Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნიკური მთავრობა და პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნა - ვინ იზიარებს, ვინ არა?


პრეზიდენტი ზურაბიშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე - მას მედიის მიერ დასმული შეკითხვებისთვის არ უპასუხია. 14 ოქტომბერი, 2024 წელი.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე - მას მედიის მიერ დასმული შეკითხვებისთვის არ უპასუხია. 14 ოქტომბერი, 2024 წელი.

სალომე ზურაბიშვილის კატეგორიული მოთხოვნის შესრულებას პირი არ უჩანს - „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა - ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე შექმნის წინააღმდეგია.

პრეზიდენტის შეთავაზება ბევრისთვის ულტიმატუმსაც ჰგავს, რადგან სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილი აქვს დაასახელოს „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობა არჩევნებამდე; ხოლო ვინც მკაფიოდ არ დაეთანხმება ამ იდეას - „შეუძლიათ წაიღონ უკან [ქარტიაზე] ხელმოწერა“.

პრეზიდენტმა საჯარო შეთავაზება 12 ოქტომბერს, ბრიფინგზე გაახმაურა - მას შემდეგ, რაც პარტიების წარმომადგენლებს სათითაოდ შეხვდა და, ჩანს, რომ საკითხის შეთანხმება ვერ მოახერხა.

  • რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა და შეუთანხმებლობის დემონსტრირება, როცა არჩევნებამდე ორი კვირაც აღარ რჩება?!

რას ითხოვს პრეზიდენტი?

სალომე ზურაბიშვილის მოწოდებების ადრესატი ოთხი ოპოზიციური ჯგუფია: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“.

პრეზიდენტი მათგან ითხოვს „ქართული ქარტიის“ მიმართ მტკიცე ერთგულებას „არა მხოლოდ სულისკვეთების, არამედ ყოველი სიტყვის“ დონეზე, რადგან, მისი განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული დაპირებით - მხოლოდ ქარტიის შესრულების შემთხვევაში საქართველო დაბრუნდება „[ევროკავშირის] მოლაპარაკებების გახსნის კარებთან“.

ქარტიის ტექსტით, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაახმაურა:

  • ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა,
  • ეს იქნება „სხვანაირი მთავრობა“ - საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული,
  • მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით.

„ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, - „ქართული ქარტიის“ ბოლო წინადადება საქართველოს პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზეც წაიკითხა და განმარტა, რომ არ უნდა დარჩეს „გაურკვეველი საკითხები ან რაღაც სპეკულაციები“.

ქარტიის ტექსტში არ არის მითითებული - როდის უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა მთავრობის შემადგენლობა, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. თუმცა ბოლო კვირებში პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ - უკვე ახლად არჩეულ პარლამენტში სირთულეების დაზღვევის მიზნით, ტექნიკურ მთავრობაზე შეთანხმება არჩევნებამდე იყო საჭირო.

„მე ვთვლი - რადგან ჩემი წარსადგენია - რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს - ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას, პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ცხადია - პოლიტიკური პარტიების კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე“, - თქვა პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

მანამდე, 5 ოქტომბერს, პრეზიდენტმა „TV პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს და შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს. კანდიდატურის გვარი დღემდე არ დასახელებულა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები 7 ოქტომბრიდან დაიწყო. პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, ხოლო იქიდან გამოსულები ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ - რომ კონკრეტული გვარები არ დასახელებულა.

12 ოქტომბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ - ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ვინც ამ საკითხს არ დაეთანხმება, შეუძლია - ქარტიაზე ხელმოწერაც უკან გაიწვიოს.

პრეზიდენტის ქარტია ოპოზიციურ პარტიებს ევროპული იდეის ქოლგის ქვეშ აერთიანებს და, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - ითვალისწინებს სწრაფი რეფორმების გატარებას ათზე მეტი მიმართულებით, რის შემდეგაც, პრეზიდენტის გეგმით, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ქარტიას ხელს აწერს 20-მდე პოლიტიკური პარტია. სულ ბოლოს, 23 სექტემბერს, ქარტიას ხელი მოაწერა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“.

