Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სახელით ნახავთ ოპოზიციურ გაერთიანებებს საარჩევნო ბიულეტენში - დარჩენილი პროცედურები და ვადები


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება

22 აგვისტოსთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 20-მდე პოლიტიკურმა სუბიექტმა გაიარა. მათ შორის ჯერჯერობით არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები. სამიდან ორი გაერთიანება ახალი სახელით არც საჯარო რეესტრში არაა დარეგისტრირებული.

ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა გარშემოც ახალი გაერთიანებები საარჩევნოდ შეიქმნა, სახელების შეცვლა უწევთ - ბლოკების აკრძალვისა და „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შარშან შეტანილი ცვლილებების გამო, რამაც ოპოზიციას კიდევ არაერთი თავსატეხი გაუჩინა.

ბლოკების აკრძალვისა და 5%-იანი ბარიერის პირობებში, პოლიტიკურ ძალებს მხოლოდ ერთმანეთთან შერწყმის შესაძლებლობა აქვთ. პოლიტიკოსებს, რომლებიც ამა თუ იმ პარტიის გარშემო ერთიანდებიან, საკუთარი პარტიების დატოვებაც უწევთ.

რომელი გაერთიანება რა სახელით აპირებს არჩევნებზე გასვლას და რა ეტაპზეა ახლა? რა ვადები დარჩა რეგისტრაციისთვის და სახელის შესაცლელად?

რეგისტრაციის ვადა 30 აგვისტოს იწურება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პროცედურაა იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები თუ გაერთიანებები საარჩევნო ბიულეტენში მოხვდნენ.

  • ვადები უკვე ამოიწურა არასაპარლამენტო პარტიებისთვის - მათთვის, ვისაც მეათე მოწვევის პარლამენტში დეპუტატები არ ჰყავდათ. მათ ევალებოდათ 15 ივლისამდე მიემართათ ცესკოსთვის - მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად; ხოლო 1 აგვისტომდე 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერები უნდა მიეტანათ.
  • საპარლამენტო პარტიებმა ცესკოს რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, რაც 30 აგვისტოს უწევს.

22 აგვისტოსთვის ცესკოს ბაზაში 17 დარეგისტრირებული პარტია იძებნება, მათ შორის ჯერჯერობით არ არიან ბოლო დროს შექმნილი ოპოზიციური გაერთიანებები. რეგისტრაციისთვის მათ ერთ კვირაზე ცოტა მეტი დარჩათ.

ამავე დროს, რეგისტრირებულთა სიაში, მაგალითად, ნახავთ ანა დოლიძის პარტიას - „ხალხისთვის“, რომელიც უკვე შეუერთდა „ლელოს“ კოალიციას.

ცალკე რეგისტრაცია ამ პარტიას ხელს არაფერში შეუშლის.

ნებისმიერი პარტია რეგისტრაციიდან ავტომატურად მოიხსნება და შესაბამისად, ვეღარც ბიულეტენში მოხვდება, თუკი სექტემბერში პარტიულ სიას დამოუკიდებლად არ წარადგენს.

საარჩევნო სიების წარსადგენად პარტიებს ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. მანამდე კი ზოგს სახელის შეცვლაზეც უწევს ზრუნვა.

რა საჭიროა სახელის შეცვლა და როდემდეა შესაძლებელი?

სახელის შეცვლა იმ პარტიას უწევს, რომლის გარშემოც შედგა გაერთიანება და რომლის საარჩევნო ნომრითაც სარგებლობენ. მიზანია, რომ შეთანხმებულმა სახელმა შეძლებისდაგვარად ყველა მონაწილის ინტერესები ასახოს.

პარტიისთვის სახელის შეცლის პროცედურა 26 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

„თუკი პარტია წესდებით სახელს იცვლის, სახელის შეცვლა შესაძლებელია. თუმცა ყოველთვის ამის შეცვლის შესაძლებლობა არ იარსებებს, რადგან გასავლელია სავალდებულო პროცედურები. ბიულეტენის ტექსტი როდესაც დადგინდება, მასში ცვლილება ვეღარ შევა. ამიტომ ჩვენი მხრიდან რეკომენდებულია, რომ სიების წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე, 26 სექტემბრამდე, მოხდეს ეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და განმარტავს, რომ ცესკოში რეგისტრაცია ხელს არ უშლის სახელის შეცვლას და პოლიტიკურ სუბიექტს საშუალება აქვს, რომ ბიულეტენისთვის [საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული] სხვა სახელი წარადგინოს.

  • სახელი იცვლება პარტიის წესდებაში და შემდეგ ამ ცვლილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მიერ ხდება.
  • რეგისტრაციას სჭირდება 1 თვე და 125 ლარის გადახდა. ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ეს პროცედურა უკვე დასრულებული აქვს, ხოლო „ახალი“ და „ლელო“ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

N5 „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“

საჯარო რეესტრის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახელია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. არჩევნებზე ამ სახელით გამოვა კოალიცია, რომელშიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკოსებიც შედიან.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ჩვენი გაერთიანების სახელი მომავალ არჩევნებზე და განზრახვაც ასეთი გვქონდა, რომ ბიულეტენში ეს სახელი დაფიქსირებულიყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, თუმცა ის არც ცვლილებას არ გამორიცხავს - „თუკი რაიმე ისეთი მოხდა - უფრო დიდი გაერთიანება [ოპოზიციაში] და ასე შემდეგ“.

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერდა პროდასავლური ოპოზიციის სრულ გაერთიანებას, თუმცა ამ იდეას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ახალი პლატფორმის პრეზენტაცია 8 ივლისს “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე შედგა და ამ გაერთიანებას საზოგადოებისთვის ცნობილი, უპარტიო ადამიანებიც შეუერთდნენ.

N4 „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“

ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ დაფუძნებული პარტია რეესტრში ჯერჯერობით ისევ „ახალი ერთობა - გვარამია, მელიას“ სახელით იძებნება, თუმცა ახალი განცხადება 9 აგვისტოს შეიტანეს და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - ასე იქნება საარჩევნო ბიულეტენში და სახელის შეცვლაც ამიტომ გადაწყდა, რომ გაერთიანების ყველა წევრი სრულად ყოფილიყო წარმოდგენილი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თენგიზ თევზაძე.

საჯარო რეესტრის ერთთვიანი ვადის გათვალისწინებითაც კი, გაერთიანება ყველაფერს დროულად ასწრებს, მაგრამ თენგიზ თევზაძის თქმით, მაინც მიმართა რეესტრს, რომ პროცესი დაჩქარდეს, რათა ცესკოში 30 აგვისტომდე ახალი სახელით დარეგისტრირდნენ.

თუმცა, როგორც ცესკო განმარტავს, პრობლემა არც ამ რეგისტრაციის ძველი სახელით გავლის შემთხვევაში არ შეიქმნება და შემდეგ უკვე პარტია, ბიულეტენში ჩასაწერად, ახალ სახელს წარადგენს.

„ასეთი მახეები დაგვიგო „ქართულმა ოცნებამ“, როცა ბლოკები აკრძალა და ცვლილებები შეიტანა კანონში. ასევე პარტიული სიების ნაწილში - ბევრი პოლიტიკური პარტიის წევრს უწევს საკუთარი პარტიების დატოვება, რომ გაერთიანდნენ სხვებთან“, - გვეუბნება თევზაძე.

N9 "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“

„ლელოს“ გარშემო შექმნილი გაერთიანება ჯერ ისევ მსჯელობს, თუ რა სახელით ჩაიწერება საარჩევნო ბიულეტენში.

„ამ ეტაპისთვის ჩვენი ძირითადი ხაზია, რომ „ძლიერი საქართველო“ იქნება ჩვენი სახელი... ახლა კვლევა მიმდინარეობს, ფოკუსჯგუფებშიც დაიტესტება და ემპირიულად მიიღება გადაწყვეტილება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი სიორიძე, „ლელოს“ წარმომადგენელი ცესკოში.

პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილების დასამტკიცებლად „ლელომ“ საჯარო რეესტრს 22 ივლისს მიმართა. მათი ახალი სახელია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ სრული სახელი ჩაიწეროს საარჩევნო ბიულეტენში.

საარჩევნო კოდექსში შარშან ოქტომბერში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად:

ამა თუ იმ პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ზუსტად იმ სახელით, რომელიც მის წესდებაში წერია; ანდა - ამ სახელის შემოკლებული ვერსიით. მას უფლება აქვს, რომ სრული სახელიდან ამოიღოს მხოლოდ ცალკეული სიტყვები, აბრევიატურები ან/და სასვენი ნიშნები; მაგრამ სახელს ვერაფერს დაამატებს, ვერც, ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკოსის გვარს ან სლოგანს, თუკი წესდებაში ეს არ არის.

„ლელოსთან“ ერთად ახალ გაერთიანებაში არიან ანა დოლიძე [„ხალხისთვის“], ლევან ცუცქირიძე [„თავისუფლების მოედანი“] და ალეკო ელისაშვილი [„მოქალაქეები“].

როცა „ლელომ“ წესდება შეცვალა და რეესტრში შესაბამისი განცხადება შეიტანა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჯერ კიდევ არ იყო ამ გაერთიანების წევრი და ეს ფაქტი ვერც ახალ სახელში ვერ აისახებოდა.

საჯარო რეესტრისა და ცესკოს მიერ დადგენილ ვადებს თუ გავითვალისწინებთ, პარტიებს პრაქტიკულად დრო აღარ რჩებათ იმისთვის, რომ სახელის შეცვლის პროცედურა ახლა წამოიწყონ. შესაბამისად, თუკი სამომავლოდ რაიმე სახის გაერთიანება შედგება, ეს ფაქტი გაერთიანების სახელში ვერ აისახება.

თუმცა პარტიების არცთუ მცირე ნაწილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას. მათ შორის არიან „გახარია საქართველოსთვის“, "გირჩი", "ლეიბორისტული პარტია".

ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმა აქვს გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ახალდაარსებულ პარტია „ფედერალისტებს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG