თანამედროვე დასავლური დემოკრატიებიც, ცხადია, საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ, მაგრამ მორალურ ფაქტორსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ: რომელ მხარესაა სიმართლე? მორალური კომპონენტი დიდწილად განსაზღვრავს საზოგადოების განწყობას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც აისახება.
დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის და ისრაელ-ჰამასის ომების მიმართ ამის თვალსაჩინო მაგალითია. ორივეს მიმართ დასავლეთის პოლიტიკას მორალური განზომილების გარეშე ვერ გავიგებთ.
ჩვენი, ქართველების დამოკიდებულება ამ ომების მიმართ არათანაბარია. რუსეთ-უკრაინისა უშუალოდ გვეხება, ეს ჩვენი ომიცაა. იმავეს ვერ ვიტყვით ისრაელ-ჰამასის ომზე, თუმცა გეოგრაფიულად არც ისაა შორს.
მაგრამ ჩვენც დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი, თუმცა პერიფერიული კუთხე ვართ. პოლიტიკური ხედვაც დიდწილად იმ მოლოდინზე გვაქვს აგებული, რომ დასავლეთი მხარს დაგვიჭერს და ეს მორალურადაც ევალება. ამიტომ ორივე ომის მორალური განზომილების მიმართ გულგრილი ვერ დავრჩებით.
განსხვავებები დასავლეთის შიგნით
დასავლური შეფასებებიც არაერთგვაროვანია. რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში ისინი შედარებით ცალსახაა: რუსეთის აგრესიას გამართლება არა აქვს, უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის და მხარდაჭერას იმსახურებს.
პუტინის ნარატივს, რომლის თანახმად რუსეთი თავს იცავს დასავლეთის აგრესიისგან, ხოლო უკრაინა ამ უკანასკნელის იარაღია. მხოლოდ უკიდურეს მემარცხენე და მემარჯვენე ფლანგებზე აქვს გასავალი. მისი ხედვა გაცილებით უფრო გავლენიანია დასავლეთის გარეთ, მაგრამ ეს სხვა თემაა.
დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ასუსტებს არა რუსეთის მიმართ სიმპათია, არამედ პრაგმატული მოსაზრებები. ასეთია, კერძოდ, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შიში: ამიტომ „პუტინი ზედმეტად არ უნდა გავაბრაზოთ“. მეორეს მხრივ, ზოგი - ეს უფრო ამერიკელ რესპუბლიკელებს ეხება - სვამს კითხვას: საერთოდ რატომ უნდა ვიხელმძღვანელოთ მორალური კრიტერიუმებით, თუ ეს ომი პირდაპირ საფრთხეს არ გვიქმნის? (რამდენად მართლა პრაგმატულია ეს არგუმენტები, აქ არ განვიხილავ).
დასავლეთი გაცილებით უფრო გაყოფილია ისრაელ-ჰამასის ომის საკითხში. ზოგადად, ის მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, მტრებისგან თავი დაიცვას, თუმცა ეს მხარდაჭერა პირობითია. ისრაელს მოეთხოვება, მაქსიმუმი გააკეთოს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ომში ნაკლებ დაზარალდეს, თუმცა პრაქტიკულად როგორ და რამდენადაა ეს შესაძლებელი, ცხადი არ არის.
მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, იდეოლოგიურად მემარცხენე ფლანგზე, ისრაელის მიმართ მტრულადაა განწყობილი, რაც ხანდახან აშკარა ან ფარულ ანტისემიტიზმში გადადის. ისრაელის ზოგი კრიტიკოსი ჰამასს ღიად უცხადებს სოლიდარობას, თუმცა უმრავლესობა ზოგადად პალესტინელი არაბების ინტერესების დაცვით ამართლებს თავის პოზიციას.
თავისუფალი სამყარო ავტორიტარიზმის წინააღმდეგ
რა კონკრეტული მორალური პრინციპები და მოსაზრებები უდგას უკან ამ განწყობებს?
მთავარი მიზეზები, რის გამოც დემოკრატიული სამყარო უკრაინას და ისრაელს უჭერს მხარს, ზედაპირზე დევს. ორივე ქვეყანა დემოკრატიაა, რომელიც საკუთარი არსებობისთვის იბრძვის. მათ უპირისპირდებიან უკიდურესად ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც ლეგიტიმურად არ ცნობენ ამ ქვეყნების არსებობას და მათ სრულ განადგურებას ესწრაფვიან. ეს ძალები, პრაქტიკულად, არ იზღუდავენ თავს ჰუმანიტარული ნორმებით.
რაც გინდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან პუტინის რუსეთი და ჰამასი, მათ ლიბერალური ღირებულებების და დასავლეთის ზიზღი აერთიანებთ. ეს მათ ფაქტობრივ მოკავშირეებად აქცევს. რუსეთი, ირანთან ერთად, საფუძვლიანად ითვლება ჰამასის ერთ-ერთ პოლიტიკურ სპონსორად.
ნებისმიერი მათგანის გამარჯვება დასავლეთის ზოგადი უკანდახევის მომასწავებელი იქნება. ეს გლობალურად დემოკრატიის დასუსტებას ნიშნავს და საფრთხის ქვეშ დააყენებს პატარა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უსაფრთხოებას და მათი დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.
მსხვერპლთაყვანისმცელობის იდეოლოგიის მსხვერპლი
დასავლური საზოგადოების იმ ნაწილის განწყობა, რომელიც თავს „პროგრესულს“ უწოდებს, ეწინააღმდეგება ამ პოზიციას. იშვიათ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ის უკრაინის მხარესაა რუსეთთან ომში, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მტრებს უცხადებს სოლიდარობას (თუნდაც, უმეტეს შემთხვევაში, ჰამასის ღია მხარდაჭერას თაკილობდეს).
რით აიხსნება ეს პარადოქსი? მისი ძირი შეიძლება ვეძებოთ მსხვერპლთაყვანისმცემლობის იდეოლოგიაში, რომელმაც დასავლელ პროგრესისტებში პროგრესის იდეა ჩაანაცვლა. ამ იდეოლოგიის მიხედვით ნებისმიერ კონფლიქტში მართალი ის კი არაა, ვინც უფრო სამართლიანად იქცევა, არამედ ის, ვინც უფრო სუსტია და, აქედან გამომდინარე, „მსხვერპლის“ სტატუსი მიეწერება. მსხვერპლიც და მჩაგვრელიც ჯგუფია და არა ინდივიდი.
ეს იდეოლოგია არსებითად ანტიდასავლურია, რადგან „კოლექტიური დასავლეთი“, როგორც მას პუტინი ეძახის, ძლიერია, დანარჩენი მსოფლიო კი, მასთან შედარებით, სუსტი. სუსტმა ქვეყანამ კაციჭამიობა ოფიციალურ რელიგიადაც რომ გამოაცხადოს, თუ ის დასავლეთს დაუპირისპირდა, მაინც მართალი გამოვა.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ორ მიმდინარე ომში ძალთა ბალანსი არსებითად განსხვავდება. რუსეთი, მისი რესურსების წყალობით, უკრაინაზე გაცილებით ძლიერია. ამიტომ ძნელია, უკრაინა მის მსხვერპლად არ ჩათვალო.
ისრაელი კი თავისი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობებით პალესტინელ არაბებზე გაცილებით ძლიერია. მან არაბებს რამდენიმე ომი უკვე მოუგო და ახლაც, სამხედრო კუთხით, აშკარა ფავორიტია.
გარდა ამისა, ისრაელი ისტორიულად დასავლეთის მხარდაჭერით შეიქმნა და ამ მხარდაჭერას ინარჩუნებს. ის თავისი ინსტიტუტებით დასავლური, ანუ ლიბერალური საზოგადოებაა. ეს აძლიერებს მისი, როგორც ძლიერი მხარის, იმიჯს.
ყოველივე ეს არაბებს ზოგადად დასავლეთის და კერძოდ ისრაელის კოლექტიურ მსხვერპლად აქცევს. არა აქვს მნიშვნელობა, ჰამასი ან სხვა ტერორისტული ორგანიზაცია რა სიმხეცეს ჩაიდენს: ის „მსხვერპლის“ სახელით მოქმედებს, ამიტომ მისი განკითხვა არ შეიძლება.
ისრაელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს შანსი, „პროგრესულების“ სიმპათია დაიმსახუროს, თუ ომი წააგო და რუკიდან გაქრა: მაშინ მასაც მსხვერპლობაზე ლეგიტიმური პრეტენზია გაუჩნდება.
ორმაგი სტანდარტი
ეს ყველაფერი არ გამორიცხავს, რომ ისრაელი, ისევე როგორც უკრაინა, ობიექტურადაც იმსახურებდეს კრიტიკას. მაგრამ რამდენად ამართლებს თუნდაც სამართლიანი კრიტიკა ზოგადი დამოკიდებულების შეცვლას?
მაგალითად, უკრაინის მხარდაჭერის მოწინააღმდეგეები ამერიკელ რესპუბლიკელებს შორის კითხულობენ: „რატომ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, ის ხომ კორუმპირებული ქვეყანაა?“ უკრაინას ნამდვილად ახასიათებს კორუფციის მაღალი დონე; მაგრამ გადაწონის ეს იმას, რომ ის რუსეთზე გაცილებით უფრო თავისუფალი ქვეყანაა და რეგიონში ამერიკის მოკავშირეა, რომელიც მის მტერს ებრძვის? კორუფციაზე ლაპარაკი უფრო საბაბი ჩანს.
ისრაელის მიმართ კრიტიკის ნიაღვარი შეუდარებლად უფრო უხვია. ხანდახან, კრიტიკა თვალსაჩინოდ უსამართლოა: მაგალითად, როცა ისრაელის არსებობა დასავლური კოლონიალიზმის კერძო შემთხვევად ცხადდება ან მის ომს ჰამასის წინააღმდეგ გენოციდს უთანაბრებენ.
მაგრამ ხანდახან კრიტიკა საფუძვლიანია. მაგალითად, გამიჭირდება, გამართლება მოვუძებნო ისრაელის მიერ წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალ-ახალი დასახლებების მშენებლობას, რაც პერსპექტივაში პალესტინური სახელმწიფოს შექმნას დიდად გააძნელებს.
ღაზის (დე ფაქტო პალესტინური სახელმწიფოს) მხრიდან აგრესიის ფონზე ძნელია, ისრაელელებს „ორი სახელმწიფოს“ (ისრაელის და არაბული პალესტინის) თანაარსებობის პროექტზე ელაპარაკო. მაგრამ მისი ზოგადი, კატეგორიული გამორიცხვა მეტად ასუსტებს ისრაელის მორალურ პოზიციას: აბა, როგორი შეიძლება იყოს საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა?
ასევე სავსებით გასაგებია ადამიანების მძაფრად ნეგატიური რეაქცია მშვიდობიანი მოსახლეობის უზარმაზარ მსხვერპლზე ღაზას სექტორში: თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროს უჭირს ამასთან შეგუება.
კრიტიკული შენიშვნების გაგრძელება შეიძლება. ისრაელი რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე საზოგადოებაა. მის პოლიტიკას ბევრი პრობლემა შეგვიძლია მოვუნახოთ - თუმცა, იგივე ითქმის ბევრ თანამედროვე დასავლურ დემოკრატიაზე. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ისინი არ არიან გარშემორტყმული მტრებით, რომელთაც მათი ფიზიკური განადგურება უნდათ.
პრობლემა არა თავისთავად ისრაელის კრიტიკა, არამედ ორმაგი სტანდარტია. არის გარკვეული ლოგიკა იმაში, რომ რაკი ისრაელი ლიბერალური სახელმწიფოა, მას გაცილებით მეტს სთხოვენ, ვიდრე მის მტრებს, რომლებიც საერთოდ არ ცნობენ ჰუმანიტარულ შეზღუდვებს.
მაგრამ სამართლიანი კრიტიკის ფონზეც ზომიერების და რეალისტურობის გრძნობა არ უნდა დაიკარგოს. უდავოა, რომ ღაზაში სრული ჰუმანიტარული კატასტროფა ტრიალებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჰამასს ამის სამხედრო შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ისრაელის მოსახლეობას ბევრად, ბევრად უარესს დამართებდა.
როგორ უნდა დაამარცხო მტერი ისე, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი დაუშავდეს? საკამათო არ არის, რომ ისრაელი ამას მაქსიმალურად უნდა ეცადოს. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ იციან დასავლელთა მგრძნობელობა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მიმართ, ექსტრემისტებს შეიძლება გაუჩნდეთ ცთუნება, შეგნებულად შეახვედრონ მათ წინააღმდეგ ნასროლ ყუმბარებს საკუთარი ქალები და ბავშვები. როგორ უნდა გადაწყვიტო ამით წარმოშობილი დილემა? თუ ექსტრემისტებს ძალით არ გაანეიტრალებ, ომი არასოდეს დასრულდება და მეტი ქალი და ბავშვი დაიღუპება.
მსგავსი პრობლემა შეიქმნა, როდესაც ერაყის და ამერიკის ჯარები ტერორისტული წარმონაქმნის, ისლამური სახელმწიფოს ხელში მყოფ ქალაქ მოსულს უტევდნენ. მაშინ დასავლური პროგრესული ინტელიგენცია შედარებით მშვიდად მოეკიდა ქალების და ბავშვების მასობრივ ხოცვას. იგივე ითქმის ნაცისტური გერმანიის ქალაქების დაბომბვაზე მეორე მსოფლიო ომის დროს. ღაზაში დატრიალებული საშინელება ამისგან პრინციპულად არ განსხვავდება.
პოლიტიკის მორალური კრიტერიუმებით შეფასება მნიშვნელოვანი პროგრესია კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ არ არსებობს იმის გარანტია, რომ დასავლური საზოგადოებების მორალური იმპულსები ყოველთვის თანმიმდევრული და სამართლიანი იქნება.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.