ტექნიკურ მთავრობაზე ლაპარაკს „ფარსს“ უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“. 14 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ნორმალურ მთავრობას“ - რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას, არჩევნების შემდეგ - გამარჯვებული „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს, ხოლო სალომე ზურაბიშვილის გეგმა „ნიშნავს ზუსტად ერთი წლით ქვეყნის გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტს - ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას“.

„ეს არის მათი გეგმა, მათი დავალება, მათი მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, - თქვა კობახიძემ.

ვინ (არ) არის თანახმა?

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქარტიის ყველა პუნქტს უპირობოდ უჭერს მხარს და მათ შორის - ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე დასახელებასაც.

„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან". ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი“, - ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტიის გარშემო შექმნილმა კოალიციამ სპეციალური განცხადება საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა.

ტექნიკური მთავრობის დასახელებას საკუთარ პრინციპებთან შესაბამის გამოსავლად ხედავს „გახარია საქართველოსთვის“.

„ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოში არ იყოს მთავრობა, რომელიც კონტროლდება "ოცნების" მიერ და საქართველოში არ იყოს მთავრობა, რომელიც კონტროლდება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ… ბრძოლები თანამდებობისთვის არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ ვხედავთ სად არის ბრძოლის მთავარი ხაზი, ეს გადის დემოკრატიზაციის დაცვასა და ქვეყნის ევროპაში დაბრუნებაზე“, - განაცხადა გახარიამ 9 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

14 ოქტომბერს, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა იგივე გაიმეორა, თქვა - რომ პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ მიანიშნა, რომ მთავრობის არჩევნებამდე დასახელება რისკებთან არის დაკავშირებული.

„არ უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილება და ისეთ დროს მიღებული, რომ ამან დაბნეულობა გამოიწვიოს პოლიტიკურ პარტიებში, არჩევნებამდე 12 დღე დაგვრჩა, თითოეულ საათს და წუთს ამომრჩევლებთან, არჩევნების დასაცავად უნდა ვატარებდეთ“, - უთხრა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ არასოდეს დაუმალავს, რომ „ქართულ ქარტიას“ ხელი იმ დათქმით მოაწერა, რომ - არ ემხრობა პარლამენტის მხოლოდ ერთი წლით მუშაობას.

ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე დასახელებას ეწინააღმდეგება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ [„ლელოს“ კოალიცია].

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ სრულად ერთგულია „ქართული ქარტიის“ და ის „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან გზამკვლევად მიაჩნია“, ხოლო მეორე მხრივ - მთავრობის ფორმირება კოალიციურ ბაზაზე წარმოუდგენია - „იმ მანდატიდან გამომდინარე, რაც აქვს თითოეულ პოლიტიკურ ძალას“.

„ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" გავა პირველ ადგილზე ამ არჩევნებში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მაგარ კოალიციურ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც პრეზიდენტსაც მოეწონება და ხალხსაც მოეწონება. ეს არის ყველაზე სწორი გზა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. ის განმარტავს, რომ პარტიები ვალდებული არიან ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებები თავად შეასრულონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, „[პრეზიდენტი] მომავალშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, მათ შორის - კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესშიც, რომელიც მრავალპარტიული მთავრობა უნდა იყოს.

„ლელოს“ კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მთავრობის დაკომპლექტების დრო მხოლოდ არჩევნების შემდეგ დადგება, რადგან „არჩევნებამდე მთავარი ამოცანაა "ქართული ოცნების" დამარცხება“ და ეს მიზანი მთელ ყურადღებას მოითხოვს.

„მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხისგან მივიღოთ ნდობის მანდატი. ყველა ძალა, რომელიც ხალხისგან ნდობის მანდატს მივიღებთ, ცხადია, ქარტიის ფარგლებში გავაგრძელებთ დისკუსიას პრემიერობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, - უთხრა 14 ოქტომბერს ჟურნალისტებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ, რომლის თქმითაც, კვლავ გაგრძელდება „მჭიდრო თანამშრომლობა“ პრეზიდენტთან.

თუკი არ გამოდის, „არ ჩავიხარშოთ“

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი უკვე ხედავს, რომ ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე დასახელების იდეა ჩავარდა - რადგან „უმწიფარი პოლიტიკური კლასი“ მიმდინარე პროცესს „მაინც უფრო ხელისუფლებისთვის ბრძოლის პრიზმაში უყურებს“.

უიმედო პროცესის გაგრძელება კი, მისი აზრით - მხოლოდ დამაზიანებელი იქნება და უკეთესი იქნება, რაც უფრო სწრაფად დაესმება წერტილი - „რომ ამაში აღარ ჩავიხარშოთ“.

სხვა მხრივ, გია ხუხაშვილი პრეზიდენტის შეთავაზებას ძალიან საჭიროდ და სასარგებლოდ თვლის.

„რაც უფრო მეტი სიცხადე იქნება და რაც უფრო მაქსიმალურად პერსონალიზებული იქნება ეს პროცესი, ხელს შეუწყობს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გააქტიურებას, იმიტომ, რომ - არც ჩვენი ოპოზიცია არ გამოირჩევა მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტით გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში. ისინი [გადაუწყვეტელი ამომრჩეველი] ფიქრობენ, რომ ესენიც სკამებისთვის იბრძვიან, რომ ვერანაირი კოალიცია ვერ შედგება და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის შეთანხმება [ტექნიკური მთავრობა] სწორი არჩევანის გაკეთების შანსებს გაზრდიდა“, - გვეუბნება გია ხუხაშვილი და ამატებს, რომ მსგავსი შეთანხმება ამომრჩეველს დაანახვებდა ოპოზიციური პარტიების რესურსსაც, რომ - მათ შეუძლიათ შეთანხმება და ასევე - გააადვილებდა მმართველი კოალიციის შეკვრას, არჩევნების შემდეგ [გამარჯვების შემთხვევაში].

გია ხუხაშვილი ისურვებდა, რომ პრემიერობის კანდიდატი, „რომელმაც უნდა წარმართოს ევროპულ გზაზე დაბრუნების პროცესი“ - თავად სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო, „რადგან მას ყველაზე დიდი რესურსი აქვს ამ ეგზისტენციალური ამოცანის გადასაწყვეტად“. პოლიტიკური ძალების ინტერესების გათვალისწინებით კი, კარგი იქნებოდა ზეპარტიულ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დასახელებულიყო „ოთხი ვიცე-პრემიერი, ოთხი სუბიექტის მხრიდან“.

„ეს იქნებოდა კომპრომისული გადაწყვეტილება და მოხსნიდა დაძაბულობას პარტიებში, რომ დარჩებიან ხელისუფლების მიღმა და გაუჭირდებათ ამომრჩევლებისთვის ამის ახსნა… პარტიები რომ ცოტა მოქნილები ყოფილიყვნენ, სალომე [ზურაბიშვილი] ამ ვარიანტსაც დაეთანხმებოდა“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

პრეზიდენტის ინიციატივას ამ დღეებში არცთუ ცოტა მოწინააღმდეგე გამოუჩნდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში. სოციალურ ქსელში წერენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კატეგორიული მოთხოვნის დრო ახლა არ არის, დაპირისპირების რისკებს შეიცავს და ასევე - შესაძლოა არჩევნებისთვის ხალხის მობილიზების პროცესიც დააზიანოს.

14 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს პარტიებისთვის აღარ უპასუხია. პრეზიდენტიც, მთავრობაც და ოპოზიციაც - მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე იმყოფებოდნენ.

იყო კიდევ ერთი წარუმატებელი ინიციატივა

ახლო წარსულში, პრეზიდენტს ჰქონდა კიდევ ერთი ინიციატივა - გაერთიანებულიყო მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდები და მესამე გზის მაძიებელი ამომრჩევლებისთვის ძლიერი მიზიდულობის ცენტრი ჩამოყალიბებულიყო. ამ იდეას ბევრი ანალიტიკოსი უჭერდა მხარს.

პრეზიდენტმა უმასპინძლა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას არაერთ შეხვედრას, მაგრამ - „ლელოს“ პოლიტიკური პლატფორმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“, საბოლოოდ, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, კვლავ ცალ-ცალკე დარჩნენ.

ერთადერთი შედეგი, რაც ამ პროცესმა პოლიტიკურად მწვავედ დაპირისპირებულ მხარეებს მოუტანა, როგორც აცხადებდნენ - სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების დანახვაა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG