ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრებს შორის დასახელდნენ:
- გია ჯაფარიძე - პოლიტოლოგი;
- სოფო ჯაფარიძე - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი;
- ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი;
- ანა მოსაძე - სამოქალაქო აქტივისტი;
- თამარ კორძაია - დამოუკიდებელი დეპუტატი;
- არმაზ ახვლედიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი;
- გიორგი ვაშაძე - პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი;
- ირაკლი ფავლენიშვილი - პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი;
- ლაშა დიაროვი - სამოქალქო აქტივისტი.
გუნდის წარდგენამდე, თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თუკი სხვა პარტიებმა გაერთიანება ვერ შეძლეს, ისინი ერთიანდებიან სხვა პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან ერთად.
"ახლა არ არის დანაწევრების და დაპირისპირების დრო, არ აქვს ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის გადარჩენისთვის და ერთიანობის გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია.
[...] თუ სხვა პარტიებმა, ამ ეტაპზე ვერ შეძლეს გაერთიანება, გავერთიანდეთ ჩვენ, პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია, გავერთიანდეთ ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა", - თქვა ბოკუჩავამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპოზიციური ერთობები შეიქმნას. იგი მათ გაერთიანებაში ეპატიჟება სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. როგორც კორძაია აღნიშნავს, უნდა შეიქმნას იმგვარი განწყობა, რომ არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს.
"წელიწადზე მეტია, ვხედავთ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას, რომ ოპოზიციამ იაროს შეთანხმებით, კომპრომისით, რათა ოქტომბერში "ქართული ოცნება" დამარცხდეს. ჩვენ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით. მე დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მსგავს, ერთიანობის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ ჩვენ საერთო თანხმობით, კოალიციურად დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას". ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება ამით არის ნაკარნახევი", - თქვა კორძაიამ.
პოლიტოლოგმა გია ჯაფარიძემ განმარტა, რომ იგი შეუერთდა "ერთიანობას" და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას:
"მე ვარ უპარტიო. მე არ გავწევრიანებულვარ არცერთ პარტიაში. მე ვერთიანდები იმ გაერთიანებაში, რომელსაც ჰქვია "ერთიანობა".
ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ, ასევე აღნიშნა, რომ იგი არცერთი პარტიის წევრი არ არის:
"მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, თუნდაც პრინციპების ერთიანობა... მე ამ ერთობაში ვარ უპარტიო ადამიანი. ადამიანებს მოწყინდათ ერთი და იგივე სახეების ყურება. მე არანაირი პარტიის წევრი არ ვარ და არც ვაპირებ. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ერთობას, როდესაც განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები ძირეულ პრინციპზე თანხმდებიან".
*მასალა განახლებულია: თავდაპირველ ვერსიას ერქვა „ახალი პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" დაფუძნდა“. მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტეს, რომ ეს იყო არა ახალი პლატფორმის, არამედ 8 ივლისს გამართული ღონისძიების სახელი.
ფორუმი