Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დრუჟბა გლობალ" - გერმანელი დეპუტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად


გერმანელი დეპუტატები, რაინერ როთფუსი და შტეფენ კოტრე. შუაში როთფუსის ორგანიზაციის, "დრუჟბა გლობალის" ლოგო
გერმანელი დეპუტატები, რაინერ როთფუსი და შტეფენ კოტრე. შუაში როთფუსის ორგანიზაციის, "დრუჟბა გლობალის" ლოგო

ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შემდეგ წარდგენილია კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებას, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობისკენ გზის გაკვალვას და „უცხოეთის აგენტების“ კანონს მიესალმება.

პროექტის ავტორები ბოლო დროს რუსული და ქართული პროსახელისუფლებო მედიის პოპულარული რესპონდენტები არიან.

10 ოქტომბერს ბუნდესტაგი მიემხრო რეზოლუციას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ გერმანელი პარლამენტარები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ იწონებენ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, განსაკუთრებით, „აგენტების კანონს“.

ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა გერმანიის მმართველი კოალიციის სამივე პარტიამ - სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა. ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ, ქრისტიან-დემოკრატებმა, რეზოლუციას ხმა არ მისცეს, თუმცა განმარტეს, რომ მის სულისკვეთებას იზიარებდნენ - კოალიციის პარტიებს რეზოლუცია ჩვენ გარეშე რომ არ განეხილათ, მხარს დავუჭერდითო.

რეზოლუციას არ დაეთანხმა და საკუთარი პროექტი წარადგინა ჯგუფმა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას, მოითხოვს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ემხრობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებას.

ეს ჯგუფი წარმოადგენს პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ულტრამემარჯვენე ძალას, რომელსაც გერმანიაში რუსული და ნაცისტური კავშირების გამო უფრთხიან. ამ სტატიაში მოგითხრობთ, რა აკავშირებთ ამ რეზოლუციის ავტორებს რუსეთთან და როგორ აღმოჩნდნენ ისინი ქართული პროსამთავრობო მედიის ყურადღების ცენტრში.

„გამჭვირვალობის კანონი ლეგიტიმურია“

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო! ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო! ეს რეზოლუცია არაფერია, თუ არა უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა“, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა შტეფენ კოტრემ, AfD-ს 50 წლის დეპუტატმა, რომელიც 2017 წლიდან ბუნდესტაგის წევრია.

„ევროპა ვერ გაგიგიათ!“, - მიაძახა კოტრეს ქრისტიან-დემოკრატმა კნუტ აბრაჰამმა.

კოტრესა და მისი თანაპარტიელებისთვის სიტყვით გამოსვლისას კოლეგების ხმაური უცხო არაა. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბუნდესტაგში გარიყული პარტიაა. ყველა დანარჩენი ფრაქცია მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და შანსს ხელიდან არ უშვებს, AfD გაკიცხოს.

„ევროკავშირის პროპაგანდისტები ახდენენ „გამჭვირვალობის კანონის“ (გულისხმობს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „აგენტების კანონს“) დისკრიმინაციას“, - განაგრძობს კოტრე.

„ევროკავშირის პროპაგანდისტებიო!“, - აღმოხდა „მწვანეების“ მერლე შპელერგელს.

„თუმცა ეს „გამჭვირვალობის კანონი“ სრულიად კანონიერი და ლეგიტიმურია და საერთოდ არ გულისხმობს იმისგან განსხვავებულ რეგულაციებს, რაც, მაგალითად, იაპონიაში, აშშ-სა და ისრაელში აქვთ“, - კოტრე არ ჩერდება და სოციალ-დემოკრატ კოლეგას, მიხაელ როტს აკრიტიკებს. მიხაელ როტი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა და „ქართული ოცნების“ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივების ხმამაღალი მოწინააღმდეგე. გაზაფხულზე მიხაელ როტი თბილისსა და ბერლინში შეუერთდა ქართველ დემონსტრანტებს, რომლებიც „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებდნენ. ამის გამო ის „ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერი მედიის სამიზნე გახდა.

„ჩემი წინა გამომსვლელი, ბატონი როტი და ევროკავშირის სხვა აგენტები, თბილისში დემონსტრაციაზე გამოვიდნენ. როგორც უცხოელებმა, იქ ხმამაღალი პროპაგანდა გასწიეს არჩეული მთავრობისა და პარლამენტის მიმართ“, - ცდილობდა კოტრე ბუნდესტაგში მისი გამოსვლით უკმაყოფილო დეპუტატების ხმაურის გადაფარვას,

ბუნდესტაგის პლენარულ სესიაზე გამოსვლა 10 ოქტომბრის საღამოს კოტრეს ერთადერთი საჯარო კომენტარი არ ყოფილა. რაიხსტაგის შენობის გარეთ, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს ქართული ტელეკომპანია „იმედი“ დახვდა.

ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე დებატების შემდეგ კოტრე ერთადერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელიც იმ საღამოს „იმედმა“ ცალკე ჩაწერა. მეორე დღეს „იმედის“ ვებგვერდზე დაიდო სტატია სათაურით - „შტეფენ კოტრე ბუნდესტაგში გამართულ განხილვაზე: ეს იმპერიალიზმია და ეს ჩვენ არ მოგვწონს“.

ბუნდესტაგში გამართული დებატების შესახებ „იმედის“ ვებგვერდზე გერმანელი პოლიტიკოსების ექვსი კომენტარი ცალკე გამოქვეყნდა. აქედან ხუთი ეკუთვნოდა პოლიტიკოსებს, რომლებმაც მთავრობის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ამ ხუთიდან სამი კი - პირადად კოტრეს.

მე ინტერვიუს ყველას ვაძლევ

ამ სიტყვებით გაიმართლა თავი შტეფენ კოტრემ თავისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე დიდი სკანდალის შემდეგ.

2023 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, შტეფენ კოტრე განთქმული რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ჩაერთო.

შტეფენ კოტრე ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში, 2023 წლის თებერვალი
შტეფენ კოტრე ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში, 2023 წლის თებერვალი

კოტრე ჩართვაში ამტკიცებდა, რომ გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკრაინისთვის იარაღის გადაცემის წინააღმდეგია, ხოლო გერმანული მედია ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხი რუსეთისა და მისი მმართველების წინააღმდეგ განაწყოს.

სამშობლოში გამოწვეული აღშფოთების პასუხად, შტეფენ კოტრეს უკან არ დაუხევია. მან თავის X-ის გვერდზე დაწერა, ინტერვიუს ყველას ვაძლევო.

„ანალენა ბერბოკსაც (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი) კი დაველაპარაკები, რომელმაც რუსეთს ომი გამოუცხადა“, - დაწერა შტეფენ კოტრემ, ბოლოს კი დასძინა - „ომის მიუხედავად, დიპლომატია და ერთმანეთთან საუბარი გვმართებს, ყველა არხის გამოყენება“.

აფხაზეთი დიდხანს იყო დამოუკიდებელი სამეფო, სამხრეთ ოსეთს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან

გერმანიის სამთავრობო კოალიციის რეზოლუციის პასუხად, რომელიც ბუნდესტაგმა 10 ოქტომბერს დაამტკიცა, ალტერნატიული რეზოლუცია თანაპარტიელებთან ერთად შტეფენ კოტრემაც წარადგინა.

„სამხრეთ კავკასიის სტაბილიზაციისთვის გერმანიის ინტერესებში“, ასე ჰქვია AfD-ს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უნდა განიხილოს.

ტექსტში საუბარია მთლიანად რეგიონზე, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. რეზოლუციის განმარტებითი ბარათში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დავა „ეთნოტერიტორიულ“ კონფლიქტებადაა მოხსენიებული, არაა საუბარი რუსეთის როლზე, 2008 წლის ომის დაწყებაში კი საქართველოა დადანაშაულებული.

„[აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი] სტალინისტური საზღვრების გადაწევის და „დაყავი და იბატონეს“ კომუნისტური პოლიტიკის შედეგად შეიყვანეს მაშინდელ საქართველოს სსრ-ში, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი დიდხანს იყო დამოუკიდებელი სამეფო, სამხრეთ ოსეთს კი მჭიდრო ეთნოკულტურული ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ ოსეთთან, რომელიც რუსეთს ეკუთვნის“, - ვკითხულობთ ტექსტში.

კოტრეს და მის თანამოაზრეებს სურთ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნებული დევნილების მონაწილეობით რეფერენდუმი ჩატარდეს, რომლებსაც ეუთო და გაერო დააკვირდებიან და რომლებიც ამ ტერიტორიების სამომავლო სტატუსს გადაწყვეტს. იქამდე კი, გერმანელი დეპუტატები მოითხოვენ, რომ გერმანიამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინვესტიციების ჩადება „გააადვილონ“ მათი დამოუკიდებლობის გამოცხადების გარეშე.

გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ:

  • ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას
  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეწყვეტას
  • საქართველოსთვის ნატოში შესვლაზე უარის თქმას

დოკუმენტში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „აგენტების კანონზეცაა“ საუბარი. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით „დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების არადემოკრატიული და არალეგიტიმური ქმედებების მეტი გამჭვირვალობა“ უზრუნველყო.

„ზოგიერთი ეს ორგანიზაცია, რომლებსაც მხარს უჭერს მცირე ურბანული ინტელიგენცია და არ წარმოადგენენ მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს“, საქართველოში „რეჟიმის ცვლილებაზე მუშაობენ, რაც რუსეთთან [საქართველოს] ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

დრუჟბა გლობალ” – “მშვიდობის მარშიბერლინიდან მოსკოვამდე

„ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი „მზრუნველობა“ სინამდვილეში ევროკავშირის კანდიდატი საქართველოსთვის საფეთქელზე იარაღის მიბჯენაა“, - ამ სათაურით „იმედმა“ AfD-ს კიდევ ერთი დეპუტატის, რაინერ როთფუსის სიტყვები გამოაქვეყნა.

10 ოქტომბრის სხდომაზე როთფუსის გამოსვლამ კოტრეზე არანაკლები ხმაურის ფონზე ჩაიარა. გამოსვლის დასაწყისშივე, როთფუსმა კოლეგები დაადანაშაულა, რომ საქართველოში უკრაინის სცენარის გამეორებას ცდილობენ.

„ჯერ კიდევ უკრაინა ჩაითრიეს ამ მახეში ევროკავშირის სატყუარით და 2014 წლის მაიდნის პუტჩით“, - თქვა როთფუსმა ბუნდესტაგის ტრიბუნიდან.

„დამნაშავე და მსხვერპლი გერევათ“, - დაუყვირა ლიბერალმა ანიკო გლოკოვსკი-მერტენმა.

„შეწყვიტეთ ევროკავშირის, რომელიც ერთ დროს მშვიდობის პროექტი იყო, მოსკოვის წინააღმდეგ ვაშინგტონის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება!“, - განაგრძო რაინერ როთფუსმა, შემდეგ კი თქვა, საქართველო ევროპასა და აზიას შორის ნეიტრალური ხიდი უნდა იყოსო.

„ამას ქართველები გადაწყვეტენ და არა AfD გერმანიაში“, - უპასუხა სკამიდან ქრისტიან-დემოკრატმა კნუტ აბრაჰამმა.

ექვსი წლით წინ კნუტ აბრაჰამი და რაინერ როთფუსი თანაპარტიელები იყვნენ, ვიდრე 2018 წელს როთფუსი კრემლის არხ Russia Today-ზე გამოაცხადებდა, რომ ქრისტიან-დემოკრატებს ტოვებდა და AfD-ში გადადიოდა. ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება და რუსეთთან დაახლოება სურსო.

როთფუსმა, რომელიც ახლა კრემლის პროპაგანდისტული არხების ხშირი სტუმარია, ორი წლით ადრე ლაიფციგში დააარსა ორგანიზაცია „დრუჟბა გლობალ“, რომლის გაცხადებული ამოცანაც გერმანულ-რუსული მეგობრობის ხელშეწყობაა. 2016 წლიდან მოყოლებული, „დრუჟბა“ აწყობს მშვიდობის მარშებს - მონაწილეები გერმანიიდან რუსეთამდე მიემგზავრებიან სლოგანით „მშვიდობა ხალხთა მეგობრობით“.

პუტინის მიერ დაჯილდოებული ბაიკერი, ალექსანდრ ზალდასტანოვი და რაინერ როთფუსი, ყირიმი, 2017 წელი
პუტინის მიერ დაჯილდოებული ბაიკერი, ალექსანდრ ზალდასტანოვი და რაინერ როთფუსი, ყირიმი, 2017 წელი

2017 წლის შემდეგ, მარშის ფარგლებში მონაწილეები უკვე რამდენჯერმე ჩავიდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში. რაინერ როთფუსი სწორედ ყირიმში შეხვდა 2017 წელს ალექსანდრ ზალდასტანოვს - რუსული ბაიკერების კლუბის, „ღამის მგლების“ დამაარსებელს, რომელსაც ვლადიმირ პუტინისგან მიღებული აქვს მედალი „ყირიმის დაბრუნებისთვის“.

ოცნება, იმედი და ალტერნატივა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც თავს „მშვიდობის პარტიას“ უწოდებს ხოლმე, გერმანიის მთავრობას აკრიტიკებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამო. მათი მტკიცებით, სანქციებს გერმანიისთვის მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე რუსეთისთვის.

ევროპარლამენტის უკანასკნელი არჩევნების შემდეგ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არ შეერთებია ევროპარლამენტის ახალ ჯგუფს „პატრიოტები ევროპისთვის“, რომელიც ევროკავშირში „ქართული ოცნების“ ყველაზე ახლო მოკავშირემ, ვიქტორ ორბანმა ჩამოაყალიბა მარინ ლე პენის პარტიასთან ერთად, თუმცა „ოცნებამ“ და მისმა მხარდამჭერმა სპიკერებმა გერმანიაში AfD-ს მეორე ადგილზე გასვლა განსაკუთრებით აღნიშნეს.

„ევროპაში ცვლილებების მასშტაბი, მოსალოდნელზე უფრო დიდი აღმოჩნდა [...] დამარცხდა ოლაფ შოლცის პარტიაც! კანცლერის პარტიამ, 12%-ით მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. 30.30%-ით ლიდერობს „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალისტური“ (სტილი დაცულია) პარტიების ბლოკი. 16% მოიპოვა და შესაბამისად მეორე ადგილი დაიკავა მემარჯვენე პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის“, - დაწერა 10 ივნისს პროსახელისუფლებო სპიკერმა ვატო შაქარიშვილმა.

„ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) გაიმარჯვა და ხმების 30.30% აიღო, მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვისაც (AfD) 16% მოიპოვა, ხოლო კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) ხმათა 13.90%-ით მესამე ადგილზე გავიდა და ბოლო წლებში ყველაზე გაუარესებული შედეგი აჩვენა.

ევროპა გამოფხიზლების გზას ადგას, იმედია ლიბერალური ფაშიზმი იმ ხარისხით ვეღარ იპოზიციონირებს როგორც აქამდე და ბევრი რამ თვისობრივად შეიცვლება მათ შორის ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში“, - ეს სიტყვები იმავე დღეს „ხალხის ძალის“ წევრს, თამთა მეგრელიშვილს ეკუთვნოდა.

2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი „ხალხის ძალა“ კვლავ „ოცნებასთან“ ერთად იყრის კენჭს.

„ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები გაანადგურეს მემარჯვენე-ცენტრისტულმა ქრისტიან-დემოკრატებმა და ულტრამემარჯვენე AfD-მ. ხმების მხოლოდ 14 პროცენტით, SPD-მა მიიღო ყველაზე ცუდი შედეგი არჩევნებში საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. კანცლერ შოლცს მოუწოდებენ მაკრონის მსგავსად დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, - დაწერა გია აბაშიძემ, კიდევ ერთმა პროსახელისუფლებო სპიკერმა.

ტელეკომპანია „იმედმა“ სამივე კომენტარი გააშუქა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში მარგინალური პოლიტიკური ძალაა - მასთან თანამშრომლობა დანარჩენი პარტიებისთვის ტაბუდაა ქცეული.

სოციოლოგიური ფირმა INSA-ს ბოლო გამოკითხვით, რომელიც 11-14 ოქტომბერს ჩატარდა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოპულარობით მეორე ადგილზეა. AfD-ს გერმანელების 18.5% უჭერს მხარს, რაც 13%-ით ნაკლებია ქრისტიან-დემოკრატებზე და 2.5%-ით მეტია ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებზე.

ამ რეიტინგის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ახლო მომავალში მთავრობაში მოხვდეს - დანარჩენი პარტიები მასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. ამიტომ არც იმას უნდა ველოდოთ, რომ ბუნდესტაგი მხარს დაუჭერს AfD-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG