რა შეიძლება იყოს გამოსავალი ისეთ სიტუაციაში, როდესაც ერთი მხრივ პროტესტი არ წყდება, მეორე მხრივ კი, „ქართული ოცნებისთვის“ კატეგორიულად მიუღებელი და არარეალისტურია ამ მოთხოვნის შესრულება.
რადიო თავისუფლებამ აქციის მონაწილეების მოსაზრებები მოისმინა.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის დღეს მედიამ და დამკვირვებლებმა მრავალი დარღვევა დააფიქსირეს, მათ შორის:• ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - ბიულეტენების მეორე მხარეს გაჟონილი ლაქების შედეგად ჩანდა ამომრჩეველთა არჩევანი;• ამომრჩეველთა დაშინება და ზეწოლა;• საარჩევნო უბნებზე დაკვირვების პროცესის ხელის შეშლა და სხვა.არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც. ამ პრობლემების გამოსასწორებლად შიდა სამართლებრივმა ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო. სასამართლომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი. ოპოზიციური პარტიების დიდმა უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა.შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, მეხუთე პრეზიდენტი და საზოგადოების ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად და მოპარულად მიიჩნევენ.თუმცა საპროტესტო მოძრაობის დაწყებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 28 ნოემბერი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციას.
|
ნინო თოდრია თავისუფლების ინსტიტუტის მკვლევარი და პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. აქციაზე ყოველდღე დადის.
„ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში ყოველდღე და გადაკეტოს გზა. პროტესტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს. პოლიცია და ძალოვნები იმისთვის გამოჰყავთ, რომ დისკომფორტი ექმნებათ.
ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შემოგვთავაზონ, რას გააკეთებენ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველ 100-150 დღეში, რადგან ახლა ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემა მორყეულია, თავდაცვა მორყეულია, ჯანდაცვა მორყეულია. რა არის მათი სამოქმედო გეგმა?“.
ირაკლი რამიშვილი იურისტია, აქციებზე სისტემატურად მას შემდეგ დადის, რაც პარლამენტმა „აგენტების შესახებ“ კანონზე განაახლა მუშაობა.
„ეს გრძელვადიანი პროცესია და საზოგადოებამ არ უნდა დათმოს. ამავდროულად, უნდა ვიმუშაოთ იმ ხალხზე, რომლებიც შედარებით ნეიტრალურები არიან, ვიმუშაოთ ადამიანური ურთიერთობებით, ფეისბუკით. მათი გადმობირებით „ქართული ოცნების“ მომხრეების რწმენაც შეირყევა“.
კონსტანტინე ცხადაძე პროგრამისტია. მისი აზრით, ძნელია ახლა რამე ისეთ გზაზე ისაუბრო, რომელიც ვითარებას რადიკალურად შეცვლიდა.
„ახლა ისეთი სიტუაციაა, ცალსახად რამე გამოსავალი ვერ იარსებებს. ერთადერთი არის პროტესტი. არ უნდა შემცირდეს ხალხის რაოდენობა. ახალ-ახალი თემები უნდა ჩავაგდოთ ხოლმე. სხვას ალბათ ვერაფერს ვიზამთ ახლა, რადგან ძალაც და ფულიც მაინც მათ მხარეს არის“.
დალილა გოგია ინგლისური ენის სპეციალისტია, მთარგმნელი და „ილიაუნის“ ლექტორი. აქციებზე ისიც ხშირად დადის.
„გამოსავალს, რა თქმა უნდა, იმაში არ ვხედავ, რომ რეჟიმის სათავეში მდგომებს სინდისი შეაწუხებთ. ესენი აპირებენ საქართველო რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის ტიპის ქვეყანა გახადონ, როდესაც ყველა უბედურია, მაგრამ რეჟიმი მაინც თავისას აგრძელებს.
უწყვეტი პროტესტი ჩვენი ერთადერთი გზაა. არც ეს პროტესტი აწუხებთ, რადგან ფიქრობენ, რომ დავიღლებით, მაგრამ არ დავიღლებით.
ყველამ ვიცით, რომ ეს არის კრიტიკული მომენტი. ქვეყანა ვეღარ აინაზღაურებს ამ დანაკლისს. 90-იანებში ხალხი წავიდა ემიგრაციაში, მაგრამ მათ ნაცვლად არავინ ჩამოსულა. ახლა კი რუსები ჩამოდიან და მკვიდრდებიან. მე რატომ უნდა წავიდე? სად უნდა წავიდე?“
ქალი ჯადოქრის ცხვირით - აქციებზე ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დადის, როდესაც აქტივისტები ვაკის პარკის დასაცავად გამოდიოდნენ.
„ხომ იცით, ზვავი მძიმდება, მძიმდება და უცებ წყდება. ახლაც მგონია, რომ ჩვენი ერთობით, გაუტეხლობით რაღაც მომენტში ჩამოვშლით ამ რეჟიმს. მათ უნდათ, სიტუაცია დაძაბონ, ხელოვნურად მოაწყონ მაიდანი, მაგრამ ამ საჩუქარს არ გავუკეთებთ“.
გია ჯვარშეიშვილი უფლებადამცველია, ის ორჯერ დააკავეს რუსთველის გამზირზე და ორჯერვე სასტიკად სცემეს.
„პროტესტზე ადრე თუ გვიან ყველა მთავრობა დაიშლება. საბოლოოდ ფიზიკურად ვერ გადაურჩებიან იმ ბოროტებას, რომელიც თავიანთ პინაზე დააგროვეს. ეს პროცესი წლებში და თვეებში ვერ გაიჭიმება. როდესაც ვლაპარაკობთ საბჭოთა რეჟიმზე, რომელმაც 70 წელი გასტანა, ეს ქართულ ხელისუფლებას ხომ არ გაუკეთებია?! მასშტაბშია განსხვავება, ძალა არ ეყოფათ.
ახლა მერამდენე რეჟიმს ვხედავთ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, რომელსაც მმართველობის ბოლო წლებში სერიოზული პრობლემები ექმნება, ადამიანის უფლებების კუთხით, დემოკრატიის კუთხით. ასე უბრალოდ ვერ გაგრძელდება, მთავარია, უმტკივნეულოდ მოხდეს. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება და მთავრობისთვისაც“.
72 წლის არჩილ სულაკაური აქციებზე სისტემატურად დადის. ცოტა ხნის წინ ფეხი მოვიტეხე და მარტო მაშინ გამოვეთიშეო, ამბობს. მხატვარია. 6 წელი პატრიარქის რეფერენტი იყო. ფრესკებს დღემდე ხატავს.
„ჩვენ ინდივიდუალური აზროვნება უნდა გვქონდეს. დიდი ხანი ვცხოვრობდი ამერიკაში, იქ ვისწავლე ინდივიდუალური აზროვნება. იქ გეკითხებიან „what is your new idea?“ ანუ ახალი იდეა რა გაქვსო. ფრესკას რომ აკეთებ, ამ ფრესკით ახალს რას გადმოსცემო?. ათონის მთაზე 80 წლის მხატვარმა მითხრა, ვაშლის ხატვა არ იციან და პირდაპირ მაცხოვარს ხატავენო. თავიდან ვერ გავიგე, რას გულისხმობდა. აი, სეზანის დახატული ვაშლი ხომ არცერთ ვაშლში არ შეგეშლებაო. მეთქი, არა, არ შემეშლება. აი, ეს არის ინდივიდუალური აზროვნება, ყველა უნდა მიხვდეს, რომ შენია და არა საერთო.
აშშ-ში შესაძლებლობა მქონდა, მოქალაქეობა მიმეღო, მაგრამ ვთქვი, ორ დროშას ვერ შევფიცავ-მეთქი. რომ ვნახე ჩემი შვილები სახლშიც ინგლისურად ლაპარაკობდნენ, მაშინვე აქეთ წამოვიყვანე. როგორ, სულაკაურები პოეტები, მხატვრები, კინორეჟისორები არიან და ქართული არ უნდა სცოდნოდათ?
აქციებზე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიდან (თბილისში გამართული მიტინგები ქართული ენის დასაცავად - რ.თ.) მოყოლებული დავდივარ. მერე ზვიადთან ვიყავი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა, ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ ჩვენი ვალი მოვიხადეთ, ახლა ამ ახალგაზრდებმა უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი. ოპოზიცია ისეთი ვერაა, როგორიც ეს ახალგაზრდები“.
დარეჯან ცხვიტარია, ფოთის საკრებულოს დეპუტატია. საკრებულოში თვეში ერთხელ ჩადის, ისიც იმისთვის, რომ იქ პერფორმანსები მოაწყოს, დანარჩენ დღეებში თბილისის აქციებზე დგას.
„საკრებულოშიც ყველას ცხვირ-პირში ვახლი ყველაფერს. მოვუწოდებ, ბიძინას საფლავში არ ჩაჰყვნენ. ხალხის ერთიანობის წინააღმდეგ არცერთ ოლიგარქს არ გაუმარჯვია. ახლა ცოტა ხანი კიდევ ველოდებით სანქციებს. თუ ამანაც ვერ გაჭრა, მერე ხალხი სხვა ქმედებებზე გადავა, პიკეტირებას დაიწყებს პარლამენტის, ბიძინასი. იარაღს ვერ დავიკავებთ ხელში, მაგრამ ვაიძულებთ, წავიდნენ. ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი“.
მოქალაქე, რომელიც აპროტესტებს, ასე გაგვეცნო აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
„შეიძლება არაფერს იმჩნევენ, მაგრამ სინამდვილე სხვაა. საერთაშორისო პლატფორმაზე ამხელა წნეხი, ქვეყნის შიგნით ამხელა პროტესტი, ვფიქრობ, ეს საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და სიტუაცია როდისღაც „გადატყდება“.
შორენა გაბუნია არასამთავრო ორგანიზაციებში მუშაობდა. ამბობს, უსამართლობასთან ბრძოლა გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი მოთმენაო.
„არჩევნების შემდეგ ზოგმა მითხრა, სასოწარკვეთისგან ლოგინად ჩავვარდიო. მე ბრძოლა მირჩევნია, ვიდრე ეს საშინელი უიმედობა და „მაინც ისე იქნება“. არაფერი ისე არ იქნება! ჩვენს ხელშია ჩვენი ქვეყანა და ჩვენ უნდა ვუშველოთ. ვერავინ, ვერც ტრამპი და ვერც ბაიდენი ვერ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს.
ჩვენ მშვიდობიანი პროტესტი ავარჩიეთ, რაც, სამწუხაროდ, დროში გაწელილი პროცესია. დამღლელია, მაგრამ სხვას არაფერს უნდა ველოდოთ. არსად შევარდნას ჩვენ არ ვაპირებთ. თვითონ, ნელ-ნელა უნდა მოიგუდოს ეს ოლიგარქია. ადამიანები, რომლებიც ელოდებიან, ვინ გაიმარჯვებს, თანდათან ჩვენ მხარეს გადმოვლენ. არ გვეშინია რეპრესიების. სამი შვილის დედა ვარ, აქედან ორი ბავშვია, მაგრამ მზად ვარ, მსხვერპლად გავიღო ჩემი თავი.
და ასე ძალიან ბევრნი ვფიქრობთ“.
ფორუმი