თელავის ცენტრიდან 8 წუთის სავალზე, გომბორისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ვარდისუბანთან, მოშორებით დასახლებიდან, ნახევრად აშენებული შატოს გვერდით, სცენისთვის შემაღლებას აწყობენ.
უკვე აწყვია 80-მდე სკამი, ღია კარავში სტუდიაა მოწყობილი. ნახევარ საათში კოალიცია „ცვლილებისთვის“ ხალხთან შეხვედრას იწყებს. საარჩევნო კამპანიას სამი კამერით იღებენ.
„ეს ადგილი მისი განსაკუთრებული სილამაზის გამო ავარჩიეთ, სხვა დატვირთვა არ აქვს. უმეტესად პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან, შტაბის წევრებიც, [სხვა] დაინტერესებულებსაც შეუძლიათ შემოგვიერთდნენ”, - გვეუბნება მარიამ შუშანია, კოალიციის წევრი.
ხალხმა შეკრება საღამოს 6 საათიდან დაიწყო. მათი ნაწილი საკუთარი ავტომობილით მოვიდა, ნაწილი თელავიდან მარშრუტკებით ჩამოიყვანეს. ახალგაზრდებს დროშები უჭირავთ და სარეკლამო მაისურები აცვიათ, საარჩევნო ნომრით „4“. ხანშიშესულებსაც საგანგებოდ აცვიათ, ყველა გაფრთხილებულია, რომ ამ შეხვედრას „მთავარი არხი“ პირდაპირ ეთერში აჩვენებს.
„პარტიის მაისურები ვისაც გაცვიათ და დროშები გიკავიათ, წინა რიგებში უნდა გადმოხვიდეთ“, - მიმართავს მარიამი ახალმოსულებს და წინა რიგების დაკავებაში ეხმარება. ეთერამდე სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი.
პარტია „ახალი“, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დააფუძნეს. მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიამ შექმნა „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელშიც გაერთიანდნენ ელენე ხოშტარიას „დროა“, ზურა გირჩი ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ცალკეული პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
ლიდერებიდან კახეთში ამჯერად მხოლოდ ნიკა მელიაა. ნიკა გვარამია იმერეთშია, ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ში ხვდება ემიგრანტებს, ელენე ხოშტარია კი სხვა საქმეებს აგვარებს, - გვეუბნება ნიკა მელია და როგორც კი ანიშნებენ, სცენაზე ადის.
„არიან ადამიანები, რომლებსაც წარუმატებლობის ისტორია არ აქვთ. [მათგან განსხვავებით] 18-19 წლისები ბევრად მოტივირებულები არიან და ბევრად სჯერათ, ვიდრე ხალხის იმ ნაწილს, ვისაც წარუმატებლობა განუცდია, ბევრჯერ წააგო არჩევნები და ჰგონია, რომ ახლაც წააგებს. რწმენა, სულისკვეთება იგებს … ასეთი მართლები არასდროს ვყოფილვართ“, - მიმართავს ნიკა მელია აუდიტორიას. მისი მთავარი ამოცანა სწორედ ესაა - დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ „ცვლილებები” შესაძლებელია.
„ნიკა რომ მიყვარს, ამიტომ მოვედი”, - გვეუბნება თელაველი ეთერ ჯამალაშვილი, ის თელავის შტაბის ხელმძღვანელის ლექსო ძულიაშვილის დედაა. ცხადია, მანამდეც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგი იყო, მაგრამ გორში 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის სიტყვამ განსაკუთრებით აღაშფოთა.
„როგორ შეიძლება ამის პატიება? ჩვენ გავჟლიტეთ თურმე ოსები და ბოდიში უნდა მოვუხადოთ… მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი, ვერაფრით მოვხუჭე თვალი, როგორ შეიძლება, ნორმალურმა ქართველმა ეს აიტანოს“, - გვეუბნება ეთერ ჯამალაშვილი.
მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს უთხრა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელია საარჩევნო პროგრამაზე არ საუბრობს და არც დაპირებებს გასცემს. ის გვეუბნება, რომ კოალიცია პროგრამის პრეზენტაციას მალე გამართავს, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი გამარჯვების რწმენაა. „ახლა რწმენის ნაკლებობაა, ბევრს ამ ქვეყანაში დამარცხებულის ფსიქოლოგია აქვს“.
ახლა რწმენის ნაკლებობაა, ბევრს ამ ქვეყანაში დამარცხებულის ფსიქოლოგია აქვს.ნიკა მელია, კოალიცია „ცვლილებისთვის“
71 წლის გურამ კობიაშვილი შეხვედრაზე შვილთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა. ოჯახი ვარდისუბანში ცხოვრობს და ნიკა მელიასთან შესახვედრად მამა-შვილი ერთად ჩამოვიდნენ.
