Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმზ ჯოისის "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას"


წლევანდელი წელი ნამდვილად ჯოისის წლად შეგვიძლია გამოვაცხადოთ საქართველოში. სწორედ 2012 წელს გამოვიდა ნიკო ყიასაშვილის თარგმნილი "ულისეს" პირველი სრული გამოცემა და ამავე წელს გამოჩნდა მწერლის მერე დიდი ნაწარმოები, "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას", რომელიც გია ბერაძემ გადმოაქართულა. მართალია "ხელოვანის პორტრეტი..." პირველად 2005-ში გამოვიდა, მაგრამ ამ, 2012 წლის გამოცემას, იმედი მაქვს, უფრო მეტი მკითხველი გამოუჩნდება.

"პორტრეტი..." ისეთი წიგნების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც განსაკუთრებულ კვალს ტოვებს ხოლმე ახალგაზრდა მკითხველზე, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ თავად ავტორი გვესაუბრება განსაკუთრებული გულახდილობით თავის გამოცდილებაზე, გვიყვება ისეთ "თავის თავზე", რომელიც უკვე დაძლია და აღარ არსებობს. მთარგმნელს, გია ბერაძეს ვთხოვე ამ რომანის წაკითხვის პირველ შთაბეჭდილებები გაეხსენებინა:

"როცა წავიკითხე, დაახლოებით იმ ასაკში ვიყავი, რა ასაკშიც სტივენია წიგნის დასასრულს, 20-ს გადაცილებული. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ის ძიებები, სამყაროსთან დამოკიდებულება... ეს ყველაფერი ძალიან ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის. რაღაც განსაკუთრებული, უცხო იყო და ძალიან საინტერესო".

მაინც რითი შეიძლება იყო საინტერესო ახალგაზრდა ირლანდიელი ყმაწვილის ისტორია, მისი სულიერი ვნებანი? ამაზე ძალიან ბევრი დაწერილა, ჯოისის ამ ძიებებზე, რელიგიასთან მის დამოკიდებულებაზე, წაკითხულ წიგნებზე, გავლენებზე, ფატალურ თვალსაწიერზე. ამ წიგნს დიდი აღმოჩენები უძღოდა წინ, პირადიც და ლიტერატურულიც, სხვაგან, სხვის ნაწერებში ნაპოვნი სიბრძნეები, რომელმაც ყმაწვილი ჯოისის ცხოვრება შეცვალა და მისი ახალგაზრდობის პორტრეტი შექმნა - იბსენი, ჯორდანო ბრუნო, დ'ანუნციო, ვერლენი, ჰიუისმანსი, ფლობერი, არისტოტელეს მეტაფიზიკა და პოეტიკა, უოლტერ პეიტერი და სხვები.

ძალიან საინტერესო აბზაცს ვხვდებით უმბერტო ეკოს ცნობილ წიგნში "ჯოისის პოეტიკები", სადაც ვკითხულობთ, რომ ეს სტივენის (და შესაბამისად ახალგაზრდა ჯოისის), ანუ ერთი კონკრეტული ხელოვანის, პორტრეტი კი არაა, არამედ ზოგადად ხელოვანის პორტრეტია, ესაა ერთგვარი კულტურული სიტუაციის პორტრეტი, რომელსაც მომწიფებული ჯოისი ობიექტივაციას უკეთებს. "ხელოვანის პორტრეტი" ჯოისის ესთეტიკური მანიფესტი არ არის, არამედ იმ ჯოისის პორტრეტია, რომელიც უკვე აღარ არსებობს, რომელიც უკვე რაღაც განზოგადებულ სახედ უნდა იქცეს, და რომელიც უკვე განვლილი ეტაპია. ეს ირონიული ავტობიოგრაფიული აღსარებაა, რომლის შემდეგაც "ულისე" იწყება.

ამ წიგნში სწორედ ის პერიოდია აღწერილი, როდესაც რელიგიას დაშორდა ჯოისი, თუმცა აქ ისიც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ განსაზღვრავდა მთელს მის მომდევნო შემოქმედებას მისი ეს რელიგიური გამოცდილება, წარსული ორთოდოქსიის კვალი სულ და სულ იჩენს თავს მის შემოქმედებაში, სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება მის შემოქმედებაში, ჩანს, თუ გნებავთ, პირად მითოლოგიაშიც. სტივენის მეგობარი, კრენლიც ხომ ამას ამბობს რომანში...

მთარგმნელმა სტივენის ამბოხზეც გაამახვილა ყურადღება:

"სიამოვნებას მანიჭებდა მეამბოხე სული სტივენისა. თუ გახსოვთ, იქ ასეთი სიტყვებია - როცა ჩვენს ქვეყანაში ადამიანის სული იბადება, მას უამრავი ბადით იჭერენო, თავის მეგობარს ეუბნება. შენ მელაპარაკები რელიგიაზე, სამშობლოზე, მე კი ვეცდები დავუსხლტე ამ ბადეებსო... და ეს მეამბოხური სული განსაკუთრებით მაშინ, იმ ასაკში და ახლაც, ძალიან საინტერესო და მისაღები იყო და შინაგანად ჩემიანი ავტორი აღმოჩნდა".

"ხელოვანის პორტრეტი..." კიდევ ბევრი რამის გამოა მნიშვნელოვანი წიგნი თანამედროვე დასავლური ლიტერატურისთვის. ერთ-ერთი არგუმენტი ის გახლავთ, რომ არც ერთი მწერალი არ აიძულებდა თავის პერსონაჟებს ამდენი ეფიქრათ და ესაუბრათ პოეტიკაზე და ესთეტიკაზე, როგორც ამას ჯოისი აკეთებს ამ წიგნში. განსაკუთრებით წიგნის მეორე ნახევარია აღსანიშნავი, რომელიც პოეტოლოგიური განსჯების ნამდვილი საცავია, სადაც ძალიან ბევრი ზუსტი შეფასებაა წარსული მემკვიდრეობისაც და სადაც მომავლის პოეტიკების კონტურებსაც დავინახავთ. უმბერტო ეკო იმასაც წერს, რომ მთელი ეს ესთეტიკური დისკუსიები იმისთვის დასჭირდა ჯოისს, რომ სქოლასტიკა დაემცირებინაო. ეს ურთულესი თავებია, რომელიც სამწუხაროდ ქართულადაც ხარვეზებით ითარგმნა. აი ერთი მაგალითი - ბოლო თავში შესანიშნავი მსჯელობებია არისტოტელეს პოეტიკის მოდერნულ მოტივებზე, სადაც სტივენის ასეთი სიტყვებია: "თანაგრძნობა არის ისეთი გრძნობა, რომელიც გონებას მიაჯაჭვავს ყველაფერს მნიშვნელოვანს და მუდმივს ადამიანის ტანჯვაში <...> როგორც ხედავთ, მე გამოვიყენე სიტყვა - მიაჯაჭვავს. ტრაგიკული ემოცია სტატიკურია. უფრო სწორად, დრამატული ემოციაა სტატიკური. ხოლო არაჭეშმარიტი ხელოვნებისაგან გამოწვეული გრძნობები კინეტიკურია <...> ესთეტიკური ემოცია... არის სტატიკური. გონება მიჯაჭვულია მნიშვნელოვანსა და მარადიულზე და ამაღლებულია ლტოლვასა და ზიზღზე." ამის შემდეგ ავტორი ხშირად იყენებს ტერმინ სტასისს, რომელიც სამწუხაროდ ქართულ თარგმანში ყველგან არასწორადაა გადმოტანილი და სტასისის ნაცვლად რატომღაც სტატისს ვხვდებით, იმედი მაქვს, მორიგ გამოცემაში გაითვალისწინებენ ამ შენიშვნას. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა ეპიგრაფისთვის, რომელიც რომანს უძღვის წინ, მიეწერათ, რომ ეს სიტყვები ოვიდიუსის "მეტამორფოზებიდანაა" აღებული. დანარჩენ შენიშვნებზე აღარ გავაგრძელებ, მოკლედ ვიტყვი, რომ შიგადაშიგ გვარებია არასწორი ორთოგრაფიით გადმოტანილი, გვხვდება რუსიზმებიც.

დაბოლოს, ქართველ მკითხველს მინდა გავახსენო შესანიშნავი თავი რომანის დასაწყისიდან. პატარა სტივენი საშობაო სუფრას უზის და უსმენს უფროსების კამათს რელიგიასა და პატრიოტიზმზე. უძლიერესი თავია, კარგად თარგმნილი, დიდი და დაუნდობელი ირლანდიური ვნებებით. ზოგმა შეიძლება თანამედროვე ქართული ვითარებაც დაინახოს ამ უმწვავეს სცენაში. სწორედ ამ თავში წამოცდება სტივენის მამას ეს სიტყვები: "მღვდლების მორჩილი, ღმერთისგან მიტოვებული ერი".
XS
SM
MD
LG