„იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში, ხელს ვაწერთ ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ“, - წერია დეკლარაციაში.
დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან:
- ეცდებიან, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული ხმები არ დაიკარგოს ხუთპროცენტიანი ბარიერის გამო;
- 8 ივლისამდე შეთანხმდებიან არჩევნებში მონაწილეობის კონფიგურაციებზე;
- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ დაუჭერენ მხარს იმ მთავრობის დამტკიცებას, რომელშიც „ქართული ოცნება“ მიიღებს მონაწილეობას;
- მხარს დაუჭერენ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს;
- გაერთიანებული ძალებით ეცდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნებში ჩართვას;
- ერთიანი ძალებით ეცდებიან, ხელი შეუშალონ არჩევნების გაყალბებას.
დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები „ერთიანობის დეკლარაციაზე“ მიერთებას სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც სთავაზობენ.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა „ევროპულმა საქართველომ“. პარტია არ უერთდება ერთიანობის დეკლარაციას.
„მივესალმებით, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქარტიის პირობებისადმი ერთგულება ე. წ. ოპოზიციური ერთობის დეკლარაციაში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს პირობა საქმედ იქცეს ახალ პარლამენტში.
მიუხედავად თანხვედრის წერტილებისა, ევროპული საქართველო დეკლარაციას ხელს არ აწერს“, - აცხადებენ პარტიაში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება 5%-იანი ბარიერით. მაღალი ბარიერის გამო, შესაძლოა ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ვერ მოიპოვოს მანდატები პარლამენტში.
ფორუმი