Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი „ორ მთავარ დამნაშავეს“ ასახელებს - რამ ჩაშალა ლელო-გახარიას მოლაპარაკებები


პრეზიდენტი პირველად ეხმაურება გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის ალიანსის ჩაშლილ მოლაპარაკებებს გაერთიანებაზე
პრეზიდენტი პირველად ეხმაურება გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის ალიანსის ჩაშლილ მოლაპარაკებებს გაერთიანებაზე

„მცდელობა იყო. და მე მგონი, დროულიც იყო და აუცილებელიც… არ გამოვიდა“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ლელოსა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას უშედეგო მოლაპარაკებებს საარჩევნოდ გაერთიანებაზე.

„ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის. უნდა გარისკო. და გავრისკე. არ გამოვიდა“, - თქვა მან.

პრეზიდენტი „ყველას და არავის“ ბრალეულობაზე საუბრობს და „ორ მთავარ დამნაშავეს“ ასახელებს.

ამჟამად იგი მომავალზე სვამს აქცენტს და „ქართულ ქარტიაზე“ გახარიას დღევანდელი ხელმოწერის შემდეგ ამ დოკუმენტს უწოდებს „ცემენტს“, რომელიც „ოთხივე [ოპოზიციურ] პარტიას აერთიანებს“.

გაურკვევლობა „ლელოს“ და გახარიას შორის

პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უსწრებდა რამდენიმედღიანი გაურკვევლობა გიორგი გახარიას პარტიასა და „ლელოს“ გარშემო შეკრულ ალიანსს, „ძლიერ საქართველოს“ შორის.

სწორედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იყო ის, ვინც 2024 წლის 16 სექტემბერს, არჩევნებამდე სულ რაღაც 6 კვირით ადრე, მოულოდნელად მოუწოდა ორ ოპოზიციურ პარტიას, გაერთიანებულიყვნენ.

ორივე გაერთიანების ლიდერი მზაობით შეხვდა ინიციატივას, თუმცა, რამდენიმე შეხვედრისა და მოლაპარაკებების რაუნდის მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა.

მხარეები შეუთანხმებლობაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

„ყველას და არავის ბრალი“ - ამბობს პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო პასუხისმგებლობას „ყველას და არავის“ აკისრებს:

„ახლა მე აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რათა გითხრათ, ვისი ბრალი იყო, რომ ჩაიშალა. ბრალი იყო? ალბათ, ყველასი და არავისი, ამავე დროს“, - უთხრა მან შეკრებილ ჟურნალისტებს.

„უფრო იმ მოცემულობისა, წარსულისა, რაც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, და მომავლის, რადგან ყოველთვის არის შიში, „მე როგორ დავიცვა ჩემი იდენტობა, ჩემი მომავალი“. ეს არის ის მოცემულობა, რაც ხელშემშლელი არის და იქნება, ალბათ“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„ორი მთავარი დამნაშავე“

შემდეგ მან „ორი მთავარი დამნაშავე“ დაასახელა:

  1. „კომპრომისების ძებნის პოლიტიკური კულტურის არარსებობა, - ეს კულტურა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. დათმობა სისუსტედაა მიჩნეული. ვინც უფრო დათმობს, ის, ესე იგი უფრო სუსტია. და ეს ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძნელი დასაძლევია“.
  2. „მეორე დამნაშავე კი არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭამს - უნდობლობა. ეჭვი, რაც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიით. ეს ყველას გვეხება, მეც მეხება, ყველაზე მოქმედებს და ამდენად, რთულია, გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან“.

პრეზიდენტმა, წარუმატებლობის მიუხედავად, დადებითად შეაფასა მოლაპარაკებების პროცესი და სამომავლო პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება:

„[მოლაპარაკება] არ შედგა, მაგრამ ჩვენ ვართ იმ მომენტში, როდესაც უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ ამ პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა“, - თქვა მან და ჩამოთვალა:

  • „ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის, რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა და სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება“;
  • „იქმნება ახალი პერსპექტივა. ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ მიზანი არის ერთი“.

ხელმოწერა ქარტიაზე

„ამ დილით მეოთხე პარტიამ მოაწერა ხელი „ქართულ ქარტიას“ და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს. ეს არის ცემენტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რამდენიმე საათით ადრე, 23 სექტემბერს, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერმა გიორგია გახარიამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას“.

გიორგი გახარიამ 23 სექტემბერს მოაწერა ხელი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“
გიორგი გახარიამ 23 სექტემბერს მოაწერა ხელი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“

„გახარია საქართველოსთვის“ იყო ერთადერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელსაც „ქართულ ქარტიაზე“ ხელი არ ჰქონია მოწერილი.

ქარტიაზე ხელი არ აქვთ მოწერილი ასევე პარტიებს, „გირჩსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“.

დაკარგული პერსპექტივა

„ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისა, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, „რაღაც ქენით ყველამ ერთად, მოახერხეთ კონსოლიდაცია“, და არსებობდა შანსი, - და ეს შანსი ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარა გაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 23 სექტემბერს ბრიფინგზე.

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, პარტიების რეიტინგი ასეთია:

  • „გახარია - საქართველოსთვის“ - 10.6%
  • „ძლიერი საქართველო“ [ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები] - 9.8%.

19 სექტემბრის კვლევით კი, იმ შემთხვევაში, თუ სამთავრობო გუნდს დაუპირისპირდებოდა, ერთი მხრივ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ [„ახალი“, „დროა“ და გირჩი“], ხოლო მეორე მხრივ, ლელოს გარშემო შეკრული „ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“, შედეგები ასე ნაწილდებოდა:

  • „ქართული ოცნება“ - 39%
  • „ერთიანობა, კოალიცია ცვლილებებისთვის“ - 36%
  • „ძლიერი საქართველო, გახარია - საქართველოსთვის“ - 25%

25%-იანი ნიშნული მეტია საკუთრივ პარტიების ცალკე აღებული რეიტინგების ჯამზე (20.4%-ზე).

პოლიტიკის კომენტატორების აზრით, ამ ორი გუნდის გაერთიანება აჩენდა ძლიერი „მესამე პოლუსის“ გაჩენის ალტერნატივას ტრადიციულად ძლიერ პოლარიზებულ საზოგადოებაში.

გახარიას პოზიცია

თავდაპირველად გიორგი გახარიას პარტია აცხადებდა, რომ „პარტიული ინტერესები გვერდზე გადადო და ყველაფერი დათმო“, სანაცვლოდ კი „მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის“.

„მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით“ - თქვა ექსპრემიერმა გახარიამ 18 სექტემბერს.

მოგვიანებით, გახარიას პარტიამ განაცხადა, რომ „ლელომ“ ვერ მოახერხა კოალიციაში კონსენსუსის მიღწევა, მოლაპარაკებებმა არასერიოზული სახე მიიღო და საჯაროდ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებაზე უშედეგოდ დასრულდა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, 20 სექტემბერს, ნაშუადღევს, მას გიორგი გახარიამ დაურეკა და უთხრა, რომ შეთანხმებაზე უარს ამბობდა, მთავარ არგუმენტად კი „ლელოს“ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის, „თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის საჯარო პოზიციები დაასახელა.

19 სექტემბერს ცუცქირიძემ „ფორმულის“ ეთერში განაცხადა: „მადლობა მას [პრეზიდენტ ზურაბიშვილს] „სადილი ორისთვის“, მაგრამ, ალბათ, კარგი იქნება „სადილი ყველასთვის“.

მანამდე, 16 სექტემბერს, ფეისბუკპოსტში მოლაპარაკებებზე წერისას ცუცქირიძემ „რეზინის ტყვიები, მომწამლავი აირი და ხელკეტები“ ახსენა და დაწერა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება“.

გახარიამ, თავის მხრივ, 20 სექტემბერს ბრიფინგზე წარადგინა სამი პრინციპი და თქვა, რომ კვლავ არის მზად, საარჩევნოდ „ლელოსთან“ საერთო შეთანხმებას მოაწეროს ხელი, თუკი მამუკა ხაზარაძის გუნდი ამ პრინციპებს დათანხმდება. ეს პირობებია:

  • „ნეიტრალური საარჩევნო პლატფორმა“, - ანუ არც „ლელოს“ და არც გახარიას ნომრებით (არა 9 და არა 25). თუმცა რა ნომრით, არ დაუზუსტებია და თქვა, რომ „ტექნიკურად შესაძლებელია“;
  • პარიტეტული პრინციპი - რომ პარტიებს შორის ადგილები გარკვეული წესით გადანაწილდეს;
  • პრინციპი, რომ არჩევნების შემდეგ არ შედგება კოალიცია არც „ქართულ ოცნებასა“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ლელოს“ პოზიცია

„ლელო“ აცხადებს, რომ პარასკევს იგი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე კოალიციური კონსენსუსით მიდიოდა და მისთვის მოულოდნელი იყო გახარიას უარი.

