Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გამოძიება წინასწარ გაცხადებული დასკვნებით - რას იკვლევს "ოცნების" კომისია?

გამოძიება წინასწარ გაცხადებული დასკვნებით - რას იკვლევს "ოცნების" კომისია?


„ქართული ოცნების“ ხელისუფლება გასამართლებით ემუქრება იმ ოპონენტებსაც, რომლებიც კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდებიან.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება გასამართლებით ემუქრება იმ ოპონენტებსაც, რომლებიც კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდებიან.

პოლიტიკური კრიზისის, ყოველდღიური საპროტესტო აქციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით - საპატიმროში პოლიტიკური ნიშნით მყოფი ათეულობით აქტივისტის ფონზე, „ქართული ოცნება” იმ ხელისუფლების საქმიანობას იძიებს, რომლისგანაც ძალაუფლება 13 წლის წინ გადაიბარა.

17 თებერვალს, „ოცნების” პარლამენტში, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე - იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს წარმომადგენლებს უსმენდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მისამართით სხდომაზე ისმოდა ის ბრალდებები, რომელთა შესახებ „ქართული ოცნება” და მისი მოკავშირეები მრავალი წელია ლაპარაკობენ. ერთ-ერთი საკვანძო თემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „საპარლამენტო გამოძიება“ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „კრემლის ინტერესების შესაბამისად” „ომის დაწყებაში ქართული მხარის დასადანაშაულებლად” წამოიწყო.

საკვანძო თემა - აგვისტოს ომი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] რეზოლუცია #1633, რუსეთის არმიის მიერ ნასროლი „ისკანდერი“, „ტალიავინის კომისიის“ დასკვნა - „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ეს თემები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 17 თებერვლამდეც არაერთხელ გამოუყენებიათ. მათ ამჯერადაც გაიმეორეს, რომ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოსთვის დამაზიანებელ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რითაც ქართველი ჯარისკაცებიც დაადანაშაულა, მტკიცებულებები არ შეაგროვა, რუსეთის მიერ ნასროლი „ისკანდერის“ ნაწილი დამალა, აკრძალული კასეტური ბომბები გამოიყენა და ამ ყველაფრის გამოსწორებისთვის საერთაშორისო სასამართლოებში „ქართულმა ოცნებამ“ იწვალა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ირწმუნება, PACE-ს რეზოლუციაზე ხელმოწერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყება აღიარაო, რეზოლუციის ტექსტში 7 აგვისტოსთან მიმართებით ლაპარაკია არა ომის დაწყებაზე, არამედ - ესკალაციის ახალ ეტაპზე გადასვლაზე და ასევე მითითებულია, რომ - „ის [ომი] წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე“.

2008 წლის ომთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს გახმაურებულ ბრალდებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც არაერთხელ უწოდეს მტკნარი სიცრუე.

სწორედ აგვისტოს ომს დაეთმო უდიდესი დრო „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის გამოკითხვისას 17 თებერვალს. ძამაშვილმა თქვა, რომ რუსეთის არმიის მიერ ნასროლი „ისკანდერის“ ნაწილი - „ოქროს მტკიცებულება“ - საქართველოდან იყო გატანილი, თუმცა დადებული პირობების შესაბამისად ვერ დაასახელებს - რომელ ქვეყანაში მოიძიეს ის და ნებართვის გარეშე ვერც იმას იტყვის, კონკრეტულად ვინ, რომელი „საჯარო მოხელე“ დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ ამ ნაწილის მიგნებაში.

„ისკანდერის“ ნაწილის შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია, ძამაშვილის თქმით, ჰოლანდიელი ჟურნალისტისგან ჰქონდათ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა 17 თებერვალს, სხდომის დასაწყისში განაცხადა, რომ გამოსაკითხად მისულებს მხოლოდ ფაქტების წარმოდგენა ევალებათ და შეფასებები მათი საქმე არ არის. თუმცა, შეფასებებსა და ბრალდებებს მოიცავდა შეკითხვები და ზოგჯერ შეფასებებს გამოსაკითხი პირისგანაც ითხოვდნენ.

თავად წულუკიანმა სთხოვა ძამაშვილს, აეხსნა „მართალია თუ არა, რომ 2008 წლის ომი, ის რამდენიმე დღე, იმართებოდა პრაქტიკულად ტელეფონით“, თუმცა მანამდე ხაზი გაუსვა - ვიცით, ეს სწორედ ასე რომ არისო. წულუკიანის მოადგილეს, „ოცნების“ განაყოფის - „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს, სოზარ სუბარს ძამაშვილისგან აინტერესებდა, რატომ იზეიმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „ტალიავინის დასკვნა“ [2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი], როცა ამ დასკვნაში, სუბარის თქმით - საქართველოს სასარგებლო არაფერი წერია.

„ერთგან პირდაპირ წერია, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, იყო მართალი იმაში, რომ მას ჰქონდა უფლება, რომ მიეცა პასუხი იმ თავდასხმისთვის, რაც საქართველომ განახორციელა რუს სამშვიდობოებზე და ეს იყო თავდაცვითი მიზნით. შემდეგ კი წერია, სხვა პუნქტებში - გადაჭარბებული იყოო, მაგრამ პირველივე არის დაბრალება“, - სუბარმა სხდომაზე კონკრეტული ციტატაც მოიხმო.

დასკვნები კომისიის შექმნამდეც იყო გაკეთებული

აგვისტოს ომის გამოძიების იდეა „ოცნების“ პოლიტიკურმა დანაყოფმა, დაუფარავი ანტიდასავლური პოზიციებით გამორჩეულმა „ხალხის ძალამ“ ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში წამოაყენა, 2024 წლის ივნისში კი მიუთითა, რომ ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო და - ომის დაკვეთა აშშ-დან მოდიოდა.

მსგავსი აქცენტები თანდათან „ქართული ოცნების“ განცხადებებშიც მკაფიოდ დაისვა:

  • „ეს ადამიანები [“ნაციონალური რეჟიმი”] უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი, 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის”, - თქვა 2024 წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილმა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფრონტისპირა ქალაქ გორში ჩავიდა და ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა, იმის გამო, რომ „მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. წინასაარჩევნო კამპანიისას ივანიშვილმა ხაზი გაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების აუცილებლობასაც.
  • მანამდე, 2024 წლის აპრილში, რუსთაველის გამზირზე გამართულ პროსამთავრობო მიტინგზე გამოსვლისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა რუსეთთან ომში „გლობალური ომის პარტიამ” ჩაითრია. მას არაფერი უთქვამს აგვისტოს ომში რუსეთის დანაშაულზე.

„ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნამდე უკვე ჩამოყალიბებული იყო „ქართული ოცნების” მკაფიო მიზანი - პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური ველიდან გაქრობა.

„ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დაიწყო ლაპარაკი საქართველოს ბრალეულობაზე და სამარცხვინო ბოდიში მოუხადა ოკუპანტებს - ამას უკავშირდება მათი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ამ თემის აწევა, რომ საზოგადოებას აჩვენონ - რუსეთი არ იყო იმ დონეზე დამნაშავე, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, და მეორე - რომ მოხდეს ნორმალიზება ურთიერთობების რუსეთთან და განახორციელონ რუსეთის გზავნილები - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით…

რეალური მიზანი რუსეთის ბრალის გათეთრებაა. ეს არის ყველაზე დიდი ღალატი და მტრობა ქვეყნის, იმისთვის, რომ ივანიშვილმა ფული და ძალაუფლება შეინარჩუნოს კრემლის მხარდაჭერით”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი, თეონა აქუბარდია.

კომისიის მუშაობას აქუბარდია „ვირეშმაკობას” უწოდებს, მაშინ როდესაც - „წინა ხელისუფლების ოდიოზური ფიგურები” [მოსამართლეები თუ ძალოვნები], დღეს სწორედ „ქართული ოცნების” რიგებში არიან”.

თეონა აქუბარდია, სხვა ბევრის მსგავსად, პრინციპულად არ ეთანხმება „ქართული ოცნების” მტკიცებას, რომ - „ნაციონალური მოძრაობის” დადანაშაულება საქართველოს დადანაშაულებას არ ნიშნავს - რადგან ხელისუფლება სახელმწიფოს წარმოადგენს.

კიდევ რა აინტერესებს კომისიას?

17 თებერვლის სხდომაზე ილაპარაკეს იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლების დროს არჩევნები უხეშად ყალბდებოდა, დაუცველი იყო კერძო საკუთრება და მრავლად იყო ადამიანის უფლებების დარღვევის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ეს საკითხები განიხილეს როგორც ბექა ძამაშვილთან, ასევე ცესკოს აპარატის უფროსის - გიორგი სანტურიანისა და პროკურატურის წარმომადგენლის, ირაკლი ნადარეიშვილის გამოკითხვისას.

17 თებერვალს, კომისიის ხდომაზე განხილულ თემებს შორის იყო ფაქტები, რომლებთან მიმართებითაც - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი და ადამიანებიც გასამართლდნენ.

ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემიდან 59 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში: დეპარტამენტის სამი უფროსი, დეპარტამენტის უფროსის სამი მოადგილე, სხვადასხვა დაწესებულების 16 დირექტორი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 8 მოადგილე და სისტემის სხვა თანამშრომლები.

და ისევ მუქარა

„არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო ჩვენს საგამოძიებო კომისიასთან თამაში. ეს არ არის თამაში. ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი. იმდენად სერიოზული, რომ კომისიის სხდომის წინაშე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამიტომ, ნურაფერს დაუყენებთ წინ იმას, რომ ჩვენი ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდეთ“, - უთხრა 17 თებერვალს თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება გასამართლებით ემუქრება იმ ოპონენტებსაც, რომლებიც კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდებიან.

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია” 21 თებერვლის სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის, ნათია მოგელაძისა და ლევან გაჩეჩილაძის მოსმენას გეგმავს.

როგორც წინასწარ ითქვა, 21 თებერვლის სხდომაზე წამყვანი თემა არჩევნები იქნება.

თავად „ქართულ ოცნებას” 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პარლამენტის არალეგიტიმურობაზე ლაპარაკობენ საერთაშორისო პარტნიორებიც. ახალი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს ევროპარლამენტი.

როგორც მოსალოდნელი იყო, წინასწარი ინფორმაციით, „ოცნების” კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ენმ-ს წარმომადგენლები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ არალეგიტიმური პარლამენტის საქმიანობას არ ცნობენ და არც სასჯელის ეშინიათ, რადგან თუკი არაფერი შეიცვლება, - „ქართული ოცნება”, „დაწყებული რეპრესიების პირობებში, მაინც დააკავებს ყველას ან გაყრის ქვეყნიდან” და ამიტომ „ამ მუქარაში ახალი არაფერია”.

„12 წელია უპრეცედენტო რეპრესიაა ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. ლიდერებიდან და წევრებიდან ძალიან ბევრი იყო დაკავებული, დაკითხული და იძულებით ემიგრაციაში გაგდებული. დაყადაღებულია ანგარიშები და ასე შემდეგ. ახლა უნდათ ფინალური სტადია, როცა დიქტატურის კონსოლიდაცია ხდება, უნდათ ივანიშვილის მთავარი მეტოქე ძალის განადგურება. ამას ემსახურება ეს პროცესი… პუტინის ბრძანებაა და მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის მიზანი არის ის, რომ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო წინააღმდეგობა გავუწიეთ და არ დავნებდით”, - ამბობს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი.

ფავლენიშვილის თქმით, „ქართული ოცნება” „შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული პროცესით” - პოლიტიკური ჩიხის ფონზე მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გადაფარვასაც ცდილობს.

ოთხი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, სამს „ოცნების“ პარლამენტში მანდატები უკვე გაუუქმეს. მათ დეპუტატის იმუნიტეტი აღარ იცავს და მათ შორის არის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. ასევე დასჯადია ცრუ ახსნა-განმარტების მიცემაც.

„ქართულმა ოცნებამ” საგამოძიებო კომისია საპარლამენტო არჩევნებიდან 4 თვეში შექმნა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG