცნების” აქტივისტების დანიშვნას. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შექმნილი მდგომარეობა ცხადყოფს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას.

ხმაური სხვადასხვა რაიონის გამგეობებში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვეულ ამბად იქცა. ქციები, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების გადადგომის მოთხოვნით, ძირითადად ”ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული, 16 მუნიციპალიტეტში გაიმართა. ხმაურიანი აქციების გარდა კი, - მაგალითად, მარტვილის მუნიციპალიტეტთან, - აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობასაც, მიმართეს. იქ ადგილობრივები უკვე თვეზე მეტია გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.
ისინი იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური ნიშნით და ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ საზოგადოებას აქვს მცდარი წარმოდგენები და მოლოდინები თვითმმართველობის თაობაზე ...
ნინო ლომჯარია

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა და 21 დეკემბერს მონიტორინგის შედეგების პირველი ანგარიში გამოაქვეყნა. მონიტორინგი 69 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ პირველი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა 31-მა გამგებელმა, მათგან 29-მ - პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო ორმა - საკრებულოს გადაწყვეტილებით. სწორედ ამავე პერიოდში დატოვა თანამდებობა 16 საკრებულოს თავმჯდომარემ, მათ შორის უმეტესობამ -საკუთარი გადაწყვეტილებით.

ნინო ლომჯარია, ”სამართლიანი არჩევნების” გენერალური დირექტორი, აცხადებს, რომ ყველა თანამდებობის პირმა თანამდებობა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე აქციების ფონზე დატოვა, ვაკანტურ ადგილებზე კი ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაინიშნენ. ”ეს ყველაფერი ბადებს კითხვას, იყო თუ არა მათ მიერ თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება ზეწოლის გარეშე მიღებული”, - ამბობს ნინო ლომჯარია. გარდა ამისა, ის ლაპარაკობს საზოგადოების მხრიდან გაჩენილ ერთ არასწორ მოლოდინზე, რომელიც, მისი თქმით, განპირობებულია ერთი სამწუხარო პრაქტიკით, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა საარჩევნო პერიოდში:

”გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები, თავიანთი საქმიანობით და აქტივობებით, რეალურად არიან ცენტრალური მმართველი ძალის წარმომადგენლები ადგილობრივ დონეზე. ისინი იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური ნიშნით და ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ საზოგადოებას აქვს მცდარი წარმოდგენები და მოლოდინები თვითმმართველობის თაობაზე, რომ ცენტრალური ხელისუფლების ცვალებადობამ ბუნებრივად უნდა გამოიწვიოს ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების ცვლილება”.

თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენებით აქტიურ დაინტერესებას ურჩევს ხელისუფლებას ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები თვითმმართველობის ორგანოებში მომდინარე პროცესებში სწორედ ”ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ და მათი მხრიდან ზეწოლის შესახებ საუბრობენ.

”თავისთავად, თუკი ადგილი ჰქონდა ზეწოლას, ეს არის დანაშაული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მოკვლეული შესაბამისი ორგანოების მიერ და სამაგალითოდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამ ზეწოლას ახორციელებენ. ჩვენ იგივე პრეტენზიები გვქონდა გასულ ხელისუფლებასთან, და ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებამ იმავე ტიპის შეცდომები არ უნდა დაუშვას”, - ამბობს ეკა გიგაური.
მე ვარ პატარა ბიძინა რაიონში, შეიძლება ასეც ითქვას. ამ ადამიანებს მე ვუთხარი, რომ დაინიშნებიან ახალი რწმუნებულები და ისინი ყველანი იქნებიან ”ქართული ოცნების” აქტივისტები ...
ოლეგ იაძე

16 მუნიციპალიტეტში გამართული საპროტესტო აქციებიდან 11-მა უკანონო ფორმა მიიღო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგის ასისტენტი ნინო ხითარიშვილი. გარდა ამისა, მისი თქმით, გამგებლების შეცვლასთან ერთად შვიდ მუნიციპალიტეტში გამგეობის თანამშრომლებს მასობრივად დააწერინეს განცხადებები გათავისუფლების შესახებ. ის განსაკუთრებით კასპში არსებულ ვითარებას გამოყოფს, სადაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ თანამშრომლები სამსახურებიდან დაითხოვა.

”კასპში მაშინვე შეიცვალა გამგეობის ყველა სამსახურის უფროსი და ასევე სოფლის რწმუნებულები. მათ მაშინვე დააწერინეს განცხადება გადადგომის თაობაზე და შეიცვალა თითქმის ყველა სოფლის რწმუნებული”, - ამბობს ნინო ხითარიშვილი.

ინფორმაციას თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ არ უარყოფს თავად ოლეგ იაძე, რომელიც კასპის რაიონის გამგებლობამდე საქართველოს სამბისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ”ქართული ოცნების” სპორტის თემატური ჯგუფის წევრი იყო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ კასპის რაიონის ჩვიდმეტივე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული 29 ნოემბერს 5 წუთიან სხდომაზე "უმტკივნეულოდ" დაითხოვა:

”მე ვარ პატარა ბიძინა რაიონში, შეიძლება ასეც ითქვას. ამ ადამიანებს მე ვუთხარი, რომ დაინიშნებიან ახალი რწმუნებულები და ისინი ყველანი იქნებიან ”ქართული ოცნების” აქტივისტები, რა თქმა უნდა, შერჩევის წესით, და ისინი უნდა იყვნენ წინა რწმუნებულებზე უკეთესები და იქნებიან კიდეც, შემდეგ ეს რწმუნებულები, თუკი თქვენ ღირსეულად წარმოაჩენთ სოფელს, მოადგილეობას შემოგთავაზებენ”, - ამბობს ოლეგ იაძე.

როგორც ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები აცხადებენ, შექმნილი სიტუაცია ცხადად წარმოაჩენს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თვითმმართველობის რეალური დამოუკიდებლობა:

”მერებისა და გამგებლების არჩევითობა, ეს არის ერთ-ერთი გზა, რათა თვითმმართველობის თანამდებობის პირთა მიმართ გაიზარდოს მოქალაქეთა ნდობა”, - მიაჩნიათ მათ.
XS
SM
MD
LG