9 დეკემბერს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლები - ერთი ოჯახის ოთხი წევრი: ვასიკო და ნუკრი წიკლაურები და თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები. სამხედრო პატივით დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 21 წლის წინ დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა. დაღუპულთა ნეშტების თბილისში გადასვენება შესაძლებელი გახდა 2014 წლის გაზაფხულზე, როცა, მხარეების შეთანხმებით, ბაბუშერის სამარხი გაიხსნა, ნეშტები კი იდენტიფიცირების მიზნით გადატანილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახის წევრთა ბიოლოგიური მასალები გაიგზავნა ზაგრების ლაბორატორიაში.
დიღმის ძმათა სასაფლაოზე ოთხი ახალი საფლავი გაჩნდა: 9 დეკემბერსსამხედრო პატივი მიაგეს და მშობლიურ მიწას მიაბარეს საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები: ტყუპი ძმები ვასიკო და ნუკრი წიკლაურები და მათი დისშვილები - ძმები თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები, რომლებიც, დანარჩენ 88 მებრძოლთან ერთად, 1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმის აეროპორტში დაშვებისას ჩამოგდებულ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ.
გმირულად დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დიღმის ძმათა სასაფლაოზე გამართულ დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო:
21 წელი და 4 თვე გავიდა, მაგრამ ხომ გადმოასვენეს! ხომ მეცოდინება საფლავი! მივალ, ავიღებ ჭიქას და ყველას ვახსენებ, მარტო ჩემები ხომ არ არიან, მთელი საქართველოა! ახალგაზრდებმა შესწირეს თავი! ვენაცვალე იმათ სულებს ...ელდარ წიკლაური
„მინდა გითხრათ, რომ ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ერთმა ოჯახმა გაიღო ასეთი დიდი მსხვერპლი ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე! ქედს ვიხრი მათი ოჯახის წინაშე! მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქალბატონი ბელა ზალდასტანიშვილი, რომელიც ღირსეულად ატარებს ამ უდიდეს ტკივილს“.
9 დეკემბერს ბელა ზალდასტანიშვილთან ერთად სამძიმარს იღებდა მისი ძმა, ელდერ წიკლაურიც, რომელიც ომის დასრულებიდან 21 წლის თავზეც მიიჩნევს, რომ მისი ოჯახის მიერ გაღებული მსხვერპლი უაზრო არ ყოფილა.
„21 წელი და 4 თვე გავიდა, მაგრამ ხომ გადმოასვენეს! ხომ მეცოდინება საფლავი! მივალ, ავიღებ ჭიქას და ყველას ვახსენებ, მარტო ჩემები ხომ არ არიან, მთელი საქართველოა! ახალგაზრდებმა შესწირეს თავი! ვენაცვალე იმათ სულებს. თუ კვდები, სახელოვანი წადი! თავის წილად ხო არ შემოუშვეს მტერი! დაიხოცნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. დანარჩენებიც ეგეთები უნდა ვიყოთ! - უთხრა ელდერ წიკლაურმა რადიო თავისუფლებას.
ქართული და აფხაზური მხარეები 21 წლის წინ დაკარგულ ადამიანებს, ”წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, ერთმანეთთან შეთანხმებით ეძებენ. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მიმდინარე წლის გაზაფხული, როცა მოხერხდაბაბუშერის სამარხის გახსნა და 31 ნეშტის თბილისში გადასვენება, რაც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, ვერ მოხდებოდა, რომ არა „წითელი ჯვრის“ აქტიურობა და მხარეთა კეთილი ნება:
ჩემი შვილი 20 წლის ბიჭი იყო, როცა თვითმფრინავით გაფრინდა სოხუმის დასაცავად. გვარდიელი იყო და დამეღუპა ეს პატარა... სტუდენტი გახდა იმ წელს, მაგრამ სტუდბილეთი და მატრიკული სახლში მომიტანეს. 22 წელია ველოდები ამ ჩემი შვილის ამბავს...ვენერა ოშორიძე
„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო „წითელ ჯვარს“, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგებს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს ამოცნობაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიას, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ყველა წევრს მათ მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესის რეალიზება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთგაგება აფხაზურ მხარესთან. ურთიერთგაგება იმ აზრით, რომ როცა ვლაპარაკობთ შვილმკვდარი დედის მოლოდინზე, ჩვენ შორის განსხვავებები და წინააღმდეგობები განზე უნდა გადავდოთ და მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით ვიხელმძღვანელოთ“.
შვილმკვდარი დედაა ვენერა ოშორიძეც, რომლის 20 წლის შვილი, კახა აბულიძე, ასევე იმყოფებოდა ბაბუშერის აეროპორტში ჩამოგდებულ თვითმფრინავში. ქალბატონი ვენერა იმედოვნებს, რომ სამხარაულისა და ზაგრების ლაბორატორიების დახმარებით მისი შვილის ცხედრის იდენტიფიცირებაც მოხერხდება:
მოძიებულია თითქმის ყველა... გაგრის დაცემის დროს ზღვამ გამორიყა შვიდი პიროვნება, სამხედრო ფორმით. იქ არის უბნის რწმუნებული, რომელმაც ეს ბიჭები დაასაფლავა. ვნახე ეს პიროვნება, რომელმაც მითხრა, თუ სად დაასაფლავა ჩვენი სამხედროები...ალიბაბა ჩადუნელი
„ჩემი შვილი 20 წლის ბიჭი იყო, როცა თვითმფრინავით გაფრინდა სოხუმის დასაცავად. გვარდიელი იყო და დამეღუპა ეს პატარა... სტუდენტი გახდა იმ წელს, მაგრამ სტუდბილეთი და მატრიკული სახლში მომიტანეს. 22 წელია ველოდები ამ ჩემი შვილის ამბავს. ოთხჯერ ვიყავი იქ გადმოსვენებაზე, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე. ახლა კი ყოფილმა მინისტრმა დარახველიძემ, მისმა მოადგილემ ჭავჭავაძემ და „წითელმა ჯვარმა“ გაგვიკეთეს ის, რომ ეს ბიჭები ჩამოასვენეს და უკვე რვა თვეა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გვყვანან და ველოდებით დნმ-სპასუხებს, რათა მათი ძვლებიდან და ჩვენი სხეულიდან აღებული სინჯებით მოხდეს იდენტიფიცირება“.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება-გადასვენების პროცესში, რომელიც ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე დაიწყო, აქტიურადაა ჩართული ალიბაბა ჩადუნელი, უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების სახელმწიფო კომისიის წევრი, რომლის თქმითაც, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ როგორც ქართველები, ასევე აფხაზები:
„მოძიებულია თითქმის ყველა... გაგრის დაცემის დროს ზღვამ გამორიყა შვიდი პიროვნება, სამხედრო ფორმით. იქ არის უბნის რწმუნებული, რომელმაც ეს ბიჭები დაასაფლავა. ვნახე ეს პიროვნება, რომელმაც მითხრა, თუ სად დაასაფლავა ჩვენი სამხედროები. ცხადია, აფხაზებიც ეძებენ თავიანთ დაკარგულებს. ჩვენ გვყავს 800-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო, სულ კი, მთლიანობაში, 2 000-მდეა“, უთხრა ალიბაბა ჩადუნელმა რადიო თავისუფლებას.
სამინისტროში კი იმედოვნებენ, რომ „წითელი ჯვრის“ დახმარებითა და სოხუმთან თანამშრომლობით მოძიებისა და გადმოსვენების პროცესი გაგრძელდება. მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, სავარაუდოდ, 2015 წლის იანვარში კიდევ თორმეტ ნეშტს გადმოასვენებენ.