„მე მაგ ["ქართული ოცნების" - რ.თ.] მთავრობისგან სარგებელი არაფერი მაქვს, პირადად და სოფელსაც, ჩემს ქუჩაზე რომ მოხვიდეთ, ფეხი მოგტყდებათ, ისეთი გზაა, რიყე პირდაპირ, წყალი მოვარდება და სულ ანგრევს“, - ამბობს გურამ კობიაშვილი.
მისი ქალიშვილი ემიგრანტია, თუმცა 26 ოქტომბრისთვის საქართველოში იქნება, ნიკა მელიას ისიც ესალმება და ეუბნება, რომ საბერძნეთში გასამგზავრებელი ბილეთი დააბრუნა, არჩევნებამდე არსად წასვლას აღარ აპირებს:
„აღარ მინდა ემიგრანტობა... დაბრუნება მინდა, "ქართულმა ოცნებამ" კი ჩემი ოპოზიციური შეხედულებების გამო უკვე დამსაჯა, ჩემმა სოფლელებმა დამსაჯეს. ჩემს ქუჩაზე ლამპიონები დაამონტაჟეს და მე გამომტოვეს, პირდაპირ მითხრეს, რომ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდებოდა“.
ყველა, ვისაც ნიკა მელია ესალმება და ხელს ართმევს, მისი ამომრჩეველია, თავს კომფორტულად გრძნობს გარემოში, სადაც თანამოაზრეები ახვევია გარს, მაგრამ როგორ გრძნობს ის თავს იმ ხალხთან, რომლებსაც არ მოსწონთ?:
„ხელისუფლების მხარდამჭერებს ორ რამეს ვეუბნები - პირველ რიგში, ერთიანი მოაშორონ ოთხს და ისე მისცენ ხმა, ვცდილობ ავუხსნა, რომ ცვლილების გარეშე პროგრესი ვერ დადგება, პურის საცხობშიც კი 12 წელი არაფერი რომ არ შეცვალო, ყველაფერი დაჭაობდება და სახელმწიფოში ხო გაცილებით მძიმედაა საქმე”, - გვეუბნება მელია და ამატებს, რომ სინამდვილეში დროის 95%-ს დაუგეგმავ შეხვედრებზე ხარჯავს.
ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილთან დამარცხების შემდეგ, დაახლოებით ერთ წელიწადში - 2023 წლის 7 დეკემბერს - დატოვა. მან მაშინვე თქვა, რომ ახალი პარტიის შექმნას აპირებდა.
დღეს უკვე პარტია „ახალის“ დამფუძნებელი და კოალიციის „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია თელავში რამდენიმე დღით დარჩა, თელავის შტაბის წევრებს შეხვდა და "კარდაკარიც" ჩაატარა. მეუბნება, რომ ასეთ შეხვედრებზე უმეტესად მარტო, ჟურნალისტების გარეშე დადის, ასე ამომრჩეველი უფრო გულწრფელად მელაპარაკებაო.
კოალიციის პირველ ყრილობას, სადაც უკვე ყველა ლიდერი ერთად იკრიბება, რუსთავის ავტოდრომზე პირველ ოქტომბერს მართავენ. ამომრჩეველი შეხვედრაზე თბილისიდან და რეგიონებიდან ჩამოდის. ავტომობილების საცობის გამო უმრავლესობა დაახლოებით ერთ კილომეტრს, პარკინგიდან ავტოდრომამდე ფეხით გადის. ეს გზა მეც მათთან ერთად გავიარე და რამდენიმეს გამოველაპარაკე კიდეც.
საზოგადოება დაღლილია, დათრგუნულია დაპირისპირებისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავსელენე ხოშტარია, კოალიცია „ცვლილებისთვის“
„ამ ხალხში [იგულისხმება კოალიცია - რ.თ.] მეტ პატიოსნებას ვხედავ და, რაც მთავარია, პატრიოტიზმს. ეს ჩემთვის ამაღელვებელი გრძნობაა, რომელსაც თან ვატარებ. ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და გადამწყვეტი ჩვენი ერისთვის და სამშობლოსთვის, მზეს ან ჩრდილეთიდან ვიხილავთ, ან დასავლეთიდან”, - მეუბნება 75 წლის მამუკა ხუხია და სკამებით სავსე დიდ მოედანზე, რომელსაც ძლიერად ანათებენ, თავისუფალ ადგილს იკავებს.
ყრილობა უფრო მასშტაბურია, ვიდრე პომპეზური. სცენა ისე საგულდაგულოდაა მოწყობილი, რომ ხვდები - ორგანიზატორებმა ბევრი იფიქრეს, როგორ უნდა გამოჩნდეს ეკრანებზე. სცენის მარჯვნივ და მარცხნივ იარუსებზე მხოლოდ ახალგაზრდები სხედან, საარჩევნო მაისურები აცვიათ, ხელში პატარა დროშები უჭირავთ. ტაშით, ოვაციებით და შეძახილებით - საზეიმო განწყობას ქმნიან.
ტაში ლიდერების გამოცხადებისას უნდა დაუკრან. შეძახილზე: „ჩვენი ნომერია ოთხი“, სიტყვა - „ოთხი“ ხმამაღლა უნდა დაიყვირონ და ოთხი თითიც უნდა აჩვენონ. ყრილობის, ანუ ტელევიზიაში პირდაპირი ეთერის დასრულებამდე სკამიდან ადგომა არ შეიძლება.
„რუსთავი არის უდიდესი პოტენციალის ქალაქი, სადაც უამრავი სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლება და ამიტომ შეირჩა რუსთავი. რამოდენიმე ათასი ადამიანი ესწრება, არ ვიქნები სუბიექტური, ობიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მასშტაბური შეკრებაა“, - ასე ამიხნა ყრილობისთვის რუსთავზე არჩევანის შეჩერების მიზეზები გიორგი პატარაიამ. ის კოალიციის საარჩევნო კამპანიების ორგანიზატორია.
კოალიციის ყრილობას პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "მთავარი" გადასცემს. ამ არხის დამფუძნებელია ნიკა გვარამია, სადაც გენერალური დირექტორი იყო 2024 წლის 28 დეკემბრამდე - იქამდე, სანამ პოლიტიკაში წასვლის მიზეზით წილებსაც დათმობდა და დირექტორის თანამდებობასაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს 2007 წელს ნიკა გვარამია გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2008 წელს 9 თვის განმავლობაში იუსტიციის მინისტრი იყო, შემდეგი ერთი წელი - განათლების მინისტრი. 2012 წლიდან შვიდი წელი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ხელმძღვანელობდა. 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი-2“-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ გვარამია არხის გენერალური დირექტორობიდან გათავისუფლდა. "რუსთავი 2"-დან წამოსვლის შემდეგ ამ ტელევიზიის სხვა თანამშრომლებთან ერთად დააფუძნა ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ნიკა გვარამია სატელევიზიო საქმიანობის პარალელურად იყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს „რუსთავი-2“-ის დირექტორობის დროს „ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის“ ბრალდებით. ერთ წელიწადში ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
ყრილობაზე კოალიციამ საპარლამენტო ოცეული წარადგინა. სიის პირველი ნომერი პოლიტიკოსი არ არის, საჯარო მოხელეა - ნანა მალაშხია, 2023 წლის მარტის პროდასავლური დემონსტრაციების სიმბოლოდ ქცეული „ქალი ევროკავშირის დროშით“. ნიკა გვარამიამ პარტიულ სიაში ყოფნაზე უარი თქვა.
„ჩვენს ხალხს სჭირდება ცვლილება, ჩვენს ხალხს სჭირდება ცვლილება, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში, პირადი მაგალითით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ნიკა გვარამია გადის გვერდზე და ადგილს უთმობს ევროპას, ბრძოლას, წარმატებას და, რაც მთავარია, საჯარო მოხელეს ნანა მალაშხიას”, - წარადგინა ნიკა მელიამ ჯერ სიის პირველი ნომერი, შემდეგ კი სიის დარჩენილი ოცეული.
ნანა მალაშხია თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. თანამდებობა პირველ ოქტომბერს დატოვა - "ასე ურჩევნია, როგორც საარჩევნო კამპანიაში ჩართულს".
"მრავალი წელია, მე ვარ საჯარო მოხელე. ჩემი და ათასობით საჯარო მოხელის სამუშაო მეტწილად უხილავია. ჩვენ არ ვქმნით საინფორმაციოების ახალი ამბების სათაურებს, ვშრომობთ ჩუმად, ვემსახურებით ქვეყანას, რომელიც ძალიან გვიყვარს. ალბათ ამიტომაც, სწორედ აქ დგომა და კოალიციის ლიდერობა მარტივი გადაწყვეტილება არ იყო ჩემთვის, თუმცა გამოვუხმე ჩემს ძალებს და მტკიცედ მჯერა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა", - ის ერთადერთი იყო, ვინც საპარლამენტო ოცეულიდან სცენაზე სიტყვით გამოვიდა.
„ყველაზე ახალგაზრდული შეკრებაა, რაც კი მინახავსო“, - მითხრა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ, რომელიც კოალიციას არა პარტიის სახელით, არამედ ინდივიდუალურად შეუერთდა.
საპარლამენტო სიაც, შეიძლება ითქვას, ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებით უფრო ახალგაზრდულია. ოცეულში არიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები: ცოტნე კობერიძე, თენგო თევზაძე, ბორის ჩელე ყურუა, ოქტაი ქაზუმოვი, ანა გოგოლაძე, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, გიგა ლემონჯავა და სხვები.
საზოგადოება დაღლილია, დათრგუნულია დაპირისპირებისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავსელენე ხოშტარია, კოალიცია „ცვლილებისთვის“
„სია იყო პრინციპებით შექმნილი და არა ვინ ვის მოუგებს ვაჭრობაში. ჩემთვის და ცალკე აღებული "დროასთვის" პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ გიგა ლემონჯავა, შემდგარი ახალი პოლიტიკოსი, ჩემგან გაცილებით წინ ყოფილიყო”, - გვითხრა ელენე ხოშტარიამ, რომელიც სიაში მე-16 ნომერია და დაამატა:
„მთავარი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, არის ცვლილება, საზოგადოება დაღლილია, დათრგუნულია დაპირისპირებისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს. საზოგადოებას უნდა ევროკავშირი, რომელიც სახელმწიფოებრივი ფუნდამენტია“.
ელენე ხოშტარია - 2007-2012 წლებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით, 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას „ევროპული საქართველოდან“. ამავე პარტიის კანდიდატი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში. 2020 წლის დეკემბერში დატოვა „ევროპული საქართველო“ და სამ თვეში ხოშტარიამ პოლიტიკური „დროა“ დააფუძნა. 2022 წელს ელენე ხოშტარიას შეუწყვიტეს სადეპუტატო უფლებამოსილება არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის გამო.
კოალიციის „ცვლილებისთვის“ სიის მეორე ნომერი ნიკა მელიაა, რომელსაც მესამე ნომრად მოჰყვება ზურა გირჩი ჯაფარიძე.
ამ არჩევნებზე განსაკუთრებით მაღალია „ფსონები“ ზურა ჯაფარიძისთვის. მას შემდეგ, რაც მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებთან ათობით ფოტო და სელფი გადაიღო, რომელიც კოალიციის ფეისბუკზეც აიტვირთა, ჩვენს კითხვას უპასუხა: რა არის ყველაზე დიდი სირთულე ამ არჩევნებზე?
„ამ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში რუსეთი კარგავს გავლენას არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად რეგიონზე, კარგავს გავლენას შავ ზღვაზე, მონოპოლიას სახმელეთო დერეფანზე აზიიდან ევროკავშირისკენ და პლუს რამდენიმე წელიწადში მიიღებს საზღვართან რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირის წარმატებული წევრები არიან, ამიტომაა ფსონები მაღალი.
ჩვენ შეგვიძლია 5 წელში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს”, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ზურა ჯაფარიძემ პოლიტიკური კარიერა 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობაში" დაიწყო. იყო დეპუტატი, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი და ენმ-ის დატოვებამდე პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2016 წელს დააფუძნა პარტია "გირჩი", 2018 წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც პირველ ტურში დამარცხდა. მონაწილეობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მემარჯვენე ლიბერტარიანელია და პროდასავლური ხედვები აქვს. მისი საარჩევნო კამპანიები ხშირად პროვოკაციულია. მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯაფარიძემ საარჩევნო ბანერი პორნოსაიტ Pornhub-ზე განათავსა.
ყრილობაზე მოსულთა ნაწილი, ერთი მხრივ, მხარს უჭერს კოალიციას, მეორე მხრივ კი, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმატებაც გაუხარდება. მათ კოალიციური მმართველობა სურთ, ისეთი, სადაც არ გაიყიდებიან, არ უღალატებენ და კორუფციაზე უარს იტყვიან.
ასევე ნახეთ:
- „ერეკლე მეფის მედროშეები ვართ“, - „ქართული ოცნება“ თელავში;
- „რინა მარგალურ ნინას“ - „ენმ“ ზუგდიდელებს ხვდება;
- „სახლში ხომ ხართ კარგად?” - ნათელაშვილი გლდანის ბაზარში.
შემდეგი რეპორტაჟი პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ შესახებ იქნება, რომელიც 5 ოქტომბერს მცხეთაში ჩავიდა.