ხმის მიცემა მათაც შეუძლიათ, ვინც 18-ის ზუსტად არჩევნების დღეს ხდება.
აქ შევაგროვეთ ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ახალგაზრდას, რომელიც თავის ცხოვრებაში პირველად მიდის არჩევნებზე.
სრულწლოვანების გარდა, კიდევ რამეა საჭირო იმისთვის რომ ხმა მივცე?
როგორ ვიპოვო თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში?
ვაიდა, ჩემი თავი ამ სიაში ვერ ვიპოვე?
კალამი თან უნდა მქონდეს?
და აკი წელს ელექტრონულად ვაძლევთ ხმასო?
ფარულობა ხომ არ დაირღვევა ამ ახალი წესით?
თუ საარჩევნო უბანზე დარღვევა შევამჩნიე რა ვქნა?
და როგორ მივხვდე დარღვევა მოხდა თუ არა?
სად ვნახო რომელი პარტია რა ნომრით მონაწილეობს არჩევნებში?
ნომრის ცოდნის გარდა, მათი პოლიტიკური პროგრამის წაკითხვაც თუ მინდა?
რომელ საათზე უნდა ვიყო უბანზე?
სრულწლოვანების გარდა, კიდევ რამეა საჭირო იმისთვის რომ ხმა მივცე?
კი, პირველ რიგში, თან უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობა (ან პასპორტი). ალბათ, გაქვთ კიდეც, მაგრამ თუ არ, მაშინ ამისთვის იუსტიციის სახლს უნდა მიმართო.
თუ ეს დოკუმენტი უკვე გაქვთ, შემდეგი ნაბიჯი ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავის პოვნაა.
როგორ ვიპოვო თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში?
აი, აქ შედით, საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე.
ამ ლინკზე რომ აღმოჩნდებით, პირადობის ნომრით მოძებნეთ თქვენი თავი და ნახეთ რომელი ოლქის რომელ უბანზე ხართ რეგისტრირებული - ანუ სად უნდა მისცე ხმა. საარჩევნო უბნის მისამართებიც იქვე წერია.
საქართველოში ყველა ამომრჩეველი ხმას აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით - თუ ფაქტობრივი მისამართი სხვა გაქვთ - ანუ სხვაგან ცხოვრობთ, ხმა მაინც იმ უბანზე უნდა მისცეთ, სადაც დარეგისტრირებული ხართ.
ამავე ლინკზე ისიც შეგიძლიათ გაიგოთ, თქვენს მისამართზე კიდევ ვინმე ხომ არ არის რეგისტრირებული.
ვაიდა, ჩემი თავი ამ სიაში ვერ ვიპოვე?
აქაც არის გამოსავალი. ამ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა მიმართოთ - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო ოლქს ან უბანს.
უბანი არჩევნების წინ იხსნება, პირველი ორი კი მუდმივმოქმედია და არჩევნებამდე თვეებით ადრეც შეგიძლიათ მიაკითხოთ.
საარჩევნო ოლქების და უბნების მისამართებსაც ცესკოს ვებსაიტზე იპოვით. აი,აქ:
კალამი თან უნდა მქონდეს?
არა, კალამი ადგილზე დაგხვდებათ.
და აკი წელს ელექტრონულად ვაძლევთ ხმასო?
ასეა, და აქ ორი სიახლეა.
პირველი: თუ ადრე სამაგიდო სიებში ეძებდნენ ამომრჩეველს, ახლა რეგისტრატორებს ფურცლების ნაცვლად პლანშეტები ექნებათ, რომელსაც პირადობის მოწმობის ჩამოსატარებელი მოწყობილობაც ახლავს და ასე მარტივად გიპოვიან თქვენ.
მეორე: ბიულეტენი ისევ ქაღალდისაა, ოღონდ, თუ ადრე სასურველი კანდიდატი ან პარტია უნდა შემოგეხაზათ, ახლა სუბიექტის წინ დასმული წრის გაფერადება მოგიწევთ სპეციალური კალმით, რომელიც უბანზე დაგხვდებათ.
ბიულეტენს ისევ ახლავს კონვერტი, რომ ფარულობა არ დაირღვეს.
წრის გაფერადების შემდეგ მიდიხართ ყუთთან, რომელსაც თავზე აქვს სკანერი, ბიულეტენს ასკანირებთ, ხოლო კონვერტი ხელში გრჩება.
შემდეგ თქვენს ბიულეტენს უკვე წამკითხველი კითხულობს.
ფარულობა ხომ არ დაირღვევა ამ ახალი წესით?
არა. ვერავინ გაიგებს ხმა ვის მიეცი. უბრალოდ, ბოლოს ერთად დაითვლება ხმები.
რვა საათზე, არჩევნების ტექნოლოგიების დახმარებით დათვლილი წინასწარი შედეგები კი გვეცოდინება, მაგრამ რადგან ელექტრონული არჩევნები ამ მასშტაბით საქართველოში პირველად ტარდება, შედეგებს მაინც ხელით გადათვლიან - ასეთია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია.
თუ საარჩევნო უბანზე დარღვევა შევამჩნიე რა ვქნა?
ასეთ დროს შინდისფერბეჯიან დამკვირვებლებთან მიდიხართ და უყვებით რა ნახეთ.
თუ საჩივარი დაიწერება, მოწმეც კი შეგიძლიათ იყო - ეს საშიში არ არის, უბრალოდ ადასტურებთ, რომ დარღვევა დაინახეთ.
თუ დამკვირვებელს ვერ იპოვით, პარტიის წარმომადგენელს მიმართეთ.
და როგორ მივხვდე დარღვევა მოხდა თუ არა?
აი, მაგალითად, თუ დაინახეთ, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება და ის მაინც შეუშვეს უბანზე, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ის ხმას მეორედ აძლევს. ეს დარღვევაა.
ასევე შეგიძლია დააკვირდეთ, ხომ არ აკეთებს კომისიის წევრი რაიმე მინიშნებას, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ამომრჩევლისთვის ბიულეტენის გადაცემისას. ესეც დარღვევაა.
სად ვნახო რომელი პარტია რა ნომრით მონაწილეობს არჩევნებში?
მას შემდეგ, რაც პარტიები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდებიან, ცესკო მათ ნომრებს მიანიჭებს და ვებსაიტზე თავად გამოაქვეყნებს.
ეს ნომრები დაგხვდებათ საარჩევნო ბიულეტენზეც.
და მანამდეც, პარტიების საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ შეგხვდებათ.
ნომრის ცოდნის გარდა, მათი პოლიტიკური პროგრამის წაკითხვაც თუ მინდა?
წესით, საარჩევნო პროგრამა პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ ვებსაიტებზე ან სოციალური ქსელის გვერდებზეც უნდა გამოაქვეყნონ, თუმცა, ეს მათ, როგორც წესი, აგვიანდებათ ხოლმე.
სამაგიეროდ, წელს, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ გააკეთონ საარჩევნო კომპასი, პლატფორმა, რომელიც წინასაარჩევნოდ იქნება მზად და სწორედ პარტიების პროგრამებსა და იდეოლოგიებზე ინფორმაციის მოძიებას გაგიადვილებთ.
რომელ საათზე უნდა ვიყო უბანზე?
საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის რვაზე იხსნება - ამ დროს თუ მიხვალთ, რიგში დგომაც ნაკლებად მოგიწევს.
უბანი საღამოს რვაზე იხურება.
რვას ერთი წუთიც რომ აკლდეს, მაგ დროს თუ მიხვალთ და რიგში ჩადგებით, ხმას მაინც მიგაცემინებენ.
მაგრამ თუ დააგვიანე, ეს არჩევნები თქვენი ხმის გარეშე ჩაივლის.
ფორუმი