Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიწვევს თუ არა ელექტრონული არჩევნები რიგებს?


საპარლამენტო არჩევნები 2016 წელი
საპარლამენტო არჩევნები 2016 წელი

26 ოქტომბრის არჩევნებზე ბევრი რამ ხდება პირველად. გარდა იმისა, რომ არჩევნები ელექტრონულია, ის ჩატარდება გამსხვილებულ უბნებზე, სადაც ათასობით ამომრჩეველი შეიძლება იყოს რეგისტრირებული.

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 3000-ზე მეტი უბანი გაიხსნება, საიდანაც 2200-ზე მეტ უბანზე კენჭისყრა ელექტრონული წესით ჩატარდება. თითოეულ უბანზე მაქსიმუმ 3 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. დიდ უბნებზე 5 კაბინა (ერთი კაბინა 700 ადამიანზე) და 5 რეგისტრაციის აპარატი იდგმება, საარჩევნო ყუთი - მინიმუმ 2.

ელექტრონული არჩევნები მოსახლეობის უმეტესობისთვის სიახლეა. მართალია, ცესკო მუდმივად ატარებს ტრენინგებს, მაგრამ ძალიან ბევრს სიტუაციაში გარკვევა უშუალოდ ადგილზე მოუწევს, რამაც შესაძლოა ხმის მიცემის პროცესი შეანელოს.

უბანი დილის 8 საათზე იხსნება და საღამოს 8 საათზე იხურება, ანუ ხმის მისაცემად 12 საათია. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში არჩევნებზე ამომრჩეველთა საშუალოდ 60% მიდის, მაგალითად, 2016 წელს 52% მივიდა, 1992 წელს - 74%.

ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე დიდ უბნებს 1800- მდე ადამიანი მიაკითხავს. აქ საქმეს მნიშვნელოვნად აადვილებს ის, რომ უბანზე 5 რეგისტრაციის აპარატი დგას და 5 ადამიანის ერთდროულად მიღებაა შესაძლებელი.

რა ხდება რეგისტრატორის მაგიდასთან?

  • რეგისტრატორი ამოწმებს პირადობის მოწმობას ან პასპორტს (გაატარებს აპარატში). ამობეჭდავს ქვითარს, რომელზეც ამომრჩეველმა ხელი უნდა მოაწეროს. ხელმოწერილ ქვითარს რეგისტრატორი გაუმჭვირვალე ყუთში აგდებს.
  • აკეთებს მარკირებას.
  • იძლევა ბიულეტენს, რომლის ზედა ნაწილი საცდელად გამოიყენება. რეგისტრატორი მოქალაქეს უხსნის, როგორ უნდა გააფერადოს სუბიექტი.
  • გაფერადების შემდეგ აძლევს იმავე ბიულეტენს და ბიულეტენის ჩასადებს.

ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის კაბინისკენ და მაგიდასთან მის ადგილს სხვა იკავებს.

ამ პროცედურას დაახლოებით 2 წუთი სჭირდება, შესაბამისად, ყოველ 2 წუთში 5 რეგისტრატორთან 5 ახალი ადამიანი მიდის. ამ ანგარიშით, 1800 ადამიანს ხმის მისაცემად სწორედ 720 წუთი ანუ 12 საათი დასჭირდება.

თუმცა, პრობლემურია დილისა და საღამოს საათები, რადგან ამომრჩევლები ხშირად სწორედ დილაუთენია მიდიან უბანზე ხმის მისაცემად. იგივე ხდება საღამოსაც.

„შესაძლოა ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობდეს, მაგრამ მაღალი აქტივობა იყოს და ამის გამო იდგეს რიგი. ამ შემთხვევაში ეს ძალიან კარგია. მეორე მხრივ, რიგი ისეთი არ უნდა იყოს, ამომრჩეველი დაიღალოს და გაბრუნდეს.

უბანი საღამოს 8 საათზე იხურება, მაგრამ ამ დროისთვის ვინც რიგში დგას, ისინი ხმის მიცემას მაინც შეძლებენ“, - ამბობს გიორგი მონიავა, „სამართლიანი არჩევნების“ ექსპერტი.

ცესკოს მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს, ელექტრონული ტექნოლოგიების მოსახლეობისთვის გასაცნობად 1700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, ინფორმაცია მიიღო 150 000-მდე ამომრჩეველმა. ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდა 2024 წელს.

ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია ბმული, რომლის მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში: https://game.cec.gov.ge

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG