„ტყვეების მწკრივად დაყენების შემდეგ, ოკუპანტებმა მიზანმიმართულად გახსნეს ცეცხლი მათი მიმართულებით. დაჭრილებს, რომლებმაც სიცოცხლის ნიშნები გამოავლინეს, ავტომატის ჯერი გადაატარეს. ასეთი ქმედებები მიიჩნევა ჟენევის კონვენციის ცინიკურ და უხეშ დარღვევად და კვალიფიცირდება საერთაშორისო დანაშაულად“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
უკრაინის სასამართლოებში განიხილება არაერთი საქმე, რომელთა მიხედვითაც რუს სამხედროებს ომის დანაშაული ჩადენილი აქვთ როგორც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ფრონტის ხაზსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
ეჭვმიტანილთა და მსჯავრდადებულთა შორის არ არიან მაღალი და საშუალო რანგის მეთაურები, რომელთა საქმეები უმეტეს შემთხვევაში გადაეცემა საერთაშორისო ინსტანციებს - სასამართლოებს, რომლებიც განიხილავენ სამხედრო მეთაურებს დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილების ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ, პირდაპირი ბრძანებით ან მის გარეშე, ჩადენილ დანაშაულებს.
ამჟამად უკრაინაში 18 რუსი სამხედრო მოსამსახურეა გასამართლებული. 2024 წლის სექტემბერში გამოტანილი იქნა კიდევ ერთი განაჩენი.
მოგითხრობთ მსჯავრდადებული რუსი ჯარისკაცების ყველაზე გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე, რომლების მონაწილეებსაც ბრალი ედებათ ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაში.
განაჩენი საავადმყოფოს 12 პაციენტის დაღუპვის გამო
2024 წლის სექტემბერში, ბოროდიანკის რაიონულმა სასამართლომ (ბოროდიანკა - სოფელი კიევის გარეუბანში, რომლის ოკუპაცია რუსული ჯარების მიერ გრძელდებოდა 2022 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1 აპრილამდე), რუს პოლკოვნიკ დანიილ მარტინოვს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მარტინოვი 2020 წლიდან იმყოფებოდა აშშ-ის სანქციების ქვეშ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, როცა ის რამზან კადიროვის თანაშემწე იყო. ბოროდიანკაში გამართული სასამართლო პროცესის დროს პოლკოვნიკი მარტინოვი მსახურობდა ჩეჩნეთის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
უკრაინის უშიშროების სამსახურის გამომძიებლების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ პოლკოვნიკი მარტინოვი დამნაშავედ ცნო ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში, სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკ მოპყრობაში.
მარტინოვის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ბოროდიანკის ფსიქონევროლოგიური პანსიონის თანამშრომლებმა, რომელთა ჩვენებების მიხედვითაც, რუსმა სამხედრო მეთაურმა პანსიონის თანამშრომლებსა და პაციენტებს აუკრძალა დაწესებულების დატოვება, ხოლო სამხედრო ტექნიკა გაანთავსა პანსიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ცეცხლს უშენდა ახლომდებარე დასახლებებს (მათ შორის ბუჩას, რომელიც ბოროდიანკიდან რამდენიმე კილომეტრშია).
სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სატელიტური სურათების (ოკუპაციამდე და ოკუპაციის დროს) შედარების საფუძველზე: თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება განთავსებული იყო პანსიონის მთელ პერიმეტრზე, საავადმყოფოს ძირითადი შენობებიდან 120-150 მეტრ მანძილზე.
რუსული ოკუპაციის დროს ბოროდიანკის ფსიქონევროლოგიურ პანსიონში იმყოფებოდა 400-მდე პაციენტი, რომელთა შორის იყვნენ საწოლს მიჯაჭვული, ინვალიდის ეტლში მჯდომი პირები და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები.
პოლკოვნიკ მარტინოვისა და მისი ქვეშევრდომების ქმედებების გამო, ოკუპაცია ვერ გადაიტანა 12-მა პაციენტმა: ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა სტრესის და მედიკამენტების ნაკლებობის გამო, ხოლო ორი გარდაიცვალა ინსულტისგან.
„ასე მოკლე პერიოდში არასოდეს გვქონია სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი”, - განაცხადა სასამართლო პროცესზე მარინა განიცკაიამ, ბოროდიანკის ფსიქონევროლოგიური პანსიონის დირექტორმა. გარდა ამისა, როგორც პროცესზე გაირკვა, დაწესებულების თანამშრომლები ვერ იღებდნენ საკმარის საკვებს: მოწმეებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ ოკუპაციის დროს (რაც ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა) რუსმა სამხედროებმა პანსიონში მიიტანეს მხოლოდ „6-7 ტომარა საკვები", რასაც მოგვიანებით დაემატა ერთი ტომარა წიწიბურა და ერთი ტომარა შაქარი - სამხედროების თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძღვენი.
ტყვე ჯარისკაცის დახვრეტის საქმე
26 სექტემბერს ზაპოროჟიეს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა რუსი სამხედრო მოსამსახურე, რიგითი დმიტრი კურაშოვი, რომელიც ბრალდებულია ომის დანაშაულში - ტყვედ დანებებული უკრაინელი ჯარისკაცის მკვლელობაში. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, პერმის ოლქის ქალაქ გრემიაჩინსკის მკვიდრი დმიტრი კურაშოვი იბრძოდა რუსეთის 127-ე მოტომსროლელი დივიზიის 218-ე სატანკო პოლკის რაზმ „შტორმ-V“-ის შემადგენლობაში. სამხედრო ექსპერტების თქმით, ასეთი ქვედანაყოფები ძირითადად შედგება კოლონიებიდან გამოყვანილი პატიმრებისგან. ქურდობისათვის მსჯავრდადებულმა კურაშოვმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა სასჯელაღსრულების კოლონიაში, 2023 წლის ნოემბერში.
გამოძიების მასალების მიხედვით, მკვლელობა მოხდა ქალაქ პოლოგის მახლობლად ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც კურაშოვი უკრაინელი ჯარისკაცების ბლინდაჟს უტევდა. უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცი, რომლის სახელიც არ სახელდება, იძულებული გახდა დანებებულიყო და იარაღი დაეყარა, რის შემდეგაც მას კალაშნიკოვის ავტომატიდან ესროლეს.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ტყვის მკვლელობა ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის კონვენციის დარღვევაა და ომის დანაშაულად მიიჩნევა.
მოგვიანებით კურაშოვი თავად ჩავარდა უკრაინელთა ტყვეობაში, თუმცა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი აყვანა, ინფორმაცია არ გავრცელებულა. სასამართლო დარბაზში გადაღებული ფოტოების მიხედვით, უკრაინელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ რუსი სამხედრო, რომელსაც სახეზე ღრმა ნაიარევი აქვს, მძიმედ დაიჭრა.
უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ინფორმაცია სულ მცირე 93 უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობის შესახებ. უკრაინელი პატიმრების სიკვდილით დასჯის რამდენიმე ვიდეო სოციალურ ქსლებშიც გავრცელდა. ყველა ეს მასალა და სხვა ფაქტები უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა, დმიტრო ლუბინეცმა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის შესაძლო დარღვევების გამოძიების მოთხოვნით.
სამოქალაქო პირის დახვრეტის საქმე
რადიკ გუკასიანმა, რუსეთის არმიის 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 331-ე პოლკის ეფრეიტორმა, აღიარა 32 წლის დმიტრი ბონდარის მკვლელობა: რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქ ბუჩის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს წითელ „ჟიგულის“ (VAZ2101), რომლის მძღოლი, დმიტრი ბონდარი ადგილზე დაიღუპა.
სასამართლო პროცესზე გუკასიანი ამტკიცებდა, რომ არც მას და არც მის თანამებრძოლებს არ მოუკლავთ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომ თითქოს მანქანაში იმყოფებოდა არა სამოქალაქო პირი, არამედ მზვერავი, რომელიც, თითქოსდა, რუსი სამხედროების კოორდინატებს აწვდიდა უკრაინელებს და, რომ ცეცხლიც ამიტომ გახსნეს.
თუმცა ეს ინფორმაცია სასამართლოში არ დადასტურდა. რუსმა სამხედრომ დანაშაული აღიარა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მან გამოძიებას უჩვენა ადგილი, სადაც დამარხული ჰქონდათ მოკლულის ცხედარი - იმ გზიდან 30 მეტრში, რომელზეც დმიტრი ბონდარის მანქანა მოძრაობდა.
როგორც გამოძიებამ გაარკვია, დანაშაული ჩადენილი იქნა მე-7 ასეულის მეთაურის მოადგილის, უფროს ლეიტენანტ ნიკოლაი სიმოვის ბრძანებით, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, გუკასიანი კი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, რადგან სხვა კოსტრომელ მედესანტეებთან ერთად ჩავარდა ტყვედ, როცა კიევიდან გადაისროლეს ხერსონის ოლქში.
კოსტრომელი მედესანტეები პირველად უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ჯერ კიდევ 2014 წელს, დონბასში (მაშინ ათი მათგანი ჩავარდა ტყვედ დონეცკის ოლქის სოფელ ზერკალნოიეს მახლობლად).
კრემლი უარყოფდა რუსი სამხედროების მონაწილეობას შეიარაღებულ მოქმედებებში და აცხადებდა, რომ საქმე მხოლოდ სეპარატისტებს ეხებოდა, თუმცა ჟურნალისტებმა კოსტრომასა და ფსკოვში მიაკვლიეს დაღუპული რუსი მედესანტეების ახალ საფლავებს. გარდა ამისა, უკრაინის ტყვეობაში მყოფი რუსი სამხედროების ნათესავები ასევე ახორციელებდნენ ზეწოლას რუსეთის მთავრობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომ რუს სამხედროებს უბრალოდ გზა აერიათ და ამიტომ აღმოჩნდნენ დონბასის ტერიტორიაზე.
სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის რადიკ გუკასიანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუკი უკრაინელ ტყვეში გაცვლიდნენ.
სასჯელი მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისთვის
ხარკოვის ოლქის დაბა ბოროვაია ცნობილია უკრაინაში იმით, რომ 2022 წლის 14 აპრილს რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ევაკუირებულთა კოლონას, როცა ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა რაც შეიძლება შორს გასცლოდა საბრძოლო მოქმედებების არეალს რუსული არმიის მიერ დაბის ოკუპაციის შემდეგ. შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, დაიჭრა 27.
უკრაინის არმიამ სოფელი გაათავისუფლა 2022 წლის 3 ოქტომბერს, მაგრამ რამდენიმეთვიანი ოკუპაციის დროს იქ მოხდა ყველაფერი ის, რაც დონბასში 2014 წლიდან ხდებოდა: რუსმა სამხედროებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს საბრძოლო მოქმედებების ადგილობრივ ვეტერანებზე.
რუსეთის არმიის მე-16 ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადის ოთხი ჯარისკაცი გაასამართლეს სამი უკრაინელი ვეტერანის წამებისთვის. რიგითებს მაქსიმ ვოლვაკსა და ვალენტინ ბიჩს, ასევე რაზმის მეთაურს, რუსლან კოლესნიკოვსა და ყუმბარმტყორცნ მიხაილ ივანოვს მიესაჯათ 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი გამოტანეს სამი ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების დადასტურების შემდეგ: მსჯავრდადებულები ვლადიმირს, ანდრეის და სერგეის ამყოფებდნენ ღრმა ორმოში საკვებისა და წყლის გარეშე; ერთ-ერთ მათგანს თითების მოკვეთით ემუქრებოდნენ, სერგეის კი თითები დაამტვრიეს ხის ჩაქუჩით.
მოგვიანებით ღრმა ხაროში ჩააგდეს კიდევ ერთი უკრაინელი ვეტერანი, სერგეი ავდეევი, რომელსაც ტყვეობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მისი და კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრების ნაწამები სხეულები დაბის გათავისუფლების შემდეგ აღმოაჩინეს. პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მკვლელობა ჩაიდინეს მე-16 ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადის ჯარისკაცებმა, არ არსებობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ სიკვდილი სწორედ მათმა ქმედებებმა გამოიწვია. რუს სამხედრო მოსამსახურეებს განაჩენი გამოუტანეს წამებას გადარჩენილი სხვა მოქალაქეების ჩვენებების საფუძველზე.
კიდევ რამდენიმე რუსი სამხედრო გაასამართლეს წამებისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა ბუჩაში, უკრაინის შს სამინისტროს ბავშვთა გამაჯანსაღებელ ბანაკ "ლუჩისტიში", რომელსაც რუსი მედესანტეები სამხედრო ბაზად იყენებდნენ. სამხედროები აქ აწამებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლისგანაც ითხოვდნენ ინფორმაციას როგორც უკრაინის ჯარების ადგილმდებარეობის, ასევე 2014 წლის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანების შესახებ.
მსხვერპლს მედესანტეები წიხლებითა და ხელკეტებით სცემდნენ, აწამებდნენ ელექტროშოკებით, ემუქრებოდნენ დახვრეტითა და ხელყუმბარის აფეთქებით. ეს წამება გაიარეს როგორც ბუჩის, ასევე ირპენის მცხოვრებლებმა, რომლებიც მოგვიანებით სასამართლოს წინაშე წარდგნენ დანაშაულის მოწმეებად (საგამოძიებო მასალებში სულ 10 მსხვერპლი ფიგურირებს), გოსტომელის ხუთმა მკვიდრმა კი ვერ დააღწია თავი ტყვეობას - რუსმა მედესანტეებმა ისინი დახვრიტეს უკან დახევის წინ.
გვამები აღმოაჩინეს "ლუჩისტის" ტერიტორიაზე ამოთხრილ ორმოში, სადაც ტყვეები ჰყავდათ დამწყვდეული. უკრაინაში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა მხოლოდ ერთი რუსი სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა წამებაში: ანდრეი მედვედევი, ფსკოვში განლაგებული 76-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის 104-ე პოლკის პირველი ბატალიონის უფროსი მზვერავი.
ბრალდების მთავარი ფაბულა: უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობა. საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით, მედვედევმა ჯერ სცემა ირპენის მკვიდრს ალექსანდრ პეტრენკოს, შემდეგ კი დახვრეტის იმიტაცია მოუწყო.
მედვედევის სასამართლო პროცესი 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო. განსასჯელმა დანაშაული არ აღიარა. სასამართლო პროცესი, რომელიც ირპენის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, 9 ოქტომბერს განახლდა.
სასჯელი საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვისთვის
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს რუსული ტანკები ხშირად ესვრიან და აზიანებენ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს. ამ ტიპის ყველაზე ცნობილი დანაშაული მოხდა მარიუპოლში. ფაქტი ჟურნალისტებმა ვიდეოზე დააფიქსირეს: მასში რუსული ტანკი რამდენჯერმე ესვრის ცხრასართულიან კორპუსს, რის შედეგადაც ბოლომდე ნადგურდება რამდენიმე ბინა.
მსგავსი რამ მოხდა ჩერნიგოვში ომის პირველ დღეებში, როდესაც ტანკის ოპერატორ მიხაილ კულიკოვს მისმა მეთაურმა ლეონიდ შჩეტკინმა უბრძანა, ცეცხლი გაეხსნა მრავალსართულიანი შენობისათვის (ეს მოხდა 2022 წლის 26 თებერვალს). შჩეტკინის თქმით, მან შენობის ერთ-ერთ ფანჯარაში, თითქოსდა, დაინახა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ პორტატიული ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით.
კულიკოვმა 125 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ჭურვით გაანადგურა ორი ბინა მე-9 და მე-10 სართულებზე, ასევე ზედა ტექნიკური სართული. ამის შემდეგ თვითონ რუსული ტანკი იქნა აფეთქებული (ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ადგილზე დაიღუპა), შჩეტკინმა და კულიკოვმა კი ადგილობრივი მკვიდრის, პენსიონერ ელენა სავენოკის სახლის ფარდულს შეაფარეს თავი. ქალმა რუსი სამხედროები საღამოს აღმოაჩინა, როცა ქათმების დასამწყვდევად მივიდა. შჩეტკინმა მას იარაღი მიუშვირა, თუმცა პენსიონერმა ფარდულის კარის ჩაკეტვა მოასწრო და მომხდარის შესახებ შეატყობინა უკრაინელ სამხედროებს, რომლებმაც მალევე დაატყვევეს კიდეც რუსი ოკუპანტები.
მოგვიანებით შჩეტკინი უკრაინელ ტყვეში გაცვალეს (დაუსწრებლად გაასამართლეს და 11 წელი მიუსაჯეს), კულიკოვმა კი დანაშაული აღიარა. მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ომის კანონების დარღვევისთვის.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისათვის, რაც აკრძალულია ჟენევის კონვენციებით - უკრაინის სასამართლოში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა კიდევ ერთი რუსი ოფიცერი, მფრინავი, ვიცე-პოლკოვნიკი მაქსიმ კრიშტოპი, რომელსაც 2023 წლის მარტში მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კრიშტოპმა ავიაბომბი ФАБ-500 ჩამოაგდო ხარკოვის სატელევიზიო ანძის თავზე. „ბრძანებისა და კოორდინატების მიღების შემდეგ, საბრძოლო დავალების შესრულების პროცესში მივხვდი, რომ სამიზნე იყო არა მტრის სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი კორპუსები და მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ დანაშაულებრივი ბრძანება მაინც შევასრულე“, - თქვა კრიშტოპმა სასამართლო პროცესზე.
ვიცე-პოლკოვნიკი კრიშტოპი უკრაინაში სასამართლოს წინაშე წარდგა მას შემდეგ, რაც მისი თვითმფრინავი ჩამოაგდო უკრაინის საჰაერო თავდაცვამ: კრიშტოპი ტყვედ ჩავარდა, ხოლო მისი შტურმანი, არტემ ნორინი დაიღუპა. მოგვიანებით რუსი პილოტი უკრაინელ ტყვეებში გაცვალეს.
უკრაინაში გასამართლებული პირველი რუსი სამხედრო
2024 წლის ივლისში უკრაინამ უარი თქვა, გასაცვლელ ტყვეთა სიაში ჩაესვა 21 წლის რუსი სერჟანტი ვადიმ შიშიმარინი (მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამას დაჟინებით მოითხოვდა). შიშიმარინი უკრაინაში 15-წლიან პატიმრობას იხდის სამოქალაქო პირის - უკრაინის სუმის ოლქის სოფელ ჩუპახოვკაში მცხოვრები 62 წლის ალექსანდრ შელიპოვის მკვლელობისთვის. რუს სამხედროს თავდაპირველად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით სასჯელი შეუმსუბუქეს.
21 წლის შიშიმარინი (მე-4 სატანკო დივიზიის (კანტემიროვის დივიზია) რაზმის მეთაური) პირველი რუსი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინის სასამართლოს წინაშე წარდგა ომის დანაშაულის ბრალდებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა. შიშიმარინმა დანაშაული პირველსავე სასამართლო სხდომაზე აღიარა. სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მოწმე იყო მისი თანამებრძოლი ივან მალტისოვი, რომელთან ერთადაც შიშიმარინი ტყვედ ჩაბარდა.
განსასჯელებმა აღიარეს, რომ დახვრიტეს სუმის ოლქის მკვიდრი ალექსანდრ შელიპოვი, რადგან, ოკუპანტების ვარაუდით, ამ უკანასკნელს შეეძლო უკრაინელი სამხედროებისთვის ეცნობებინა მათი ადგილსამყოფელი. სამოქალაქო პირის მკვლელობის შემდეგ რუსი ტანკისტები ცდილობდნენ რუსეთში გაღწევას (მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მათი სატანკო კოლონა). ისინი რუსეთ-უკრაინის საზღვრისაკენ ხან ფეხით, ხანაც სამოქალაქო პირებისთვის წართმეული ავტომობილებით მიიწევდნენ, თუმცა ბოლოს, ერთ-ერთ ფერმაში გატარებული ღამის შემდეგ, გადაწყვიტეს ტყვედ ჩაბარება.
რუსი სამხედროების საქმეები უკრაინის სასამართლოებში
ომის პირველ წელს, 2022 წლის შემოდგომაზე, უკრაინელმა პროკურორმა იური ბელოუსოვმა განაცხადა, რომ მისმა დეპარტამენტმა, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სამხედრო დანაშაულებს იძიებს, დაარეგისტრირა 195 საქმე, რომლებშიც რუსი სამხედროები იყვნენ ეჭვმიტანილი ომის დანაშაულის ჩადენაში. პროკურორის თქმით, საქმეების უმეტესობა დაუსწრებლად მიმდინარეობს. ორი წლის შემდეგ, 2024 წლის ივლისში, ბელოუსოვმა განაცხადა, რომ სამხედრო დანაშაულებისთვის გასამართლებული 17 რუსი სამხედრო მოსამსახურე იხდიდა სასჯელს უკრაინის ციხეებში.
„ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე, ძარცვაზე, განზრახ მკვლელობაზე, სექსუალურ ძალადობაზე, სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე“.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბელოუსოვმა თქვა: "ჩვენს საბრალდებო დასკვნებში სამხედრო ტყვეები შეადგენენ სისხლის სამართლის საქმეების 10%-ზე ნაკლებს. დანარჩენი დაუსწრებელი გამოძიებებია, რომლებსაც ჩვენ ვაწარმოებთ ეჭვმიტანილის პატიმრობის გარეშე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ მათი დაპატიმრება მხოლოდ დროის საკითხია".
პროკურორის თქმით, ომის დანაშაულში ბრალდებული კიდევ ბევრია, თუმცა სასამართლომდე ჯერ მხოლოდ რამდენიმე საქმემ მიაღწია.
ფორუმი