პროდასავლური პარტიები შეთანხმდნენ მოსაზრებაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმია, სადაც ოპოზიციის დამარცხება ქვეყანაში რუსეთის გამარჯვების ტოლფასი იქნება... ეს შეთანხმება პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერით დაადასტურეს და თქვეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთელ ძალისხმევას რეფორმების გატარებას დაუთმობენ და რამდენიმე თვეში პარლამენტს დატოვებენ. გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები. თუმცა გამარჯვებისთვის ოპოზიცია ერთად იბრძოლებს თუ ცალ-ცალკე, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამას კი შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
წელს საპარლამენტო არჩევნები პირველად ტარდება პროპორციული წესით. პარლამენტში კი ის პარტია მოხვდება, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს. დამარცხებული პარტიების - ვინც ბარიერს ვერ გადალახავენ - მანდატებს პროპორციულად გაინაწილებენ გამარჯვებულები.
ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, მათი ხმები არ დაიკარგოს. ამისთვის პატარა პარტიები, რომლებიც მარტო ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებენ, უნდა გაერთიანდნენ. თუმცა ეს შეიძლება სახიფათოც იყოს. პარტიების გაერთიანება გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ამომრჩევლების ხმები არჩევნებზე დაჯამდება.
ამ ეტაპზე ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების ორ სცენარს განიხილავენ:
- დიდი ოპოზიციური ერთობა, იგივე საერთო სია;
- რამდენიმე დიდი ოპოზიციური ცენტრი.
დიდი ოპოზიციური ერთობა
ოპოზიციური ერთობის იდეა წინასაარჩევნოდ ერთიანი სიის შექმნას ნიშნავს, სადაც ყველა პარტია თანასწორია. ეს გაერთიანება 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი იქნება, მისთვის ხმის მიცემა კი საქართველოს ევროპული კურსისთვის მხარდაჭერის საპირწონე უნდა იყოს, - ამბობენ ერთობის იდეის მომხრეები. მათ შორის არიან პარტიები:
- „გირჩი-მეტი თავისუფლება“;
- „დროა“;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
- „ნაციონალური მოძრაობა“.
ამ კონფიგურაციის ყველაზე დიდი მხარდამჭერის, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის აზრით, ერთიან სიაში უნდა მოხვდეს ყველა, ვინც ბოლო წლების განმავლობაში „ებრძოდა რეჟიმს“ და არავის ეპარება ეჭვი, რომ ისინი „ბიძინას და ქოცების თამაშს არ თამაშობენ და არ ითამაშებენ“. ასეთები მხოლოდ პოლიტიკოსები არ არიან.
„ერთობის იდეას“ ეწინააღმდეგებიან ან სკეპტიკურად უყურებენ პარტიები:
- „ახალი“;
- „ლელო“;
- „გახარია-საქართველოსთვის“;
- „ლეიბორისტული პარტია“;
- „ევროპული საქართველო“.
მოწინააღდეგეების აზრით, საერთო სია ოპოზიციას დააზიანებს, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ამომრჩეველს თავისუფლებას და მოტივაციას წაართმებს. ამას გარდა, ეს ერთობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპაგანდას წაახალისებს. მმართველი პარტია ოპოზიციის „კოლექტიურ ნაცებად“ წარმოჩენას ცდილობს.
პარტიების ნაწილს არ სურს იყოს იმ გაერთიანების წევრი, სადაც „ნაციონალური მოძრაობაცაა“.
„ეს კონფიგურაცია არჩევანს უზღუდავს და მძევლის მდგომარეობაში აყენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რეჟიმის ცვლილება უნდათ, თუმცა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიუღებლობა აქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, სწორი თუ არასწორი მიზეზით“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან და საერთო სიის იდეას წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს, წარმატების გასაღებს კი ამომრჩევლის უპრეცედენტოდ მაღალ აქტივობაში ხედავს.
„საუკეთესო სცენარია არჩევნებზე იმ ტიპის შედეგის მიღწევა, რომლის განეიტრალება და ნიველირება, არალეგალური მეთოდებით რეჟიმისთვის შეუძლებელი იქნება.
მცდარია განწყობის შექმნა, რომ ივანიშვილის გადარჩენის საშუალება საარჩევნო ბარიერია. თუ ჩვენ მივაღწევთ ვითარებას, რომელშიც მოქალაქეების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ცვლილებებს, ბარიერის საკითხი მათემატიკურად ვერ დადგება“, - ამბობს გიგა ბოკერია.
„ოპოზიციურ ერთობაში ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, მინიმუმ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს“, - ამბობს ზურა ჯაფარიძე და ასახელებს არგუმენტებს იმ პარტიებისა და მოქალაქეებისთვის, რომლებიც საერთო სიას „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობის გამო აკრიტიკებენ.
„იმ სცენარში, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს ძალაუფლებაზე, არ ექნება ხუთი ნომერი, ვერ მიიღებს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, დაკარგავს საარჩევნო კომისიაში წევრებს, დაკარგავს საბიუჯეტო დაფინანსებას, უფასო რეკლამას და ყველა იმ ბენეფიტს, რომელსაც პარტიები არჩევნებში მონაწილეობით იღებენ. საჯაროდ ამბობენ იმასაც, რომ არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ ექნებათ, მაგალითად, ძალოვანი მინისტრები ჰყავდეთ“, - ამბობს ჯაფარიძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც ყველა კვლევით (IRI, NDI, GORBI, Edison Research) 5%-იან ბარიერს თავისუფლად ლახავს. მაშინ, რა უნდა მას საერთო ოპოზიციურ გაერთიანებაში, სადაც მისი გავლენა და მონაწილეობა, ზურა ჯაფარიძის სცენარის მიხედვით და მათი საჯარო დაპირებით, მინიმალური იქნება?
„თუ რეჟიმის წინააღმდეგ გავერთიანდებით, საარჩევნო ყუთთან მეტ ადამიანს მოვიზიდავთ. არიან პროდასავლური ძალები, რომლებსაც განსხვავებული ხედვა აქვთ, თუმცა ერთად მოქმედების საერთო პრინციპი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიის“ სახით უკვე წარმოადგინა. ეს რეფორმები დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ გეგმებს ეხება. ყველაზე მთავარი ჯერ რუსული რეჟიმის დამარცხებაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა.
სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტია“ არც საერთო ოპოზიციური სიაა და არც რაიმე სხვა ტიპის საარჩევნო კონფიგურაცია. ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. პირობა ასეთია - ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც მას ხელი მოაწერა, აიღო პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ქართულ ქარტიაში“ გაწერილ რეფორმებს შეასრულებს. ქარტია ეყრდნობა ევროკომისიის 9 ნაბიჯს და ათზე მეტ სფეროში რეფორმას აანონსებს. პარტიებმა დადეს პირობა, რომ რეფორმებს საგაზაფხულო სესიამდე დაასრულებენ (2025 წლის ზაფხული) და ამის შემდეგ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
პოლიტიკური რყევებია პარტია „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჯანმრთელობის მიზეზით თანამდებობა დატოვა და პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე გადაინაცვლა. ამ გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე მას „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს. ხაბეიშვილის ადგილი თინა ბოკუჩავამ დაიკავა.
„ყველა შევთანხმდით, რომ ქვეყანას ვკარგავთ. ასეთ დროს პოზიცია, რომ მე ნაცთან ვერ დავდგები, არასწორია. 30% უჭერს ამ პარტიას მხარს, მოგწონს - არ მოგწონს, ნახევარი მილიონი ადამიანია. არჩევნების მერე ენმ-თან კოალიციას არ აპირებენ? „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გადალახოს ბარიერი და დაიკარგოს ოპოზიციის ხმა. ამიტომ გამსხვილება აუცილებელია. კი ამბობენ, არ გვინდა ბუღალტერიაო, მაგრამ არჩევნებია და მარტო ემოცია არ გამოვა, გონი უნდა მივაყოლოთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ. მისი პარტია 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ენმ-თან კოალიციით, „გამარჯვების პლატფორმის“ ქოლგის ქვეშ მიიღებს.
ერთიანი სიის იდეას სკეპტიკურად უყურებს პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია. ის აპირებს, საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე დაყრდნობით მიიღოს.
„არა საერთო სიასო - ჩვენს პარტიას არ უთქვამს, ჩვენ გამოვთქვამთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას, რამდენად არის ეს გამარჯვების ფორმულა. თუ ეს აღმოჩნდება ერთადერთი, უალტერნატივო და ეფექტიანი გზა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ მიზანზე უარის თქმას, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს არის მხოლოდ სპეკულაცია, რომ საერთო სია გამარჯვების ფორმულაა. ჩვენ სპეკულაციას ვერ ავყვებით. არ ვაპირებთ ყველაზე უფრო ტოქსიკური წინასაარჩევნო სიტყვის „სიის“ ტრიალს მუდმივად ეთერში“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ნიკა გვარამია.
კვლევებზე დაყრდნობას აპირებს ანა დოლიძეც. პარტია „ხალხისთვის“ წითელი ხაზების გავლებას არ დაიწყებს და „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდითაც დადგება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიის ნაწილს კრიტიკული პოზიცია აქვს ენმ-ის მიმართ, ასე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება... მიდის მსჯელობა, შიდა კონსულტაციები და ამის შედეგად ჩვენ ჩამოვყალიბდებით. ვინც ერთიანი სიის მომხრეა, გამოვიდეს და წარმოადგინოს კვლევა - ყველა პარტია რომ ავურიოთ ერთმანეთში, ეს კონფიგურაცია იმუშავებს?“, - სვამს კითხვას ანა დოლიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში და აზუსტებს რატომ არ ავლებს მკაფიო ბარიერებს: „არჩევნების შინაარსი შეიცვალა, ეს არ იქნება არჩევნები და იქნება რეფერენდუმი: მივდივართ განვითარებისკენ თუ ვრჩებით სიბნელეში, რუსეთთან ერთად“.
ამის საპასუხოდ, პარტია „დროას“ ლიდერი გიგა ლემონჯავა ერთიანი სიის იდეის მოწინააღმდეგეებს სთხოვს, არგუმენტებით ან კვლევით დაარწმუნონ, რომ „ივანიშვილის დასამარცხებლად“ სხვა კონფიგურაცია უკეთესია. ის მზად არის დათმოს საკუთარი ადგილი სიაში იმ შემთხვევაში, თუ ერთობა შედგება.
„წარმოვიდგინოთ სცენარი, რომელშიც ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა - წინასაარჩევნო კამპანია ცემა-ტყეპის ფონზე მიდის და კლინიკებთან და სასამართლო შენობებთან ვატარებთ დროს. ხელი გვაქვს ისედაც მოწერილი უკვე რეფორმებზე, რაც უნდა გავაკეთოთ გამარჯვების შემთხვევაში და რაზე ვიკამათოთ, როგორ გამოვკვეთოთ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, ამ უპირატესობის ჩვენება გაივლის იმაზე, თუ ვინ უფრო უკეთ აგინებს „ნაცებს“. ვინ უფრო უკეთ დაამტკიცებს, რომ „მე არ ვარ ნაცი“.
„ნაციონალური მოძრაობა“ თუ იქნება ცალკე, მისი ბუნებრივი ინსტინქტი იქნება დაიბრუნოს ყველა ხმა, რომელიც მათ ეკუთვნოდათ, ანუ მათი დღის წესრიგი ოპოზიციის კრიტიკა იქნება, ხოდა ახლა ამოვარჩიოთ, რა ჯობია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა ლემონჯავამ.
ხუთი თვეა არ გასაჯაროებულა არცერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელსაც ოპოზიციის გეგმები და გადაწყვეტილებები დაეყრდნობოდა. „აგენტების კანონამდე“ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგებით მსჯელობა კი, ბოლო ორ თვეში რადიკალურად შეცვლილი დღის წესრიგის ფონზე, სარისკო და ნაკლებად სანდოა.
ყველაზე ბოლოს, 2023 წლის დეკემბერში, Edison Research-ის კვლევა გამოქვეყნდა. ამ კვლევის მიხედვით:
- მოსახლეობის 56%-ის თქმით, ოპოზიციური პარტიების გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში, საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია.
- მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი სხვა პარტიებს უნდა მიეცეთ.
- 5%-იან ბარიერს ლახავენ პარტიები: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“/„სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოსთვის“ - 8.8%, „ლელო“ - 6.7%, „გირჩი“/„დროა“ - 5%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის უახლესი შედეგები 16 ნოემბერს გამოაქვეყნა. თუ ამ შედეგებს ავიღებთ, როგორც მხოლოდ მაგალითს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული აქვს ორ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივასთან ახლოსაა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
გამოკვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერ - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შეირჩა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტი. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%.
Gorbi-ის კვლევის თანახმად კი, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, 5%-იან ბარიერს მხოლოდ ორი პარტია ლახავს: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.
რამდენიმე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი
სიძველის მიუხედავად, სამი ერთმანეთისგან განსხვავებული კვლევა მიანიშნებს, რომ ოპოზიციამ გაერთიანებაზე უნდა იფიქროს. თუმცა გაერთიანება მხოლოდ ერთიან სიას არ შეიძლება გულისხმობდეს. პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის სცენარი უფრო რეალისტურია.
სავარაუდოა, რომ ასეთი გაერთიანება სულ სამი იქნება. პატარა პარტიებს შემოიკრებენ პარტიები:
- „ნაციონალური მოძრაობა“/„სტრატეგია აღმაშენებელი“;
- „გახარია - საქართველოსთვის“;
- „ლელო“/„ახალი“.
პარტია „ახლის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ პარტია „ლელოსთან“ კონსულტაციებს მართავს. ერთიანი სიის იდეის ჩავარდნის შემთხვევაში, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებაც“ ამ კონფიგურაციის წევრები გახდებიან.
„მიგვაჩნია, რომ გამარჯვების ფორმულა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებია, რომელსაც აქვს მიზიდულობის ძალა, ექნება სინერგია და არა - განზიდვის ფუნქცია. წინაღობები და განზიდვა ერთობის პირობებში ხელშესახები იქნება, კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ დაუჭერს მხარს, მაგალითად, ერთობას, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ვითარებაში, როცა ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საერთო სია კონტრპროდუქციული ვერ იქნება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან პარტია „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.
პარტიის ახალი სახეებით, მათ შორის „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებით და არამარტო, გაძლიერებას აანონსებს პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური.
„პარტია მიდის დამოუკიდებლად, ეს ახირება არ არის, ეს ეფუძნება სტრატეგიას. ერთიანობის ფასი გვესმის, მაგრამ ეს ერთიანობა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს. შიდა კვლევები გვაჩვენებს, რომ ჩვენი პარტია დამოუკიდებლად ბევრად უფრო ძლიერია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პარტიის კარი დახურულია, ჩვენ ვემუშავებით ინდივიდუალურად საინტერესო სახეებს და დროთა განმავლობაში შემოგვემატებიან კიდეც“, - ამბობს ანა ბუჩუკური რადიო თავისუფლებასთან.
„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ ხელი არ მოაწერა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“, რომელიც გულისხმობს არა საერთო სიას, არამედ საერთო იდეისთვის ერთად ბრძოლას.
საერთო ოპოზიციური სიის მხარდაჭერის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს არ ეწინააღმდეგება, ეს პარტია მსურველებს თავის რიგებში ეპატიჟება: „თუ ვერ ვერთიანდებით ერთი სიის გარშემო, მეორე გზაც გვაქვს - ჩვენ ყველას მივცემთ საშუალებას 5 ნომრის გარშემო გაერთიანდნენ და მანდატების 50%-ს მოვახმართ იმ პარტიებს, რომლებსაც არ აქვთ რესურსი გადალახონ 5%-იანი ბარიერი. უპირობოდ მზად ვართ საერთო სიაზე. თუ ჩვენ ამ არჩევნებს წავაგებთ, იმაზე მეტს დავკარგავთ, ვიდრე პარტიული ინტერესია“, - ამბობს ლაშა ფარულავა.
კომპრომისი და ერთიანობა გადამწყვეტია იმ ხაფანგების გათვალისწინებითაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ჩადო. ერთიანობის საწინააღმდეგოდ შეიძლება იმუშაოს ჩანაწერმა საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად დაფინანსდება ყველა პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში 1%-ს მაინც მიიღებს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წელიწადში 300 ათასი ლარი ბიუჯეტიდან გარანტირებული ექნება ნებისმიერ პარტიას, რომელიც, სულ ცოტა, 20 ათას მხარდამჭერს მოაგროვებს.
