Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ ავად ვარ ან სხვა მიზეზით ვერ მივდივარ არჩევნებზე - მოვა გადასატანი ყუთი ჩემს სახლამდე?


რა შემთხვევაში მომიტანენ გადასატან ყუთს არჩევნებზე?
რა შემთხვევაში მომიტანენ გადასატან ყუთს არჩევნებზე?

თუ რაიმე მიზეზით (მოხუცი ხართ და ვერ გადაადგილდებით ან ავად ხართ) საარჩევნო უბნამდე ვერ მიდიხართ, შეგიძლიათ გადასატანი საარჩევნო ყუთი მოითხოვოთ.

ამისათვის თქვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოთ. ამისთვის ორი გზა არსებობს: მიხვიდეთ თქვენს საარჩენო უბანზე ან დარეკოთ ცესკოს ცხელ ხაზზე (032 2 51 00 51).

როგორ მოვძებნო, რომელ უბანზე ვაძლევ ხმას?

ყველასთან მივა გადასატანი ყუთი?

საარჩევნო ყუთს მიიტანენ მხოლოდ მათთან, ვინც ცესკოს მიმართავს არჩევნებამდე 11 დღით ადრე (15 ოქტომბრამდე). საარჩევნო სიიდან საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის გადასაყვანად საჭიროა კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერა.

წინასწარ მეცოდინება როდის მომიტანენ გადასატან ყუთს?

წინასწარ განსაზღვრული დრო არ არსებობს. გადასატანი ყუთი საარჩევნო უბნიდან 09:00 საათზე გამოაქვთ და 19:00 საათამდე უკან აბრუნებენ.

ხმის მიცემა საარჩევნო უბნებზე კი დილის 08:00 საათზე იწყება და საღამოს, 20:00 საათზე კი წყდება - ამ დროს გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა იყოს.

როგორ მივცემ ხმას?

წელს პირველად არამხოლოდ უბანზე მისულ ამომრჩეველს, არამედ გადასატანი ყუთის სიაში მყოფ მოქალაქეებსაც მოუწევთ მარკირების გაკეთება - სხვა შემთხვევაში მას არ მისცემენ ხმის მიცემის უფლებას.

ამ შემთხვევაშიც საჭიროა თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი. მას შემდეგ, რაც თქვენს პირად ნომერს გადასატანი ყუთის სიაში არსებულ პირად ნომერს შეადარებენ, თქვენ შეძლებთ გააკეთოთ არჩევანი.

იმ უბნებზე მიმაგრებულ გადასატან ყუთებზე, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს ელექტრონულად, ახალი წესით დაბეჭდილი ბიულეტენები მივა, სადაც შემოხაზვის ნაცვლად სასურველი პარტიის ასარჩევად გაფერადება იქნება საჭირო. ცესკოში ამბობენ, რომ ხმის ფარულობა ამ შემთხვევაშიც დაცული იქნება - უბანზე დაბრუნებულ გადასატან ყუთში ბიულეტენები ისეთი კონვერტებით იქნება ჩაყრილი, რომ ვერავინ გაიგებს, ვის მისცეს ამომრჩეველმა ხმა.

რა ხდება თუ:

თქვენი ოჯახის ხანდაზმული წევრი რაიონშია ჩაწერილი, მაგრამ ახლა ქალაქში გყავთ წამოყვანილი, სოფლად ვერ მიგყვათ, მას კი სურს არჩევნებში მონაწილეობა - შეძლებს ის ხმის მიცემას თქვენს უბანზე?

ვერა. ის ან სოფელში უნდა წაიყვანოთ ან რეგისტრაციის ადგილი უნდა შეუცვალოთ, რისთვისაც იუსტიციის სახლი დაგჭირდებათ.

თუ ისე მოხდა, რომ უბანზე მიხვედით, მაგრამ ან გადაწყვეტილებას ვერ იღებთ ან მხედველობის პრობლემა გაქვთ და ბიულეტენს ვერ ავსებთ, დახმარებისთვის შეგიძლიათ მხოლოდ თქვენს შემდგომ ამომრჩეველს მიმართოთ.

არც კომისიის წევრს, არც დამკვირვებელს ან პარტიის წარმომადგენელს ასეთ დროს, ზეწოლის საფრთხის გამო, დახმარება არ შეუძლია.

არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სხვა კითხვაზე პასუხი ნახეთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG