ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10 მოსამართლის განცხადების თანახმად, სიცრუეა მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ 23 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ეთერით წაყენებული ბრალდება, თითქოს ორი წლის წინ საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე დავით მამისეიშვილს ჰქონდა მცდელობა მის, როგორც მოსამართლის, გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა. განცხადებაში, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მოსამართლეები მხარდაჭერას გამოხატავენ ზეწოლაში მხილებული თავმჯდომარის მიმართ - ამბობენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობას დიდი ხანია ურთიერთობა აქვს სასამართლოს თავმჯდომარესთან და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა მას კონკრეტულ განსახილველ საქმეზე ვინმესთვის „სასურველი“ გადაწყვეტილების მიღება ეთხოვოს. მოსამართლეები გაკვირვებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ირაკლი შავაძე ზეწოლის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან უვადო მოსამართლედ გამწესებაზე უარი მიიღო, თავად შავაძე კი ამბობს, რომ საჯარო განცხადების გაკეთებამდე გაცილებით ადრე ჰქონდა საკითხზე საუბარი კონკრეტულ პირებთან:
„მე არ მინდოდა ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა, სასამართლოს რეპუტაციას ვუფრთხილდებოდი. მე დავუკავშირდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, შევხვდი და მოვუყევი დავით მამისეიშვილის დამოკიდებულებაზე ჩემს მიმართ. მათ შორის, ვესაუბრე კონკრეტული საქმეების შესახებ. გარდა ამისა, ვიდრე გასაუბრება დაიწყებოდა, შევხვდი როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მოვუყევი მათ ჩემი მდგომარეობის შესახებ“.
ირაკლი შავაძის არდანიშვნამ და მისმა საჯარო განცხადებამ საზოგადოებას შიგნიდან დაანახვა პრობლემები, რომელზეც ჩვენ მანამდე გარედან ვსაუბრობდით, მისმა განცხადებამ კი სისტემაში არსებული პრობლემები დაადასტურა...გიორგი ხიმშიაშვილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი კი, თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს. აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას მან თქვა, რომ შავაძე ცრუობს:
„სიცრუეა მისი მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია. ერთი, რომ სისხლის სამართლის კოლეგიაში მას არ სურდა მუშაობა მანამდე და, მეორე, ვინმემ რაიმე ფორმით მოახდინა მასზე გავლენა, რომ აღარ ემუშავა სისხლის სამართლის კოლეგიაში? ბატონი შავაძე საქმეებს იხილავდა მისი შეხედულებებისამებრ და არვინ არანაირ ზეწოლას მასზე არ ახორციელებდა“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძეზე შესაძლო ზეწოლის საქმით საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა. საქმეს სწავლობენ აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებსაც საკითხით დაინტერესებისკენ თავად მოსამართლემ მოუწოდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი მასთან პირისპირ შეხვედრისა და მასალების გამოთხოვის შემდეგ ამბობს, რომ შემთხვევა ადასტურებს ქართულ სასამართლოში სისტემური და საკანონმდებლო პრობლემების არსებობას, რის შესახებაც, მისივე თქმით, საიას არაერთხელ ულაპარაკია:
„ირაკლი შავაძის არდანიშვნამ და მისმა საჯარო განცხადებამ საზოგადოებას შიგნიდან დაანახვა პრობლემები, რომელზეც ჩვენ მანამდე გარედან ვსაუბრობდით, მისმა განცხადებამ კი სისტემაში არსებული პრობლემები დაადასტურა. მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცესი ხარვეზიანი კანონმდებლობით მიმდინარეობს, რაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია გახდეს სასამართლო სისტემის დახურვის მიზეზი და შერჩევის პროცესში ზეგავლენის შესაძლებლობას იძლევა. ნებისმიერი პირი, რომელიც თავისი შეხედულებებითა და მოსაზრებებით, შესაძლოა, იყოს წინააღმდეგობაში ჯგუფთან, გარკვეული პოლიტიკური თუ სამართლებრივი შეხედულებების გამო, შესაძლოა, ვერ გახდეს ან გახდეს მოსამართლე“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისევ დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. ჩვენ გვჯერა, რომ ირაკლი შავაძე ისეთივე ობიექტური მოსამართლე იქნება, როგორ გადაწყვეტილებებსაც მანამდე იღებდა...გურამ ღოღობერიძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ხარვეზებზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონალური კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა, რომელიც ასევე იკვლევს იმ ფაქტს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაასახელა, და მას სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს:
„ჩვენთვის არ არის სიახლე. ფაქტებზე, რაზეც მოსამართლემ ისაუბრა, ჩვენ არაერთხელ გვსმენია სხვებისგანაც და სწორედ ამიტომ ვაკრიტიკებდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ჩვენი ინტერესია, რომ როგორმე პროცესი გაჯანსაღდეს და ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ არცთუ ისე დამაჯერებელ და არგუმენტირებულ გადაწყვეტილებებს ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, ილაპარაკონ იმაზე, რომ სისტემა რეალურად არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ეს არ არის ის სასამართლო სისტემა, რომელსაც შეუძლია გარკვეული დემოკრატიული გამოწვევები გადალახოს ქვეყანაში“.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის პოზიციის მხარდასაჭერად ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს - ისინი ითხოვენ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას და შავაძის უვადო მოსამართლედ განწესებას. ასოციაციის ერთ-ერთი წევრის, გურამ ღოღობერიძის, შეფასებით, მოსამართლე შავაძე პრინციპული ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს და სწორედ ამიტომ უცხადებს მას მხარდაჭერას ადვოკატთა ნაწილი:
„ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო მოსამართლე და იმის გამო რომ ვერ აქციეს სასურველ მოსამართლედ, იგი წამოვიდა სისტემიდან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისევ დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. ჩვენ გვჯერა, რომ ირაკლი შავაძე ისეთივე ობიექტური მოსამართლე იქნება, როგორ გადაწყვეტილებებსაც მანამდე იღებდა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამიტომ არ უნდათ მისი უვადოდ განწესება, რადგან მას ვერ აკონტროლებენ და ის ობიექტური მოსამართლეა“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შეფასებისას აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოზიციას იზიარებენ და აცხადებენ, რომ მოსამართლეების შერჩევისა და უვადოდ განწესების პროცესი გარკვეულ კითხვებს აჩენს და სწორედ ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად.