"Justice International"-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრებების პირველი სამი ორდერის წარდგენას რეალურ დროში მიმდინარე პროცესებთან კავშირში განიხილავს და ამბობს, რომ ეს ერთგვარი სიგნალია მათთვისაც, ვინც უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადის:
"პირველ რიგში, ეს არის უკრაინის ამბების ფონზე, ამით პროკურორს უნდოდა ეჩვენებინა ორი რამ - ერთი, რომ მან პრინციპში მთლიანად შემოატრიალა თავისი ხედვა, რასაც მანამდე ამბობდა, რომ მე ამ გზას არ დავადგები და დავხურავ გამოძიებებს და ყველა იმ საქმეებს, რაც შემორჩენილი მაქვს წინა ორი პროკურორის მხრიდან. მან მთლიანად შემოატრიალა იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, იგი მიხვდა, რომ რეალურ დროში და რეალურ სამყაროში როდესაც ვცხოვრობთ, აქ ცოტა მეტი რამე არის გასათვლელი - არის გასათვლელი ქვეყნების და ხალხის ბედი უშუალოდ.
დღეს, როდესაც ომია უკრაინაში, ხდება დანაშაულების ჩადენა ყოველდღიურად და ამის მომსწრე მთელი მსოფლიო გახდა უკვე, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ, ერთის მხრივ, სიგნალს გაუგზავნიდა იმ დამნაშავეებს, რომლებიც დღეს ჩადიან დანაშაულებს“, - განაცხადა ნიკა ჯეირანაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება საქართველოს საქმეზე, უკრაინის ომის დამნაშავეებს ეუბნება, რომ ისინი დაუსჯელი არ დარჩებიან:
„როგორც საქართველოს სიტუაციაში, ვინაიდან იგივე სახელმწიფო ფიგურირებს[უკრაინაშიც], რუსეთი... მას უნდოდა, ერთის მხრივ, ეჩვენებინა, სიგნალი გაეგზავნა, რომ თქვენც მოგადგებით ადრე თუ გვიან, იმ ხალხს, ვინც დღეს ჩადიხართ დანაშაულებს, როგორც საქართველოს შემთხვევაში გამოვცემთ დაკავების ორდერებს, ეს ნიშნავს, რომ მე მივყვები, მთელ ჩემს რესურსს ჩავდებ ამაში და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი დაკავება, გადმოცემა და შემდეგ უკვე სასამართლოზე წარდგენა და პროცესების წარმართვა“, - განაცხადა ნიკა ჯეირანაშვილმა „დილის საუბრებში“.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 10 მარტს საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები წარუდგინა სასამართლოს. მოთხოვნა სამი პირის დაპატიმრებაზე გაიცა.
- მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი);
- ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი);
- დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი).
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გადის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება 2016 წლის იანვარში დაიწყო. ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. ეს მონაკვეთი, სავარაუდოდ, მსხვერპლთა ისტორიებს ემთხვევა.