Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტრონული არჩევნები დაცულია?


2024 წელს მოსახლეობის 90 პროცენტი ხმას ელექტრონულად მისცემს.
2024 წელს მოსახლეობის 90 პროცენტი ხმას ელექტრონულად მისცემს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ეს ფორმა უფრო დაცულად მიიჩნევა, მაინც რჩება საფრთხეები?

„აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ საზოგადოება განსაკუთრებით ელის 26 ოქტომბერს, როდესაც მოსახლეობა ახალ პარლამენტს აირჩევს. დარჩება „ქართული ოცნება“ მმართველ ძალად თუ ხელისუფლებაში მასთან ერთად სხვა პარტიებიც მოვლენ, სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული.

წელს უბანზე ამომრჩეველს მაგიდაზე დაწყობილი სიებისა და ყუთის ნაცვლად დახვდება კომპიუტერი, საიდანაც მის მონაცემებს ამოიღებენ და აპარატი, სადაც გაფერადებულ ბიულეტენს შეაცურებს.

აპარატში ჩავარდნილი ბიულეტენი ვის ეკუთვნის, ამის გაგება შეუძლებელია. დღის ბოლოს იგივე აპარატი აჯამებს მონაცემებს: რამდენი ადამიანი მოვიდა, რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო და რამდენი ბიულეტენი გაბათილდა.

გადამოწმების მიზნით ბიულეტენებს ხელითაც ითვლიან. საბოოლოდ, სწორედ ხელით დათვლის შედეგად მიღებული მონაცემები ითვლება რეალურად.

ხმისმთვლელი აპარატები ინტერნეტთან დაკავშირებული არაა, მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგ გადასცემენ მონაცემებს პლანშეტით.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების ლოგისტიკის კოორდინატორი გიორგი აბულაძე ამბობს, რომ ტრადიციული არჩევნებისგან განსხვავებით, ელექტრონულ არჩევნებს გაყალბების რამე დამატებითი რისკი არ აქვს. მისი თქმით, საფრთხეები იგივე რჩება, მაგალითად: კარუსელი, მკვდარი სულები... და ყველაზე მთავარი - ფსიქოლოგიური ზეწოლა ამომრჩეველზე.

აპარატმა დაიწრიპინა - ეს რას ნიშნავს?

ეს ნიშნავს, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც უნდა იყოს. მაგალითად, უბანზე ერთი და იგივე ამომრჩეველი ორჯერ გამოცხადდა, ან ისეთი ვინმე მივიდა, ვინც ამ უბანზე რეგისტრირებული არ არის.

თუ ამომრჩეველი რამდენიმე უბნის სიაშია ჩაწერილი, აპარატი ამასაც მიხვდება?

ვერ მიხვდება, მაგრამ ცესკო ამბობს, რომ სიებში ამომრჩევლის დუბლირება გამორიცხულია, ამის დასტურად კი აღნიშნავენ, რომ აპარატებში ჩატვირთულ სიებს აუდიტი ჩაუტარდა.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აპარატურას აუდიტი კიდევ ჩაუტარდეს, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც. ასე მოხდა, მაგალითად, სომხეთშიც. აუდიტორ კომპანიას ცესკო ტენდერით არჩევს. ბოლო აუდიტი ვინც ჩაატარა, ის კომპანია ძალიან დიდი სანდოობით სარგებლობს, ამერიკაშიც ატარებს არჩევნების აუდიტს. კომპანიის განცხადებით, ეს ტექნოლოგიები გამორიცხავს მანიპულაციის საშუალებას, მათ შორის სიების დუბლირებას“, - ამბობს გიორგი აბულაძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“.

მარკირება რჩება?

მარკირება არათუ რჩება, ამჯერად გადასატანი ყუთით ვისთანაც მივლენ, იმათაც ეხებათ. გადასატანი ყუთებით მიტანილ ბიულეტენებსაც საბოლოოდ ხმის დამთვლელ აპარატში მოათავსებენ.

რა ვქნათ თუ გაფერადებული ბიულეტენის ფოტოს გადღებას გვთხოვენ?

არ უნდა გადაიღოთ. ფოტო და ვიდეო გადაღება ხმის მისაცემ კაბინაში კანონით აკრძალულია. და თუ ვინმემ შეგნიშნათ რომ იღებთ, აუცილებლად შენიშვნას მოგცემთ.

არ დაგავიწყდეთ თქვენი უფლებები:

  • ზეწოლა დანაშაულია და თუ ვინმე რამეს გაძალებთ, შეგიძლიათ პირდაპირ პოლიციაში დარეკოთ;
  • ვის რას დაპირდებით არჩვნებამდე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვერავინ გაარკვეს საარჩევნო ყუთტან მისული ხმას ვის მისცემთ;
  • ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება უკვე გაფერადებული ბიულეტენიც კი გამოცვალოთ.

რატომ ამბობენ ბიულეტენი გააფერადეთ და არ შემოხაზოთო?

იმიტომ, რომ ბიულეტენის მონიშვნის წესი შეიცვალა. ელექტორნული ხმის მიცემის დროს შემოხაზვა აღარ შეიძლება - უნდა გააფერადოთ. შემოხაზული ბიულეტენები გაფუჭდება.

რომელია ყველაზე სარისკო პერიოდი?

არჩევნები სამ ეტაპად იყოფა, წინასაარჩევნო პერიოდი, უშუალოდ არჩევნების დღე და შემდეგ. „სამართლიანი არჩვნების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ დარღვევები შესაძლოა წინასაარჩევნო პერიოდშიც იყოს ან არჩევნების შემდეგაც, დავების განხილვისას. წინასაარჩევნოდ მოსალოდნელია ზეწოლა საჯარო მოხელეებზე ან იმ ადამიანებზე, ვინც სოციალურ დახმარებას იღებენ.

„თავისუფალი არჩევნები იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მივიდეს არჩევნებზე თუ არა, ხშირად ვხედავთ, რომ მათ ურეკავენ, მოჰყავთ, აღრიცხავენ, უბანზე კრიმინალური სამყაროს, „ძველი ბიჭები“ იყრიან ხოლმე თავს“, - ჰყვება ნინო დოლიძე.

ექსპერტები ამბობენ, რომ ყველა შემთხევაში მთავარია, ამომრჩეველმა იცოდეს თავისი უფლებები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი სწორედ ინფორმირებული ამომრჩეველი და მაღალი აქტივობაა.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG