Accessibility links

რას ვუყუროთ?
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ინტერესების შეცვლილი ზონა

ინტერესების შეცვლილი ზონა


გოგი გვახარია გვირჩევს რეჟისორ ბრედი კორბეტის ფილმს „ბრუტალისტს“.
გოგი გვახარია გვირჩევს რეჟისორ ბრედი კორბეტის ფილმს „ბრუტალისტს“.

„ბრუტალისტი“ (2024, აშშ, რეჟისორი ბრედი კორბეტი)

თუკი გასული წლის სექტემბერში, ვენეციის კინოფესტივალზე ნაჩვენები „ბრუტალისტი“ საინტერესო, მაგრამ ზედმეტად პრეტენზიულ ფილმად აღიქმებოდა (ოთხსაათიანი ქრონომეტრაჟით და პათეტიკური ფინალით), თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბრედი კორბეტის ეს მონუმენტური კინოფრესკა „ოსკარის“ მთავარი ფავორიტია წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. „ბრუტალისტმა“ კინოთეატრებში გამოსვლის შემდეგ უკან ჩამოიტოვა არა მარტო ამ ფესტივალის გამარჯვებული, პედრო ალმოდოვარის „ოთახი მეზობლად“, არამედ „ოსკარზე“ წარდგენილი ბლოკბასტერებიც. ჰოლივუდის გარეთ გადაღებულ მცირებიუჯეტიან ფილმს, რომელსაც ყველაზე კარგი პრესა ჰქონდა ნომინანტებს შორის, მიუხედავად ოთხსაათიანი ქრონომეტრაჟისა, ხალხით სავსე დარბაზებში უჩვენებენ. 27 თებერვლიდან „ბრუტალისტი“ თბილისის კინოთეატრებში გადის.

კორბეტის ფილმი ეკრანებზე მხოლოდ 2025 წლის იანვრის ბოლოს გამოუშვეს - ზუსტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. ხომ გახსოვთ, ირაკლი კობახიძეც კი ამბობდა, 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებაო... როგორც ჩანს, ამის სჯეროდათ კორბეტის ფილმის გამქირავებლებსაც - 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი იმდენად შეიცვალა, რომ, წესით, „ბრუტალისტი“, რომელსაც თავიდან საკმაოდ ცივად შეხვდნენ კინოკრიტიკოსები, 2 მარტს, „ოსკარის“ 97-ე ცერემონიის ერთ-ერთი ტრიუმფატორი უნდა გახდეს.

24 თებერვალს, ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში კარიკატურა გავრცელდა - პრეზიდენტი მაკრონი ევროპას თავისუფლების ქანდაკებით ხელში უბრუნდებოდა. ოდესღაც საფრანგეთის მიერ შეერთებული შტატებისთვის ნაბოძები ეს მონუმენტი მანამდე სწორედ ასე, გადმოტრიალებული სახით, ბრედი კორბეტის ფილმის პოსტერზე ვნახეთ. პოსტერზეც და „ბრუტალისტის“ პროლოგშიც, როდესაც ფილმის მთავარი პერსონაჟი, ჰოლოკოსტს გადარჩენილი უნგრელი ებრაელი ლასლო ტოტი ევროპიდან ამერიკაში გაქცევას ახერხებს.

თავისუფლების ქანდაკება გადაყირავდება კორბეტის ფილმის კადრში, ისევე როგორც გადაყირავდება „ამერიკული ოცნება“ ლასლო ტოტის ბიოგრაფიაში - ამერიკაში ჩასვლისთანავე ბაუჰაუსში ნასწავლი ნიჭიერი არქიტექტორის შემოქმედებით ამბიციებს ეღობება უმუშევრობა, გრძელი რიგები, უსახლკარობა, დეპრესია, ნარკოტიკები... ანტისემიტიზმიც კი. „ჰოლოკოსტი არ დასრულებულა, უბრალოდ ფორმა შეიცვალა“, - თავიდანვე გვეუბნება ფილმის ავტორი. თუმცა, გარწმუნებთ, ამ უშველებელ კინორომანში (დიახ, „ბრუტალისტი“ ნამდვილი რომანია) მოქმედების განვითარებას ვერ იწინასწარმეტყველებთ და არ მოგწყინდებათ, მიუხედავად იმისა, რომ კორბეტი არსად ცდილობს მაყურებლის გართობას სანახაობით (არადა, ფილმი არქიტექტორზეა!)... უფრო პირიქით, დემონსტრაციულად ამბობს უარს კინემატოგრაფიულ ორნამენტებზე, თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებზე და მთელ ფილმს იღებს 70 მმ ფირზე, Vistavision-ის ტექნიკით, რომელიც 1954 წელს დაინერგა. თავად კორბეტი დავიწყებული ტექნიკის გაცოცხლებას კლასიკური კინოს სიყვარულით ხსნის, თუმცა, ვფიქრობ, მისი მიზანი პირველ რიგში მაყურებლის აღქმის ცვლილება იყო. „ბრუტალისტის“ მსვლელობისას ხედავ, როგორ ასხივებს კინოფირი, ხედავ ფირის ფაქტურას. ეს კი რეალურად ქმნის დისტანციას, რომელიც თავის მხრივ აძლიერებს ინტრიგას. დიდია სურვილი, ჩავწვდეთ ლასლო ტოტის, ამ გამოგონილი, კვაზიისტორიული პერსონაჟის ხასიათს, მაგრამ არც რეჟისორი, არც ოპერატორი და არც მთავარი როლის შემსრულებელი ბოლომდე ახლოს არ გვიშვებენ მასთან.

ედრიენ ბროუდი ფაქტობრივად ოთხსაათიანი ფილმის ყველა კადრში ჩანს. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ბროუდის ეს როლი საუკეთესოა „პიანისტში“ განსახიერებული მისი პერსონაჟის შემდეგ... და უფრო რთულიც, წინააღმდეგობრივიც, ვიდრე ვლადისლავ შპილმანი „პიანისტში“.

„ბრუტალისტში“ ეს წინააღმდეგობა მაშინ ძლიერდება, როცა უკვე სრულიად უიმედო პროტაგონისტის ცხოვრებაში მაინც ჩნდება „ამერიკული ოცნების“ ახდენის შანსი. აქაური მაგნატის, ვან ბრიუნეის ვაჟის გაცნობა რადიკალურად ცვლის ტოტის ცხოვრებას. ლასლო გადასახლდება მდიდარი კაცის მამულში, ჩამოჰყავს ცოლი, დისშვილი ევროპიდან და იწყებს უზარმაზარი კულტურის ცენტრის აშენებას, ქრისტიანული ტაძრით. ეს ფაქტობრივად ბეტონის ბუნკერია, იმ ტკივილის ძეგლია, რომელმაც ლასლო ტოტს სიცოცხლე გაუმწარა.

ამ ეპიზოდების დაწყებისთანავე ფილმის ზემოქმედების ძალა მატულობს და „ბრუტალისტი“ აღარ ჰგავს იმას, რასაც პირველი ნაწილის მსვლელობისას ვადარებდით. ეს არც პოლ ტომას ანდერსონის კინოა და, მით უმეტეს, არც „ოპენჰაიმერი“. ეს სრულიად ორიგინალური ფილმია, რომელშიც კინო და არქიტექტურა ერთიანდება როგორც ენა; ხაზების სიმკაცრე, კუთხეებზე აწყობილი მიზანსცენები, განგებ დატოვებული ცარიელი სივრცეები კადრში... მთელი ეს კინემატოგრაფიული მინიმალიზმი შეესაბამება ლასლოს მიერ არჩეულ არქიტექტურულ სტილს, ფილმის მონაცრისფრო ტონი კი ბეტონის იმ ფერს მოგაგონებთ, რომელსაც „მოითხოვს“ ბრუტალისტური არქიტექტურა - ისტორიული ტრავმების ფერს.

ბრედი კორბეტი ამბობს, რომ ბრუტალიზმის ისტორია რაღაცით ჰგავს მისი გმირის ამბავს. ბრუტალიზმი, თავიდან სრულიად პროგრესული სტილი (ბრუტალისტური ნაგებობა, როგორც საზოგადოების თავშეყრის ადგილი, „სოციალური სივრცე“), ხელთ იგდეს ავტორიტარმა მმართველებმა, ხელოვანი კი მეგალომანად აქციესო, - ამტკიცებდა რეჟისორი ვენეციის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

„არავინაა იმაზე მეტი მონა, ვიდრე მონა, რომელიც თვლის, რომ თავისუფალია“, - გოეთეს ეს სიტყვები, რომელიც ჩართულია „ბრუტალისტში“, მთელი ამ ფილმის გზავნილია. თავისუფლების ქანდაკება შემთხვევით არ გადმოტრიალდება კორბეტის ფილმის პროლოგში - მიგრანტები აქ გარბიან ერთი მოძალადიდან მეორისკენ. მიწა, რომელიც მაგნიტივით იზიდავს მიგრანტებს, ამავე დროს, ყველანაირად ცდილობს მათგან განთავისუფლებას, ხოლო ინვესტორის და არტისტის ურთიერთობა წარმოდგენილია როგორც მონობის ახალი ფორმა. თავისუფალ ხელოვანს „პატრონთან“ დაპირისპირება უხდება... შემოქმედება, ნიჭი, გენიალურობა კი დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როცა ძალაუფლების ინტერესებს გამოხატავს. უფრო სწორად, მანამდე, სანამ ამ ინტერესებს გამოხატავს. ხოლო შედეგი, მაშინაც კი, როცა თითქოს ტკივილის, ამბოხების, უსამართლობის სიმბოლოა, როგორც ლასლოს მონუმენტი, მაშინაც კი, როცა რადიკალური ნაწარმოებია, ყოველთვის შეიძლება გამოიყენოს „ბაზარმა“ თავისი ინტერესებისთვის და ასე ჩაახშოს მისი უნიკალურობა.

ვენეციის კინოფესტივალზე გამართული „ბრუტალისტის“ პრემიერის შემდეგ, სექტემბრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა სამყაროში. პარიზში, ლონდონში, ბერლინსა და ვარშავაში „ბრუტალისტს“ ევროპისა და ამერიკის ურთიერთობის „გადატვირთვის“ ფონზე უჩვენებენ. კორბეტის ფილმში ეს ურთიერთობა წარმოდგენილია როგორც სიყვარული-სიძულვილის, მორჩილება-ბატონობის ერთიანობა. ევროპა, როგორც დაკარგული იდეალების მიწა და ამერიკა, როგორც შესაძლებლობის სამშობლო, რომელიც, ამავდროულად, გასაყიდად გამოტანილ საქონლად გადააქცევს ხელოვნებას. ამ ფილმში მხოლოდ შესანიშნავი მსახიობის, ფელისიტი ჯონსის გმირი არ სწირავს საკუთარ თავს იმისთვის, რომ მის ქმარს, ლასლო ტოტს მუშაობის საშუალება ჰქონდეს. ამ ფილმში სრულიად შეშლილ პროექტს ყველაფერი - გული, ჯანმრთელობა, ღირსება, ოჯახი... შესწირა თავად ლასლო ტოტმა - სიცოცხლე შესწირა ბრუტალურ ნაგებობას, ძეგლს, რომელიც დამონებული არტისტის ანდერძს უფრო ჰგავს და მისი მთავარი სათქმელის სიმბოლური გამოხატულებაა - „მონობა არ გაუქმებულა!“

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG