დიეტასა და ვარჯიშზე რეაგირების თვალსაზრისით, ქალებსა და კაცებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა - ქალებისთვის წონაში კლება ბევრად უფრო რთულია.
ამ საკითხებს 12 აგვისტოს ნომერში ვრცელ წერილს უძღვნის „ვაშინგტონ პოსტი“.
როგორც ირკვევა, განსხვავებათა ნაწილი ბიოლოგიიდან მომდინარეობს, სხვებს ქცევითი და ემოციური საფუძვლები აქვს.
პირველ რიგში, საქმე კუნთებსა და ნივთიერებათა ცვლას ეხება. მამაკაცებს, როგორც წესი, ქალებთან შედარებით, უფრო მეტი კუნთოვანი ქსოვილი აქვთ, კუნთები კი ცხიმებზე მეტ კალორიას წვავს. ამდენად, კვლევები ადასტურებს, რომ კაცებს ქალებზე უფრო სწრაფი ნივთიერებათა ცვლა აქვთ. სხვაობა დაახლოებით 3-5 პროცენტს შეადგენს.
როგორც „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, ეს განსხვავება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვარჯიშთან მიმართებით. ქალები უფრთხიან სხეულზე კუნთების ზედმეტ განვითარებას და ამიტომ შედარებით მსუბუქი სიმძიმეებით ვარჯიშობენ, ძირითად აქცენტს კი გულსისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლო ვარჯიშზე აკეთებენ. კაცები, პირიქით, დიდი სიმძიმეებით ვარჯიშობენ, რაც კუნთოვან ქსოვილს ავითარებს და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას უწყობს ხელს, - უთქვამს „ვაშინგტონ პოსტისთვის“ ვირჯინიის შტატში მცხოვრებ სერტიფიცირებულ დიეტოლოგსა და მწვრთნელს, ჯიმ ვაითს.
ამავე წერილში კვებასა და საკვებთან მიმართებით გამოვლენილ სხვაობებზეც ვკითხულობთ. კერძოდ, სტატიის ავტორი ჯენიფერ ვან ალენი იმოწმებს 2009 წელს გამოქვეყნებულ კვლევას: ქალებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მოცემულ მომენტში არ შიოდათ, ნუგბარი საკვების, მაგალითად, პიცის, შოკოლადის, ნამცხვრის ან ფუნთუშეულის დანახვის ან არომატის შეგრძნების დროს გაუაქტიურდათ ტვინის ის რეგიონები, რომლებიც საკვების მიღების სურვილს აკონტროლებს. კაცების შემთხვევაში ასეთი რამ არ აღინიშნა.
მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ბიოქიმიაც. როგორც ირკვევა, ჰორმონალური კონფიგურაციის გამო ქალებს ვარჯიშის შემდეგ მამაკაცებზე მეტად უჩნდებათ შიმშილის განცდა, ვარჯიშის შემდეგ საკვების ჭარბი მიღება კი წონის მატებას იწვევს.
„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიის ავტორი წერს, რომ ბევრი მკვლევარი ამას, დიდწილად, დარვინულ მოვლენად მიიჩნევს - საუბარია ქალის ორგანიზმის ბუნებრივ ბრძოლაზე ენერგიის დეფიციტთან, რათა ნაყოფიერების შენარჩუნება მოხდეს. როცა ქალს კალორიები არასაკმარისად მიეწოდება, იზღუდება ოვულაცია და ჰორმონები, რომლებიც რეპროდუქციისთვისაა აუცილებელი.
თუმცა მხოლოდ ბიოლოგია არაა სხვაობის მიზეზი. საკვებსა და წონაში კლებასთან მიმართებით კაცებსა და ქალებს შორის გამოვლენილი განსხვავებები კომპლექსური - ემოციური და ფსიქოლოგიური - ფაქტორებითაცაა განპირობებული.
2013 წელს აშშ-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც, ქალებს კაცებზე უფრო მეტად ახასიათებთ საკვების ემოციებით ნაკარნახევი მიღება და არა შიმშილით, ხოლო ემოციური დისბალანსის, სტრესის დროს შვების განცდის სურვილით მიღებული საკვები, როგორც წესი, შაქრის, ცხიმების, მარილის შემცველი პროდუქტებია - ის, რაც ინტენსიური გემოთი გამოირჩევა, ენერგიის დროებით მოზღვავებას იწვევს და, ამავდროულად, წონაში მატებასაც განაპირობებს.
წერილის ბოლოს ავტორს მოაქვს წონის კლების და სტაბილიზაციისთვის საჭირო რამდენიმე რჩევა. მაგალითად, ვარჯიშის დროს სასურველია აქცენტი უფრო მეტად გაკეთდეს კუნთოვანი მასის განვითარებაზე; საკვების მიღებისას მნიშვნელოვანია როგორც ულუფის მოცულობის კონტროლი, ისე შემადგენლობის - იდეალურია ბევრი ბოსტნეულისა და შედარებით ნაკლები ცილოვანი და სახამებლის შემცველი საკვების შეხამება. დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს - იდეალურ შემთხვევაში, ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში რვა საათის განმავლობაში უნდა ეძინოს, მინიმუმი კი ექვსი საათია. ძილის ნაკლებობა იწვევს შეფერხებას მადისა და შიმშილის განცდის გამომწვევი ჰორმონების მუშაობაში, რასაც ადამიანი საკვების გადაჭარბებით მიღებამდე მიჰყავს.