Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სახის ძვლების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აქვს“ - განსაკუთრებული ძალადობით დაშლილი აქცია


ასფალტზე დაგდებულ ახალგაზრდას სამართალდამცავები სცემენ. 29 ნოემბერი, 2024 წელი
ასფალტზე დაგდებულ ახალგაზრდას სამართალდამცავები სცემენ. 29 ნოემბერი, 2024 წელი

პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა და დაკავება პოლიციამ და სპეცრაზმმა ღამის 2 საათისთვის დაიწყო. უკვე მოგვიანებით კი დაკავებები მთელ რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნამდე გაიშალა.

სამართალდამცავები დემონსტრანტებს ჯგუფ-ჯგუფად დასდევდნენ, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდნენ აფთიაქში, მაღაზიაში შეფარებულ აქციის მონაწილეებს.

ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სამართალდამცავები დემონსტრანტებს დაკავებასთან ერთად სასტიკად უსწორდებიან.

ჯგუფ-ჯგუფად დაყოფილი სპეციალური დანიშნულების რაზმები, ძირს დაყრილ დემონსტრანტებს წიხლებით, მუშტებით სცემენ, აგინებენ, შემდეგ თრევით გაჰყავთ ტერიტორიიდან.

კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები აკავებენ ისეთ დემონსტრანტებსაც, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში დგანან და კანონსაწინააღმდეგოდ არ იქცევიან.

დაკავების ყველა ფაქტი, რომლებიც ფოტო- და ვიდეოკამერებმა აღბეჭდეს, ძალადობის განსაკუთრებულ მაგალითებს მოიცავს - სამართალდამცავები წრეში აქცევენ დაკავებულებს და ყველანი გამეტებით ურტყამენ მათ ფეხებსა და მუშტებს. ცემა გრძელდება მანამ, სანამ ძირს დაგდებულ დემონსტრანტს ტერიტორიიდან არ გაათრევენ.

საპროტესტო აქცია, 29 ნოემბერი, 2024 წელი
საპროტესტო აქცია, 29 ნოემბერი, 2024 წელი

დაკავებულების დასახმარებლად მისულ სხვა დემონსტრანტებს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები სპეციალური საშუალებით, ე.წ. სპრეით იცილებენ.

დაკავების პირველი ფაქტი ჯერ კიდევ გვიან საღამოს, ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოხდა. პოლიციამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიშიკო მუმლაძე დააკავა. რამდენიმე სამართალდამცავმა მას ტანსაცმელი შემოახია, ძირს დააგდო, ფიზიკურად გაუსწორდა და ასე გაიყვანა ტერიტორიიდან.

შემდეგ უკვე თბილისში, პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზე დააფიქსირა რადიო თავისუფლების კამერამ დემონსტრანტის დაკავების ერთ-ერთი პირველი ფაქტი. კადრებში ჩანს, როგორ ითრევენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ახალგაზრდას, გადაჰყავთ სიღრმეში და ათობით სამართალდამცავი მას ხელებს და ფეხებს უშენს, ექაჩებიან თმაში.

29 ნოემბერს, დილის 10 საათისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ 28-29 ნოემბრის ღამეს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის მათ აქციის 43 მონაწილე დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაც. 353-ე პრიმა მუხლი ეხება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, ხოლო 187-ე მუხლის მეორე ნაწილი - სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით, არაერთგზის და ჯგუფურად.

რას ჰყვებიან ადვოკატები, რომლებმაც დაკავებულები იზოლატორებში მოინახულეს

საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან გასაუბრების საშუალება არ მიეცა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისულ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტს ეკა ქობესაშვილს, რადგან ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ მისი იზოლატორიდან კლინიკაში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას სახის ძვლების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აქვს:

ეკა ქობესაშვილი, ადვოკატი
ეკა ქობესაშვილი, ადვოკატი

„ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში შემოიყვანეს ეს ახალგაზრდა, თუმცა, დაზიანებების გამო, ის მალევე გადაიყვანეს სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში. დაუფიქსირდა სახის ძვლის მოტეხილობები, ჰემატომები სახეზე, დაზიანებები სხეულის არეში.

სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, ის კლინიკიდან კვლავ იზოლატორში მოიყვანეს, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. მე რომ მივედი იზოლატორში, სწორედ იმ დროს გადაჰყავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას“.

ეკა ქობესაშვილმა ნახა იზოლატორში კიდევ ერთი დაკავებული:

„მასაც ასევე აღენიშნება დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მათ შორის, სახეზე, თვალზე ჰქონდა ჰემატომა, ჰქონდა ტკივილები. ის დააკავეს პარლამენტის გვერდითა შესასვლელში, შეათრიეს კორდონში და იქ სცემეს უმოწყალოდ“.

საპროტესტო აქცია, რუსთაველის გამზირი, 29 ნოემბერი
საპროტესტო აქცია, რუსთაველის გამზირი, 29 ნოემბერი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ნესტან ლონდარიძემ, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღის პირველი საათისთვის ექვსი დაკავებული ნახა.

როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ყველა დაკავებული ლაპარაკობს მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ამბობს, რომ ყველა მათგანს აღენიშნება ძალადობის კვალი.

ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, მას სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ავტომობილშიც, გზად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ:

ნესტან ლონდარიძე
ნესტან ლონდარიძე

„ვისაც შევხვდი, ყველას მიმართ გამოყენებულია ფიზიკური ძალა. ზოგს სახეზე ეტყობა კვალი, ზოგს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფიქსირდება ფაქტი, როდესაც დაკავებული სცემეს მანქანაში. მას სახეზე აღენიშნება ცემის კვალი. ამბობს, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში ურტყამდნენ მანქანაში.

როგორც ისინი მიყვებიან, უკვე წაქცეულებს უსწორდებოდნენ ხელებით და ფეხებით. ამბობენ, რომ ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც კანონის ფარგლებში გამოხატავდნენ პროტესტს“.

ნესტან ლონდარიძე იცავს პოეტ ზვიად რატიანის ინტერესებსაც, რომელიც რუსთაველის გამზირზე დააკავეს სამართალდამცავებმა. ადვოკატის თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აქვს:

„როგორც სხვა დაკავებულებს, მასაც ეტყობა ძალადობის კვალი. როგორც სახეზე, ისე სხეულზე. იზოლატორში ნახა ექიმმაც. უჩივის ტკივილებს“.

ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ზაჰესის იზოლატორში მოინახულა სამი დაკავებული „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ქეთი წიწუაშვილმა. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ერთ-ერთ მათგანს აღენიშნება ძალადობის კვალი.

კიდევ ერთ დაკავებულს კი სამართალდამცავებმა ის ტელეფონი ჩამოართვეს, რომლითაც სოციალურ ქსელში აქციიდან პირდაპირ ეთერს გადასცემდა. ტელეფონი მის პირად ნივთებში არ იძებნება:

„ერთ დაკავებულს დაზიანებები აქვს შუბლთან და თვალთან. როგორც ყვება, ის დააკავა ერთმა სამართალდამცავმა და შემდეგ გაატარეს სამართალდამცავების კორიდორში. სწორედ იქ სცემეს ის. ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა, ამბობს, რომ მისი დაკავების წინაპირობა არ ყოფილა. ყვება, რომ იდგა ხესთან, მას მიუახლოვდა აირწინაღიანი სამართალდამცავი და ასე დააკავა.

კიდევ ერთმა დაკავებულმა მითხრა, რომ ჩართული ჰქონდა ტიკტოკის ლაივი, მას სამართალდამცავმა მოსთხოვა ტელეფონის გათიშვა, ჩამოართვა ტელეფონი და დააკავა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს ტელეფონი, მისი, როგორც დაკავებულის პირად ნივთებში არ იძებნება“, - ამბობს ქეთი წიწუაშვილი.

"ეს არ არის არაპროპორციული ძალის გამოყენება, ის, რაც ჩვენ წუხელ ვნახეთ, არის ძალადობა"

უფლებადამცველებსა და იურისტებს აქვთ მოლოდინი, რომ ისევე, როგორც გასულ გაზაფხულზე და სხვა აქციებზე დაწყებული გამოძიებების შემთხვევებში, 28-29 ნოემბრის ღამეს დემონსტრანტებზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე გამოძიებაც მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის იქნება და არცერთი სამართალდამცავი არ მიეცემა პასუხისგებაში.

ასე ფიქრობს იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილიც. მისი თქმით, სამართალდამცავები სწორედ იმიტომ ბედავენ დემონსტრანტებზე ძალადობას, რომ კარგად იციან, მათ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვებათ, რადგან არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება:

გოგა ხატიაშვილი, იურისტი
გოგა ხატიაშვილი, იურისტი

„ეს არ არის არაპროპორციული ძალის გამოყენება, ის, რაც ჩვენ წუხელ ვნახეთ, არის ძალადობა. ეს არის მიზანმიმართული, აქტიური ძალადობა მოქალაქეების მიმართ. ტოტალურმა დაუსჯელობამ მიგვიყვანა აქამდე, რადგან ამ ადამიანებს აქვთ გარანტია, რომ არ დაისჯებიან და, შესაბამისად, თვითნებურად მიმართავენ ძალადობას.

არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ასეთი საქმეები იყოს სრულყოფილად გამოძიებული. და თუკი გამოძიება იწყება, ის, როგორც წესი, იწყება არასათანადო მუხლით. ნაცვლად იმისა, რომ ამგვარ ქმედებას გამოძიება აფასებდეს როგორც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ეს შეფასებულია, როგორც უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით, რაც სათანადოდ არ ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც დაზარალებულები სამართალდამცავების ქცევის გამო აღმოჩნდნენ“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

საპროტესტო აქცია, 29 ნოემბერი
საპროტესტო აქცია, 29 ნოემბერი

მისივე თქმით, გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც სამართალდამცავები ხედავენ, რომ მათი კოლეგები ძალადობენ სამართალდამცავებზე, ისინი, ერთი მხრივ, არ ცდილობენ მათ შეჩერებას, მეორე მხრივ კი, უკვე შემდგომში არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან:

„ისინი არ ასახელებენ იმ ადამიანებს, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა. მათ ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ ამ სისტემაში მოქმედებს ხელის დაფარების კულტურა, რადგან შესაძლოა მათ თავადაც ჰქონდეთ მსგავსი ძალადობა ჩადენილი და ხელს უწყობენ ერთმანეთს იმაში, რომ ასეთი ფაქტები მაქსიმალურად გაუმჟღავნებელი დარჩეს“.

გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიებისას, სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავს იმართლებს იმითაც, რომ სამართალდამცავები არიან სპეციალურ ეკიპირებაში და ვერ ხდება მათი იდენტიფიცირება, თუმცა, მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აქციებზე გასულ სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული მაიდენტიფიცირებელი ნიშნები:

„ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მინიჭებული სპეციალური ნომრები და ამ ნომრების მიხედვით უნდა ხდებოდეს შემდეგში მათი იდენტიფიცირება. ეს ნომერი უნდა იყოს ხილვადი, მაგალითად, შეიძლება ეს იყოს სამკლაურის სახით, ან ჩაფხუტზე იყოს მიმაგრებული და ა.შ“.

ამ კონტექსტში საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. ეს გადაწყვეტილება 2024 წლის 7 მაისს გამოქვეყნდა.

სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა.

გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი“.

რატომ არ (ვერ) იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებისას, ისინი სხვადასხვა სირთულეს აწყდებიან. მაგალითად, მათ შორის:

  • შემთხვევის ადგილზე არ არის განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები;
  • შემთხვევის ადგილზე რთული ხილვადობა, ხალხმრავლობაა;
  • „არის შემთხვევები, როდესაც გამოძიებას მოპოვებული აქვს სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ასახულია სამართალდამცავის მხრიდან აქციის მონაწილის მიმართ ძალადობა, თუმცა სამართალდამცველის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ფორმებით (ე.წ. „რობოკოპით“/ჩაფხუტით ან/და ნიღბით), რომელზეც არ არის დატანილი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი. შესაბამისად, ძალადობის ფაქტების თვითმხილველი პირების არსებობის შემთხვევაშიც კი თითქმის შეუძლებელია არაპროპორციული ძალის გამომყენებელი სამართალდამცველის იდენტიფიცირება და ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“, - წერია ანგარიშში.


,,პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის“ შესახებ 2013 წლის 31 დეკემბრის №1006 და „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები არეგულირებს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის წესებს, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხს.

ამ ბრძანებებით, ჩასაცმელ აღჭურვილობაზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დატანა არ არის სავალდებულო.

თუმცა, 2023 წლის მაისში, დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის (IPCAN) კონფერენციაზე, რომელშიც 15 ევროპულ ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა, მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია, რომლის თანახმადაც, საპოლიციო ოპერაციების ჩატარების დროს, მნიშვნელოვანია ქვეყნებმა დახვეწონ დემონსტრაციების მართვაში ჩართული საპოლიციო ძალების მოქმედების მეთოდები.

ამასთანავე, იურისტები ამბობენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, აქციების დაშლისას სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი კანონდარღვევის გამოძიების პროცესში, უფლებამოსილია მოითხოვოს ის საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება დემონსტრაციების მართვის ოპერაცია და სადაც დეტალურადაა გაწერილი ინფორმაცია როგორც აქციის მართვაზე პასუხისმგებელი პირების, ისე სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, მაგალითად, რომელი დანაყოფი სად დგება, რომელი დანაყოფი როგორაა აღჭურვილი.

აქციებზე დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების ფაქტებზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულზე, აპრილსა და მაისში, აქვს გამოძიებები დაწყებული. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე მაშინ აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

დაკავებულებიდან ნახევარზე მეტი მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე. მათ შორის რამდენიმეს კლინიკაში მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჯამში 138 შეტყობინება შევიდა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.

გამოძიებას, შვიდის თვის თავზე, ჯერ არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია, რომლებმაც სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს აქციის მონაწილეების მიმართ.

28 ნოემბერს, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე შეჩერდება.

პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა როგორც რეგიონებში, ისე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.

საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიჭინაძის ქუჩა, 29 ნოემბერი
საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიჭინაძის ქუჩა, 29 ნოემბერი

29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა.

სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.

შსს-ს მონაცემებითვე, 29 ნოემბრის ღამეს დაშავდა 32 პოლიციელი.

დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენ გაზს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკებში აქციის დაშლისას დაშავებული 33 პირი გადაიყვანა. დაშავებულთაგან 13 პირი აქციის მონაწილეა, 4 - ჟურნალისტი, 16 შსს-ს თანამშრომელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG