საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ასად ახმად ხანის გადაწყვეტილებას 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიების შესახებ.
„მე მინდა პირველ რიგში ჰააგის პროკურორის დღევანდელი გადაწყვეტილება მივულოცო საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ. დღეს უკვე ოფიციალურადაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება, ვინმეს ჰქონოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაარღვია თუ არა რამე ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა.
დღეს ჰააგის პროკურორმა საბოლოოდ დახურა გამოძიება 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით. გამოძიება გაგრძელდება მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც გამოკვეთილია დანაშაულები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ეპიზოდებზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს პროკურორმა უკვე ეთნიკური ოსების და რუსი გენერლის პასუხისმგებლობა გამოკვეთა ამ ომში, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს ომის დანაშაულები", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა მოიგო.
„დღევანდელ გადაწყვეტილებაში პროკურორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ დანაშაული ჩადენილი იყო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მას ჰქონდა ეთნიკური ნიადაგი, ეს იყო მასშტაბური და დანარჩენ ეპიზოდში, სადაც შეიძლებოდა, პოტენციურად საქართველოს რაიმე დარღვევა დადგენილიყო, ეს ნაწილი მთლიანად ჩაიხურა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ დღეს უკვე შეგვიძლია, თავისუფლად ვთქვათ, რომ საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა სუფთად მოიგო. მოიგო ისე, რომ არც სტრასბურგში და არც ჰააგაში არ გამოკვეთილა არცერთი დარღვევა. აქაც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში, მაგალითისთვის, 3300 საჩივარი იყო შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კოორდინაციით და იქაც საქართველომ სუფთად მოიგო აბსოლუტურად ყველა საქმე. შესაბამისად, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილებები სტრასბურგსა და ჰააგაში აჩვენებს იმას, რომ 2008 წლის ომში თუ ვინმე არღვევდა რამეს, ეს იყო რუსეთს ფედერაცია და მის მიერ დაქვემდებარებული პირები", - თქვა ძამაშვილმა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება.
"ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის განცხადებაში წერია, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ეთნიკურ ქართველად აღქმული სამოქალაქო პირები დაკავებულ იქნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული პირები შემდგომში დაპატიმრებულ იქნენ, ექვემდებარებოდნენ არასათანადო მოპყრობას და იმყოფებოდნენ მძიმე პირობებში ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში (ე.წ. „იზოლატორში“ ან „კაპეზეში“). მოგვიანებით კი მოხდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ მათი ზეწოლის იარაღად გამოყენება პატიმართა და ტყვეთა გაცვლის დროს. გაცვლის შედეგად, დაპატიმრებული პირები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამხრეთი ოსეთი“.
პალატის მითითებით, ეჭვმიტანილები უნდა დააკავონ, ეს თხოვნა შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას ან ნებისმიერ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა გადაეცეს, „რათა მათ ითანამშრომლონ სასამართლოსთან ეჭვმიტანილი პირების დაკავებისა და გადმოცემის თხოვნის აღსრულების მიზნით“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მოთხოვნით საქართველომ მიმართა. 2016 წლის 27 იანვარს პირველმა წინასასამართლო პალატამ პროკურორს უფლებამოსილება მიანიჭა, დაეწყო გამოძიება სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილია სამხრეთ ოსეთში, საქართველოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში.
2022 წლის 10 მარტს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა პირველი დაპატიმრების ორდერები გასცა.
დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არალეგიტიმურია და არანაირი პერსპექტივა არ ექნება.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.