Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წავიკითხეთ ლგბტ უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი - რა წერია იქ


აქცია პარლამენტის წინ, 6 ივლისი, 2021 წელი
აქცია პარლამენტის წინ, 6 ივლისი, 2021 წელი

ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს, ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, პირველი მოსმენით უყრის კენჭს.

კანონპროექტის დამტკიცება საშემოდგომო სესიაზე, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე იგეგმება.

10 ივნისს პარლამენტის ბიურომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის განსახილველად წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაასახელა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა კი სავალდებულო დასკვნები უნდა მოამზადონ.

კანონპროექტი ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს.

„ეს არის ტოტალიტარული ტიპის კანონმდებლობა, რომელიც იწყებს გამოხატვის შინაარსობრივ კონტროლს სექსუალობის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის საკითხებზე და მიდის ძალიან ღრმა აკრძალვებში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამთა მიქელაძემ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი პროგრამის დირექტორმა.

ადამიანის უფლებათა დამცველებს აშფოთებთ კანონით დასაწესებელი შეზღუდვების უგულებელყოფის კრიმინალიზება.

ამ სტატიაში წაიკითხავთ, რა და როგორ იცვლება, ასევე, როგორ აფასებდა 2013 წელს მიღებულ რამდენიმე მსგავს კანონს ვენეციის კომისია.

რა მიზანი აქვს კანონპროექტს?

ეს „ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის პირველსავე მუხლშია ახსნილი:

„ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება“.

კანონპროექტი 13 მუხლისგან შედგება და არეგულირებს:

  • ქორწინებას;
  • შვილად აყვანას;
  • მინდობით აღზრდას;
  • სამედიცინო მანიპულაციებს;
  • ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის მითითებას;
  • განათლებას;
  • ინფორმაციის გავრცელებას;
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებას;
  • შრომითი ურთიერთობის დროს დოკუმენტაციაში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფის შემთხვევებს;
  • აწესებს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს;
  • ადგენს პასუხისმგებლობებსა და დასჯის მექანიზმებს კანონის დარღვევის შემთხვევაში.


კანონპროექტი გულისხმობს საქართველოში მოქმედ 19 კანონში შესატან არაერთ ცვლილებას. ეს კანონებია:

  • სამოქალაქო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • ბავშვის უფლებათა კოდექსი;
  • „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ბავშვის უფლებათა კოდექსი, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონი;
  • „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტის ინიციირება?

კანონპროექტის განმარტებით ბარათში „ოცნება“ წერს:

„საზღვარგარეთის მთელ რიგ სახელმწიფოებში დღესდღეობით ფართოდ გავრცელებულია და დანერგილია ისეთი იდეოლოგია, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებს აშკარად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება“, - ამ არგუმენტის განსამტკიცებულად კანონპროექტის ავტორებს მოჰყავთ 2 კვლევა:

  • „2023 წელს Ipsos-ის მიერ 30 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 9% თავს LGBT+ თემს მიაკუთვნებს, რომლის საგულისხმო ნაწილიც არასრულწლოვანია“;
  • „Gallup-ის კვლევის მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, რომელიც თავს LGBTQ+ თემს მიაკუთვნებს, 2012 წლიდან 2023 წლამდე გაორმაგდა“.


კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომლებს უთითებს, რომ მოერიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: „ბიჭებო“, „ქალბატონებო და ბატონებო“, „დედა/მამა“, „ვაჟი/ქალიშვილი“, „ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: „ყველა“, „ხალხო“, „თქვენ ყველა“, „მშობელი“, „შვილი“, „მეუღლე“, „პარტნიორი“.

რას კრძალავს კანონპროექტი?

ქორწინება

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია ქორწინება და მისი რეგისტრაცია, თუკი წყვილიდან „ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება“.

საზღვარგარეთ აღიარებულ ან/და რეგისტრირებულ ასეთ ურთიერთობას საქართველოში იურიდიული ძალა არ ექნება.

კანონპროექტის თანახმად, შეიცვლება სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი.

დღეს მოქმედ კანონმდებლობაში განმარტებულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს მიერ.

