17 მარტს, მას შემდეგ, რაც მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილის რიგით მეოთხე განაჩენი გამოაცხადა და საპატიმრო სასჯელები 12.5 წლამდე დააჯამა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილსაც დააკისრა - რადგან მან, თავის დროზე, როგორც პრეზიდენტმა, დისკრეციული უფლება - შეწყალების მექანიზმი არ გამოიყენა.
“დღეს დადასტურდა, რომ გარდა მორალური და პოლიტიკური განაცხადისა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად”, - განაცხადა ბოკუჩავამ 17 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
- „არა და არასოდეს“ - ეს სიტყვები სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ გაიმეორა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრისა. შეწყალების შესახებ ბევრჯერ ითქვა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზეც.
- მეხუთე პრეზიდენტი აცხადებდა, რომ შეწყალების გზით სააკაშვილის გათავისუფლება ტექნიკურადაც შეუძლებელი იყო [რადგან არსებობდა მიმდინარე საქმეები] და ასევე - ეს ქვეყანაში პოლარიზებას კიდევ უფრო გაამწვავებდა.
შეწყალებაზე ყოველი უარის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უკმაყოფილებას არასოდეს მალავდნენ; მაგრამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და ქვეყანაში პროდასავლური უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო, “ნაციონალური მოძრაობა” მაინც მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილის წამოწყებულ სადისკუსიო პროცესებში და მასთან სასაუბროდ, ოპოზიციონერებთან ერთად, პირადად თინა ბოკუჩავა დადიოდა.
ბოკუჩავამ 16 მარტს ჟურნალისტებთან განმარტა, რომ - პროცესში ჩართვა პირადად მიხეილ სააკაშვილის მოწოდება იყო და ოპოზიციის ერთიანობის იდეას ემსახურებოდა.
ახლა კი, საეჭვოა გააგრძელებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ამ შეხვედრებში მონაწილეობა. პარტიაში აცხადებენ, რომ თუკი ერთიანობის იდეა საბოლოოდ დამარცხდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებიც აზრს მოკლებული იქნება; რადგან მათი ერთადერთი მიზანი ერთიანობის მიღწევა იყო.
თინა ბოკუჩავამ ერთგვარ ბოლო ვადად 31 მარტი დაასახელა, როცა, წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბური აქცია უნდა გაიმართოს ისტორიული თარიღის - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღის - აღსანიშნავად.
“იმედი მაქვს, რომ 31 მარტი იქნება ამის [ერთობის დემონსტრირების] შესაძლებლობა და ეს ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, რადგან თუ ეს ერთობა მართლაც ეფემერული, არარეალისტური და უტოპიურია, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი აღნიშნულზე და ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თვალსაზრისით უწყობს ხელს გაერთიანებას”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ 16 მარტს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის ბრძოლას „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ არცერთ სხვა პოლიტიკურ ლიდერს არ გაუკეთებია საქართველოსთვის მეტი - ვიდრე ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და ეს ყველამ უნდა აღიაროს.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების მთავარ მიზნად გაერთიანებას მიიჩნევენ “ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის წარმომადგენელი ძალებიც და მათ შორის - ”სტრატეგია აღმაშენებელი”.
„პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას! ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას – ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი!”, - წერს პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.
ემოციური უთანხმოება ერთიანობაზე
სულ ბოლოს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერი ლიდერები 14 მარტს შეხვდნენ. 15 მარტს კი, მეხუთე პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს, სადაც ის აღნიშნავს, რომ შეხვედრების მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა და რომ მისი მიზანია არა "ყალბი გაერთიანება", არამედ “ძლიერი კოორდინაციაა”, რამაც ქვეყანა ახალ არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს.
“ერთიანობა ეს არის, მე ასე ვიტყოდი - გარედან შემოგზავნილი თემა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტის ბოლო ინტერვიუმ განსაკუთრებით აღაშფოთა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, მოკავშირეები თუ მხარდამჭერები.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აინტერესებს და არ ცნობს მას პრეზიდენტად, “მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს”.
“სალაპარაკო არ გვაქვს სალომე ზურაბიშვილზე?! რამდენიც გინდათ… ახლა ისეთი რაღაცა თქვა - ერთიანობა თურმე შემოგდებული თემაა და დაქსაქსულობაა კარგი… მე პირდაპირ ვიტყვი, სალომეს, ალბათ, თავისი პარტიის გაკეთება უნდა და თავის პარტიის რეიტინგზე ფიქრობს. ახლა ახალი ლოგო გამოჩნდება, ახალი ნომერი გამოჩნდება, მერე გვეტყვიან, რომ ეს არის ლიდერი - ეს არის ის…
“ნაციონალური მოძრაობისთვის” ყველაზე მიუღებელი იყო სალომე… მისი გაპრეზიდენტება ნორმალური და ადეკვატური იყო?! მართლა ხომ არ ჰგონია ვინმეს, 2018 წელს [საპრეზიდენტო] არჩევნები ჩატარდა - მაშინაც იყო რუსული სპეცოპერაცია. ხმა არ ამოვიღეთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”, - თქვა ხაბეიშვილმა 16 მარტს ტელეკომპანია “ფორმულის” ეთერში.
ტელეკომპანია “პირველის” ეთერში სალომე ზურაბიშვილს მწვავედ დაუპირისპირდა გუბაზ სანიკიძეც: “კოორდინაცია რაში გამოიხატება, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეში შეთანხმება არის? რამეს მოაბა ამ ქალმა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა. არ არის ასე? თუ რამე ვალი გვაქვს ამ ქალის? ამიტომ, გამოფხიზლდეს ყველა, მე იმიტომ დავანებე პოლიტიკას თავი, რომ ეს პოზიცია ჯობია ახლა ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც”.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მეხუთე პრეზიდენტთან ოპოზიციონერების ბოლო შეხვედრაზე პარტიების გაერთიანების საკითხზე მსჯელობა არ გამართულა - რადგან გაერთიანებაზე მკაფიო შეუთანხმებლობა ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გამოვლინდა და დაპირისპირების პროცესი შემდგომ პერიოდშიც გრძელდებოდა. ასევე, სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციონერ ლიდერებს შორის არ შეთანხმებულა უახლოესი მომავლის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლებზეც ისინი ერთობლივად იმუშავებენ.
გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოწინააღმდეგეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ის, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, კვლავ ინარჩუნებს მანდატებს სადავო პარლამენტში, მაგრამ არ ერთვება „ქართული ოცნების“ პარლამენტის მუშაობაში. „გახარია საქართველოსთვის“ ხშირად ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების სამიზნე, როგორც ერთობის მოწინააღმდეგე.
“მიუხედავად იმისა, “ქართული ოცნების” რეჟიმი როგორ სახეს იღებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ვინმესთან უნდა გავერთიანდეთ და რაღაც ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბება გვინდოდეს. მაგრამ ჩვენ ამომრჩევლების წინაშე ვალდებული ვართ, რომ ვიყოთ გარკვეულ კოორდინაციაში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მით უმეტეს - სალომე ზურაბიშვილის ეგიდით, რაც უფრო რეალურს ხდის ამ პროცესს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც მუდმივად მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ შეხვედრებში.
ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ არ ესმის “აკვიატებული სურვილი” გაერთიანების შესახებ, რადგან მკაფიო განსხვავებების გამო ნებისმიერი ერთობა კონტრპროდუქტიული იქნება.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებში მუდმივად მონაწილეობს ახლახან ოფიციალურად დარეგისტრირებული პარტიის - „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც საქმის კურსში აყენებს თავის მხარდამჭერებსაც. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს კოორდინაციას პოლიტიკურ სპექტრს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერების ნაწილს ის ხშირად მწვავედ აკრიტიკებს.
ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ სუსტი და დაშლილი პოლიტიკური სპექტრი ვალდებულებებს თავს ვერ ართმევს, ხოლო ახალი, "შინაარსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესიის" შექმნის რესურსი მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს - ქართველი ხალხის მანდატიდან, პროტესტის ლეგიტიმაციიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს შესაძლებლობა - “პოლიტიკური ალტერნატივის სახელით ელაპარაკოს დასავლეთს და პროტესტს”.
“ჩემი აზრით, ამ დიდებულ კოორდინაციასთან დაპირისპირებით, რომელიც წმინდად საქმის კეთებაზეა ფოკუსირებული და მხოლოდ ამომრჩევლის ინტერესს ემსახურება, ნაცები საკუთარ თავს ჩაირეცხავენ და ამით დასრულდება პოლარიზაცია საბოლოოდ, ბიძინასთან ერთად”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ძალისხმევა პარტიების გაერთიანებისკენ და ერთ პოლიტიკურ ძალად ქცევისკენ არ არის მიმართული, რადგან მათ განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ და მთავარია - ძალების გაერთიანება მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარდა, სალომე ზურაბიშვილი უკვე თვეებია, შეხვედრებს მართავს სხვა ჯგუფებთანაც. მეხუთე პრეზიდენტი განმარტავს, რომ ცდილობს კოორდინაციას როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების, ბიზნესისა თუ ყველა იმ სეგმენტის ჩართულობით, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ, მათ შორის - პროტესტის გაძლიერებას და ახალი არჩევნების ჩატარების მიზანს.
ფორუმი