თუმცა, ამ კავშირებში ჩახედული ექსპერტების თქმით, ურთიერთობები ირანსა და ჰამასს შორის, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებებადაა აღიარებული აშშ-სა და ევროპის კავშირის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს, რადგან სინვარი ღაზაშია ჩარჩენილი.
ბევრი მოელოდა, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ჰამასის ახალი ლიდერი ხალემ მაშაალი გახდებოდა, მაგრამ „არაბული გაზაფხულის“ დროს ირანის მოკავშირე ბაშარ ალ-ასადის გაკრიტიკებამ შეცვალა მის მიმართ ირანის უმაღლესი ხელმძღვანელების დამოკიდებულება.
იაჰია სინვარს, მჭიდრო კავშირები აქვს ირანთან.
სინვარი, რომელიც ითვლება 2024 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში მოწყობილი თავდასხმის ორგანიზატორად, ჰამასის სამხედრო ფრთას მეთაურობდა. ამ იერიშს 1200 ადამიანი ემსხვერპლა და მას მოჰყვა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ფართო მასშტაბის სამხედრო მოქმედებების დაწყება, რასაც, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დღემდე 40 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
6 აგვისტოს პალესტინური დაჯგუფების პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელად მისი დანიშვნა მოჰყვა წინამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას თეირანში 31 ივლისს. ამ მკვლელობაში ირანი და ჰამასი ისრაელს ადანაშაულებენ.
ჰანიეს სიკვდილის შემდეგ, რომელსაც კარგი ურთიერთობები ჰქონდა ირანის ოფიციალურ პირებთან, მის მემკვიდრეობაზე ყველაზე ცნობილი შესაძლო კანდიდატები იყვნენ ხალედ მაშაალი, ჰამასის პოლიტბიუროს ყოფილი უფროსი, და ხალილ ალ-ჰაია, ბიუროს გამოჩენილი ფიგურა, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჰანიესთან.
ანალიტიკოსების თქმით, სინვარის დანიშვნა, რომელიც ღაზაში ჰამასის მეთაურია 2017 წლიდან, დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან ბევრმა არ გაითვალისწინა ირანის ფაქტორი.
„არც ერთ ჩვენგანს - ექსპერტებს პალესტინის საკითხებში - განსაკუთრებით აქ, ისრაელში, არ უფიქრია სინვარზე, როგორც კაცზე, რომელიც შეცვლიდა ჰანიეს“, თქვა იოჰანან ცორეფმა, თელ-ავივის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უფროსმა. ეს ცენტრი ისრაელ-პალესტინის ურთიერთობების საკითხებს იკვლევს.
„ერთი [მთავარი] მიზეზი, რატომაც გახდა სინვარი [ახალი] ლიდერი, ირანია“, - თვლის თელ-ავიველი მკვლევარი.
სინვარი კატარში ორდღიანი განხილვების შემდეგ დანიშნეს ამ პოსტზე. გადაწყვეტილება მიიღო შურას საბჭომ, საკონსულტაციო ორგანომ, რომელიც ირჩევს ორგანიზაციის პოლიტბიუროს და მის წევრებს ღაზაში, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელის ციხეებში და პალესტინელების დიასპორაში.
ცორეფი ამბობს, რომ ხალედ მაშაალის მიერ სირიის პრეზიდენტის, თეირანის ახლო მოკავშირის, ბაშარ ალ-ასადის კრიტიკამ 2011 წლის „არაბული გაზაფხულის“ დროს, ის ძალზე არაპოპულარულ ფიგურად აქცია ირანის უმაღლეს ხელმძღვანელთა შორის.
ცორეფი ამტკიცებს, რომ მაშაალის ხელისუფლებაში დაბრუნებას შეიძლება საფრთხე შეექმნა პალესტინის დაჯგუფების ურთიერთობებისთვის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და „[ირანელებს] შესაძლოა“ შეეწყვიტათ ჰამასისთვის ყველაფრის მიცემა, რაც მას სჭირდება [ისრაელის ძალებთან საბრძოლველად]“.
მაგრამ სინვარი, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზაშია ჩარჩენილი, სადაც იმალება ოქტომბერში ისრაელთან ომის დაწყების შემდეგ. გადაადგილებისა და მსოფლიოსთან კომუნიკაციის შეზღუდვა ნიშნავს, რომ სინვარის საერთო შესაძლებლობებიც შეზღუდულია.
„არაა მოსალოდნელი, სინვარი ან ჰამასი უფრო დაუახლოვდნენ ირანს. ამ ეტაპზე, ურთიერთობა სავარაუდოდ იგივე დარჩება“, განაცხადა იოსტ ჰილტერმანმა, ბელგიაში დაფუძნებული საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის დირექტორმა.
ისრაელის ციხეებში გამოწრთობილი
61 წლის სინვარი, მისი მომხრეების მიერ ასევე აბუ იბრაჰიმად ცნობილი, დაიბადა ღაზაში, ხან-იუნისის ლტოლვილთა ბანაკში.
მისი მშობლები, ისევე, როგორც ჰანიეს მშობლები, სანაპირო ქალაქ აშკელონიდან გაიქცნენ ებრაელებსა და არაბებს შორის 1948 წლის ომის დროს, რომლის შედეგადაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო. ამ ომს პალესტინელები „ნაკბას“ (კატასტროფა) უწოდებენ.
სინვარი ჰამასს 1987 წელს მისი დაარსებიდან მალევე შეუერთდა და შექმნა მისი შინაგანი უშიშროების შიშისმომგვრელი ორგანიზაცია, „ალ-მაჯდი“, რომლის მთავარი მიზანი იყო დაჯგუფების შიგნით ისრაელელი ჯაშუშების პოვნა. მან სასტიკი ადამიანის რეპუტაცია მოიპოვა და მეტსახელად „ხან-იუნისის ჯალათი“ შეარქვეს.
1988 წელს ისრაელმა ის დააპატიმრა და გაასამართლა. სინვარის ოთხგზის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ, გადმოცემით, საკუთარი ხელით დახვრიტა ისრაელის ორი ჯარისკაცი და ოთხი პალესტინელი კოლაბორაციონისტი.
„ეს არის ადამიანი, რომელიც გამოიწრთო ისრაელის ციხეებში, ისევე, როგორც ბევრი ყოფილი პალესტინელი პატიმარი, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყვნენ პატიმრობაში“, - გვიყვება ჰილტერმანი.
მისი თქმით, სინვარმა ციხეში ისწავლა ებრაული და, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ეს დაეხმარა მას იმის გაგებაში, თუ როგორ აზროვნებენ ისრაელის ლიდერები.
„სინვარი მართლა სასტიკია. დაუნდობელია. ის ბევრ რამეში ისეთივე ლიდერია, როგორც ისრაელის ნებისმიერი ხელმძღვანელი,“ - თქვა ჰილტერმანმა.
ციხეში ყოფნისას სინვარმა გაფიცვები მოაწყო სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით და საპატიმროში მყოფი პალესტინელების მეთაური გახდა.
ციხეში მიღებულმა გამოცდილებამ ის „ძალიან კარგად მოამზადა ჰამასის ლიდერობისთვის“ და 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვისთვის, თქვა ჰილტერმანმა.
სინვარი 2011 წელს გაათავისუფლეს პატიმართა გაცვლის შედეგად, რომლის დროსაც 1000 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს ჰამასის მიერ შეპყრობილი ერთი ისრაელელი ჯარისკაცის სანაცვლოდ.
გათავისუფლებიდან მალევე, სინვარი თან ახლდა ჰანიეს თეირანში მოგზაურობისას, სადაც იგი შეხვდა უზენაეს ლიდერს, ალი ხამენეის. იმ დღეს, როცა სინვარი ჰანიეს მემკვიდრედ გამოცხადდა, X-ის პლატფორმაზე ხამენეის ანგარიშზე გამოქვეყნდა მოკლე ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია სინვარის შეხვედრა ირანის ლიდერთან 2012 წლის თებერვალში.
ჰამასის გზავნილი
ტრადიციულად ჰამასის პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელი უცხოეთში იმყოფება, რათა იმოგზაუროს, კონტაქტები გააბა რეგიონულ და სხვა მოკავშირეებთან, მაგალითად, თეირანთან ან ლიბანურ ორგანიზაცია ჰეზბოლასთან, რომელიც ჰამასის მსგავსად აშშ-ში, ბრიტანეთში, ევროკავშირის ქვეყნებში ასევე ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
მაგრამ სინვარი, რომელზეც ერთხელ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იხუმრა, რომ ის ღაზაში „მიწისქვეშ მეათე სართულზეა დამარხული“, ომის გამო ვერ ტოვებს იქაურობას.
ცოფერის თანახმად, ღაზელი მეთაურის ჰამასის ხელმძღვანელად დანიშვნით „ჰამასიძლიერ სიგნალს უგზავნის ისრაელს და არაბულ ქვენებს, რომ ჰამასის წინააღმდეგობა არ ჩამკვდარა“.
ბელგიელი ექსპერტი დასძენს, რომ „მთავარი გზავნილი ისაა, რომ არავის არ შეუძლია მათი განდევნა ამ რაიონიდან“.
თვითონ სანვარს ღაზის დატოვება არ უნდა სურდეს, რადგან მისი ლეგიტიმურობა იმას ეფუძნება, რომ ის იქ იმყოფება.
ჰილტერმანი ვარაუდობს, რომ „თუ სინვარი ღაზას დატოვებს, პალესტინელები იტყვიან, რომ მან ისინი მიატოვა - კაპიტანმა ხომალდი დატოვა“.
სინვარი ისრაელს უკვე ომის დასაწყისში ჰყავდა მიზანში ამოღებული. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მალევე ისრაელის არმიის კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ის „მკვდარია“.
ამ კაცის მოკვლა ისრაელის არმიისთვის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება.
7 აგვისტოს გენერალ-ლეიტენანტმა, ჰერცი ჰალევიმ პირობა დადო, რომ მის ჯარებს სინვარი სამიზნეში ჰყავთ ამოღებული და აიძულებენ ჰამასს „კვლავ შეცვალოს პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარე“.
ფორუმი