იზრდება მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ხელფასები. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის თანამდებობის პირი, თვეში 8250 ლარს აიღებს. ეს თანხა იზრდება საპარლამენტო თანამდებობების შესაბამისად.
პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ღიად ამბობს, რომ არც საერთო სიას ემხრობა და არც კოალიციას განიხილავს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ის არჩევნებზე ცალკე გავა და იმ შემთხვევაში, თუ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, გამოდის, რომ „ოცნების“ ყულაბას გაუნაწილებელ ხმებს შემატებს.
„იდეალური კონფიგურაცია იქნება იმდენი პარტიის არსებობა ბიულეტენში, რამდენიც რეალურად არსებობს, რამდენი პოლიტიკური აზრიც არსებობს. ასეთი პოლიტიკური აზრი არის „ქოცები“, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინამ იცის, „ნაცები“, რომლებიც ამბობენ, რომ მიშამ იცის და „გირჩი“, რომელიც ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ, ანუ სრულიად ღია პარტია, რომელიც ყველა კრიტიკულ აზრს ღიად პასუხობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იაგო ხვიჩიამ.
„გირჩისგან“ განსხვავებით, საკუთარი ამომრჩევლის ხმის დაკარგვას კოალიციით და ოპოზიციასთან თანამშრომლობით დააზღვევს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეები“. ალეკო ელისაშვილი არც საერთო სიას ეწინააღმდეგება, თუმცა, მისი აღქმით, ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული.
„რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ რომ ვერ გადალახოს ბარიერი, ეს იქნება კატასტროფა და საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“.
ახლა არ არის პარტიული ინტერესების, ეგოების და ამბიციების აღვირახსნილად მიშვების დრო, უნდა მოვთოკოთ, მე ბევრი ადამიანის გვერდით დავდგები, მთავარია დარწმუნებული ვიყო, რომ ამ რუსების ხროვას დავამარცხებთ. წითელი ხაზებიც უკან წავიღე, რადგან ახლა სხვა რეალობაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალეკო ელისაშვილმა.
პროდასავლური ოპოზიციისთვის ამ არჩევნებზე წითელი ხაზი - ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი და პრორუსული პარტიები არიან, მათ შორის, „ალტ-ინფო“ და „პატრიოტთა ალიანსი“. არჩევნებზე ეს ორივე კოალიციად წარდგება. ამის შესახებ ზურაბ მახარაძემ ტელევიზია „ალტ-ინფოს“ ეთერში თქვა.
„ერთადერთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურად არის თანხვედრაც და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ახლა არის საპარლამენტო პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი გამოეყო და ცალკეა, იურიდიულად საპარლამენტო პარტიაა, მას არაფრის შეგროვება, ხელმოწერები არ სჭირდება, უკვე იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მისი დაბლოკვაც შეუძლებელია“, - თქვა ზურა მახარაძემ.
„კონსერვატიულ პარტიას“ რეგისტრაცია 8 აპრილს გაუუქმეს. რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო. საჯარო რეესტრში არ იყო წარდგენილი აწ უკვე გაუქმებული პარტიის ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდება.
ცალკე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ლეიბორისტული პარტია. მათ არც სალომე ზურაბიშვილის ქარტიას მოაწერეს ხელი.
„გარეთ სანქციები, შიგნით სანქციები“, - ასეთია ლეიბორისტული პარტიის ლიდერისთვის გამარჯვების ფორმულა. ის კოალიციებს არ ენდობა და ამბობს, 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დარწმუნებულები ვართო.
პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნო გარემოც გამოწვევა იქნება. ყველა, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, დარწმუნებით ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია ძალადობის პირობებში მოუწევთ - ანუ ისეთ ვითარებაში, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს - პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, შემთხვევით მოქალაქეებს სცემენ, აშინებენ და აკავებენ, სადაც საზოგადოებას პოლიტიკურ პროგრამებზე მსჯელობისთვის დრო არ ჰყოფნის.