Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა საქართველოსთვის, შესაძლოა, მალევე აამოქმედოს შერბილებული სავიზო რეჟიმი


ზურაბ აბაშიძე (მარცხნივ) და გრიგორი კარასინი
ზურაბ აბაშიძე (მარცხნივ) და გრიგორი კარასინი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთი მუშაობს საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის შერბილებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აბაშიძემ, რომელიც 19 ნოემბერს პრაღაში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, დასძინა: „შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ რუსეთის მხარე ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რათა უახლოეს მომავალში ეს ახალი შერბილებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.“ აბაშიძეს არ დაუზუსტებია, რა კატეგორიის მოქალაქეები ისარგებლებენ სავარაუდო „შერბილებული სავიზო რეჟიმით“ და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამ ჩანაფიქრის განხორციელება საქართველოს ბევრ მოქალაქეს მოუხსნის პრობლემას.

პრაღაში გამართულ მოლაპარაკებაზე განიხილეს, აგრეთვე, საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, ვინც რუსეთის ციხეებში ჯაშუშობისთვის იხდის სასჯელს. აბაშიძის თქმით, ეს საკითხი კვლავინდებურად პრობლემატურია. „ჩვენი მოლაპარაკების შემდეგ იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე დაუბრუნდება თავიანთ ოჯახებს“, - განაცხადა აბაშიძემ, რომელსაც არ დაუზუსტებია, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება რუსეთის საპატიმროებში.

პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო და სატრანსპორტო, კერძოდ საჰაერო, სახმელეთო და საბორნე მიმოსვლის შემდგომი გაუმჯობესების საკითხი. თუმცა, ამ კონტექსტში, როგორც აბაშიძემ თქვა, არ წამოჭრილა რუსეთთან დამაკავშირებელი იმ სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის საკითხი, რომელიც აფხაზეთზე გადის. „საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელია რუსეთის ფორმულა: დაელაპარაკეთ აფხაზებს და დაელაპარაკეთ მეზობლებს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ აბაშიძემ. „როდესაც დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი გადაუჭრელი პოლიტიკური პრობლემა, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თემა უპერსპექტივოა და ქართული მხარე მას არ განიხილავს“, დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელმა.

კარასინ-აბაშიძის შეხვედრის მომდევნო რაუნდი პრაღაში მომავალი წლის თებერვალში გაიმართება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG