საქალაქო სასამართლოს საიტიდან ირკვევა, რომ ამ საქმეების განმხილველი მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია იქნებიან.
ორივე მოსამართლე თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოს წევრებმა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, ერთი თვის წინ გააწესეს. ორივე მათგანმა მოსამართლის ფიცი ერთ დღეს, 2024 წლის 28 დეკემბერს დადო.
ნინო გალუსტაშვილი
საქალაქო სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიით ვიგებთ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი 33 წლისაა. მას 12 მიმდინარე საქმე აქვს, მათ შორისაა მათე დევიძის საქმეც.
განათლება:
ნინო გალუსტაშვილმა 2014 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, 2017 წელს კი - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა.
მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით 2023 წელს ჩააბარა. 2024 წლამდე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო.
სამუშაო გამოცდილება:
- 2016 წელს იყო სტაჟიორი და შემდეგ კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი მცხეთის რაიონულ სასამართლოში.
- 2016-2017 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნად მუშაობდა.
- 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოვიდა, სადაც 2020 წლამდე სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სხდომის მდივანი იყო.
- 2020-2023 წლებში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე იყო. მოსამართლე 2024 წლის დეკემბრიდანაა.
ჯვებე ნაჭყებია
ჯვებე ნაჭყებიას, ანატოლი გიგაურის საქმის ჩათვლით, საქალაქო სასამართლოში ოთხი მიმდინარე საქმე აქვს. ის თანამდებობაზე ნინო გალუსტაშვილის მსგავსად დეკემბერში გამწესდა. ის 46 წლისაა.
განათლება:
ჯვებე ნაჭყებიამ 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საქალაქო სასამართლოს გვერდზე წერია, რომ „2009-2022 წლებში გაიარა არაერთი ტრენინგი“.
2020 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი აქედან სამ წელში, 2023-ში გახდა.
სამუშაო გამოცდილება:
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2003-2005 წლებში ჯვებე ნაჭყებია საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხდომის მდივანი იყო. 2005 წელს იმავე თანამდებობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა.
2005-2010 წლებში საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწე იყო.
2010 წელს იურისტის კარიერა დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში შპს „გიორგი ოთარაშვილის იურიდიულ კომპანიაში“ მუშაობდა.
ამის შემდეგ 2014 წელს, ისევ სასამართლო სისტემაში ბრუნდება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
2016-2017 წლებში მანდატურის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მოსამართლის თანაშემწედ დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამის პარალელურად იყო ამავე ინსტანციის მთავარი კონსულტანტი.
2017-2023 წლებში საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწედ დაინიშნა.
2024 წლის დეკემბრიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.
მათე დევიძე პატიმრობაში გახდა 21 წლის. მან სასამართლო სხდომაზე თქვა:
„გიტარა მენატრება, პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს შემთხვევაში პატიმრობა ყველაზე მკაცრია, არ ვიმსახურებ ამას“.
დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იმ ქმედების ჩადენის დღეს, რომლის გამოცაა დაკავებული, იგი 20 წლის იყო. შესაბამისად, მასზე ჯერ კიდევ ვრცელდებოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლითაც განრიდებაა შესაძლებელი.
განრიდება არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, ანუ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია, დაეხმაროს არასრულწლოვანს საზოგადოებაში ინტეგრაციაში და ააცილოს მას ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“ და მათ მიაყენა დაზიანებები, რომლებსაც „არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა“. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ანატოლი გიგაური 2024 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით დააკავეს თბილისში. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იმავე ღამით ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, როგორ ურტყამდა სახეში ხელს ანატოლი გიგაური პოლიციელს. ანატოლი გიგაურს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული
მოსალოდნელია რომ საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ. მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
რადიო თავისუფლება აგრძელებს სიის სრულყოფაზე მუშაობას.
დაკავებული ჟურნალისტი:
- მზია ამაღლობელი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები:
- ვეფხია კასრაძე
- ვალერი კაძელაშვილი
- ზვიად ცეცხლაძე
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები:
- ნიკოლოზ ჯავახიშვილი
- თორნიკე გოშაძე
- ირაკლი მიმინოშვილი
- ზვიად ცეცხლაძე
- გიორგი გორგაძე
- ინსაფ ალიევი
- ანდრო ჭიჭინაძე
- ონისე ცხადაძე
- გურამ მირცხულავა
- ლუკა ჯაბუა
- ჯანო არჩაია
- რუსლან სივაკოვი
- რევაზ კიკნაძე
- გიორგი ტერაშვილი
- ვალერი თეთრაშვილი
- სერგეი კუხარჩუკი
- ირაკლი ქერაშვილი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები:
- ანზორ (ანრი) კვარაცხელია
- გიორგი მინდაძე
- დავით ლომიძე
- თემურ ზასოხაშვილი
- საბა ჯიქია
- საბა სხვიტარიძე
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები:
- გურამ ხუტაშვილი
- დანიელ მუმლაძე
- არჩილ მუსელიანცი
- ლაშა ჩხაიძე
- მ.გ. (არასრულწლოვანი)
აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულები:
- დავით ხომერიკი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები:
- გიორგი ახობაძე
- ნიკოლოზ კაცია
- ანტონ ჩეჩინი
- თედო აბრამოვი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმში დაჭერილი დეკანი და სტუდენტები;
- მამუკა ჯორბენაძე
- გურამ მიქელაძე
- დავით გვიანიძე
- გიორგი დავითაძე
- ანრი კაკაბაძე
პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის საქმე:
- ალეკო ელისაშვილი (ის გირაოთი გაათავისუფლეს)
არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები:
- მათე დევიძე
- ანატოლი გიგაური
ფორუმი