ცვლილებების შემდეგ ამ განსაზღვრებას დაემატება აი, ეს წინადადება - „კერძოდ, განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი“.

შვილად აყვანა

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის მეოთხე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და ბავშვზე მზრუნველობის უპირატეს ფორმებს“, მაგალითად, ასეთს - რომ დაუშვებელია დედმამიშვილების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს ან, რომ ბავშვის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, უნდა დაემატოს ორი პუნქტი:

დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა(1), ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა(2), რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.

სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება სქესის შეცვლის მიზნით

ამ შემთხვევაში, კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ და მას ემატება მე-14 პრიმა მუხლი:

„ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელია“.

ამ მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 176-ე პრიმა მუხლი. ეს მუხლი ამბობს, რომ უკანონოა ქირურგიული ოპერაციები, რომელთა მიზანი ბიოლოგიური სქესის შეცვლაა. ასეთი ოპერაციის ჩატარება ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე.

სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითება

კანონპროექტში წერია, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს უნდა დაემატოს მეექვსე პრიმა მუხლი:

„პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია“.

განათლება - რეგულაციები და ჯარიმები

როგორც კანონპროექტშია მითითებული, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლს ემატება მეშვიდე პუნქტი:

„დაუშვებელია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებსა და ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პოპულარიზაციისკენ“.

ამ მუხლის დარღვევისთვის თანამშრომელი ჯარიმდება 1500 ლარით, მას ასევე ჩამოართმევენ „სამართალდარღვევის საგანს“, ხოლო იურიდიული პირი (საგანმანათლებლო დაწესებულება) - 4000 ლარის ოდენობით. „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია“ დაწესებულებასაც ეხება.

საქმეს იხილავს და ჯარიმას განსაზღვრავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილი პირი.

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების - 176-ე პრიმა მუხლის მიხედვით კი, განმეორებითი სამართალდარღვევა (თუკი სამართალდარღვევის ხანდაზმულობის ვადა, მაგალითად, ერთი წელი არ არის გასული) ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ინფორმაციის გავრცელება - რეგულაციები და ჯარიმები

ამ შემთხვევაში, იცვლება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი. მას ემატება ჩანაწერი:

„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

კანონპროექტში წერია, რომ ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ ჩაეთვლება სამართალდარღვევად, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.

კანონს ემატება 59-ე სეკუნდა მუხლიც - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

„დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

ამ მუხლის დარღვევა ჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“. იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება და - 3 000 ლარს აღწევს.

ამ დანაშაულის განმეორება უკვე ექვემდებარება სისხლის სამართლის დანაშაულს და ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

63-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, კი:

„დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ აკრძალვის დარღვევა სუბიექტს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი რეკლამის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა“.

ამ მუხლის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა - 2500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

განმეორებითი სამართალდარღვევა ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შეკრება, მანიფესტაციის ჩატარება

ეს რეგულაცია გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში. უფრო კონკრეტულად კი - ცვლილებას მეცხრე მუხლში.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამ მუხლით შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.

ცვლილებების შემდეგ - დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფა

ბათილია შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გაცემული ისეთი მითითება ან/და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული ისეთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ ან მისი უგულებელყოფის წახალისებისკენ.

კანონპროექტის მეცამეტე მუხლის თანახმად, კანონი გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

"ხელისუფლება ცდილობს ისარგებლოს იმ ჰომოფობიური სენტიმენტებით, რომელიც საზოგადოებაშია"

„ხელისუფლება ახლა ნორმატიულად ცვლის რეალობას და ლგბტ ადამიანებს, ფაქტობრივად, უუფლებოებს ტოვებს, რაც მკვეთრად ფაშისტური მიდგომაა კონკრეტული ჯგუფის მიმართ, მაგრამ ეს ცვლილებები მხოლოდ ლგბტ ადამიანებს არ შეეხებათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი პროგრამის დირექტორი.

მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ხელისუფლების ამ ინიციატივის უკან პოლიტიკური მიზანი დგას, რომელსაც დღეს აღარ გააჩნია პოზიტიური დღის წესრიგი და ასე ცდილობს საზოგადოებაში არსებული კონსერვატიული გრძნობების გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, ემსახურება ღიად ფაშისტური კანონის მიღებას და ლგბტ ადამიანებისთვის მტრული სამართლებრივი გარემოს შექმნას და, მეორე მხრივ, აწესებს ცენზურას:

თამთა მიქელაძე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"
თამთა მიქელაძე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

„და ეს ცენზურა წესდება მთელი რიგი საკითხების გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც მმართველი გუნდის ინტერპრეტაციით, შეიძლება უკავშირდებოდეს ჰომოსექსუალიზმს ან ერთსქესიანი ურთიერთობის საკითხებს.

ეს შეეხება ყველას, მასწავლებლებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, პროფესორებს, ჟურნალისტებს, მწერლებს, არტისტებს. ეს არის ტოტალიტარული ტიპის კანონმდებლობა, რომელიც იწყებს გამოხატვის შინაარსობრივ კონტროლს სექსუალობის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის საკითხებზე და მიდის ძალიან ღრმა აკრძალვებში“.

თამთა მიქელაძის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი და მძიმე გადაწყვეტილებაა საკითხის კრიმინალიზების მცდელობა:

„რამდენადაც დეკლარირებულია, ისინი აპირებენ ამ საკითხების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში გადასროლას. ეს არის სრულიად არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება და ეწინააღმდეგება ჩვენი კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც უთითებს, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრის ან მისი გამოხატვის გამო, დაუშვებელია ცენზურა და შეუძლებელია, რომ სახელმწიფოს მივაკუთვნოთ უფლებამოსილება დაყოს აზრები მართებულ და არამართებულ, სასურველ და არასასურველ კატეგორიებად“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სამართლებრივი შეფასებით, შეკრების, ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის, ასევე საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში გამოყენებული ინფორმაციის შინაარსობრივი კონტროლის დაშვება და უფლებაში ჩარევის ძალიან ფართო, ბუნდოვანი და არალეგიტიმური საფუძვლების დაშვება კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საბაზო პრინციპებს ეწინააღმდეგება და დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის შეუთავსებელია.

ვენეციის კომისიის კრიტიკა „ოცნების“ ინიციატივის ანალოგიურ კანონპროექტებს

2013 წელს, ვენეციის კომისიამ, ერთობლივად განიხილა რუსეთის ფედერაციაში, ასევე, იმავე პერიოდში, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკაში მიღებული კანონი „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ და სამივე შემთხვევაში, სისტემურ სამართლებრივ ხარვეზებსა და პრობლემურობაზე მიუთითა.

ვენეციის კომისიამ განმარტა, რომ თუკი ხდება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა, აუცილებელია, ამგვარი შეზღუდვა, ერთი მხრივ, იყოს კანონით განსაზღვრული, ხოლო მეორე მხრივ, იყოს განჭვრეტადი.

კომისიამ განაცხადა, რომ დაუშვებელია, კანონის უმთავრესი ფუნდამენტი და მიზანი იმგვარი ფართო ცნებების აკრძალვა იყოს, როგორიცაა, მაგალითად, ტერმინი „პროპაგანდა“. როგორც ვენეციის კომისია მაშინ წერდა, ბუნდოვანია, „ჰომოსექსუალური პროპაგანდის აკრძალვა“ გულისხმობს თუ არა, მათ შორის, ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერის გამომხატველი მოსაზრების, ინფორმაციის, ჰომოფობიური დამოკიდებულების შეცვლის მცდელობის, ანდა პირის სექსუალური ორიენტაციის ფაქტობრივი ინფორმაციის გასაჯაროებას.

ვენეციის კომისიამ ასევე განიხილა „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის“ შესახებ კანონით დასახელებული მეორე ლეგიტიმური მიზნის, „არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობის“ მართლზომიერება. კომისიის აზრით, დაუშვებელია, არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს საკმარისი ინფორმაცია სექსუალობის საკითხებზე, მათ შორის, ჰომოსექსუალიზმზე, ამდენად, კომისიამ ბავშვთა დაცვის მოტივიც არალეგიტიმურ მიზნად ცნო.

ვენეციის კომისიამ 2021 წელს მწვავედ გააკრიტიკა უნგრეთის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო კანონიც, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG