Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს ჯოისის "ულისე"


დადგა დრო ჯეიმს ჯოისის "ულისეს" სრული ქართული გამოცემისთვისაც. გვეღირსა. ნიკო ყიასაშვილის მიერ თარგმნილ და 80-იანებში გამოქვეყნებულ ნახევარ ტექსტს მეორე ნახევარიც დაემატა და დღეს უკვე ბოლომდე მიყვანილი ტექსტი შეგვიძლია წავიკითხოთ. ეს მეორე ნახევარი "მნათობში" დაიბეჭდა თავის დროზე, რამდენიმე წლის წინ, ორიოდე თვის წინ კი დიდი, ცხრაასგვერდიანი წიგნი გამოვიდა, სრული "ულისე", ნიკო ყიასაშვილის უმთავრესი ნაშრომი.

დღეს ჩვენ ნიკო ყიასაშვილის მოსწავლე, თემურ კობახიძე მოვიწვიეთ, ვინც, პირველ რიგში, ჯოისზე და ჯოისის ინგლისურენოვან ლიტერატურაზე გავლენის შესახებ გვითხრა:

"მას მერე, რაც გამოვიდა ჯოისის ძირითადი ნაწარმოებები, ინგლისურენოვან სამყაროში გაჩნდა აზრი, რომ წარმოუდგენელია ისე წერა, თითქოს ჯოისი არ ყოფილა და მას არაფერი არ დაუწერია. ანუ მისი უგულებელყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მთელ მის შემდგომ არსებულ ინგლისურენოვან ლიტერატურას და არა მხოლოდ ინგლისურენოვან ლიტერატურას, არამედ მისი გავლენა გასწვდა უამრავ სხვა ენას, კულტურას, ქვეყანას, ტრადიციას და ა.შ."

ქართულ ტრადიციაზეც თავისებური გავლენა მოახდინა ამ წიგნმა. რა დამავიწყებს ჩემს მეგობარს, ვისაც 80–იანებში გამოცემული პირველი ნაწილი დიდი ხნის მანძილზე სრული "ულისე" ეგონა და ყველას უმტკიცებდა, რომ ეს წიგნი თავიდან ბოლომდე ჰქონდა წაკითხული ქართულად.

ნიკო ყიასაშვილის თარგმანზე ისევ თემურ კობახიძეს მოვუსმინოთ:

"ძალიან დიდი მოღვაწეობის, თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი იყო ეს თარგმანი... მე მახსოვს ნიკო თარგმანზე მუშაობის პროცესში. მე ის პერიოდიც კი მახსოვს, როდესაც ნიკო რაღაც გუმანით, რაღაც ინტუიციით გრძნობდა, რომ მისი სიცოცხლის დღენი ილეოდა და მეუბნებოდა ხოლმე: თემურ, მე იქ ვერ წავალ, თემურ, რაღაც ღონისძიებას ვერ დავესწრები, ჩემი გარეთ გასვლა არ შეიძლება, შინ უნდა ვიჯდე, იმიტომ რომ ცოტა დრო დამრჩა და იქნებ მოვასწრო თარგმანი... ბოლო წლებში ისიც კი ჰქონდა... ცუდი სიტყვაა, ეს აკვიატებული იდეა არაა, ესაა წინათგრძნობა მართლა დიდი ხელოვანის, სერიოზული მეცნიერისა, ძალიან სერიოზული მთარგმნელის... გრძნობდა, როგორც ჩანს, ის, რომ ცხოვრების დიდი ხანი არ ჰქონდა დარჩენილი და აპირებდა თავისი ცხოვრების მაგნუმ ოპუსის, ამ თარგმანის დასრულებას".

ეს თარგმანი ნიკო ყიასაშვილმა თითქმის დაასრულა, საბოლოო სახე მისმა ქალიშვილმა, მაია ყიასაშვილმა მისცა. სწორედ მისი დამსახურებით მივიღეთ დიდი ტექსტი, სრულყოფილი კომენტარებით. სხვათა შორის, ჯოისის ამ ტექსტის კომენტირება ცალკე პასუხისმგებლობად იქცა. წარმოუდგენელია "ულისე" ჭკვიანური და მახვილგონივრული კომენტარების გარეშე. ამაზე თავად ავტორიც საუბრობდა ხუმრობით:

"არ არის ეგრე მარტივად საქმე, აუცილებლად უნდა იყოს ჯოისი კომენტირებული. ჯოისის პირველი მოთხოვნა იყო ძალიან ეშმაკური. იგი ამბობდა, ერთადერთი მოთხოვნა, რომელსაც მე ჩემს მკითხველს ვუყენებ, ის არის, რომ მან ჩემს მეტი არავინ არ წაიკითხოსო. ანუ ჩემი ნაწარმოების გარდა არც ერთი ნაწარმოებიო. ეს ძალიან ეშმაკური ნათქვამია, იმიტომ რომ მხოლოდ ჯოისის კითხვა ნიშნავს უშველებელი ლიტერატურის კითხვას, იმიტომ რომ, თუ ის უშველებელი ლიტერატურა წაკითხული არა გაქვს და თუ არა ხარ იმ ლიტერატურის, ფილოსოფიური თუ რელიგიური ლიტერატურის, თეოლოგიის, კულტუროლოგიური კვლევების, ფსიქოლოგიის... ყველაფრის საქმის კურსში თუ არა ხარ ღრმად, სერიოზული, ხარისხიანი გაგება ჯოისის წარმოუდგენელია. და თქვენ წარმოიდგინეთ, ბიბლიოთეკების გადაყირავება მოუხდა ამ დიდი ნაწარმოების ქართულად მთარგმნელს, ბატონ ნიკო ყიასაშვილს".

ახლა, ბიბლიოთეკების გადაყირავებას რაც შეეხება. „ულისეში“ ბევრი მიმზიდველი თავია, მარტო პირველი აბზაცი რად ღირს: "წარმოსადეგი, ჩასუქებული ბაკ მალიგანი კიბის ზედა ბაქანზე გამოვიდა ხელში საპნის ასაქაფებელი თასით, რომელზედაც ჯვარედინად ეწყო სარკე და სამართებელი“... თუმცა მე ამ წიგნს, პირველ რიგში, მაინც მეთოთხმეტე, ე.წ. "მზის ხარების" ეპიზოდის გამო ველოდი. ველოდი სიხარულით, ფილოლოგიური ხალისით, გნებავთ მოუსვენრობით. ვინც კარგად იცის ეს თავი, ისედაც მიხვდება, რაზეა საუბარი. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ ჯოისმა ეს თავი, მისი ყოველი აბზაცი ინგლისური სალიტერატურო ენის სხვადასხვა ეტაპის მიხედვით ააგო. ეს არის ენის ნამდვილი ზეიმი, ცხადია, არამხოლოდ ინგლისურის, რადგან ნიკო ყიასაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი შესატყვისი მოეძებნა ჯოისის ამ გაუგონარი ექსპერიმენტისთვის. დამოუკიდებელი ესეა ნიკო ყიასაშვილის კომენტარი, რომელსაც ის ამ თავს უძღვნის და სადაც ამბობს: "ერთი აღსანიშნავი კომპრომისი, რაზეც შეგნებულად წავედი – ეს ჯოისის სქემის ზუსტ გამეორებაზე უარის თქმაა. მართებულად არ მიმაჩნია ჯოისის მიერ ინგლისური ლიტერატურული ენის განვითარების ეტაპების საჩვენებლად 32 მწერლის მიბაძვა თუ მისი პაროდირება. ზუსტი შესატყვისობების ძიების ცდა პრინციპულად არასწორად მიმაჩნია."

ნიკო ყიასაშვილმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო – იმ 32 მწერლის შესატყვისად „შუშანიკის წამებას“, „გრიგოლ ხანძთელს“, „ამირანდარეჯანიანს“, „ვისრამიანს“, „რუსუდანიანს“, სულხან-საბას, ლავრენტი არდაზიანს, ილია ჭავჭავაძეს, ვასილ ბარნოვს, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერეკლე ტატიშვილსაც კი მიმართა. გადაშალეთ "ულისე" 379–ე გვერდზე და თავად დარწმუნდებით, რა ძალა აქვს ენობრივ თამაშებს. აჰა, ნახეთ, ელფრიკი და მისი ალიტერაციული პროზის ქართული შესატყვისი – "კაცი ვიეთმე მოარული მოსულიყო და დამდგარიყო კართან მიმწუხრის ჟამს. ისრაელიტელთა ტომისა იყო კაცი იგი რომელ ეხეტიალა ქუეყანასა ზედა და მოეღწია შორიელ ალაგს. და ამა კაცმა რომელიცა გარნა მხოლო ადამიანური თანალმობისა გამო იარა მარტოდ, მიაღწია სახლსა მას".

ამის მერე მოდის რაინდული რომანების სტილის იმიტაცია, შექსპირისდროინდელი ქრონიკები, მილტონი, სემუელ პიიპსი, დეფო, სვიფტი, სტერნი, ოლივერ გოლდსმიტი, შერიდანი, ჰორას უოლპოლი, ტომას დე ქუინსის საოცარი ქართული შესატყვისი, ჩარლზ დიკენსი, ჯონ რასკინი, ტომას კარლაილი და, ბოლოს, როგორც თავად ჯოისი წერდა: "დიალექტის, ჟარგონის, გაუნათლებელი მეტყველების, ირლანდიურის, პრიმიტიული წირვის, ამერიკანიზმებისა და მისთანათა საზარელი ნარევი". აი მოუსმინეთ: "მკლავგადასკვანჭულებმა, ყველამ ერთად მოხია და ყაყანით ჩაირიხინა ქუჩა, შევუბეროთ. ნაღდი მოგზაურები..."

ულისეც ხომ ნაღდი მოგზაური იყო, ორივე - ითაკელიც და ესეც, დუბლინელიც.

XS
SM
MD
LG