„მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, - ამბობს ექიმი.
გურამ როგავაზე სამართალდამცავებმა გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადეს. ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო.
ბოლო მონაცემებით, 28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დარბევის დროს 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის:
- ფიზიკურად იძალადეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტებზე დავით ქორიძესა და სალომე ჩადუნელზე, ასევე ოპერატორ ზუკა ხიდაშელზე. თავისუფლების კიდევ ერთ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს, მუცელში ხელი ჩაარტყეს, მიწაზე დაგდების შემდეგ - წიხლი;
- „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს და დაკავებისას სცემეს - „ვუმეორებდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ ამან პირიქით იმოქმედა“, - ამბობს ის;
- OC Media-ს რეპორტიორსა და ფოტოჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა;
- „პუბლიკის“ ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს გააგდებინეს ტელეფონი, რომელზეც ფეხით შედგნენ; მას ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.
- „ნეტგაზეთის“ ცნობით, დაშავდა მათი ჟურნალისტი გივი ავალიანი - მას წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელებმა;
- „მედიაჩეკერის“ ცნობით, პოლიციამ „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ;
- „TV პირველის“ ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი - მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა. სპრეი გამოიყენეს ოპერატორ ნიკო კოკაიას მიმართაც. ამავე არხის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასა და ოპერატორ დავით ბიჭიკაშვილს მუშაობის დროს წყლის ჭავლი მიუშვირეს. წყლის ჭავლით დაშავდა ოპერატორი გიორგი შეწირული;
- დაზიანდა პირველი არხის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი;
- ონლაინგამოცემა „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტ ირაკლი მანაგაძეს სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
- დაშავდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი;
- JAMnews-ის ფოტორეპორტიორ იულია კალაბანოს სახეში შეასხეს სპრეი;
- „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტ ნინო წვერავას ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილმა სამართალდამცავებმა მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს.
თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ფორუმი