იმ დროს, როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის ომთან დაკავშირებით ხისტ პოზიციას გამოთქვამდა და მოითხოვდა პრეზიდენტ ზელენსკისგან, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას, ამერიკელი პოლიტიკოსის ბიძაშვილი, ნეიტ ვენსი, მთელი 2,5 წლის განმავლობაში მოხალისედ იბრძოდა ფრონტზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნეიტ ვენსმა ისაუბრა იმაზე, თუ რას ფიქრობდა ცნობილი ბიძაშვილი უკრაინის ომში მის მონაწილეობაზე და რატომ მიიღო მან უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან წასვლის გადაწყვეტილება. საუბარი შედგა 2025 წლის 11 მარტს, ვიდრე აშშ, საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ, კვლავ განაახლებდა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.
ნეიტ ვენსის თქმით, ის დაიბადა დალასში, ტეხასში. ბავშვობაში მისი ოჯახი დროდადრო იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს.
„ვცხოვრობდით ჩიკაგოშიც და კალიფორნიაშიც, - ამბობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ბიძაშვილი, - 18 წლის რომ გავხდი, საზღვაო ქვეითთა კორპუსის რიგებში შევედი. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ნავთობისა და გაზის მრეწველობაში დავიწყე მუშაობა. ბოლოს გავხდი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის სფეროს დამოუკიდებელი კონსულტანტი, მაგრამ ეს ყველაფერი მოსაწყენი იყო“.
- რამ გიბიძგათ, უკრაინის არმიის რიგებში შესვლისკენ?
- 2022 წელს უკრაინის არმიის რიგებში შესვლას არ ვაპირებდი. ვფიქრობდი უკრაინაში ჩასვლასა და ჰუმანიტარული დახმარების პროცესში ჩართვას. მაშინ მეგონა, რომ სამხედრო საქმისთვის უკვე ცოტათი მოხუცი ვიყავი. იმ დროს ასეთი სამუშაო გრაფიკი მქონდა: ორი კვირა ვმუშაობდი, მომდევნო ორი კვირა ვისვენებდი. ამიტომ გადავწყვიტე უკრაინაში ჩავსულიყავი და რაღაცით დავხმარებოდი ხალხს. თუ ვერ ვივარგებდი, უკან დავბრუნდებოდი.
შემდეგ დავიწყეთ ტვირთების შეტანა კიევში დისლოცირებული ქვედანაყოფებისთვის, ასევე გარკვეული ჰუმანიტარული საქონლის, საკვების და სხვა ნივთების შეტანა დევნილთათვის. ერთხელაც, კიევის ჩრდილოეთით მდებარე ზოგიერთი რაიონის განთავისუფლების შემდეგ, როგორიცაა ბუჩა და სხვები, ვნახე ის საშინელებები, რასაც რუსები სჩადიოდნენ.
და ეს ყველაფერი ერწყმოდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით უკრაინელების სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. ომის პირველ დღეებში, ბევრი ისეთი სამოქალაქო პირი შევიდა არმიის რიგებში, რომლებსაც არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათ.
მე არ ვარ სუპერჯარისკაცი, მაგრამ როცა რაიმე სახის სამხედრო წვრთნას უტარებ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს არანაირი მომზადება, მთელი ეს ინფორმაცია მისთვის ძალიან ღირებულია. ამიტომ დავიწყეთ ვარჯიში, შემდეგ კი მივიღე დონბასში წასვლის რამდენიმე შეთავაზება. ერთ-ერთს დავთანხმდი. ასე მოვხვდი ომში, ბატალიონ „და ვინჩის მგლების“ რიგებში.
– ოდესმე თუ გისაუბრიათ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის ომზე თქვენს ბიძაშვილთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან? იცოდა თუ არა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდით?
- იცოდა. მთელმა ოჯახმა იცოდა, მაგრამ ოჯახთან ამაზე ბევრი არ მილაპარაკია. როგორც ჩანს, ზედმეტ სიფრთხილეს ვიჩენდი.
პირადად ჩემი ბიძაშვილისგან არასოდეს მიმიღია რაიმე კონკრეტული შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. ეს კეთდებოდა უსაფრთხოების გამო: ჩემი ოჯახი დიდ ყურადღებას არ აქცევს კომუნიკაციების უსაფრთხოებას. შესაბამისად, არ ველოდი მათგან ასეთ სიფრთხილეს. ამიტომ კომუნიკაცია მინიმუმამდე დავიყვანე. თუმცა მათ ჰქონდათ საშუალება დამკავშირებოდნენ, თუკი დასჭირდებოდათ.
