Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუჩიდან გაყვანილ რუსულ ნაწილებს კვლავ უკრაინაში დააბრუნებენ - უკრაინის დაზვერვის დეპარტამენტი


„რუსეთის ფედერაციის არმიის 35-ე საერთო საჯარისო დანაყოფის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა და ძალადობა ჩაიდინეს, უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან. რუსეთის სარდლობა ამ ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის როტაციას არ განახორციელებს და კვლავ გადაისვრის ფრონტის წინა ხაზზე“, - აცხადებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო.

უწყების ცნობით, 4 აპრილის მონაცემებით, ეს ბრიგადა ბელარუსის ტერიტორიაზე გაიყვანეს, საიდანაც ბელგოროდში გზავნიან 2 კვირის განმავლობაში დასასვენებლად. ამის შემდეგ იგეგმება ბრიგადის დაბრუნება, სავარაუდოდ, ხარკოვის მიმართულებით - „ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში“.

უკრაინის დაზვერვის ვარაუდით, ამ ბრიგადის უკრაინაში დაბრუნება ორი მიზნით აიხსნება: პირველი მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაა, მეორე კი მოწმეთა სწრაფად განადგურება ანუ „ფრონტის ისეთ მონაკვეთზე დისლოცირება, სადაც მათ ცოცხლად გადარჩენის შანსი არ ექნებათ, რათა სამომავლოდ სასამართლოზე შეუძლებელი გახდეს ჩვენებების მიცემა“.

რუსეთი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასთან თავისი სამხედროების კავშირს უარყოფს, დახოცილი ადამიანების ამსახველ კადრებს კი „დადგმულს“ და „პროვოკაციულს “ უწოდებს.

გამოცემა ნიუ-იორკ ტაიმსმა გამოაქვეყნა სატელიტიდან გადაღებული კადრები, ფოტომასალა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებას, თითქოს მშვიდობიანი ადამიანები ბუჩაში დახოცეს 30 მარტის შემდეგ, როდესაც დასახლებული პუნქტი რუსეთის ჯარმა დატოვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც 4 აპრილს თავად იმყოფებოდა ქალაქში, თქვა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და გენოციდი.

ბუჩაში ნანახის შემდეგ, მსოფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.

XS
SM
MD
LG