Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გრცხვენია, მიშა?!“-დან „ხაზარაძის სომხურ შალახომდე“ - არმენოფობია პოლიტიკურ ინსტრუმენტად


არმენოფობიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - “მანკიერი პოლიტიკური ტრადიციის გაცოცხლება”. საილუსტრაციო ფოტოზე მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე
არმენოფობიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - “მანკიერი პოლიტიკური ტრადიციის გაცოცხლება”. საილუსტრაციო ფოტოზე მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ბინძური არმენოფობიური კამპანია, რომლის მიზანიც მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტიის - დისკრედიტაცია და დაზიანებაა; ამ ვიწრო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად კი მმართველი პარტია სახელმწიფო ინტერესებს ლახავს“.

ასე ხედავენ საქართველოს სომხურ თემშიც და უფლებადამცველთა წრეებშიც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ტელევიზიიდან დაწყებულ კამპანიას მამუკა ხაზარაძის „სომხური წარმომავლობის“ შესახებ.

ამ სტატიაში გავიხსენებთ პოლიტიკური არმენოფობიის მაგალითებს „გრცხვენია მიშადან“ „ხაზარაძის სომხურ შალახომდე“.

არმენოფობიური კამპანია

ყველაფერი 30 სექტემბერს დაიწყო, როდესაც „პოსტივის“ - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ტელეკომპანიის ფეისბუკგვერდმა გამოაქვეყნა 80-წამიანი ვიდეორგოლი: „ხაზარაძის სომხური შალახო“.

ეს ქართულ პოლიტიკაში აუდიოდიპფეიკის გამოყენების პირველი მაგალითია [Deep Fake-ი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რეალისტური ვიდეო- ან აუდიოჩანაწერია, რომელშიც კონკრეტული ადამიანი აკეთებს ან ამბობს იმას, რაც სინამდვილეში არასდროს გაუკეთებია ან უთქვამს].

ვიდეოში მამუკა ხაზარაძის ხმასთან მიმსგავსებული ხმა მღერის გასულ წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ქართულ სიმღერას, „სომხურ შალახოს“. შეცვლილი, ხაზარაძისათვის არცთუ სასიამოვნო ტექსტით:

„სოლოლაკი და აბანოთუბანი,

მე გამოვასახლე სუ ყველა უბანი,

ხალხს ვატყავებდი,

სახლებს ვართმევდი მე“...

მხოლოდ „პოსტივის“ ოფიციალურ გვერდზე ამ ვიდეოს 721 000-ზე მეტი ნახვა, ექვსი ათასი ლაიკი და სამი ათასი „ჰაჰა“ აქვს.

ვიდეომ ბევრი იმოგზაურა ტიკტოკის ანგარიშებზეც და იქაც ბლომად ნახვა დააგროვა.

შემდეგ იყო 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული 40-წამიანი ვიდეო, სადაც „პოსტივის“ რეპორტიორი მამუკა ხაზარაძეს „სომხური წარმომავლობის დამალვაში“ ადანაშაულებს და ეკითხება:

„- რატომ მალავთ თქვენს წარმომავლობას, რომ გვითხრათ?

- რას ვშვრები? რას ნიშნავს ეს, რა კითხვაა?

- ანუ, ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამის აღიარება?

- მაჩვენეთ საბუთი.

- ფაქტები მაქვს… ახლა, თქვენი დაბადების ადგილი და მოწმობა არ მაქვს.

- არა, ახლა უნდა მაჩვენოთ… აბა, ეს ახლა რაში [წერია].

- ანუ, სომხები ხომ ჩვენი მოძმე ერია, საუკეთესო ხალხი, რატომ გრცხვენიათ ამის აღიარება?“

ეს მოკლე საუბარი მოგვიანებით „პოსტივის“ ვრცელ სიუჟეტშიც მოხვდა.

13 ოქტომბერს „პოსტივიმ“ გაავრცელა ჯერ „ქარდი“, შემდეგ სიუჟეტი, სადაც, ტელეკომპანიის მტკიცებით, საუბრობს ვინმე „ასლან მიკრტიჩიანი, ხაზარაძის ერევნელი ნათესავი“, რომელიც თითქოს ამბობს, რომ:

  • „მამუკა იდუმალებით მოცული კაცია. მას სომხურ წარმომავლობაზე ლაპარაკი არ უყვარს“;
  • „მე მამუკას დახმარება ვთხოვე, მაშინ ავად ვიყავი, მან უარი მითხრა, ფული არ მაქვსო“.

იმავე დღეს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ - „ქართული ოცნების“ პარტიული საარჩევნო სიის 104-ე ნომერმა, - თქვა:

„საქართველოს, თბილისის ისტორიაში როგორი მნიშვნელობის როლს ასრულებდნენ ეთნიკური წარმომავლობის სომხები, შენ, ამ დროს, ხარ მათი წარმომადგენელი და რა მიზეზი, საბაბი უნდა არსებობდეს, რომ ეს უარყო, არ ვიცი“.

მიზანი: „გაშავება“ „ეთნიკური კუთვნილების“ გამო

„მთელს ამ კამპანიაში მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მამუკა ხაზარაძის საბანკო საქმიანობა, - რის გამოც ვიღაცებმა სარგებელი ნახეს და ვიღაცებმა იზარალეს, - დაუკავშირონ ხაზარაძის ვითომ ეთნიკურ იდენტობას, რათა შეიქმნას სახე, რომ „სომეხმა გაძარცვა ქართველები“. აი, ეს მიზანი აქვს ამ ყველაფერს“.

ასე ფიქრობს გიორგი ტუმასიანი, საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის ხელმძღვანელი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ ყველაზე საგანგაშო ამ ამბავში ისაა, რომ „ხელისუფლება საარჩევნო კამპანიაში თავად იყენებს ეთნიკურ ნიადაგზე სპეკულაციებს, - ამ შემთხვევაში ღიად იყენებს ცრუ და არმენოფობიურ ნარატივს“.

გიორგი ტუმასიანი, საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის ხელმძღვანელი
გიორგი ტუმასიანი, საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის ხელმძღვანელი

„პოსტივის“ საკონტროლო პაკეტს, 52%-ს 2022 წლის ოქტომბრიდან ფლობს პარლამენტარი, უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე.

ის „ოცნების“ განაყოფი პარტიის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. „პოსტივი“ დეკლარირებულად არის „ხალხის ძალის“ - „ოცნების“ უმრავლესობის შემადგენელი პარტიის - მედიაპლატფორმა.

„პოსტივი“ ხაზარაძის ვიდეოს აღწერაში ხაზს უსვამს, რომ სომხები არიან იმ „ერის წარმომადგენლები, რომელთანაც ქართველებს მრავალსაუკუნოვანი ძმობა და ისტორია აკავშირებს, ხოლო თბილისელი სომხები ქალაქის განსაკუთრებულ კოლორიტს წარმოადგენენ“.

„მშრალად რომ წაიკითხო, შეიძლება არ დაგრჩეს შთაბეჭდილება, არმენოფობიურიაო, - მაგრამ კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ“, - ფიქრობს გიორგი ტუმასიანი და გვეუბნება:

„რა უნდათ ახლა ამით დაგვაჯერონ? რომ, დავუშვათ და ხაზარაძის სომხური წარმომავლობა გამოვლინდეს, ამით პოზიტიურ იმიჯს უქმნიან ან სომხებს, ან მამუკა ხაზარაძეს?“

იმავე აზრზეა ბექა მინდიაშვილი, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) დამფუძნებელი:

„ეს ფორმა, რა ფორმითაც გაუშვეს ეთერში, მოიფიქრეს ვითომ იმისთვის, რომ გვერდი აევლოთ პირდაპირი არმენოფობიური თავდასხმისგან და ეს ფორმა შეიმუშავეს“, - ამბობს ის.

ბექა მინდიაშვილი, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი
ბექა მინდიაშვილი, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი

თუმცა, ამ დათქმის მიუხედავად, სიუჟეტიც და მთელი კამპანიაც არმენოფობიის საბურველშია გახვეული:

„სამწუხაროდ, არმენოფობია არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და ამის საფუძველზე ხდება მანიპულაცია და დისკრედიტაციის მცდელობა“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

გიორგი ტუმასიანის აზრით, ამ კამპანიის მიზანი ასეთია: „ფიქრობენ, რომ ვიღაცამ შეიძლება გადაიფიქროს ხაზარაძისთვის ხმის მიცემა მისი - ბრჭყალებში - „ეთნიკური წარმომავლობის“ გამო. მიზანი მისი დისკრედიტაციაა, რათა ამომრჩეველმა გაითვალისწინოს ეს „ფაქტორი“ და ხმა არ მისცეს პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ქართული ოცნების“ კონკურენტია, და რომელიც ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მაქსიმალურად შორს არის“.

არმენოფობია - პოლიტიკური ინსტრუმენტი

„ის, რაც ახლა ვნახეთ, არის ბოლო პერიოდში მინავლებული ძალიან ცუდი პოლიტიკური ტრადიციის გაცოცხლება“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი და იხსენებს წლების წინ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არმენოფობიის ნიადაგზე აგორებულ კამპანიებს.

„თავის დროზე ზურაბ ჟვანიას მიმართ იყენებდნენ მადისკრედიტირებელ გამონათქვამებს, რომ სომხური წარმომავლობა აქვს, ასევე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე, მთლიანად „ნაციონალების“ მიმართ - მაგალითად, „გნაცებს“ უწოდებდნენ“, - იხსენებს მინდიაშვილი.

2004 წლის ივნისში, - როდესაც მაშინდელი პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს ნდობას უცხადებდა, - ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მთავრობის წევრებს მოსთხოვა განმარტება მათი და მათი მშობლების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ. ჟვანიამ ასე უპასუხა:

„თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი დამოკიდებულება იმ ფაქტისადმი, რომ დედაჩემი წარმოშობით არის სომეხი, მე ამაზე ყოველთვის ვისაუბრებ სიამაყით და ყოველთვის შემრცხვება იმის გამო, რომ ქართულ პარლამენტში შესაძლებელი გახდა ასეთი შეკითხვის დასმა“.

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობისას, ჩვეულ კრიტიკასთან ერთად, ხშირად იყო ისეთი თავდასხმების ობიექტი, რომელსაც არმენოფობიური განწყობები ედო საფუძვლად.

„მიშას სომხურ წარმომავლობაზე“ - ასეთი სათაურის ვიდეორგოლი გამოჩნდა 2012 წელს იუტუბის ერთ-ერთ არხზე, რომელსაც „GeorgianDream“ ერქვა.

ვიდეოში გამოყენებული იყო ნაწყვეტი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც ის ამბობს, რომ მისთვის „დიდი პატივი იქნებოდა ყოფილიყო სომხური წარმომავლობის“. ვიდეო მთავრდებოდა ტიტრებით: „მიშა, შენ სომეხი ხარ. ნუ მალავ სიმართლეს!“ [პარტია „ქართულმა ოცნებამ“ იუტუბარხთან კავშირი უარყო]

ისტორიკოსი, პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, როდესაც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში იყო, აცხადებდა:

„მე მყავს ქვეყანაში პირველი პირი, რომელიც მალავს თავის წარმომავლობას... მიშა, გრცხვენია? გრცხვენია ამის? რატომ გრცხვენია?“

ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში არმენოფობიური ეპითეტები ეფუძნებოდა იმ სტერეოტიპებს, რაც მედიაში იყო გავრცელებული 1990-იან და 2000-იან წლებში.

„ბოლო პერიოდშიც იყო ასეთი ტიპის შემთხვევები, სიძულვილის ენის შემცველი შემთხვევები, მაგრამ სოციალურ ქსელებში. კონკრეტული პოლიტიკოსის წინააღმდეგ მედიაში ეს პირველი შემთხვევაა წლების განმავლობაში, - ყოველ შემთხვევაში, მე სხვა არ მახსენდება, - და ეფუძნება არმენოფობიის ბინძური პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას“, - ამბობს ის.

სახალხო დამცველის შეფასება - რატომ იყო „ნაკლული“?

ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

„მიუხედავად იმისა რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მოქალაქე, რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ“, - დაწერა იოსელიანმა 11 ოქტომბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სახალხო დამცველის მშრალი, არაფრის მთქმელი განცხადება“, - ამბობს გიორგი ტუმასიანი.

„იქ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ეს კამპანია არმენოფობიას უკავშირდება, რომ ეს კამპანია ჩაგრავს არათუ ხაზარაძეს, არამედ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებს, მათ აყენებს შეურაცხყოფას“, - ამბობს ის და ომბუდსმენის კრიტიკის მთავარ საფუძვლად ეს მიაჩნია:

„ის არ ასახელებს კონკრეტულ პრობლემას, საკითხს და პირველ რიგში ადრესატს - რომ ხელისუფლება ავრცელებს. ეს არ არის რაიმე კერძო შემთხვევა. მას უნდა ეთქვა, ეს არის პირდაპირ ხელისუფლებისგან წახალისებული სიძულვილის კამპანია. სახალხო დამცველი გაცილებით უფრო მკაცრად უნდა რეაგირებდეს“.

საჩივარი ქარტიაში

„პოსტივის“ სიუჟეტის გამო 11 ოქტომბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“.

მოძრაობა იმ მოკლე ვიდეოს განხილვას ითხოვს, სადაც ჟურნალისტი ხაზარაძეს ეკითხება - „რატომ მალავთ თქვენს წარმომავლობას?“

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს რგოლი დისკრიმინაციულია, იმდენად რამდენადაც ეფუძნება საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ (მოცემულ შემთხვევაში არმენოფობიულ) დამოკიდებულებას, რომელსაც არჩევნებში მონაწილე მხარეები, მათ შორის მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მეშვეობით, ხშირად წინასაარჩევნო მანიპულაციისა და პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით მიმართავენ.

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოსაზრებით, სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი, რომლის თანახმადაც „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“...

ფორუმი

XS
SM
MD
LG