Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად ვნახო პარტიების ნომრები? - აქ


რომელი პარტია რა ნომრით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში?
რომელი პარტია რა ნომრით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში?

26 სექტემბერს, მათ, ვინც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს, პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოეწურათ.

ახლა, ცესკო წარდგენილ სიებს შეამოწმებს და 6 ოქტომბერს საბოლოოდ დაარეგისტრირებს. ცესკოს ინფორმაციით, სია 19-მა საარჩევნო სუბიექტმა შეიტანა.

სანამ ნახავთ იმ სუბიექტების ჩამონათვალს, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენში დაგხვდებათ, არ დაგავიწყდეთ, რომ წელს საარჩევნო ბლოკის შექმნა აკრძალულია. არადა, საპარლამენტო არჩევნებში მანდატის მოსაპოვებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა სავალდებულოა.

ამიტომ, პარტიების ნაწილმა გაერთიანებისთვის დარჩენილი ერთადერთი გზა გამოიყენა - მათ საერთო სიები წარადგინეს, რის გამოც, საკუთარი პარტიების დატოვება მოუწიათ.

მაშ ასე, ვინ რა ნომრის ქვეშ და ვისთან გაერთიანდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოკლედ, აქ ნახავთ, რა დაგვხვდებათ საარჩევნო ბიულეტენში.

ნომერი 5 – „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“

პლატფორმა „ერთიანობა” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარშემო გაერთიანებული კოალიციაა.

პლატფორმაში, თავად „ნაციონალური მოძრაობის” გარდა, ერთიანდებიან გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი” და „ევროპული საქართველო”, რომელმაც პლატფორმაში გაერთიანების გადაწყვეტილება 17 აგვისტოს, მას შემდეგ მიიღო, რაც პარტია თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ და გუნდის უდიდესმა ნაწილმა დატოვეს.

შესაბამისად, სიაში მე-7 ნომრადაა გიგი წერეთელი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი.

სიას სათავეში უდგას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ათეულშია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (Sovlab) მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. ამავე პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატია სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებელი ლელა ჯეჯელავა.

ივლისში „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდნენ:

  • „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი და „ევროპული საქართველოს“ სიით გასული პარლამენტის წევრი, არმაზ ახვლედიანი;
  • თამარ კორძაია, რომელიც 2013 წელს, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების” რიგებიდან აირჩიეს ნაძალადევის მაჟორიტარ დეპუტატად, ხოლო 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობის” სიით გახდა პარლამენტის წევრი. პარლამენტში შესვლის შემდეგ კი მან უარი თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში გაწევრიანებაზე. 2024 წლის არჩევნების წინ კი ის შეუერთდა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“;
  • ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც სიის მე-5 ნომერია;
  • ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელიც სექტემბრამდე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის პოსტს იკავებდა.

პარტიული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ნომერი 4 - „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

ეს კოალიცია აერთიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას; ტელეკომპანია „მთავარის” ყოფილ დირექტორს და ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს ნიკა გვარამიას; ელენე ხოშტარიას პარტიას „დროა”; „რესპუბლიკელებს”; ორგანიზაციას „აქტივისტები მომავლისთვის" და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლებას”.

ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2023 წლის ბოლოს დატოვა და 2024 წლის მარტში ნიკა გვარამიასთან ერთად ახალი პარტია დააფუძნა.

ნიკა გვარამიამ პარტიულ სიაში ყოფნაზე უარი განაცხადა, რათა „გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს”.

ალიანსს ასევე შეუერთდა რამდენიმე პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი. სიაში პირველი ნომერი 2023 წლის მარტის პროდასავლური დემონსტრაციების სიმბოლოდ ქცეული „ქალი ევროკავშირის დროშით“, ნანა მალაშხია. გაერთიანების სიაში ასევე არიან:

  • ივა ჭყონია, ბიზნესმენი, „დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი;
  • ოქტაი ქაზუმოვი - მწერალი და მთარგმნელი.

პარტიული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ნომერი 9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

2024 წელს საარჩევნო ბიულეტენში კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანება დაგხვდებათ. „ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „თავისუფლების მოედანი“ პარტია „ლელოს” გარშემო შეიკრიბა.

„ძლიერი საქართველოს“ სიას ამავე გაერთიანების თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ლიდერობს, მეორეა ანა დოლიძე, მას, ისევე, როგორც ალეკო ელისაშვილს, საკუთარი პარტიის დატოვება მოუწია.

ალიანსს ასევე შეუერთდნენ:

  • საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა ის დეპუტატობის კანდიდატი არ არის. ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ საკანონმდებლო საქმიანობა არ იზიდავს, მისთვის მთავარი პოლიტიკაში მონაწილეობაა.
  • სიაში მე-15 ნომერია ფოლკლორისტი, გიორგი უშიკიშვილი.

კანდიდატების დასახელებამდე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ მოლაპარაკებებში, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გაერთიანების შესახებ შეთანხმება ვერ შეძლეს.

სალომე ზურაბიშვილმა კი მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულება ასე შეაფასა: ეს „ყველას და არავის ბრალია“.

