ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივლისს გაავრცელა განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერების გაცემას ეხება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება საერთაშორისო სამართლის ასეთ შერჩევით გამოყენებას, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს არა აგრესორი ქვეყნის, არამედ აგრესიით დაზარალებული მხარის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
„ასევე ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზული კრიზისის ფონზე, იმ პირობებში, როცა რუსეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ომი მიმდინარეობს და ანტირუსულმა სანქციებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია და ეს ეწინააღმდეგება ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში თავისი ქმედებებით დაასრულა ომი, რომელიც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ იყო გაჩაღებული სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს საკუთარი წვლილი შეეტანათ საერთაშორისო მდგომარეობის გამწვავებაში“, - აღნიშნავენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არალეგიტიმურია და არანაირი პერსპექტივა არ ექნება.
30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის, მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის, დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა.
24 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ, მოსამართლეების, პიტერ კოვაჩის, რეინე ადელაიდე სოფი ალაპინი-განსუს და მარია დელ სოკორო ფლორეს ლიერას შემადგენლობით, პროკურორის 2022 წლის 10 მარტის შუამდგომლობის საფუძველზე დაასკვნა, რომ არსებობს იმის გონივრული საფუძველი, რომ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულების ჩადენაში.
ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის განცხადებაში წერია, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ეთნიკურ ქართველად აღქმული სამოქალაქო პირები დაკავებულ იქნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული პირები შემდგომში დაპატიმრებულ იქნენ, ექვემდებარებოდნენ არასათანადო მოპყრობას და იმყოფებოდნენ მძიმე პირობებში ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში (ე.წ. „იზოლატორში“ ან „კაპეზეში“). მოგვიანებით კი მოხდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მათი ზეწოლის იარაღად გამოყენება პატიმართა და ტყვეთა გაცვლის დროს. გაცვლის შედეგად, დაპატიმრებული პირები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამხრეთი ოსეთი“.
წინასასამართლო პალატის თანახმად:
- მიხაილ მინძაევი, რუსეთის მოქალაქე, დაბადებული ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთში, 1955 წლის 28 სექტემბერს, მსახურობდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 2005 წლიდან, სულ მცირე 2008 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში, იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი. მას, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულებზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება), რომლებიც ჩადენილია 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში.
- გამლეტ გუჩმაზოვი, რუსეთისა და აგრეთვე, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წლის 9 ივლისს სამხრეთ ოსეთში, საქართველოში, შესაბამის პერიოდში იყო იზოლატორის ხელმძღვანელი. მას, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულებზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება), რომლებიც ჩადენილ იქნა 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში.
- დავიდ სანაკოევი, დაბადებული 1976 წლის 14 დეკემბერს ცხინვალში, საქართველოში, აღნიშნულ პერიოდში იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, აგრეთვე ცნობილი, როგორც ომბუდსმენი. მას, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულებზე (მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება), რომლებიც ჩადენილ იქნა 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში.
- პალატის მითითებით, ეჭვმიტანილები უნდა დააკავონ, ეს თხოვნა შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას ან ნებისმიერ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა გადაეცეს, „რათა მათ ითანამშრომლონ სასამართლოსთან ეჭვმიტანილი პირების დაკავებისა და გადმოცემის თხოვნის აღსრულების მიზნით“.
2016 წლის 27 იანვარს პირველმა წინასასამართლო პალატამ პროკურორს უფლებამოსილება მიანიჭა, დაეწყო გამოძიება სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილია სამხრეთ ოსეთში, საქართველოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში.
2022 წლის 10 მარტს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა პირველი დაპატიმრების ორდერები გასცა.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.