რუსი სამხედროების მიერ დახოცილ ქალაქ ბუჩის მცხოვრებთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან არ არის შედგენილი სახელობითი სია. წინასწარი მონაცემებით, საუბარია 300-ზე მეტ დაღუპულზე. ამასთან, უკვე ორი დღე იქნება, რაც ადგილობრივი დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები დაღუპულთა ცხედრებს აგროვებენ. რადიო თავისუფლებამ ღია წყაროებით შეძლო გაერკვია, თუ რომელი რუსული სამხედრო ნაწილები იმყოფებოდნენ ქალაქ ბუჩის ოკუპაციის პირველი დღიდან ბოლომდე. სხვებს შორის აღმოჩნდნენ იმ სადესანტო ქვედანაყოფის მებრძოლები, რომელმაც „სახელი გაითქვა“ ჩეჩნეთში განხორციელებული „წმენდით“, კემეროვოს სპეცდანიშნულების ნაწილი, კადიროველები, ასევე ვლადივოსტოკში განლაგებული საზღვაო ქვეითები და ხაბაროვსკელი მოტომსროლელები.
რა ხდება ბუჩაში?
სერგეი კაპლიჩნიმ, ქალაქ ბუჩის სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელმა, კვირას ჟურნალისტებს უამბო, რომ რუსეთის ჯარი ქალაქიდან გასვლამდე მას უფლებას არ აძლევდა, რომ ქუჩებიდან აეკრიფა დახოცილთა გვამები. „ისინი ამის უფლებას არ გვაძლევდნენ. გვეუბნებოდნენ: „სიცივეა, ცოტა ხანი კიდევ ეწყონო“. ჩვენ ვუხსნიდით, რომ იქ სამი მათი ჯარისკაციც ესვენა და მათი გატანაა საჭირო. ისინი თითქოს დაგვთანხმდნენ... სხეულები მორგში ეწყო, მაცივრები არ მუშაობდა. (როდესაც ქალაქზე კონტროლი რუსმა სამხედროებმა დაამყარეს, შეწყდა დენისა და წყლის მიწოდება - რ.თ.) იქ საშინელება ხდებოდა“, - ჰყვება კაპლიჩნი.
ბუჩაში იაბლუნსკის ქუჩაზე 3 აპრილს შეგროვებულ 30 დახოცილს შორის, 2 უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი იყო. ერთი, 1995 წელს დაბადებული, დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების ვეტერანი, იმიტომ დახვრიტეს, რომ „მოლოტოვის კოქტეილს“ ისროდა. სხვა დაღუპულებს შორის, რომლებიც სარიტუალო სამსახურის თანამშრომლებმა ბუჩის ქუჩებში შეაგროვეს, კაპლიჩნის თქმით, ხელებშეკრული და ტყვიით კეფაში დაჭრილი ადამიანებიც არიან.
ბუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ლევკო სტეკმა, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოჩენილი დაღუპულები სნაიპერმა დახოცა, ამიტომ მათი ცხედრები არც გაუტანიათ. თვითმხილველის თქმით, სნაიპერი ესროდა ყველას, ვინც ამ ქუჩაზე გაჭაჭანდებოდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ ყველაზე ხშირად სროლის ხმა ესმოდათ ქალაქის რუსებისგან გათავისუფლებამდე ბოლო ხუთი დღის განმავლობაში. მათ გვიჩვენეს დაღუპულთა საფლავები. ისინი იძულებული იყვნენ, რომ დაღუპულები პირდაპირ ქუჩებზე დაეკრძალათ.
ბუჩის მერის, ანატოლი ფედორუკის თქმით, ქალაქის დაახლოებით 300 მცხოვრები უკვე საძმო სამარხშია დაკრძალული. მათი ნაწილი ან ბუნებრივი სიკვდილით - შიმშილითა და სიცივით, ან არტილერიისა და ნაღმსატყორცნის ცეცხლის შედეგად დაიღუპა.
რუსეთის რომელი სამხედრო ქვედანაყოფები იყვნენ ბუჩაში?
ღია წყაროებისგან მიღებული ცნობებით როგორც ირკვევა, რუსეთის ჯარების ოკუპაციის განმავლობაში კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში რუსეთის არმიის რამდენიმე ქვედანაყოფი იმყოფებოდა. რადიო თავისუფლებამ შეძლო ზოგიერთი მათგანის დადგენა.
კვირას კი ბუჩაში განლაგებული რუსული ქვედანაყოფების სია გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა. ამ სიაში პირველ ნომრად არის ხაბაროვსკის ოლქის სოფელ კნიაზე-ვოლკონსკოეში მდებარე 64-ე ცალკეული, მოტომსროლელი დივიზია.
ღია წყაროებითაც ირიბად დასტურდება ამ ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების ყოფნა ბუჩაში. 3 აპრილს უკრაინულმა ტელეგრამის არხმა „ოპერატიული ЗСУ“ (ნიშნავს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს - რედ.) გამოაქვეყნა ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის ტელეფონის სკრინშოტი წარწერით: „ნაპოვნია ერთ-ერთი ბუჩელი ოკუპანტის ნომერი“.
სკრინშოტზე მითითებულია ინსტაგრამის ანგარიში ტელეფონის ნომრით, რომლითაც რადიო თავისუფლებამ შეძლო მფლობელის იდენტიფიცირება. იგი აღმოჩნდა 29 წლის ხაბაროვსკელი ევგენი ტარანი. ცოცხალია თუ მკვდარი, ამის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ტარანის მეგობრებს შორის ნამდვილად არიან 64-ე ბრიგადის სამხედროები: მაგალითად, ხაბაროვსკელი ევგენი სმირნოვი. სმირნოვის ანგარიშში მოიპოვება სამხედრო ფორმაში გადაღებული სურათი გეოდტეგით „სოფელი კნიაზე-ვოლკონსკოე“, სადაც ბრიგადაა დისლოცირებული. ევგენი ტარანის მეგობრებს შორის (ფოტოზე ცენტრში) არის მოყვარული იმ ნაცისტების სიმბოლიკისა, რომელსაც ასე გულმოდგინედ ეძებენ ადგილობრივებს შორის დაპყრობილი უკრაინული ქალაქების „წმენდით“ დაკავებული რუსი ჯარისკაცები.
როგორც წყაროებით შეიძლება ვიმსჯელოთ, ბუჩაში კარგა ხანი იმყოფებოდნენ ფსკოველი მედესანტეები, ცნობილი 76-ე სადესანტო-მოიერიშე გვარდიული დივიზიიდან. ეს ქვედანაყოფი ცნობილია იმით, რომ ჩეჩნეთის პირველი და მეორე საომარი კამპანიის დროს ფსკოველი მედესანტეები ატარებდნენ სავალალოდ ცნობილი „წმენდის“ ოპერაციებს, მათ შორის, მონაწილეობდნენ ქალაქ გუდერმესის „წმენდის“ ოპერაციაში.
26 მარტს ვლადიმირ ზოლკინმა, ტელეგრამის არხის „ეძებე შენიანები“ დამაარსებელმა ჟურნალისტმა, გამოაქვეყნა ვიდეო ტყვედ აყვანილ 76-ე სადესანტო ქვედანაყოფის ჯარისკაც ტიმოფეი ბობროვთან საუბრის ჩანაწერით. ბობროვი, კერძოდ, ჰყვება, თუ როგორ გადაისროლეს ის და მისი ამხანაგები 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე და გაგზავნეს „გოსტომელისა და ბუჩის გასაწმენდად“.
იქ ბობროვს ძალაყინით უნდა შეემტვრია ბინები მრავალსართულიან სახლში და შიგნით მყოფი ადამიანები სარდაფებში ჩაერეკა. მის სიტყვებს ადასტურებს კარშელეწილი ბინების სურათები, რომლებიც ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს.
ბუჩაში 76-ე სადესანტო დივიზიის ყოფნას ასევე ადასტურებს 11 მარტს მომხდარი ფაქტი: ამ დღეს ქალაქში მოკლეს გენადი ბაიური, ამავე დივიზიის 234-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე პოლკის თვითმავალი-არტილერიის ბატარეის მეთაური.
ომის კანონების უგულებელყოფით გაითქვეს სახელი ჩეჩნეთის საომარი კამპანიის დროს რუსმა სპეცრაზმელებმა. ღირს გავიხსენოთ გროზნოს გარეუბან, დასახლებულ პუნქტ ნოვიე ალდის მცხოვრებთა მასობრივი დახოცვა 2000 წლის 5 თებერვალს. მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის (ომონი) და რუსეთის გვარდიის ყოფნა დოკუმენტურად დადასტურდა რუსეთის ინტერვენციის პირველ დღეებში, როდესაც ისინი შეეცადნენ, რომ გოსტომელიდან ბუჩისა და ირპენის გავლით კიევში შეჭრილიყვნენ.
თებერვლის ბოლოს რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ნოვოკუზნეცკის „ომონის“ ერთ-ერთი დაღუპული თანამშრომლის ნაცნობს, რომელმაც დაადასტურა, რომ კემეროველი სპეცრაზმელები ნამდვილად გაგზავნეს უკრაინაში. მას სურდა, რომ ენახა დაღუპულთა სხეულების ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეო, რათა ეცადა, ამოეცნო საკუთარი მეგობარი.
საგამოძიებო ჯგუფი Conflict Intelligence Team-იც შეგვახსენებს, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე, საიდანაც დაიწყო კიდეც რუსეთის არმიის შეჭრა კიევის მიმართულებით, უშუალოდ ოპერაციის დაწყების წინ ჩავიდნენ კოსტრომის 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფები, ხოლო რუსეთის გვარდიისა და „ომონის“ გარდა, ბუჩის მეზობელ ქალაქ გოსტომელში „კადიროველებიც“ იყვნენ შემჩნეულნი.
რუსეთის არმიის სხვა არაერთ დანაყოფთან ერთად, რომლებიც ბუჩაში ოკუპაციის ბოლო დღეებში იმყოფებოდნენ და, დიდი ალბათობით, ასევე მიუძღვით წვლილი მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობაში, - საზღვაო ქვეითებიც უნდა გამოიყოს. 1 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხმა „ზვეზდამ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფის მეთაურ ალექსეი შაბულინზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ „საზღვაო ქვეითები ახორციელებენ დასახლებული პუნქტების წმენდას“ გოსტომელ-ბუჩა-ოზერას მიმართულებით.
რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო დაედგინა, თუ კონკრეტულად რომელ სამხედრო ნაწილში მსახურობდა შაბულინი, მაგრამ მანამდე შორეული აღმოსავლეთის რეგიონულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა კიევის მახლობლად ვლადივოსტოკში დისლოცირებული, 155-ე ცალკეული საზღვაო-ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ.
რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ იანვარში წერდა იმის შესახებ, რომ ამ ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები უკრაინაში ინტერვენციამდე ერთი თვით ადრე „სამხედრო წვრთნაში მონაწილეობის მიზნით“ ბელარუსში გადაისროლეს.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ „სატელიტური“ ვერსია
ამერიკულმა გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ მოიპოვა სატელიტის საშუალებით გადაღებული ფოტომასალა, რომელიც უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებას, თითქოს მშვიდობიანი მოსახლეობა ბუჩაში დახოცეს 30 მარტის შემდეგ, როდესაც დასახლებული პუნქტი რუსეთის ჯარმა დატოვა. ამის შესახებ წერს ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“, რომლის ცნობით, ვიდეო და სატელიტური ფოტომასალა შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს, რომ დახოცილთა გვამები დასახლებულ პუნქტში სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ჩანდა. ამ დროს ბუჩა რუსი სამხედრო მოსამსახურეების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელიც ადგილობრივი ადმინისტრაციის წევრმა 2 აპრილს გადაიღო, მრავალი ცხედარი ჩანს იაბლუნსკის ქუჩაზე. ხოლო სატელიტურ სურათებზე, რომლებიც „ნიუ-იორკ ტაიმსს“ კომპანია Maxar Technologies-მა მიაწოდა, სულ მცირე 11 ცხედარია 11 მარტის ქუჩაზე.
ზოგიერთი დახოცილის ცხედრები ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ორმოს გვერდით ჩანს, სხვები - მიტოვებული მანქანების შორიახლოს. ზოგიერთ მოკლულს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული თეთრი ნაჭრით. სიკვდილის მიზეზი უცნობია, წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“.
სატელიტური ფოტოების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიტოვებული მანქანები და ცხედრები ბუჩაში 20-21 მარტის შუალედში გამოჩნდა.
რუსეთის სამხედრო ძალამ ბუჩა 30 მარტს დატოვა, ხოლო 31 მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მისმა არმიამ გაათავისუფლა ქალაქი, თუმცა, როგორც კრემლში აცხადებენ, ქუჩებში დაღუპულთა შესახებ უკრაინის ოფიციოზს მაშინ არაფერი უთქვამსო. მაგრამ არსებობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზემოხსენებული 1 აპრილის სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, „რომ რუსეთის საზღვაო ქვეითები აწარმოებენ კიევის ოლქის დასახლებული პუნქტების წმენდას“.
მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა დაღუპულთა მრავალრიცხოვანი ფოტოსურათების გამოქვეყნება კვირას, 3 აპრილს დაიწყეს, მაგრამ ბევრი დასავლური გამოცემის ჟურნალისტი ბუჩაში მანამდე ჩავიდა.
„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ჭუჭყისგან გაგწმინდოთ“
ასე მაგალითად, სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტები, ბუჩაში რუსი სამხედროების გასვლის უმალვე ჩავიდნენ. მათ რეპორტაჟებში არის ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ქალის საუბარი, რომელიც ჰყვება, რომ რუსი სამხედროები აიძულებდნენ თეთრი სამკლავურის ტარებას. მისი თქმით, სამხედროები არა მხოლოდ ფანჯრებში ისროდნენ, არამედ მასაც ესროლეს. „ამის შემდეგ მე სახლში დავბრუნდი და ვეღარ ვლაპარაკობდი“, - მოჰყავს მისი სიტყვები რეპორტაჟის ავტორს.
ბუჩაში დახოცილი იმ მშვიდობიანი მოქალაქეების ტანსაცმლის სახელოებზე, რომელთა ცხედრები ბოლო დრომდე ქალაქის ქუჩებში ეყარა, და ასევე მათ შეკრულ ხელებზე, მართლაც მოჩანს თეთრი სამკლავეები.
3 აპრილს გამოქვეყნდა უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიში სახელწოდებით: „უკრაინა, აშკარა ომის დანაშაული რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“. დოკუმენტში თავმოყრილია არაერთი მტკიცებულება. კერძოდ, ერთ-ერთი მცხოვრები იხსენებდა, თუ როგორ აიძულეს რუსმა სამხედროებმა ისინი, გამოსულიყვნენ სარდაფებიდან და შეკრებილიყვნენ ქუჩაში.
„ერთ მომენტში მოიყვანეს ჯერ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, შემდეგ კიდევ ოთხი. ჯარისკაცებმა უბრძანეს მათ, რომ გაეხადათ ჩექმები და ქურთუკები. აიძულეს, დამდგარიყვნენ მუხლებზე გზის განაპირას... ერთს ესროლეს კეფაში. ის დაეცა. ქალები ყვიროდნენ. ოთხი დანარჩენი მუხლებზე იდგა. მეთაურმა მოედანზე მყოფთ უთხრა: „ნუ ღელავთ. თქვენ ყველანი ნორმალურები ხართ, ეს კი - ჭუჭყია. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ჭუჭყისგან გაგწმინდოთ“, - ჰყვება ბუჩის მცხოვრები ქალი, რომლის თქმით, 9 მარტს, როდესაც ის ქალაქს ტოვებდა, მის თვალწინ დახვრეტილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ქუჩაში იმავე ადგილას ეგდო, სადაც მოკლეს.
ადგილობრივები იძულებული იყვნენ პირდაპირ ქუჩებში დაემარხათ რუსი სამხედროების მიერ დახოცილი ადამიანები არა მხოლოდ ბუჩაში, არამედ კიევის ოლქში მდებარე სხვა დასახლებულ პუნქტებშიც. კიევის დასავლეთით მდებარე სოფელ მოტიჟნიში რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ სოფლის თავის, ოლგა სუხენკოსა და მისი ქმრის, იგორის, გვამები იპოვეს. ოლგა და იგორ სუხენკოები ტყვედ აიყვანეს მარტის შუა რიცხვებში და მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ბედზე არაფერი იყო ცნობილი. ეს არ არის უკრაინელი ადგილობრივი მოხელეების მკვლელობის პირველი ფაქტი რუსული ოკუპაციის განმავლობაში. 7 მარტს ცნობილი გახდა გოსტომელის მერის, იური პილიპენკოს მკვლელობა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ის იმ დროს დახვრიტეს, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებლებს წამლებსა და პროდუქტებს ურიგებდა.
„ომის დამნაშავე“ პუტინი და რუსეთის რეაქცია
მიუხედავად ფოტო- და ვიდეომტკიცებულებისა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, „ინსცენირებულს“ და „ფეიკს“ უწოდებენ ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ გენოციდს.
„ვითარება ბუჩაში ინსცენირებულია, რომელსაც სოციალურ ქსელში უკრაინა და დასავლეთი აღვივებენ“, - მოჰყავს სერგი ლავროვის სიტყვები რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“, ხოლო კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვის თანახმად, „ბუჩაში სამოქალაქო პირების დახოცვის შესახებ ინფორმაცია სერიოზულ ეჭვებს უნდა დაექვემდებაროს, რადგან ვიდეოთაღლითობისა და სხვა ფეიკების ნიშნებს შეიცავს“.
რუსეთის ხელისუფლება ბუჩაში შექმნილ ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ. როგორც მისმა უშუალო უფროსმა, სერგეი ლავროვმა, რუსმა დიპლომატმაც „უკრაინელი რადიკალების აღმაშფოთებელი პროვოკაცია“ უწოდა რუსეთის არმიის მიერ კიევის გარეუბანში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დახოცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ბუჩაში ნანახის შემდეგ მსოფლიო ლიდერები რუსეთისათვის დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც აქამდე თავს იკავებდა, ბუჩის ხოცვა-ჟლეტის გამო „ომის დამნაშავე“ უწოდა პუტინს და აღნიშნა, რომ აპირებს ახალი სანქციების შემოღებას რუსეთის წინააღმდეგ.
„ეს კაცი სასტიკია... ის, რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა უკრაინის ქალაქი ბუჩა, სადაც, გავრცელებული ცნობით, რუსეთის ჯარმა ათობით მშვიდობიანი მცხოვრები დახოცა.
4 აპრილს, თეთრი სახლის წინ სიტყვით გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აუცილებელია უფრო მეტი მტკიცებულების შეგროვება, რომლებიც სამხედრო დანაშაულის გამოძიების პროცესისთვის იქნება გამოყენებული.
ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც აშშ-ს მოუწოდა, რომ გამოძიება იუგოსლავიის დაბომბვითა და ერაყის ოკუპაციით დაიწყონ.
„შესაძლოა მოიძებნონ ასევე სრებრენიცაში მოწყობილი დადგმების მთავარი რეჟისორები. და, რა თქმა უნდა, ამერიკის ოფიციალური პირების მფარველობით კოსოვოში ორგანოებით ვაჭრობა. როგორც კი ამას მორჩებიან, ეგრევე შეუძლიათ ხელი მოჰკიდონ იაპონიის ბირთვულ დაბომბვას“, - წერს ზახაროვა თავის ფეისბუკში.
ზახაროვა საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ბუჩაში რუსეთის არმიის იქ ყოფნის დროს ჩადენილი საზარელი მკვლელობების გამჟღავნების შემდეგ მასობრივად დაიწყეს რუსი დიპლომატების გაძევება.
აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, 5 აპრილს დანიამ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამის თაობაზე სააგენტო Reuters-ი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდზე დაყრდნობით იტყობინება. მინისტრის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უკრაინის ქალაქ ბუჩის მცხოვრებთა დახოცვისა და მათი მასობრივი სამარხების აღმოჩენის შესახებ.
ერთი დღით ადრე, გერმანიამ ბერლინში რუსეთის დიპლომატიური მისიის 40 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების გაძევება საფრანგეთმაც გადაწყვიტა. ფრანგული მედიის ცნობით, ქვეყნის დატოვება 30-მდე ადამიანს მოუწევს. პარიზი მიიჩნევს, რომ რუსების ქმედება ეწინააღმდეგება საფრანგეთის უსაფრთხოების ინტერესებს.
მანამდე უფრო შორს წავიდა ლიეტუვა, რომელმაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტა, რაც ნიშნავს მოსკოვიდან ლიეტუვის ელჩის გაწვევას და - პირიქით. ლიეტუვის შემდეგ, მსგავსი გადაწყვეტილება ლატვიამაც გამოაცხადა.
რუსეთი ამ ქვეყნებს საპასუხო ზომების მიღებას დაჰპირდა.
5 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ცნობა, რომ ბუჩიდან გაყვანილ რუსულ ნაწილებს კვლავ უკრაინაში დააბრუნებენ.
უწყების ცნობით, 4 აპრილის მონაცემებით, ეს ბრიგადა ბელარუსის ტერიტორიაზე გაიყვანეს, საიდანაც ბელგოროდში გზავნიან 2 კვირის განმავლობაში დასასვენებლად. ამის შემდეგ იგეგმება ბრიგადის დაბრუნება, სავარაუდოდ, ხარკოვის მიმართულებით - „ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში“.
უკრაინის დაზვერვის ვარაუდით, ამ ბრიგადის უკრაინაში დაბრუნება ორი მიზნით აიხსნება: პირველი მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაა, მეორე კი - მოწმეთა სწრაფად განადგურება ანუ „ფრონტის ისეთ მონაკვეთზე დისლოცირება, სადაც მათ ცოცხლად გადარჩენის შანსი არ ექნებათ, რათა სამომავლოდ სასამართლოზე შეუძლებელი გახდეს ჩვენებების მიცემა“.