ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არ ითანამშრომლებს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომის ფარგლებში საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები წარუდგინა სასამართლოს. ესენი არიან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი თანამდებობის პირები: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე; ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი და დავიდ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
პროკურორი აცხადებს, რომ მის მიერ დოკუმენტირებული დაპატიმრების ორდერები, კერძოდ, შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის დროს ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას, არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და უკანონო გადაყვანას.
გამოძიებამ აგრეთვე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენერალ-მაიორისა და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლი კონკრეტულ დანაშაულში. კერძოდ, მან, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი დასახელებული დანაშაულების ჩადენას. იგი გარდაცვლილია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება საწყის ეტაპზე მიმდინარე გამოძიების მასალებს გაეცნო. ცხინვალში ამტკიცებენ, რომ ქართველი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულებმა „ყველა ღონე იხმარეს მათი სიცოცხლის გადასარჩენად, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შემდგომ ქართულ მხარეს გადასაყვანად“.
„ამავდროულად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არცერთი საპროცესო მოქმედება არ მიუღია ქართველი სამხედროებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც დამნაშავე არიან სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის და მის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის წინააღმდეგ დოკუმენტირებული სამხედრო დანაშაულის ჩადენაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
"ცხადია, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას ვერასდროს მიიღებს რუსეთის ფედერაცია, რომლის ჩარევის წყალობით საქართველოს, როგორც აგრესორ ქვეყანას, აიძულეს მშვიდობა. სამხრეთი ოსეთი და მისი ხალხი კი გადაურჩა ფიზიკურ განადგურებას“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების დაწყების უფლება 2016 წლის იანვარში მოიპოვა. გამოძიების პროცესი მოიცავს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს.
- ICC-ის მიზანია ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიება. ეს შეიძლება იყოს ეთნიკური წმენდა, მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა, ტყვეების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების წამება და არაადამიანური მოპყრობა და სხვა.
- ICC-ის გამოძიების შედეგად პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა დანაშაულში მხილებულ სახელმწიფოებს, არამედ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც მწვავე საბრძოლო მოქმედებების ფაზაში ან შემდეგ ჩაიდინეს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.