კოალიციამ ასევე იუცხოვა გახარიას სამი პირობა, ისინი „ახალ პირობებად“ მიიღო და განაცხადა, რომ ამ პირობების შესრულება, „ტექნიკურ-სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობის გათვალისწინებით, შეუძლებელია“.

მამუკა ხაზარაძე ანა დოლიძესა და ლევან ცუცქირიძესთან ერთად. 2024 წლის 17 ივლისი
მამუკა ხაზარაძე ანა დოლიძესა და ლევან ცუცქირიძესთან ერთად. 2024 წლის 17 ივლისი

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტია, კოალიცია და გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას. იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, შეუძლებელია რაიმე კამპანიის, რაიმე ნომრის, რაიმე სიის და ტექნიკური საშუალებების მომზადება, მისი განთავსება და სხვა“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მან განაცხადა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ კვლავ მზადაა, ხელი მოაწეროს პრეზიდენტთან 18 სექტემბერს მიღწეულ ცხრაპუნქტიან შეთანხმებას. იმავე საღამოს ხაზარაძემ ეს ცხრა პუნქტი ფეისბუკზე გამოაქვეყნა:

  1. საერთო საარჩევნო ნომერი - 9, ბრძოლის გაგრძელება „ქართულ ქარტიაზე“ დაყრდნობით;
  2. თანხმობა, რომ არჩევნების შემდეგ არ შექმნიან კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“, მომავალ მთავრობას კი პრეზიდენტთან კონსულტაციით დააკომპლექტებენ;
  3. გახარია თავად არ იქნება „ძლიერი საქართველოს“ პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის;
  4. გუნდები თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს;
  5. პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანება;
  6. ანაკლიის პორტის პროექტის დასრულებისთვის ძალისხმევა დასავლური პარტნიორების მონაწილეობით;
  7. 20 ივნისის [„გავრილოვის ღამის“] და წერილის [გახარია-ხაზარაძის განხეთქილების ვაშლის] საკითხზე: „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ საქმეებს გამოიძიებს დამოუკიდებელი პროკურატურა;
  8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტებული სპეციალური საბჭოს შექმნა;
  9. პარიტეტი: [კოალიციის] მართვა, საბჭო: გახარია/ ხაზარაძე 12-12 პირი, დამატებით კი კოალიციის [მომავალი] პარტნიორები ორივე მხრიდან - 3-3 ადამიანი.

გახარია: „იყო მოთხოვნა, არ ვყოფილიყავი სიაში“

„ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში“, - განაცხადა ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ „ლელოსთან“ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების შესახებ, რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად.

რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ლელომ“ მოლაპარაკებებში ეს პუნქტი წამოაყენა და, გახარიას თქმით, იგი ამას დასთანხმდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა … ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი“, - თქვა გახარიამ 20 სექტემბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პასუხად „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას გახარიას შესთავაზა, არცერთი არ ყოფილიყო სიაში, თუმცა შემდეგ ეს შეთავაზება უკან წაიღო:

მას შევთავაზე, რადგან კონფლიქტის წარსულიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია, არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი-მეთქი. გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ შეიძლება ჩათვალა, რომ ვიღაცას უნდა ჩემი და მისი სიაში არჩაწერა. მან, შეიძლება, ჩათვალა, რომ ეს მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას იწვევდა. ამიტომ ვუთხარი, როგორც კომპრომისი, მზად ვარ. ეს პუნქტი შევცვალე და, თუ აქვს სურვილი იყოს სიაში, იყოს სიაში. და მეც მასთან ერთად“, - თქვა ხაზარაძემ ბრიფინგზე, „ლელოს“ ოფისში.

დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა „ლელოსთან“ შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მიზეზი საარჩევნო სიაში პირადად მისი არყოფნის მოთხოვნა, გახარიამ თქვა: „ვთქვი პრობლემაა-მეთქი?! პრინციპებში ჩამოვთვალე?!“

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მე მარტო არ ვარ. არასდროს ვამბობ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ვარ მხოლოდ მე. ჩემ უკან უზარმაზარი გუნდია. თქვენ თუ დააკვირდებით, სხვა ბევრი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი ძალიან მდგრადია. ეს ადამიანები დაახლოებით ათი წელია, ერთად ვშრომობთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ბევრი ვერ დავარწმუნე. როდესაც ვსაუბრობდით, იმ დონეზე ვიყავით მისულები, რომ ამ ადამიანებს ვესაუბრებოდი, მეგობრებო, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიაში შესვლა, სადაც მე ვერ ვიქნები, ბევრმა უარი თქვა. ზოგი წინააღმდეგი იყო“, - განაცხადა გახარიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს იმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG