Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები წარმოადგინა


კარიმ ხანი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი
კარიმ ხანი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები წარუდგინა სასამართლოს.

პროკურორი აცხადებს:

"დღეს გავაფორმე მოთხოვნა საქართველოს ვითარებაზე სამი პირის დაპატიმრებაზე. ესენი არიან:

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;

გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;

დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში".

ტრიბუნალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც წინასასამართლო პალატამ 2016 წლის 27 იანვარს გასცა ნებართვა „საქართველოს სიტუაციაზე“ გამოძიების დაწყების შესახებ, პროკურორის ოფისმა გამოიკვლია მტკიცებულებები კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის მიერ 2008 წლის 1 ივლისადან 10 ოქტომბრის შუალედში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. პროკურორის სტანდარტის შესაბამისად, გამოძიება ყველა ეტაპზე მიმდინარეობდა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად, აგრეთვე რომის სტატუტით განსაზღვრული ვალდებულებების დაცვით.

პროკურორის ოფისის მიერ მოპოვებული და შესწავლილი მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურორმა საფუძვლიანად ჩათვალა დასახელებული სამი პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება სამხრეთ ოსეთში, საქართველოში 2008 წლის 8 და 27 აგვისტოს ჩადენილი შემდეგი სამხედრო დანაშაულებისთვის: უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანური ღირსების შელახვა, მძევლად აყვანა და უკანონო გადაყვანა.

პროკურორი აცხადებს, რომ მის მიერ დოკუმენტირებული დაპატიმრების ორდერები კერძოდ შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის დროს ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას, არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და უკანონო გადაყვანას. გამოძიებამ აგრეთვე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენერალ-მაიორისა და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის მოადგილის - ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლი კონკრეტულ დანაშაულში. კერძოდ, მან სავარაუდოდ განზრახ შეუწყო ხელი დასახელებული დანაშაულების ჩადენას და გარდაცვლილია.

ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის ოფისის თანახმად, გამოძიებით მოცულ პერიოდში ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობამ დატოვა სამხრეთ ოსეთი და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას შეაფარა თავი. მაშინვე, როგორც კი საქართველოს შეიარაღებული ძალები განდევნეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, რუსეთის ძალებმა და უპირატესად სამხრეთ ოსეთის ძალებმა დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავება. უმრავლესობა მათ შორის იყო ასაკოვანი ან ავადმყოფი და არ შესწევდათ უნარი ან არ სურდათ თავიანთი სახლების დატოვება. მათ შეპყრობასა და დაპატიმრებას არ ჰქონდა ვალიდური საფუძველი და აგრეთვე ხელი არ მიუწვდებოდათ რაიმე სახის პროცედურულ უფლებაზე. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბევრი მათგანი უკანონოდ იყო დაკავებული ანტისანიტარულ და საფრთხის შემცველ პირობებში, მათ აყენებდნენ შეურაცხყოფას, სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ.

პროკურორი აცხადებს, რომ მისმა ოფისმა მსგავი მოპყრობის ფაქტები გამოავლინა „უკრაინის ვითარების“ წინასწარი გამოძიების დროს - „ღრმად შეშფოთებული ვარ დღეს უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამო“.

„მსურს გავიმეორო ჩემი მოწოდება მსგავს კონფლიქტებში მონაწილე ყველა მხარისადმი, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა არ არის თავისუფალ არჩევანზე. ისინი, ვისაც აქვს იარაღი, ვინც მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში, ზიდავს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქცევის პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთს. თუკი ისინი დაარღვევენ მას, ჩემი ოფისი უფლებამოსილია მათ პასუხი აგებინოს კანონის უზენაესობის შესაბამისად“, - აცხადებს კარიმ ხანი.

პროკურორის განცხადება ასე სრულდება: „როგორც კი წინასასამართლო პალატა დაამტკიცებს ჩემს მიერ წარდგენილ დაპატიმრების ორდერებს, მჭიდროდ ვითანამშრომლებ რეესტრის ოფისთან ამ სამი პირის დასაკავებლად. მომავალში იმედი მაქვს ყველა სახელმწიფოსი, განსაკუთრებით - რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნების, რომ უზრუნველყოფენ ამ პირების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენას“.

XS
SM
MD
LG