მისი მთავარი ნაკლი ცენზურა და ჩინეთის ხელისუფლებისთვის არასასურველი თემების თავიდან არიდებაა.
მაგრამ, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ქართულ ენაზე ცენზურა მოიკოჭლებს.
Deepseek AI-ის წარმატებამ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია უნდა გამოაფხიზლოს, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 28 იანვარს.
უფასო ჩინური ჩატბოტი წერს ესეებს, ხსნის მათემატიკურ და პროგრამირების ამოცანებს და არ ჩამოუვარდება ამერიკული კომპანიების OpenAI-ს, Google-ის ან Anthropic-ის ფასიან ვერსიებს.
27 იანვარს, ჩიპების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის, Nvidia-ს აქციები 18 პროცენტით, ანუ 600 მილიარდი დოლარით გაიაფდა. ეს აშშ-ის საფონდო ბირჟის ისტორიაში ყველაზე დიდი გაუფასურებაა.
ხელოვნური ინტელექტის მოდელების სავარჯიშოდ Nvidia-ს მძლავრ ჩიპებს იყენებენ. გამოცემა The New York Time-ის ინფორმაციით, წამყვან მსოფლიო კომპანიებს ჩატბოტების სასწავლებლად სულ ცოტა 16 ათასი ჩიპი სჭირდებოდათ.
DeepSeek-ი აცხადებს, რომ საკუთარი ჩატბოტი მხოლოდ 2 ათასი ჩიპით “დააჭკვიანა”. ეს კი დაახლოებით 5,6 მილიონი დოლარი დაუჯდა. შედარებისთვის, OpenAI-ის განცხადებით, თავიანთი ChatGPT-ის გაწვრთნაში 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადეს.
ჩინური ჩატბოტი ცენზურას ემორჩილება
ჟურნალისტებმა მაშინვე შეამჩნიეს, რომ DeepSeek AI ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენზურას ემორჩილება. მაგალითად, ის შაბლონურ პასუხებს აბრუნებს, როდესაც ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ეკითხებიან.
იგი ასევე გაურბის, მაგალითად, 1989 წელს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მშვიდობიანი მომიტინგეების დახოცვაზე ლაპარაკს.
კიდევ ერთი ტაბუირებული თემა ვინი პუჰია. ეს დათუნია კომუნისტურ პარტიას 2013 წლიდან არ უყვარს, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა მიმი, რომელიც მას ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ამსგავსებს.
როგორ ისხლეტს ქართული ენა ცენზურას
რადიო თავისუფლება DeepSeek AI-ს დაახლოებით 10 საათი ელაპარაკა.
ჩინური ჩატბოტი ინგლისურად შაბლონურ პასუხებს გვიბრუნებდა, როდესაც ვეკითხებოდით აგვისტოს ან უკრაინის ომებზე.
“ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საერთაშორისო კონფლიქტების მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაჭრას”, - გვპასუხობდა ის.
ჩატბოტს ვერც რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინაში ან საქართველოში ჩადენილ ომის დანაშაულებზე დავაცდენინეთ სიტყვა.
ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ქართულ ენაზე გადავედით. ჩატბოტმა მოგვეწერა, რომ ტიანანმენის მოედანზე ჩინელმა ჯარისკაცებმა "ასობით, თუ არა ათასობით" ადამიანი დახოცეს.
რუსეთის სამხედრო აგრესიებსა და ომის დანაშაულებზეც, მაგალითად, ბუჩის ჟლეტაზე ის მეტ-ნაკლებად ობიექტურად გვპასუხობს. თანაც, თითქმის გამართული ქართულით.
დიდი დრო დავუთმეთ ჩინეთში ადამიანის უფლებებზე ლაპარაკს. აქ ის გაცილებით უფრო “ფრთხილობს”, მაგრამ პასუხებს მაინც ფაქტებზე აფუძნებს.
პირდაპირ კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა. როცა ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ვეკითხებოდით, ჩატბოტი დუმდებოდა, ან უბრალოდ ითიშებოდა.
იყო შემთხვევები, როდესაც ჩატბოტი ჯერ გვწერდა პასუხს, შემდეგ კი შლიდა მას და შაბლონურით ანაცვლებდა.
მაგრამ ბოლოს ჩატბოტმა მაინც გვითხრა, რომ “ჩინეთში მოქმედებს მკაცრი ცენზურა” და დემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩინური მედია “ვალდებულია მუშაობდეს სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში”.
ჩინეთში პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე მან კიდევ უფრო ვრცლად გვიპასუხა.
კომუნისტური პარტია დევნის ადამიანებს, რომლებიც “კრიტიკულად გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს მთავრობის ან კომუნისტური პარტიის პოლიტიკის შესახებ”, - მოგვწერა ჩატბოტმა.
მან ასევე გამოგვიგზავნა ჩინეთში “ცნობილი პოლიტპატიმრების” სია.
ამის შემდეგ ისევ ინგლისურზე გადავედით და შაბლონური პასუხებიც განახლდა.
"ჩინეთის მთავრობა მიზნად ისახავს მოსახლეობას მიაწოდოს მრავალფეროვანი, ჯანსაღი და სასარგებლო ონლაინ კონტენტი, და ამავე დროს აღკვეთოს უკანონო და მავნე ინფორმაციის გავრცელება", - ასე აგვიხსნა ჩატბოტმა ჩინეთში ცენზურის არსებობა.
სერვერები ჩინეთში
DeepSeek-ის თანახმად, მისი სერვერები ჩინეთშია განლაგებული. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდით, შეიძლება აღმოჩნდეს ჩინეთის ხელისუფლების ხელში.
როგორც წესი, ჩინური კომპანიები სახელმწიფოს აძლევენ წვდომას თავიანთი მომხმარებლების პირად მონაცემებზე.
ასევე ნახეთ:
ფორუმი