პარტიული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ნომერი 41 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”

საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ რიგებს ფორმალურადაც დაუბრუნდნენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, რომლებიც აქამდეც იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

პარტია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და მესამე ვადით მართავს ქვეყანას. ივანიშვილი პირველად არის ამ პარტიის სიის სათავეში. დეპუტატობის კანდიდატები არიან მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. სიის ათეულში მოხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

„ქართული ოცნების“ პარტიული სია, რომელშიც 170 კანდიდატია შესული, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ნომერი 8 - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ შეუერთდნენ ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ გაუქმებული პარტიის ყოფილი წევრები.

სიის სათავეში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან. ათეულში შედიან ყოფილი „კონსერვატიული მოძრაობა“/„ალტ-ინფოს“ ლიდერები, მათ შორის - ზურაბ მახარაძე, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმისა და ძალადობის გამო, კონსტანტინე მორგოშიასთან ერთად, აშშ-მა სანქციები დაუწესა.

პარტიული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ნომერი 25 - „გახარია საქართველოსთვის”

პარტია საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააფუძნა 2021 წელს.

გახარიას პარტიამ პირველად მონაწილეობა მიიღო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ხმების 9.41%-ით მესამე ადგილი დაიკავა. 2024 წლის განმავლობაში გახარიას პარტიას შეუერთდნენ:

  • პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრი, თეონა აქუბარდია.
  • პარტიულ სიაში მესამე ნომრად არის დიმიტრი ცქიტიშვილი, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც მმართველი პარტია მას შემდეგ დატოვა, რაც „მაჟორიტარების აჯანყების“ საბაბით საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო;
  • სიაში მე-5 ნომერია ზვიად ძიძიგური, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი;
  • ათეულში მოხვდა როინ ქოჩორაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა. როინ ქოჩორაშვილი გიორგი გახარიას პარტიაში დაფუძნებიდან, 2021 წლიდან არის გაწევრიანებული.

ნომერი 36 - „გირჩი”

„გირჩმა“ კანდიდატები პრაიმერისის გზით შეარჩია, რომელიც ამ პარტიისთვის დამახასიათებელი წესით ჩატარდა.

„გირჩელებს“, იმისდა მიხედვით, თუ რა წვლილი აქვთ შეტანილი პარტიის გაძლიერებაში, ერიცხებათ „გირჩის“ ციფრული ვალუტა - ჯედი, ანუ ქართული დოლარი. შესაბამისად, „გირჩის“ პრაიმერისში „გირჩელებს“ აქვთ არა ერთი ხმა, არამედ საკუთარი ჯედების შესაბამისი წონის ხმა. საკუთარი ჯედების რაოდენობას პრაიმერისში მონაწილე „გირჩელი“ ანაწილებს მისთვის სასურველ კანდიდატებზე“, - განმარტავდა ოპოზიციური პარტია პრაიმერისის დაწყებამდე.

პარტიული სიის პირველ ოთხეულს მოქმედი დეპუტატები წარმოადგენენ:

  • იაგო ხვიჩია - პოლიტიკოსი;
  • სანდრო რაქვიაშვილი - პოლიტიკოსი;
  • ვახო მეგრელიშვილი - პოლიტიკოსი;
  • ჰერმან საბო - პოლიტიკოსი;
  • პრაიმერისის შედეგად სიაში მეხუთე ნომრად არის გიორგი ჭაუჭიძე - ისტორიკოსი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მუშაობს.

„გირჩი“ აქტიურ პარტიებს შორის ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს, რომელსაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ „ქართულ ქარტიაზე“ ხელი არ მოუწერია.

პარტიული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ნომერი 10 - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”

პარტიას, რომელიც 1995 წელს დააფუძნა შალვა ნათელაშვილმა, პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის გამო, 2022 წელს საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყვიტეს. ნათელაშვილს არც საპარლამენტო მანდატის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა.

პარტიულ სიას სათავეში ტრადიციულად შალვა ნათელაშვილი უდგას, მეორე ნომერი კი კვლავ გიორგი გუგავაა.

„საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას” პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე” ხელი არ აქვს მოწერილი

პარტიული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კიდევ დარჩა ვინმე?

დიახ, დარჩა. ჩამოთვლილი პარტიების გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამ დროის მონაცემებით, მონაწილეობას მიიღებენ:

  • ნომერი 3 - „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  • ნომერი 6 - „ევროპელი დემოკრატები“
  • ნომერი 12 - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
  • ნომერი 13 - „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია”
  • ნომერი 16 - „შეცვალე საქართველო“
  • ნომერი 17 - „საქართველო“
  • ნომერი 20 - „თავისუფალი საქართველო”
  • ნომერი 21 - „ტრიბუნა”
  • ნომერი 23 - „ჩვენ”
  • ნომერი 26 - „მემარცხენე ალიანსი“
  • ნომერი 27 - „ქართველი ერთობა”

და ვინ არ მონაწილეობს არჩევნებში?

„ფედერალისტები" - გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ახლად დაარსებული პარტია. „ევროპული საქართველოსგან” გამოყოფის შემდეგ, საარჩევნოდ ახალი პარტიის დარეგისტრირება მათთვის დაგვიანებული იყო. შესაბამისად, მათ ორი გზა ჰქონდათ - შეერთებოდნენ რომელიმე ალიანსს ან არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. მათ მეორე ვერსია აირჩიეს და თავიანთ მომხრეებს ურჩიეს, ვის მისცენ ხმა ამ არჩევნებში.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ

ფორუმი

XS
SM
MD
LG