უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გამოაქვეყნა რუსეთის იმ სამხედრო ქვედანაყოფების სია, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ სამხედრო დანაშაულებთან კიევის ოლქში მდებარე ბუჩაში, გოსტომელში, ირპენში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2 აპრილს განაცხადა რუსეთის არმიისგან კიევის ოლქის სრული გათავისუფლების შესახებ. მომდევნო დღეს მსოფლიოს მასმედია მოიარა კადრებმა, რომლებიც საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტებმა გადაიღეს კიევის შემოგარენში, იმ რაიონებში, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული. ამ პატარა ქალაქებში იპოვეს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი, ბევრ მათგანს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ისინი თავში გასროლით არიან მოკლული. როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, წასვლამდე რუსეთის ჯარები შეეცადნენ ზოგიერთი გვამის დაწვას. აღმოჩენილია ძმათა სასაფლაოები.
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, კიევის ოლქიდან, რომელიც რუსეთის სამხედროთა კონტროლიდან გაათავისუფლეს, გამოტანილია დაღუპული სამოქალაქო პირების 410 გვამი. მისი თქმით, 1-3 აპრილს სასამართლოს სამედიცინო ექსპერტებმა შეამოწმეს 140 გვამი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ მკვლელობების ამსახველ მრავალრიცხოვან ფოტო და ვიდეომასალას „პროვოკაცია“ და „დადგმული“ უწოდა. რუსეთმა „ბუჩაში უკრაინელი რადიკალების ჯოჯოხეთურ პროვოკაციასთან“ დაკავშირებით მოითხოვა 4 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, დმიტრი პოლიანსკის სიტყვებზე დაყრდნობით.