– ანუ თქვენ არ გქონიათ საუბარი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე?
- არა.
- არ იცით, იწონებდა თუ არა თქვენი ბიძაშვილი გადაწყვეტილებას, წასულიყავით უკრაინაში?
– თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არ იწონებდა.
- რატომ?
- ეს ვარაუდია. არ ვიცი, რას ფიქრობს, რადგან მასთან ამაზე არ მილაპარაკია.
– სადღაც წავიკითხე, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგაც არ გისაუბრიათ... არც გიცდიათ დაკავშირება?
- არა. როდესაც ვცადე მის ოფისთან დაკავშირება (ვენსი იმ დროს სენატორი იყო - რედ.), სადღაც 2023 წელს, უკრაინიდან რამდენიმე კვირით ვიყავი დაბრუნებული. მის ოფისში დავრეკე, ვუთხარი რომელიღაც თანამშრომელს, ვინც ვიყავი, თუმცა არავინ დამკავშირებია. შესაძლოა, ჩემი მესიჯი არც მისულა მის ყურამდე, უბრალოდ თანაშემწეებმა არ დაიჯერეს, რომ მართლა ბიძაშვილი რეკავდა. ასეთი რამ ხდება ხოლმე.
მე არ ვცდილობ დავუპირისპირდე ჩემს ვიცე-პრეზიდენტ ბიძაშვილს ან თეთრი სახლის ადმინისტრაციას. ნამდვილად არ მინდა მათთან უთანხმოება. არ მგონია, რომ ეს პროდუქტიული იყოს. არ შემიძლია ჩემს ბიძაშვილს ჩემი რჩევების გაზიარება ვაიძულო. ეს ნამდვილად არ შემიძლია. და არა მარტო ბიძაშვილთან მიმართებაში. ასევე არ შემიძლია, ასე ვთქვათ, ამერიკელი ხალხი „გავანათლო“. უბრალოდ მინდა, ავუხსნა მათ ჩემი პოზიცია, რომელიც ნანახიდან გამომდინარე მაქვს ჩამოყალიბებული.
– ბიძაშვილის გამო დატოვეთ სამსახური უკრაინის არმიაში? ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ „გაგიჭირდათ იქ დარჩენა და, რომ ვერ გარისკავდით, ტყვედ ჩავარდნას“. რაიმე მუქარა ხომ არ მიიღეთ? იყო თუ არა რაიმე სიგნალი?
- არა, საქმე ეს როდია. ინტერვიუში ვთქვი, რომ რუსებს, როგორც ჩანს, ჩემთან დაკავშირებით ძალიან დაბალი პრიორიტეტი ჰქონდათ. ვგულისხმობ იმას, რომ უბრალოდ შემთხვევითი კაცი ვარ. არა მგონია, რომ ჩემ წასაყვანად სპეციალურ რაზმს გამოგზავნიდნენ, მაგრამ რატომ უნდა გაგვერისკა.
დავუშვათ, დავრჩი ფრონტზე და ჩვენი ქვედანაყოფი ჩავარდა ტყვედ. ეს გარემოება ამერიკის მთავრობას და თეთრ სახლს საკმაოდ არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებდა, რადგან რუსებს მათზე ზემოქმედების ბერკეტები გაუჩნდებოდათ. უბრალოდ, არ მინდოდა ამის დაშვება.
მეორე მხრივ, თითქმის სამი წელია სახლში არ ვყოფილვარ, სადაც რაღაც საქმეები მაქვს მისახედი. ასე რომ, ლოგიკური იყო ჩემი შინ დაბრუნება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში აღარ ჩავალ. არ ვიცი. მაგრამ ჯერ არ მაქვს მკაფიო, სერიოზული გეგმები. როგორც უკვე ვთქვი, რომ დავბრუნდე, მიზანი უნდა მქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ხელს თუ შევუშლი ვინმეს.
– უკრაინის ხელისუფლებამ თუ იცოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იბრძოდით? რამენაირად ხომ არ შეგხმიანებიან?
– არავინ დამკავშირებია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, რომ იქ იყო ბიჭი სახელად ნეიტ ვენსი. მაგრამ არ მგონია, რომ დადგენილი ჰქონდათ სენატორ ვენსთან ჩემი კავშირი. ეს მე არ ვიცი.
პირადად არასდროს დამკავშირებიან. ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს, რა იცოდნენ ან რა არ იცოდნენ. უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ჩუმად ვიყავი, სულ ეს იყო.
- როგორი იყო თქვენი გამოცდილება უკრაინის ჯარში მსახურობისას? სად მსახურობდი და იბრძოდი?
– ბახმუტი, კუპიანსკი, კლეშჩივკა, ავდიივკა, უჰლედარი... - პრაქტიკულად ყველგან. იყო შემთხვევები, როცა სხვადასხვა დანაყოფს ვეხმარებოდი. ასევე მომიწია რაღაცების კეთება ზაპოროჟიეს მიმართულებით. და იცით, გამოცდილების თვალსაზრისით, ეს ჩემთვის უჩვეულო იყო.
2022 წლამდე უკრაინის არმიაში 200 ათასი ადამიანი ირიცხებოდა. ე.ი. მაშინაც დიდი ჯარი იყო, მაგრამ თითქმის ერთ ღამეში 200 000-დან 900 000 ადამიანამდე გაიზარდა. ამის გამო ჯარის რიგებში თავიდან გარკვეული დეზორგანიზაცია იყო, რაც ბუნებრივია ასეთი სწრაფი გაფართოებისას.
წლები წინ, როცა ამერიკის ჯარში ვმსახურობდი, პირობების გამო ვწუწუნებდი, მაგრამ მერე, როცა დავინახე, რა ხდებოდა უკრაინაში, გავიფიქრე: „ღმერთო, არ ვიცოდი, თურმე რამდენად კარგად ვყოფილვარ ამერიკულ ჯარში“.
გამაოგნებელი იყო რესურსების ნაკლებობა, გარკვეული სტრუქტურების არარსებობა ომის საწყის ეტაპზე. ეს ბუნებრივია, ზუსტად ასე ხდება, როცა მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩემთვის შთამბეჭდავი იყო უკრაინელების უნარი, გაერთიანდნენ და განაგრძონ თავიანთი საქმის კეთება.
– თქვენი აზრით, რამდენად ეფექტიანია უკრაინის არმია ახლა და რა ხარვეზები აქვს მას?
– ვფიქრობ, ის, რაც მათ გააკეთეს იმ რესურსებით, რაც ჰქონდათ, მართლაც შთამბეჭდავია. არსებობს გამონათქვამი: "მოყვარულები საუბრობენ ტაქტიკაზე, პროფესიონალები კი ლოგისტიკაზე", რადგან ლოგისტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთი რამ, რაც ლოგისტიკას ძალიან ართულებს არის ის, რომ არსებობს მრავალი, მრავალი განსხვავებული მიწოდების ჯაჭვი. ასე რომ, როცა უკრაინულ არმიას უყურებთ და ხედავთ, რამდენნაირი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და საარტილერიო სისტემა აქვთ, აღფრთოვანებას იწვევს ის, რომ მათ შეძლეს ასეთი მრავალფეროვანი შეიარაღების სათანადო ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ისინი კვლავ იყენებენ რუსულ ტექნიკას, ძველ საბჭოთა აღჭურვილობას. ანუ, ეს უბრალოდ იარაღის სისტემების გიჟური ნაზავია!
ამიტომ ამ ყველაფრის ერთად შეკრება და იმის გაგება, თუ როგორ უზრუნველყონ შეიარაღების მუშა მდგომარეობაში ყოფნა, ლოგისტიკის უზარმაზარი ნაწილია. ის, რომ მათ შეძლეს რუსეთის არმიის შეკავება და მოგერიება ამდენი ხნის განმავლობაში, უბრალოდ, გასაოცარია!
- როგორ აფასებთ უკრაინის არმიის შესაძლებლობებს და როგორია თქვენი პროგნოზები უკრაინის უნართან დაკავშირებით, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას?
– სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც არსებობს გარკვეული პარიტეტი ორ ძალას შორის. თუმცა უკრაინას არ აქვს საჰაერო მხარდაჭერა (ავიაცია). არადა, საჰაერო მხარდაჭერა ყველაფერია. ეს არის ზუსტად ის, რაც აკლია კიევს და, რაც ძალიან ართულებს სიტუაციას უკრაინელებისთვის.
ვფიქრობ, უკრაინის სახმელეთო ძალები საოცრად კარგად მოქმედებენ. მაგრამ პრობლემაა საჰაერო ძალები. თუ თქვენ ატარებთ თავდაცვით ოპერაციებს, ავიაცია ნაკლებად არის საჭირო. მაგრამ როდესაც შეტევაზე ხართ, ცდილობთ დაიპყროთ რუსული პოზიციები და განდევნოთ რუსული ჯარები ქვეყნიდან, ეს ძალიან რთულია საჰაერო მხარდაჭერის გარეშე. ეს გამოჩნდა გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის დროს.
ასე რომ, ვფიქრობ, უკრაინაში სახმელეთო ძალები საოცრად კარგად მუშაობენ. მაგრამ დიდი პრობლემაა სხვაობა საჰაერო ძალებში და არ ვიცი, ამას რა ეშველება.
- რაც შეეხება ამერიკულ იარაღს. რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკული იარაღის მიწოდება, რომლის შეწყვეტითაც აშშ-ის პრეზიდენტი იმუქრებოდა?
- ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე 2022 წელს იყო, მაგრამ ამერიკული იარაღი ჯერ კიდევ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ახლა ხედავთ, რომ ევროპელები და ევროკავშირი გარკვეულწილად აქტიურდებიან კიევისთვის იარაღის მიწოდებაში. მაგრამ ფულის იარაღად ქცევა ერთ ღამეში არ ხდება.
– რა გავლენა მოახდინა უკრაინის ომის გამოცდილებამ თქვენზე, როგორც ამერიკელზე? როგორ შეიცვალა თქვენთვის გეოპოლიტიკური ვითარების გაგება, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება?
- მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩემი წარმოდგენა რუსეთზე. დავინახე, რამდენად მტკიცენი და როგორი სასტიკები არიან რუსები თავიანთი მიზნების მიღწევაში. ამან შეცვალა ჩემი შეხედულება რუსეთზე.
არასოდეს ვყოფილვარ რუსეთის მოყვარული, მაგრამ ნეიტრალური ვიყავი იმ თვალსაზრისით, რომ მის შესახებ არაფერი ვიცოდი. მაგრამ, როცა უკრაინაში ჩავედი და ამდენი დრო გავატარე ფრონტზე, მივხვდი, რომ რუსები გაჩერებას არ აპირებდნენ. ისინი არ გაჩერდებიან. მაგრამ მე ვერც იმას ვხედავ, რომ რუსეთს ჰქონდეს შესაძლებლობა გაარღვიოს უკრაინის თავდაცვის ხაზი უახლოეს მომავალში და გავიდეს პოლონეთის საზღვრამდე.
– როგორ აფასებთ ომის დასრულებაზე აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოზიციას? როგორც ჩანს, ამერიკამ, ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, კურსი შეცვალა.
– კურსის შეცვლა - ვითარების აღწერის ძალიან თავაზიანი ფორმაა. ხდება კურსის 180 გრადუსით შემობრუნება. ეს ყველაფერი ძალიან დამაბნეველია.
მოვისმინე რამდენიმე თეორია, რომ თითქოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონცეფცია მდგომარეობს უკრაინიდან სრულად დისტანცირებაში და ფოკუსის გადატანაში წყნარი ოკეანის რეგიონზე, რადგან შეერთებული შტატების მთავარი გამოწვევა ჩინეთია. თუმცა, ჩემი აზრით, აშშ-ის გადაწყვეტილება მხარი არ დაუჭიროს უკრაინას, პირიქით, წაახალისებს ჩინეთს უფრო მეტი აგრესიულობისკენ. რადგან ასეთი გადაწყვეტილებით იგზავნება სიგნალი: თუ თქვენ გაქვთ ბირთვული იარაღი და მზად ხართ საკმარისად დიდხანს დაიცადოთ, საბოლოოდ ამერიკელები დანებდებიან.
– ამ პირობებში, თქვენი აზრით, სიტუაციის უკეთ გასაგებად, რა უნდა იცოდეს ახლა თქვენმა ბიძაშვილმა უკრაინის ომის შესახებ?
- არ ვიცი, ახლა რა ცოდნას ფლობს. არ ვიცი, როგორ ესმის მას ეს ყველაფერი. ამიტომ, ძნელი სათქმელია, რა უნდა ვუთხრა. ვგულისხმობ მთავარ სათქმელს, რომელსაც, როგორც ჩანს, ვერ ვაგებინებ ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც სურს უკრაინაში ომის დასრულება ნებისმიერი პირობებით.
არასწორად არ გამიგოთ: მინდა ომი დასრულდეს. მაგრამ ის უნდა დასრულდეს ისე, რომ მშვიდობა გრძელვადიანი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვა იქნება.
ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელთანაც ვმეგობრობდი, ასე ხსნიდა ომს: „ჩვენ ახლა ვიხდით იმ მამების ცოდვების საფასურს, რომლებმაც 90-იანი წლების დასაწყისში ვერ დააშოშმინეს რუსეთი, მისცეს მას ყველაფერი, რაც სურდა და ამით დაასუსტეს საკუთარი თავი. ჩვენ ახლა ამის საფასურს ვიხდით“. ვფიქრობ, რომ უკრაინელი ჯარისკაცების ამჟამინდელი თაობა ამბობს: "თუ ჩვენ ახლა სათანადოდ არ გადავჭრით ამ პრობლემას, სავარაუდოდ 10 წელიწადში ჩვენს შვილებს კვლავ მოუწევთ ბრძოლა". სწორედ ამიტომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი გააგრძელონ ბრძოლა.
- თუ ვსაუბრობთ უკრაინის პოზიციასა და უკრაინის ხელისუფლებაზე, როგორ ფიქრობთ, რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს უკრაინულ მხარეს, რომ გავლენა მოახდინოს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის პოზიციაზე?
– არ ვიცი... ჩემი ბიძაშვილი პრეზიდენტის გვერდით არის, მაგრამ ის პრეზიდენტი არაა. ასე რომ, საბოლოო ჯამში ყველაფერი დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული. არ ვიცი, რა შემიძლია ვთქვა მისი მოტივაციის შესაცვლელად.
ვფიქრობ, ევროპის მაგალითზე ხედავთ ამერიკული იარაღის ექსპორტის მასშტაბებს ევროპის ქვეყნებში: ეს არის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საექსპორტო პროგრამა. ეს ექსპორტი საშუალებას აძლევს ამერიკას მიიღოს დიდძალი შემოსავალი. ეს ასევე ქმნის მასშტაბურ ეკონომიას, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს თავის არმიის აღჭურვაც ბევრად უფრო იაფი უჯდება. F-35 პროგრამა ამის კარგი მაგალითია. ვფიქრობ, ამერიკამ უნდა იპოვოს გზა, რათა უკრაინის დახმარების პროგრამა აშშ-სთვისაც მომგებიანი გახდეს. ვფიქრობ, დღევანდელი ადმინისტრაცია უფრო რაციონალურად მოქმედებს, ვიდრე ემოციურად.
არსებობს ემოციური არგუმენტები, როგორიცაა "ხალხი იტანჯება". იცით, ხანდახან ძნელია იმის გაგება, რომ ადამიანები იტანჯებიან, როცა უბრალოდ გეუბნებიან ამის შესახებ. მაგრამ სულ სხვა საქმეა, როცა ამ ადამიანს სახეში უყურებ, რაც, მაგალითად, პირადად მე შემემთხვა. უკრაინაში რომ ჩავედი, ნამდვილ ადამიანებს შევხვდი. ამის შემდეგ ეს სიტყვები ჩემთვის აღარ იყო ლიტონი სიტყვები ტელევიზორის მორბენალ სტრიქონში ან გაზეთში. ვიცი, გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად გამოიყურება, როცა რაღაცებს საკუთარი თვალით ხედავ.
მაგრამ, თუ თქვენ შეძლებთ ამ გრძნობის რაციონალურ სიბრტყეში გადატანას და შეძლებთ იმის ჩვენებას, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს შეერთებულ შტატებს უკრაინაში ინვესტიციების ჩადებამ, მაშინ შესაძლოა რაღაც გამოვიდეს. მაგრამ, ზუსტად არავინ იცის, იმუშავებს თუ არა ეს. არ ვიცი, იქნებ უკვე გვიანია.
- ბოლო კითხვა თქვენს ცხოვრებას ეხება. დაუბრუნდით თუ არა ცხოვრების ჩვეულ წესს შეერთებულ შტატებში და რას გეგმავთ?
- გადავწყვიტე ცოტა დავისვენო. ჩემი საყვარელი ადგილი მთებია. ასე რომ, ახლა მე დავრბივარ ამერიკის დასავლეთის კლდოვან მთებში, ვაწყობ ლაშქრობებს და ა.შ. მაგრამ ადრე თუ გვიან მომიწევს ისევ სრულწლოვანი გავხდე და სამსახური მოვძებნო. ჯერ არ გადამიწყვეტია, რას ვაპირებ. ვტკბები ცხოვრებით, როგორც შემიძლია.
- უკრაინა არ გენატრებათ?
– გარკვეული გაგებით, დიახ, მენატრება. იცით რა მენატრება? ყავა იქ ბევრად უკეთესია, ვიდრე აქ, აშშ-ში! არ ვიცი, რას აკეთებთ სხვანაირად, მაგრამ ნამდვილად უკეთესი გაქვთ, ვიდრე შტატებში.
ფორუმი