Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემს საქმეს გამოიძიებენ, როცა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება“ - ინტერვიუ აფგან მუხთარლისთან


აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი

აფგან მუხთარლის, რომელიც ახლა ლტოლვილის სტატუსით გერმანიაში ცხოვრობს, ბერლინში დავუკავშირდით და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

5 სექტემბერს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და უფლებადამცველის, აფგან მუხთარლის საქმეზე - “მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ”, გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დარღვევები დაადგინა.

რადიო თავისუფლება: აფგან, პირველ რიგში, გვაინტერესებს, ელოდით თუ არა სტრასბურგის სასამართლოსგან ამ გადაწყვეტილებას?

აფგან მუხთარლი: ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან მე გამიტაცეს საქართველოდან აზერბაიჯანში და ამ დანაშაულში ორივე ერთად მონაწილეობდნენ. და ასევე, მქონდა ჩემი ქართველი და აზერბაიჯანელი ადვოკატების იმედიც, რომლებმაც ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს. ჩვენი ზოგიერთი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თუმცა ეს საქმე ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გამოძიება გრძელდება და პასუხებია გასაცემი, ვინ გამიტაცა. მე ერთი გამტაცებელი ამოვიცანი კიდეც. ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ახლა ციხეში ზის, განაცხადა, რომ მე ბიძინა ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს. ასე რომ, ჩემი საქმე სტრასბურგში არ დასრულებულა. ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს და იმედი მაქვს, რომ როცა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება, ეს საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული.

რადიო თავისუფლება: თქვენი შეფასებით, რა თქვა ამ გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ?

აფგან მუხთარლი: ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს და აზერბაიჯანს მხოლოდ რაღაც თანხის გადახდა კი არ დააკისრა, არამედ მოუწოდა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ საქმის გამოძიების ბოლომდე მისაყვანად. ფული არ არის ამ საქმეში მთავარი. ჩემი აზრით, კონკრეტული სანქციები უნდა დაუწესდეთ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს რომლებმაც დაგეგმეს და ჩაიდინეს ეს დანაშაული. ხოლო ის თანხა, რაც სასამართლომ დააკისრა როგორც აზერბაიჯანს ან საქართველოს, არც ივანიშვილმა უნდა გადაიხადოს და არც ალიევმა, ეს საქართველოს ბიუჯეტის ფულია. ხალხის ფულია. ამიტომ მგონია, რომ ევროპულმა სასამართლომ უნდა დასაჯოს კონკრეტული დამნაშავეები. ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული.

რადიო თავისუფლება: გაქვთ იმედი, რომ თქვენი საქმე უახლოეს მომავალში გამოძიებული იქნება?

აფგან მუხთარლი: მე ვფიქრობ, ეს შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. დიდი იმედი მაქვს იმისიც, რომ ქართველი ხალხი აირჩევს ევროპის გზას, რაც ვნახეთ კიდეც ჩვენ გაზაფხულზე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე.

რადიო თავისუფლება: აფგან, თქვენ თუ გაეცით საბოლოო პასუხი კითხვას, რატომ გაგიტაცეს?

აფგან მუხთარლი: ჩემი პასუხი იგივეა, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. მე ვიძიებდი ალიევის ბიზნესების საკითხს, ასევე, მე მხარს ვუჭერდი და ვეხმარებოდი პოლიტპატიმრებს, ალიევის რეჟიმის წინააღმდეგ ვაწყობდით აქციებს თბილისში. რამდენიმე წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების დროს, მარნეულში დამკვირვებლადაც ვიყავი, სადაც ძალიან სერიოზული დარღვევები იყო და ამაზეც ვწერდით. რა თქმა უნდა, აქაც შეგვამჩნია ხელისუფლებამ და მოქმედება დაიწყო. ხელისუფლებას და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილს, არ აწყობდა ჩვენი საქართველოში ყოფნა და აქტიურობა.

რადიო თავისუფლება: თქვენ ახლა გაქვთ ლტოლვილის სტატუსი და ცხოვრობთ გერმანიაში. ჟურნალისტურ საქმიანობას ისევ ეწევით?

აფგან მუხთარლი: დიახ, ასეა. ახლა გერმანიაში ვცხოვრობ. აქედანაც ვმუშაობთ ჟურნალისტურ გამოძიებებზე, ვეხმარებით ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებიც დააპატიმრეს სწორედ მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების დაცვასაც განვაგრძობ. მაგრამ აზერბაიჯანისგან ძალიან შორს ვარ და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საქმეს ვერ ვაგრძელებ თბილისიდან, რომელიც უფრო ახლოსაა ჩემს ქვეყანასთან და უფრო გვიადვილდებოდა საქმის კეთება.

რადიო თავისუფლება: თუმცა საქართველოში ჩამოსვლა შეგიძლიათ.

აფგან მუხთარლი: ახლა ჩამოსვლა შემიძლია, თუმცა ყოველ ჯერზე რამდენიმე საათით მაინც მაჩერებენ ხოლმე საზღვარზე. მაგრამ ვფიქრობ, ეს ხელს მაინც არ შემიშლის, რომ წლის ბოლომდე ჩამოვიდე თბილისში. ძალიან მინდა არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყო აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში.

რადიო თავისუფლება: აფგან, როგორ ფიქრობთ, როდის და რა შემთხვევაში შეძლებთ სამშობლოში, აზერბაიჯანში დაბრუნებას? საერთოდ გინდათ იქ დაბრუნება?

აფგან მუხთარლი: სიმართლე გითხრათ, ძალიან. აქ, ბერლინში ძალიან მიჭირს ცხოვრება. ეს არ არის ჩემი ქალაქი, ჩემი ქვეყანა. მე კავკასიის ადამიანი ვარ, 50 წელი მანდ ვიცხოვრე და ახლაც იქით მიმიწევს გული. მაგრამ ისიც ვიცი, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, მე ვერ შევძლებ დაბრუნებას. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ცვლილებები ჩვენთანაც დაიწყება. არ შეიძლება მარადიულად ერთმა ოჯახმა მართოს ქვეყანა, როგორც ეს დღეს აზერბაიჯანშია. იმის იმედიც მაქვს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენს რეგიონშიც მოჰყვება ამას უკეთესი ცვლილებები. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოც, აზერბაიჯანიც და სომხეთიც ევროკავშირის გზას აირჩევენ და ეს სამი ქვეყანა შეძლებს კეთილმეზობლური ცხოვრების გაგრძელებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტის უკან დღეს რუსეთი დგას და თუ ეს სისხლიანი იმპერია წავა კავკასიიდან, ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება. და კიდევ დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი კი არ იქნება ჩვენი მეზობელი მომავალში, არამედ დამოუკიდებელი ჩეჩნეთი და დაღესტანი.

აფგან მუხთარლი — უკან თბილისში, საიდანაც გაიტაცეს
please wait

No media source currently available

0:00 0:07:02 0:00

5 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ არ გამოიძია, რომ დაკავების დროს აფგან მუხთარლის მიმართ გამოიყენეს ძალა, იძულება, დამამცირებელი მოპყრობა და წამება. ასევე, სახელმწიფომ არ გამოიძია დაკავების და აზერბაიჯანისთვის მისი გადაცემის ფაქტი.

სასამართლომ საქართველოს მუხთარლის სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 10 000 ევროს გადახდა, ასევე ხარჯების, 2500 ევროს გადახდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ევროპულმა სასამართლომ მის მიმართაც დაადგინა კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლების დარღვევა.

სასამართლომ აზერბაიჯანს დააკისრა მუხთარლის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 6000 ევროს და ხარჯების 2500 ევროს გადახდა.

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG