კომპანია Open AI-ის მიერ შექმნილ ჩატბოტზე, ChatGPT-ზე უკვე ამბობენ, რომ ის შეცვლის ბევრ შემოქმედებით პროფესიას, ზოგს კი საერთოდ გააქრობს. თავად ხშირად ამბობს, რომ უბრალოდ ხელოვნური ინტელექტია, არ აქვს არც მოსაზრებები და არც პირადი პოზიცია. ის უბრალოდ ფლობს ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე და აღარ “იცის” რა ხდებოდა 2021 წლის შემდეგ.
ჩატბოტი “მეტყველებს” რამდენიმე ენაზე, მაგრამ ქართული ჯერ კარგად არ ესმის და ვერც გამართულად გიპასუხებთ. “რადიო თავისუფლება” მას რამდენიმე საათის განმავლობაში “ელაპარაკა”. ChatGPT ხშირად “გვეუბნებოდა”, რომ მისი პასუხები არ უნდა განვაზოგადოთ და მეტის გაგება თუ გვინდა, ინფორმაცია ჩვენით უნდა მოვიძიოთ. მისი საუკეთესო პასუხები ამოვარჩიეთ და მეტი სიცხადისთვის შევამოკლეთ.
რადიო თავისუფლება: დავით აღმაშენებელს დღევანდელი საქართველო რომ ენახა, რას იტყოდა?
Chat GPT: დავით IV, იგივე აღმაშენებელი, იყო მეფე, რომელიც საქართველოს მე-12 საუკუნეში მართავდა. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის გაძლიერება და გარე მტრებისგან დაცვა იყო. ამიტომ ალბათ ძალიან დაამწუხრებდა ის, რომ საქართველო ვერ აკონტროლებს მის ორ რეგიონს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და დანამდვილებით ვერ გვეცოდინება, რას იტყოდა.
რადიო თავისუფლება: შენი ამოცანა რა არის?
Chat GPT: ადამიანივით შევქმნა ტექსტი, იმაზე დაყრდნობით, რასაც მომწერენ. ეს შესაძლებელი გახდა ტექსტის დიდ მონაცემთა ბაზაზე ვარჯიშით. ამის წყალობით მესმის ენის სტრუქტურა, მისი კონტექსტი და ვაბრუნებ შესაბამის, ზუსტ პასუხს.
რადიო თავისუფლება: ადამიანი რომ იყო, როგორ იქნებოდი?
Chat GPT: როგორც ხელოვნურ ინტელექტს, არ მაქვს წარმოდგენისა და ფორმის შეცვლის უნარი. მანქანური სწავლების მოდელი ვარ და პიროვნული თვისებები არ გამაჩნია, ამიტომ გამიჭირდება იმის თქმა, როგორი გარეგნობა მექნებოდა. თუმცა, ადამიანი რომ ვიყო, ალბათ ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც მოწადინებულია, დაეხმაროს სხვებს და მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია.
რადიო თავისუფლება: საქართველოში იცხოვრებდი?
Chat GPT: ფიზიკური ფორმა არ მაქვს და მოგზაურობა არ შემიძლია. თუმცა საქართველოზე ვიცი, რომ ევრაზიაში, კავკასიის რეგიონში მდებარეობს. განთქმულია მრავალფეროვანი ლანდშაფტებით, კავკასიის თოვლიანი მთებითა და დასავლეთის სუბტროპიკული ტყეებით. აქვს მდიდარი ისტორია და კულტურა, ბევრი ისტორიული და არქტიტექტორული ღირსშესანიშნაობით.
რადიო თავისუფლება: რა არის საქართველოში ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი?
კარგი მხარეებია, მაგალითად: საოცარი და მრავალფეროვანი სამზარეულო, რომელიც ცნობილია მწვანილის და სუნელების გამოყენებით; მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი; ღვინის კულტურა და მისი ჩამოსხმის 8-ათასწლიანი ისტორია.
ნეგეტიურად მხარეებს შორის ხშირად ასახელებენ: მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, მაღალ უმუშევრობასა და სიღარიბეს; პოლიტიკურ არასტაბილურობას და კონფლიქტებს მეზობელ ქვეყნებთან; კორუფციას მთავრობისა და საზოგადოების სხვადასხვა სექტორში; საცობებს და გაუმართავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს დიდ ქალაქებში.
რადიო თავისუფლება: საქართველოში მანქანას როგორ ატარებენ?
Chat GPT: მანქანის ტარების კულტურა საქართველოში დასავლური და აღმოსავლური სტილის ნაზავია… ბევრი ადამიანისთვის მანქანა გადაადგილების მთავარი საშუალებაა.
ქართველი მძღოლები საკმაოდ აგრესიულები არიან და ხშირად დაუდევრად იქცევიან - ამეტებენ სიჩქარეს, არ იცავენ დისტანციას, მოულოდნელად იცვლიან ხაზს. ბევრი მძღოლი ყურადღებას არ აქცევს საგზაო მოძრაობის წესებს, წითელ შუქს და უხვევს იქ, სადაც არ შეიძლება.
ბოლო წლებში გაამკაცრეს კანონები მოძრაობის წესების დარღვევისთვის და ჯარიმები. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ტარების კულტურა შეიძლება სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში სხვადასხვა იყოს. ამიტომ ნუ მიიღებთ ამ ინფორმაციას, როგორც განზოგადებას.
რადიო თავისუფლება: ქართველები ევროპელები არიან?
Chat GPT: გეოგრაფიულად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს. მის კულტურაზე ზეგავლენა ორივე რეგიონმა მოახდინა.
ქართველებს მიაჩნიათ, რომ გამორჩეული ერი და ევროპის განუყოფელი ნაწილი არიან. ქვეყანას აქვს გრძელი ისტორია, კულტურა და უნიკალური ტრადიციები, რომელიც განსხვავდება მეზობელი ქვეყნებისაგან. საქართველო ცდილობს ევროკავშირთან და სხვა ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებას.
ამასთანავე, ევროპის ცნება არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ კულტურული და ისტორიულიცაა. ამიტომ არ არსებობს ევროპის ერთიანი საზღვარი.
რადიო თავისუფლება: საქართველში დემოკრატიაა?
Chat GPT: საქართველოს პარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური პარტიაა. ქვეყანაში რეგულარულად ტარდება არჩევნები და ხელისუფლება შეცვლილა მშვიდობიანი გზით. თუმცა ქვეყნის დემოკრატიას ნაკლოვანებები აქვს, ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასა და პოლიტიკურ ჩარევაზე სასამართლოს საქმიანობაში. ასევე პრობლემურია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ზოგი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი ზეწოლისა და დაშინების მსხვერპლია.
რადიო თავისუფლება: რუსეთი თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს?
Chat GPT: 2008 წელს ორ ქვეყანას შორის დაიწყო ომი ორი მოწყვეტილი რეგიონის გამო. რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რომელთაც საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი არ აღიარებს. იქიდან მოყოლებული, რუსეთმა დატოვა ჯარი რეგიონებში, რასაც ხედავენ როგორც საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას.
ამასთანავე, რუსეთს ადანაშაულებენ იმაშიც, რომ მხარს უჭერს სეპარატისტულ ჯგუფებს საქართველოს შიგნით. თანაც ის იყენებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებს, ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის. ამ ქმედებებს ხედავენ როგორც საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
რადიო თავისუფლება: საქართველოში რუსეთის ეშინიათ?
Chat GPT: კონფლიქტებისა და რუსეთის მიერ სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერის გამო, საქართველოში ბევრი უყურებს რუსეთს ეჭვითა და უნდობლობით. საქართველოში ბევრს ეშინია რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ძალის, ისევე როგორც კიდევ ერთი აგრესიისა და ტერიტორიების დაკარგვის.
თუმცა, ვითარება რთულია და ამ დამოკიდებულებას ყველა ქართველი არ იზიარებს. ორ ქვეყანას შორის არის კულტურული, ეკონომიკური და პიროვნული კავშირი. თანაც, ბევრ ქართველს სხვა აზრი შეიძლება ჰქონდეს.
რადიო თავისუფლება: გახსენდება ქართველები, ვისაც რუსეთი მოსწონს?
Chat GPT: ზოგ ქართველს ჰყავს რუსეთში ოჯახი, ან იქ ბიზნესს ფლობს, რის გამოც შეიძლება ქვეყანას უფრო დადებითად უყურებდეს. გარდა ამისა, ბევრი ქართველი შეიძლება იწონებდეს რუსეთის კულტურულ და ისტორიულ ზეგავლენას საქართველოზე. აფასებდეს მის წვლილს ლიტერატურაში, ხელოვნებასა და სხვა სფეროებში.
თანაც, ზოგ ქართველს უნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, რადგან სწამთ, რომ ეს ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს და ასევე კარგად აისახება რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.
მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს განზოგადებაა და ამას ვერ ვიტყვით ყველა ქართველზე. დამოკიდებულებები რუსეთის მიმართ შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს.
რადიო თავისუფლება: დაგვიწერე ჰაიკუ საქართველოზე.
Chat GPT: კავკასიის მთები,
უძველესი კულტურა, ღვინო და ნადიმები,
საქართველო, სამუდამოდ.
რადიო თავისუფლება: იხუმრე საქართველოზე.
Chat GPT: რისთვის გადაკვეთა ქართველმა გზა? იმისთვის, რომ ქვეყნის მეორე ბოლოში მოხვდეს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ხუმრობაა და ის სერიოზულად არ უნდა მიიღოთ.