Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ღამე, ორი მკვლელობა: რა შეიძლება მოჰყვეს ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერების მკვლელობას


ჰამასის წევრებს უჭირავთ წინა ღამეს მოკლული ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ფოტო, რომელსაც არაბულად აწერია "მოწამე ლიდერი", ალ-ბასის პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი, ლიბანი, 2024 წლის 31 ივლისი
ჰამასის წევრებს უჭირავთ წინა ღამეს მოკლული ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ფოტო, რომელსაც არაბულად აწერია "მოწამე ლიდერი", ალ-ბასის პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი, ლიბანი, 2024 წლის 31 ივლისი

სულ რამდენიმე საათი იყო გასული ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვიდან, რომელსაც ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა, როცა გაირკვა, რომ თეირანში ჰამასის ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს. ახლო აღმოსავლეთი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ფართო რეგიონული ომის ზღვარს.

ჰამასთან ომის დაწყების შემდეგ, ისრაელი ყველაზე ახლოსაა რამდენიმე ფრონტზე ომის გაჩაღებასთან. რეგიონულ ომში შეიძლება ჩაერთონ ჰამასზე ბევრად ძლევამოსილი მოთამაშეები - ირანი და ლიბანური გასამხედროებული დაჯგუფება ჰეზბოლა.

ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა გუშინდელი ღამის ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებზე თავდასხმის შემდეგ.

ბეირუთი

30 ივლისის საღამოს საათებში ისრაელმა ბეირუთის სამხრეთი გარეუბანი დაბომბა.

ისრაელის თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული შენობა ბეირუთში, 2024 წლის 30 ივლისი
ისრაელის თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული შენობა ბეირუთში, 2024 წლის 30 ივლისი

ეს შეტევა შემთხვევითი არ ყოფილა. ისრაელი და ჰეზბოლა ერთმანეთის ტერიტორიებს ოქტომბრიდან მოყოლებული ბომბავენ, - ამან ორივე მხარეს იმსხვერპლა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე, საზღვრისპირა რეგიონებში კი ისრაელსაც და ლიბანსაც მოუწია ათეულობით ათასი მოსახლის ევაკუაცია.

27 ივლისს კი ლიბანიდან დაიბომბა გოლანის მაღლობები, ტერიტორია, რომელსაც 1981 წლიდან ისრაელი აკონტროლებს.

ბომბმა, რომელიც სტადიონზე ჩამოვარდა, იმსხვერპლა 12 ბავშვი, რომლებიც მოედანზე თამაშობდნენ.

სტადიონი, სადაც 27 ივლისს ბომბი ჩამოვარდა და 12 ადამიანი მოკლა
სტადიონი, სადაც 27 ივლისს ბომბი ჩამოვარდა და 12 ადამიანი მოკლა

ჰეზბოლამ უარყო, რომ მომხდარის უკან თავად იდგა. ეს მათგან უჩვეულო ნაბიჯი იყო - როგორც წესი, ისინი არ მალავენ, რომ ისრაელს თავად დაესხნენ თავს.

ეს განცხადება დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ისრაელისთვის, პასუხისმგებლობა ჰეზბოლას დააკისრა და შურისძიებით დაიმუქრა.

სწორედ ამას მოჰყვა გუშინდელი თავდასხმა, რომელსაც, ისრაელის თანახმად, ემსხვერპლა ფუად შუქრი, ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი. შუქრი გამოცდილი მებრძოლი იყო, რომელიც ჰეზბოლას ჯერ კიდევ დაარსებიდან, 1980-იანი წლებიდან შეუერთდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე დაწერა, რომ შუქრი „წარმართავდა“ ჰეზბოლას თავდასხმას ისრაელზე.

ჰეზბოლამ თავდასხმის მხოლოდ მეორე დღეს დაადასტურა ფუად შუქრის სიკვდილი.

თეირანი

ამ ამბიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის დედაქალაქში მოკლეს ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ისმაილ ჰანიე.

იაჰია სინვართან და მუჰამად დაიფთან ერთად, ისმაილ ჰანიე ერთ-ერთი იყო ჰამასის სამი ლიდერიდან, რომლებსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრალი წაუყენა 2023 წლის შვიდ ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ მოწყობილი ტერორისტული თავდასხმისთვის.

ისრაელმა შვიდი ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ გამოაცხადა, რომ მიზანში ამოიღებდა ჰამასის ყველა ლიდერს - რამდენიმე კვირის წინ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ღაზაში მოკლეს მუჰამად დაიფი, თუმცა ჰამასი ამას უარყოფს და ჯერჯერობით ვერ დგინდება, ვინ ამბობს სიმართლეს.

ჰანიემ ღაზა 2019 წელს დატოვა და კატარში გადავიდა. როგორც ჩანს, კატართან ურთიერთობების გაფუჭების შიშით, ისრაელმა თავი შეიკავა მის ტერიტორიაზე თავდასხმისგან, თუმცა, როცა ჰამასის ლიდერი ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე თეირანში ჩავიდა, შანსი დაინახა.

ისმაილ ჰანიე (წინა რიგში, მარცხნიდან მეოთხე) თეირანში ესწრება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, იქვე დგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, 2024 წლის 30 ივლისი
ისმაილ ჰანიე (წინა რიგში, მარცხნიდან მეოთხე) თეირანში ესწრება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, იქვე დგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, 2024 წლის 30 ივლისი

ისრაელს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ თავად დგას ისმაილ ჰანიეს მკვლელობის უკან, თუმცა ჰამასის ლიდერის გარდაცვალების შემდეგ ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის ფეისბუკის გვერდზე გამოჩნდა ჰანიეს ფოტო წარწერით - „განადგურებულია“. პოსტში, რომელიც მოგვიანებით ახსნა-განმარტების გარეშე წაშალეს, არ იყო დაკონკრეტებული, რომ ჰანიე ისრაელმა „გაანადგურა“, მაგრამ ეწერა, რომ ისმაილ ჰანიე „თეირანში მოკლეს ზუსტი დარტყმით“.

დაიწყება დიდი ომი?

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი, ისრაელს „სასტიკი სასჯელით“ დაემუქრა და თქვა, რომ თეირანში ჰანიეს მკვლელობისთვის შურისძიება ირანის „ვალდებულებაა“.

ირანის ახალმა პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა კი განაცხადა, რომ „ირანი თავის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებენ თავდასხმის პასუხად.

ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანის დაზვერვის დიდი კრახია. ჰამასის ლიდერი თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე თავად აიათოლამ მიიღო, ინაუგურაციაზე კი დიდი პატივით შეხვდნენ და მასთან ერთად სხვადასხვა არაბი თუ ირანელი პოლიტიკოსი პოზირებდა.

ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, სოციალურ მედიაში გავრცელდა ირანის ახლად გადამდგარი დაზვერვის მინისტრის, ესმაი ხათიბის კადრები. კითხვაზე, რას მიიჩნევდა ის თანამდებობაზე ყოფნისას თავის ყველაზე დიდ მიღწევად, ხათიბი პასუხობს: „მოსადის [ისრაელის სადაზვერვო სამსახური - რ.თ.] ინფილტრაციის ქსელის დაშლას“.

ახლა მთელი ყურადღება იმისკენაა მიმართული, თუ რა პასუხს გასცემენ ისრაელს ირანი და ჰეზბოლა. ამ დიდი ხნის მოკავშირეების ქმედება, წესით, კარგად შეთანხმებული იქნება. ჰამასთან, ბაშარ ალ-ასადის სირიასთან, იემენელ ჰუთებსა და ერაყულ ისლამისტურ დაჯგუფებებთან ერთად ისინი ქმნიან ე.წ. წინააღმდეგობის ღერძს - სამხედრო დაჯგუფებების სამოკავშირეო ქსელს, რომელიც ისრაელსა და აშშ-ს უპირისპირდება.

მაიკლ ჰოროვიცი, საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის, Le Beck-ის დაზვერვის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ესკალაციის დიდი რისკის მიუხედავად, ომი ახლა არც ჰეზბოლას, არც ირანისა და არც ისრაელის ინტერესებში არაა - ასეთი კონფლიქტი სამივე მხარისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება.

ერთი მხრივ, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, ისრაელს მეორე ფრონტზე მოუწევს ბრძოლა, თანაც ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებთან.

მეორე მხრივ, ჰამიდრეზა აზიზი, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების გერმანული ინსტიტუტის მკვლევარი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ირანი და მისი მოკავშირეები ისედაც შეწუხებულნი არიან იმ ფასით, რისი გადახდაც ისრაელთან დაპირისპირებით უწევთ.

თანაც, აზიზის თანახმად, თუ ჰეზბოლა ისრაელის საჰაერო თავდასხმებს უმკლავდება, ბევრად გაუჭირდება სახმელეთო შეტევისგან თავის დაცვა.

ის ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, ჰეზბოლას დასაცავად კონფლიქტში ჩართვა შეიძლება მოუწიოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს - ირანის მმართველი რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებას, რომელიც ირანის რეგულარულ არმიას ტოლს არ უდებს.

„ირანი თავსატეხის წინაშეა - თუ ისრაელს პირდაპირ უპასუხებს, შეიძლება, სამხედრო და პოლიტიკური გარემოებები მისთვის არასახარბიელო აღმოჩნდეს, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ჰამიდრეზა აზიზი, - ამიტომაც ვფიქრობ, რომ პასუხი, რომელიც სერიოზული იქნება, სულ მცირე, არ წამოვა ირანის ტერიტორიიდან, როგორც ეს აპრილში მოხდა“.

14 აპრილს ირანმა ისრაელს ერთ ღამეში 170 დრონი, 120 ბალისტიკური და 30 ფრთოსანი რაკეტა ესროლა. მათი 99% ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, თუმცა თავდასხმა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ირანმა ისრაელს პირველად შეუტია თავისი ტერიტორიიდან. საბოლოოდ, მაშინ სიტუაცია ჩაცხრა, მაგრამ დაძაბულობა არსად გამქრალა.

მაიკლ ჰოროვიცის თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ ისრაელი ჰეზბოლას დიდ ზიანს მიაყენებს, ირანი ეცდება, რომ კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას თავი აარიდოს.

„ბოლოს და ბოლოს, ირანის გადმოსახედიდან, ჰეზბოლას როლი მათი დაცვაა და არა - პირიქით“, - ამბობს ის.

ალირეზა ნამვარ ჰაღიღი, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ირანს ახლა ემოციების კონტროლი მართებს, რათა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „მახეში არ გაებას“ და ფართო რეგიონული კონფლიქტი არ წამოიწყოს.

რა ბედი ელის სამშვიდობო შეთანხმებას?

ისმაილ ჰანიეს მკვლელობით შემცირდა შანსი, რომ უახლოეს მომავალში ისრაელსა და ჰამასს შორის ზავი გაფორმდება, რითაც ღაზაში ვითარება განიმუხტებოდა.

ჰანიეს მკვლელობამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ აშშ ცდილობდა, ისრაელი და ჰამასი ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ჰამასის პატიმრობაში მყოფი ისრაელის მოქალაქეების გათავისუფლებაზე დაეთანხმებინა. მოლაპარაკებებში ჩართული იყო კატარი და ეგვიპტეც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, 31 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონმა „არც რაიმე იცოდა ან ჩართული ყოფილა“ ჰანიეს მკვლელობაში და დასძინა, რომ მომხდარზე სპეკულაცია არ სურდა.

თუმცა ბლინკენმა აღნიშნა, რომ „ტემპერატურის დაბლა დაწევის საუკეთესო საშუალება“ ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა.

რთული სათქმელია, რამდენად იქნებიან ახლა მხარეები ამისთვის განწყობილი.

„ჰანიეს მკვლელობამ, ახლო მომავალში, ფაქტობრივად, გააქრო ჰამასსა და ისრაელს შორის მძევლების გაცვლის შეთანხმების შესაძლებლობა, გაახანგრძლივა ომი ღაზაში და მნიშვნელოვნად გაზარდა რეგიონში ფართო კონფლიქტის რისკი“, - დაწერა 31 ივლისს კამბიზ ფათაჰიმ, რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის დირექტორმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG